ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
"ბაჩოს თასი" - ასე ერქმევა მინი-ფეხბურთისა და ქვიშის ფრენბურთის ტურნირს რომელიც 2 ივლისს, კუს ტბაზე მდებარე საფეხბურთო და ქვიშის მოედნებზე სპორტულ ჟურნალისტებს შორის გაიმართება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თაოსნობით, სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეს ქართველი ჟურნალისტები ახლახან გარდაცვლილი კოლეგის, ბაჩო სვანიძის ხსოვნას მიაგებენ პატივს. მამაკაცები ერთმანეთს მინი-ფეხბურთში გაეჯიბრებიან, ქალები - პლაჟის ფრენბურთში."ბაჩოს თასის" ჯგუფური ეტაპის მატჩები 09:30 საათიდან დაიწყება. 13:00 საათზე კი ტურნირის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი შედგება. გახსნის შემდეგ თამაშები გაგრძელდება და ჩემპიონ-პრიზიორები 17:00 საათისთვის გამოვლინდებიან.
გამარჯვებულები საგანგებოდ ამ ტურნირისათვის დამზადებული თასებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან, ასევე დაწესებულია სპეციალური პრიზები ფინალში გასული გუნდებისათვის - ჩემპიონები 1–თვიანი აბონემენტებს მიიღებენ ახლადგახსნილ საცურაო აუზ "ოლიმპიკში", ხოლო მეორეადგილოსან გუნდს პრიზად შარდენზე მდებარე საბილიარდო "აკურაში" გამასპინძლება და მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინა-გერმანიის მეოთხედფინალური მატჩის ერთად ყურება ელის.
ტურნირის დასრულების შემდეგ, ორგანიზატორები მონაწილეებს დააჯილდოებენ და სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეს ღია ალაფურშეტით აღნიშნავენ, 18:00-დან კი კუს ტბაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალის ერთობლივად ყურებაა დაგეგმილი.
უკვე გადაწყვეტილია, რომ "ბაჩოს თასისთვის" მამაკაცთა 8 გუნდი იბრძოლებს - "სარბიელი", "ოლიმპი", "სპორტ-მედია", "პრესა", "რუსთავი2", იმედი", "პირველი არხი" და "მზე". ქალებში კი - სპორტის დეპარტამენტი, ფოტოკორესპონდენტების გუნდი - "ვუვუზელა", "პრესა", რადიო "ჯაკო", "გოლი.ჯი" და "სტარ ეფემი".
სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური