ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
3 ივლისს სპორტის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე, პრემიერ-მინისტრმა - ნიკა გილაურმა დეპარტამენტის თანამშრომლებს ახლად შექმნილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი ოფიციალურად წარუდგინა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ჩამოყალიბება და მის სათავეში სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში აქამდე მომუშავე ლადო ვარძელაშვილის მოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო.
ნიკა გილაური: "ახალი სამინისტროს ახალ ხელმძღვანელს ყველა იცნობს, ვინაიდან სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი ლადო ვარძელაშვილის ჩამოყალიბებულია და მას ამ დეპარტამენტში ბევრი რამ გაუკეთებია. მან იცის იმ პრობლემების შესახებ, რომელიც დეპარტამენტში არსებობს და იმედი მაქვს, რომ ამ საქმეს წარმატებით გაართმევს თავს"
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ლადო ვარძელაშვილს იმ სამუშაოსთვის, რომელიც მან შიდა ქართლის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის პოსტზე გაწია.
თავად ლადო ვარძელაშვილმა კი განაცხადა, რომ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში ბევრი ღვაწლმოსილი და გამოცდილი თანამშრომელია.
ლადო ვარძელაშვილი" "ბევრი გაკეთებული საქმე სწორედ თქვენი დამსახურებაა. საკადრო ცვლილებები მხოლოდ მცირედი იქნება და ისიც ზედა მმართველობით რგოლებში მთავარია, რომ შევქმნათ მძლავრი სტრუქტურა, რომელიც შეიმუშავებს ამ მიმართულებით პოლიტიკას. ცალკე სამინისტროს შექმნა მთავრობისა და პრეზიდენტის მხრიდან დიდი ნდობაა.
სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად აქამდეც მიმუშავია, მათ უმძიმეს პერიოდში ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ქართულ სპორტში წარმატებები ყოფილიყო. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დეპარტამენტის კვალობაზე, ამ დეპარტამენტის მუშაობა მართლაც იმსახურებს შექებას. დეპარტამენტის შტატში აქამდე 30 ადამიანი მუშაობდა, ახლა ეს ციფრი გაორმაგდება, ასევე შეიქმნება ცალკე საქვეუწყებო დეპარტამენტები, სადაც დამატებით სამუშაო ადგილებს შევქმნით. ახლა მთავარი ისაა, რომ ჩვენ ყველამ ერთად ძლიერი სამინისტრო შევქმნათ, შევიმუშაოთ სპორტისა და ახალგაზრდობის შესახებ კანონი, რომელიც არაერთ მიმართულებას დაარეგულირებს.
სამინისტროს პრიორიტეტები მაღალი მიღწევების სპორტის ხელშეწყობასთან ერთად, ზოგადად სპორტის მასობრიობაზე ზრუნვა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ბავშვთა და საუნივერსიტეტო სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე აქტიური მუშაობა იქნება. გასაკეთებელი რა თქმა უნდა ძალიან ბევრია. შესაქმნელია ერთიანი საინფორმაციო ბაზა საქართველოსა და საზვარგარეთ მყოფ ყველა სპორტსმენსა და ახალგაზრდაზე. ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ქართველი სპორტსმენების მზადება ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადისათვის. მოკლედ, წინ უამრავი სამუშაო გველის.”
ვარძელაშვილის განცხადებით, დღეისათვის გადაწყვეტილია მისი 2 მოადგილის ვინაობა. მინისტრის მოადგილეებად სპორტის მიმართულებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე - დავით ნამგალაური, ხოლო ახალგაზრდობის მიმართულებით კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - სულხან სიბაშვილი არიან წარდგენილნი. ინფორმაცია სხვა საკადრო სიახლეებისა და ახალი სამინისტროს სტრუქტურის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური