ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ფეხბურთის ფედერაციასთან და რაიონულ მუნიციპალიტეტებთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით მოყვარულთა შორის მინი-ფეხბურთის ტურნირის ორგანიზებას იწყებს სახელწოდებით - სამინისტროს თასი.ტურნირში მონაწილეობა, რომელიც რამდენიმე ეტაპად გაიმართება, 18 წელზე უფროსი ასაკის ფეხბურთელებს შეეძლებათ, რომელთაც 2009 წლიდან არ უთამაშიათ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს, პირველ და მეორე ლიგებში, ასევე საქართველოს ფუტსალის ჩემპიონატსა და ნაკრებში.
სამინისტროს თასის პირველ ეტაპზე (8-31 მაისი) რაიონებს შორის გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან, რომლებიც მეორე ეტაპზე (7-20 ივნისი) რეგიონალურ ჩემპიონატში იბრძოლებენ საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებად, ტურნირის დასკვნით ფინალური ეტაპზე კი ჩემპიონის გამოსავლენად საქართველოს მასშტაბით 14 საუკეთესო გუნდი იბრძოლებს. ჩემპიონატის გამარჯვებულ გუნდს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 5000 ლარით, თასით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვებს, დაჯილდოვდებიან მე-2 და და მე-3 პრიზიორებიც.
ამასთან, შეჯიბრების გამარჯვებული გუნდი საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრება. ტურნირის ორგანიზებასთან დაკავშირებით, 18 აპრილს ფეხბურთის ფედერაციაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
ლადო ვარძელაშვილი:" სამინისტრო და ფედერაცია იწყებს ერთობლივ ტურნირს, რომელშიც მონაწილეობას ყველა რეგიონი და ქალაქი მიიღებს. შეჯიბრება სამ ეტაპად ჩატარდება, ბოლო დასკვნით ეტაპზე კი ჩემპიონობისთვის 14 გუნდი იბრძოლებს, აქედან 2 თბილისის, დანარჩენი კი რეგიონის გუნდები იქნება. ტურნირში მონაწილეობა შეეძლებათ 18 წელზე უფროსი ასაკის ფეხბურთელებს, რომელთაც 2009 წლიდან არ უთამაშიათ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს, პირველ და მეორე ლიგებში, ასევე საქართველოს ფუტსალის ჩემპიონატსა და ნაკრებში".
ტურნირში მონაწილეობის მიღების მსურველი გუნდების რეგისტრაცია 1-7 მაისს მოხდება რაიონის გამგეობებსა და საქალაქო სპორტის სამსახურებში
სამინისტროს პრესსამსახური