ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.
საწარმოს მუშაობის პროცესს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე რევაზ ჯაველიძე გაეცნენ. მათ საწარმოში დამზადებული ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერეს, გაესაუბრნენ პროექტის ინიციატორებსა და მონაწილეებს. მინისტრმა ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და ასოციაციის დამფუძნებლებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
პროექტი 21 335 ლარით დაფინანსდა. ამ თანხით საწარმოს შეემატა სასწავლო და სამუშაო პროცესისთვის საჭირო დანადგარები. სასწავლო პროცესში ჩართულია 15 ახალგაზრდა, რომლებიც პედაგოგების მეთვალყურეობით გეგმის შესაბამისად მუშაობენ.
სოციალური საწარმო სხვა პროექტებშიცაა ჩართული. 7 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულზე რიყის პარკში მოეწყო საწარმოში დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სამომავლოდ იგეგმება საერთაშორისო თემატურ გამოფენებში მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ 2013-2017 წლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 249 ახალგაზრდული იდეა დააფინანსა, მათ შორის 60 სოციალური საწარმო. შედეგად, უკვე დასაქმდა 1 000-მდე ახალგაზრდა და შშმ პირი, აქედან 200-ზე მეტი დასაქმებულია ამოქმედებულ სოციალურ საწარმოებში. პროქტების უმეტესობა განხორციელებულია რეგიონებში, კერძოდ, მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებსა და საოკუპაციო ხაზთან. დაფინანსებული პროექტების საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ ლარს აღწევს.
სამინისტროს პრესსამსახური