სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის საერთაშორისო ფორუმი

თარიღი: 2011 სექტემბერი 27

პროგრამის მიზანი:

  • ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციების საერთაშორისო საქმიანობის ხელშეწყობა;
  • ქართველი ახალგაზრდების შესაძლებლობების ზრდა საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის თვალსაზრისით;
  • ევროპული საზოგადოების ინფორმირება საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ.

პროგრამის შესახებ:

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ახალგაზრდულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება, რომელიც გულისხმობს არა მარტო თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ახალგაზრდულ სტრუქტურებთან, არამედ ამ თვალსაზრისით ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობას. ევროპის მასშტაბით ახალგაზრდული ორგანიზაციები ახორციელებენ საერთაშორისო პროგრამებს, რომლებშიც ჩართულია ათეულ ათასობით ახალგაზრდა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს აღნიშნულ პროგრამებში ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდას. სამოქალაქო პროექტებში (იქნება ეს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ხასიათის) ქართველი ახალგაზრდები იღრმავებენ საკუთარ უნარ-ჩვევებს, ცოდნასა და გამოცდილებას, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი პიროვნული ზრდისთვის და განვითარებისათვის. საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა ქართველ ახალგაზრდებს დამატებით აძლევს საშუალებას კავშირები დაამყარონ უცხოელ თანატოლებთან, პირდაპირი კომუნიკაციის საფუძველზე გაეცნონ მათ კულტურასა და ფასეულობებს, გახდნენ უფრო დამოუკიდებლები და წარმატებულები.

,,ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი'' (European Youth Parliament - EYP) საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც დაარსებიდან (1987 წ.) დღემდე ხელს უწყობს ევროპელ ახალგაზრდებს აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდული პოლიტიკის წარმართვაში, გაიზიარონ განსხვავებული კულტურისა და ეროვნების ახალგაზრდების მოსაზრებები და ერთობლივად იმუშაონ საერთო ევროპული და გლობალური პრობლემების გადასაჭრელად.

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის უპირველესი მიზანია ახალგაზრდებში დამოუკიდებელი სოციალურ-პოლიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება. ორგანიზაცია ახალგაზრდებს აძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას გამართული ღონისძიებების ფარგლებში წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ქვეყანა ევროპის სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად, განიხილონ და იმსჯელონ აქტუალურ პრობლემებზე და მათ შესაძლო გადაწყვეტის გზებზე, გაიცნონ და გაიზიარონ ევროპული ღირებულებები.

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველო

დღეისთვის  ევროპის  ახალგაზრდული  პარლამენტი  33  ევროპული  ქვეყნის ახალგაზრდული  ორგანიზაციის  ქსელს  წარმოადგენს,  რომლის  საქმიანობაშიც მოხალისეობრივ პრინციპებზე 20 000-ზე მეტი ახალგაზრდაა აქტიურად ჩართული. ევროპის ახალგაზრდულ პარლამენტს პატრონაჟს უწევს ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი ჯერზი ბუზეკი,  ევროპის  საბჭოს  გენერალური  მდივანი  ტრობიორნ  იაგლანდი  და  Heinz- Schwarzkopf-ის ფონდი.

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ტიპიური ღონისძიება არის სესია, რომელიც ევროპარლამენტის მუშაობის სიმულაციას წარმოადგენს. სესიაზე იქმნება კომიტეტები, სადაც განიხილება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ტურიზმის განვითარება, გარემოს დაცვა, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და რაც მთავარია - ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება.

პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ახალგაზრდები 16-დან 22 წლამდე, რომელთაც ფორუმის მიმდინარეობისას სხვადასხვა სტატუსი ექნებათ. ფორუმის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები არიან ის ადამიანები, რომლებიც თავდაპირველად აირჩევიან  მთავარი ორგანიზატორების და EYP საქართველოს გამგეობის მიერ. შემდგომში ისინი შეიმუშავებენ კომიტეტების განსახილველ თემებს და სფეროებს, რომელთა ფარგლებშიც საჯარო განხილვის შედეგად მიიღება რეზოლუციები, დადგენილებები. ეს წარმოადგენს სესიის მთავარ დოკუმენტს, სადაც ასახულია დასმული საკითხის ირგვლივ არსებული პრობლემები და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზები. სწორედ ისინი წარმოადგენენ ფორუმის ცენტრალურ ფიგურებს. რეზოლუციების საბოლოო გადამოწმებაც მათ მიერვე ხდება. ამასთანავე ეს ადამიანები უშუალოდ ხელმძღვანელობენ გენერალურ ასამბლეას და აკონტროლებენ სხდომის მსვლელობას. ფორუმში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კომიტეტის ხელმძღვანელები, რომლებიც წარმართავენ საკომიტეტო მუშაობას რათა იგი შეესაბამებოდეს EYP-ის მეთოდოლოგიას, მიმართულებას აძლევენ მათ, რათა შეიმუშავონ რეზოლუციები და გენერალური ასამბლეის დროს წარმართავენ თავისი კომიტეტების აქტივობებს. ფორუმისთვის ირჩევა ასევე ჟურნალისტთა ჯგუფი და რედაქტორი, შესაბამისად ყოველი დღის ბოლოს გამოიცემა ფორუმის გაზეთი და ფორუმის დასასრულს მთელი ღონისძიებისა დასკვნითი ვიდეო-კოლაჟი და ბოლოს, სესიის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილეები: დელეგატები, რომლებიც არიან რეზოლუციების „იდეოლოგები", სწორედ მათ იდეებზე დაყრნობით იქმნება რეზოლუციები, ისინი ახდენენ მათ წარდგენას და დაცვას გენერალურ ასამბლეაზე. ისინი უშუალოდ მონაწილეობენ კენჭისყრაში და ხმას აძლევენ ამა თუ იმ რეზოლუციის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

ევროპის  ახალგაზრდულმა  პარლამენტმა  თავისი  საქმიანობა  საქართველოში  საინიციატივო  ჯგუფის  სახით  2007  წლის  დასაწყისში  დაიწყო.  თუმცა  საქართველო ორგანიზაციის  სრულუფლებიან  წევრად  2008  წლის  აპრილში,  პრაღაში  გამართულ საერთაშორისო სესიაზე იქნა აღიარებული.  

საქართველომ მოახერხა საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინა სხვა ქვეყნებს შორის, რისი დასტურიცაა პერმანენტულად საერთაშორისო სესიებზე გაზრდილი წარმომადგენლობის უფლება, ქართველი დელეგატების უწყვეტი და ყოველდღიური მონაწილეობა მთელი მსოფლიოს მაშტაბით გამართულ EYP ღონისძიებებში. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივ დონეზე ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩატარდა 4 მინი სესია, 5 ნაციონალური და 15 რეგიონული სესია, აგრეთვე აკადემიური ტრეინინგ-სემინარები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.  აღსანიშნავია 3 საერთაშორისო ფორუმის  ჩატარება  ბათუმში  2009, 2010, 2011 წლების ზაფხულში, სადაც მონაწილეობა მიიღო არაერთმა უცხოელმა დელეგატმა თუ ოფიციალურმა პირმა.

შედეგად, დაახლოებით 1200-ზე მეტმა ქართველმა ახლაგაზრდამ მიიღო EYP-ის ღონისძიებებში მონაწილეობა.

,,ახალგაზრდა ევროპარლამენტარების მესამე საერთაშორისო ფორუმი ბათუმში"

 

 

ახალგაზრდული საერთაშორისო ფორუმი ბათუმშიარასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველო-"ს ინიციატივით და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით 2011 წლის 12-16 აგვისტოს ქ. ბათუმში ჩატარდა ,,ბათუმის მესამე საერთაშორისო ფორუმი - მსოფლიო მშვიდობისათვის", ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ევროპის 20 ქვეყნის 140 ახალგაზრდა ევროპარლამენტარი.

საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი ,,მსოფლიო მშვიდობისათვის" მიმდინარეობდა 5 დღის განმავლობაში და სადაც განიხილებოდა  ახალგაზრდებისათვის აქტუალური საკითხები როგორიცაა: ევროკავშირის პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობა", ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, დემოკრატიული პროცესები პოსტ-საბჭოთა სივრცეში, საერთაშორისო ტერორიზმი, ენერგოუსაფრთხოება,  კონფლიქტები კავკასიის რეგიონში,  და სხვ.

სესიაზე საკომიტეტო მუშაობის შემდგომ მიღებული იქნა რეზოლუციები  ზემოაღნიშნული თემატიკის შესაბამისად, რომელიც შემდგომში განხილულ იქნა სესიის გენერალურ ასამბლეაზე.  ფორუმის ლოზუნგი იყო  ,,ახალგაზრდები ირჩევენ მშვიდობას". ღონისძიება ევროპის პარლამენტის მეთოდოლოგიით ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.

ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას სასტუმრო ,,შერატონში" ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში  გიორგი ბარამიძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი  მოადგილე   გიორგი ავალიანი.

ფორუმის ოფიციალური ნაწილის გარდა, ბათუმის სტუმრებისათვის მომზადდა კულტურულ-შემეცნებითი პროგრამა. ქალაქის სტუმრებს საშუალება ქონდათ დაეთვალიერებინათ ბათუმის ღირსშესანიშნაობები. ასევე, კულტურათაშორისი დაახლოების  მიზნით, ფორუმის ორგანიზატორებმა ღონისძიების ფარგლებში მოაწყეს  „ევროპული სოფელი", სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს გაუმასპინძლდნენ თავიანთი ქვეყნების ტრადიციული კერძებით.