სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ჭაკუნობა

თარიღი: 2006 ივლისი 26

ჭაკუნობის ბურთი და ჭაკუნებისაქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ხალხური თამაში. ჩამოჰგავს ბალახის ჰოკეის. მონაწილეობს ორი გუნდი. მოთამაშეთა მიზანია ჭაკუნებით (ჩოგნებით) ბურთის მეტოქის ლელოში გატანა.
ჭაკუნობის შესახებ პირველი წერილობითი ცნობები XIX საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. იმდროინდელ ეთნოგრაფთა ჩანაწერებით ირკვევა, რომ ეს თამაში განსაკუთრებით პოპულარული ყოფილა გურიასა და იმერეთში, აგრეთვე სამეგრელოსა (“ჭაკინი”) და სვანეთში (“კავშლიბურთელი”). სათამაშოდ ირჩევდნენ ბალახით დაფარულ ვაკე ადგილს. მაგ., ლანჩხუთში ჭაკუნობის მოედანი “ჟორდანიების მინდვრით” იწყებოდა და ღელესთან თავდებოდა. დაახლოებით ნახევარ კილომეტრზე გაჭიმული მოედნის თავსა და ბოლოში ლელო იყო მონიშნული. თამაშის ძირითადი იარაღი, ჭაკუნი (სიგრძე – 6-7 მტკაველი), ერთგვარი თავკომბალა ან თავმოღუნული ჯოხი, შინდის ან გარეული თხილის ტოტისგან მზადდებოდა (ზოგჯერ ბროწეულსა და თუთასაც იყენებდნენ). თუ მოთამაშე საჭირო მოყვანილობის ტოტს ვერ მიაგნებდა, სწორ ტოტს მოჭრიდა, ბოლოს ცეცხლზე გაუწრთობდა და მოღუნავდა. ბურთი მუშტისოდენა უნდა ყოფილიყო და უმეტესად საქონლის ბეწვისგან ამზადებდნენ: ჯერ თბილ წყალში დაასველებდნენ, კარგად მოთელავდნენ, საჭირო ფორმას მისცემდნენ და მზეზე გაახმობდნენ. ხანდახან ცაცხვის ან მუხის კუნძისგან, წიფლის სოკოსგან გამოთლილ, გამოხარშულ ბურთსაც ხმარობდნენ. გუნდის წევრთა ზუსტი რაოდენობა და თამაშის ხანგრძლივობა წესებით განსაზღვრული არ იყო. ზოგ შემთხვევაში მოთამაშეთა რიცხვი 10-15-ს არ აღემატებოდა, ზოგჯერ კი ეს რაოდენობა ორმაგდებოდა. თამაშობდნენ დაღლამდე, დაღამებამდე ან წინასწარ დათქმული რაოდენობის ლელოს გატანამდე. თამაში იწყებოდა მოედნის შუაგულში ბურთის აგდებით. ბურთს ატარებდნენ და ერთმანეთს გადასცემდნენ მხოლოდ ჭაკუნით. ლელოს აღება 1 ქულას იძლეოდა. გურიაში ჭაკუნობით ქალებიც ერთობოდნენ.
გავრცელებული ყოფილა აგრეთვე “შერეული ჭაკუნობა”: ერთი გუნდი ჭაკუნით თამაშობდა, მეორე – ფეხით. როგორც კი რომელიმე მხარე ლელოს გაიტანდა, როლები იცვლებოდა – ჭაკუნით მოთამაშენი იარაღს მეტოქეს გადასცემდნენ, თავად კი ფეხით თამაშზე გადადიოდნენ.
აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ყოფილა თითქმის ანალოგიური თამაში – “ხაჩაობა”. ეთნოგრაფი სტეფანე მენთეშაშვილი “ქიზიყურ ლექსიკონში” ამ თამაშს ასე აღწერს: “ხაჩაობა საბავშვო თამაშობაა. ორ ჯგუფად გაიყოფიან ბიჭები არჩევანის წესით. ხელში ხაჩები უჭირავთ, მუშტისოდენა მრგვალი ხის კოჭური აქვთ. ორას-სამასიოდე მეტრის სიგრძე მინდორი აქვთ ამორჩეული, თავ-ბოლოს დანიშნულია და ბინაა დადებული. ასევე დანიშნულია შუა ადგილიც. ერთი ჯგუფი ერთ მხარეს ერეკება კოჭურს, მეორე ჯგუფი – მეორე მხარეს. თამაში იწყება ცენტრიდან. პირისპირ დგანან “დედები”, თავ-თავის ბინაზე უყენიათ თითო მოთამაშე (ვინც საით ერეკება, იმის ბინაც იქით არის), დანარჩენი მოთამაშენი განაწილებულნი არიან მთელი მოედნის გაყოლებაზე ერთიმეორის პირისპირ. მოთამაშეთა რაოდენობა განსაზღვრული არ არის ამჟამად. ხუთზე ნაკლები აღარ ივარგებს, რადგანაც მინდორს ვერ გასწვდება. ბინაზე მდგარი მოთამაშენი არ დაიძვრიან ადგილიდან. ისინი ბინაზე მისულ კოჭურს გამოჰკრავენ ხოლმე. რამდენსაც გაიტანენ, იმდენი ქულა ჩაითვლება”. ამავე ავტორის ცნობით, ხაჩი, “ხაჩობის დროს სახმარი ჯოხი, 1,5 მეტრამდე სიგრძისა იქნება, თავი ბლაგვ კუთხედ აქვს მოხრილი, ერთ ციდამდეა”.