სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ბრაზილია 2014: მარაკანაზო - 1950 წლის 16 ივლისი

თარიღი: 2014 ივნისი 11


მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონი ურუგვაის ნაკრები (ფოტო: FIFA.com)

ბრაზილია მეორედ უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს. 1950 წელს, როცა იქ პირველად გათამაშდა ოქროს თასი, ჩემპიონის ტიტული მასპინძლებმა კი არა, ურუგვაელებმა მოიპოვეს.

1950 წლის შემდეგ ბრაზილიის ნაკრები ხუთჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, თუმცა თავისი მნიშვნელობით, შინ წაგება ხუთივე ტრიუმფზე არანაკლებია.

ეს წერილი 1950 წლის ამბებს ეხება.

* * *
მესამე ჩემპიონატის შემდეგ - საფრანგეთი 1938 - პოლიტიკური ვითარება არათუ ევროპაში, ყველგან დაიძაბა - მსოფლიო ომში ჩაეფლო. ცხადია, 1942 და 1946 წლების მუნდიალები ვერ გაიმართა.

1946 წლის 25 ივლისს, ლუქსემბურგში, ფიფას მორიგ კონგრესზე 1950 წელს დაგეგმილი ნიკეს თასის გათამაშების მასპინძლად ბრაზილია დამტკიცდა. ევროპის ქვეყნები, გასაგები მიზეზების გამო, გათამაშების მიღებისგან თავს იკავებდნენ, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა კი ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული.

ბრაზილიელთა სასარგებლოდ ერთმა ფაქტორმაც იმოქმედა: დელეგაციის ხელმძღვანელმა დოქტორმა მაშადუმ განაცხადა, რომ თუ ფიფა ტურნირს ბრაზილიაში ჩაატარებდა, ქვეყნის ხელისუფლება ყველა ხარჯს საკუთარ თავზე აიღებდა და ამასთან, ფინალური ეტაპისთვის რიო დე ჟანეიროში ახალ, თითქმის 200-ათასიან სტადიონს ააგებდა!

დანაპირები შესრულდა: ფიფას თანხა არ დაუხარჯავს, რიოში კი იმ დროს მსოფლიოში ყველაზე დიდი საფეხბურთო არენა - „მარაკანა" აშენდა. მასპინძელთა გეგმით, 1950 წლის ზაფხულში „სელესაოს" სწორედ იქ უნდა აღემართა ჟიულ რიმეს სახელობის ოქროს თასი.

ბრაზილია 1950-ის ფინალური ეტაპის წილისყრა ინგლისის დედაქალაქ ლონდონში შედგა 1950 წლის 30 აპრილს. „სელესაო" პირველ ჯგუფში მოხვდა იუგოსლავიის, შვეიცარიის და მექსიკის ნაკრებებთან ერთად. ბრაზილიელებმა პირველივე შეხვედრა დიდი უპირატესობით მოიგეს: ფლავიო კოსტას გუნდმა მექსიკას შანსი არ დაუტოვა - 4:0. მერე იყო ფრე შვეიცარიასთან - 2:2. ბოლო ტურის წინ ბრაზილია ორივე თამაშის მომგებ იუგოსლავიას ქულით ჩამორჩებოდა, ამიტომ, ბალკანელებს ფრეც ხელს აძლევდა. მინდორზე გასვლის წინ იუგოსლავიელთა ლიდერმა რაიკო მიტიჩმა ჯერ კიდევ დაუსრულებელ „მარაკანას" გვირაბში თავი გაიტეხა და ვერ ითამაშა. ბრაზილიელებმა რთული მატჩი 2:0 მოიგეს და ფინალურ ოთხეულში დაიბევეს ადგილი. იქ მათ გარდა ურუგვაელები, ესპანელები და შვედებიც გავიდნენ.

გადამწყვეტი თამაშები 9 ივლისს დაიწყო: „სელესაომ" რიო დე ჟანეიროში შვედეთი 7:1 გაანადგურა - ნაკრების საუკეთესო გოლეადორმა ადემირმა 4 გოლი გაიტანა, სან პაულუში ურუგვაის და ესპანეთის ნაკრებთა პაექრობა კი ფრედ 2:2 დასრულდა.

13 ივლისს მეორე ტურის შეხვედრები შედგა: მასპინძლებმა კვლავ „მარაკანაზე" იასპარეზეს და ამჯერად ესპანელები არ დაინდეს - 6:1. ადემირმა ამჯერად დუბლი შეასრულა. რაც შეეხება სან პაულუში, „პაკაემბუზე" გამართულ მატჩს, ურუგვაელებმა შვედები დიდი გაჭირვებით დაამარცხეს - 3:2.

ჩემპიონი უკანასკნელ ტურში უნდა გამოვლენილიყო - ორივე მატჩის მომგები ბრაზილია ქულით უსწრებდა ურუგვაის და ნანატრი თასის მოსაგებად ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ ამაზე არავინ ფიქრობდა - მხოლოდ მოგება, გამარჯვება დიდი ანგარიშით!

1950 წლის 16 ივლისს ბრაზილია წლების მანძილზე ელოდა: ყველაფერი მზად იყო, რათა ტრიუმფი სათანადოდ აღენიშნათ. არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ფლავიო კოსტას გუნდი ურუგვაისაც იგივეს დამართებდა, რაც შვედეთს და ესპანეთს.

გულშემატკივართა ფიქრებში ფეხბურთელები უკვე მსოფლიოს ჩემპიონები იყვნენ, ეგ იყო მხოლოდ, რომ ტიტულის ოფიციალურად გაფორმებას ერთი მატჩი აკლდა. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ ზიზინიომ, რომელსაც ჟურნალისტებმა ესპანელებთან გამარჯვების შემდეგ „ფეხბურთის ლეონარდო და ვინჩი" უწოდეს, თამაშის დღეს თითქმის ხუთასამდე საფოსტო ბარათი დაამშვენა ავტოგრაფით: „მსოფლიოს ჩემპიონები".

გადამწყვეტი მატჩი ჩინებულად დაიწყო: „სან პაულუს" ფორვარდმა ფრიასამ 47-ე წუთზე გახსნა ანგარიში - 1:0!

66-ე წუთზე ხუან ალბერტო სკიაფინომ გაათანაბრა, თუმცა ქომაგებმა ეს შემთხვევითობად ჩათვალეს და ყურადღება არ მიაქციეს, მაგრამ 79-ე წუთზე, როცა ალსიდეს გიჯამ მეორედ დალაშქრა ბარბოსას კარი, ყველას ხასიათი წაუხდა.

11 წუთში თამაში დასრულდა - 1:2. მერე რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად იცის.

არავის დაუთვლია, მაგრამ ცნობილია, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ ათეულობით ბრაზილიელმა თავი მოიკლა, ორჯერ მეტს კი გულმა უმტყუნა...

შესანიშნავ წიგნში „ზღაპარი, სახელად ფეხბურთი" არგენტინის ნაკრების ექს-ფორვარდი, მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი ხორხე ვალდანო „მარაკანაზე" გამართულ ამ მატჩს გამორჩეულ ადგილს უთმობს:

1950 წლის 16 ივლისს, დღისით, ურუგვაელებმა მოახდინეს ის, რასაც „მარაკანაზო" დაერქვა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ბრაზილიელებმა ანგარიში გახსნეს, მაგრამ ობდულიო ვარელამ, ამ მამაცმა მულატმა, კაპიტანმა და სულიერმა ბელადმა საკუთარ მხრებზე „შეისვა" მთელი გუნდი და დაუვიწყარ გამარჯვებამდე მიიყვანა. გოლები სკიაფინომ და გიჯამ გაიტანეს.

ვარელამ „მუშაობა" ჯერ კიდევ 15 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც გაზეთი „ო მუნდო" გადაშალა და ბრაზილიის ნაკრების უზარმაზარი ფოტო იხილა, რომელსაც ასეთი მინაწერი ამშვენებდა: „აი, მსოფლიოს ჩემპიონები"!

ვარელამ ბრაზილიაში ურუგვაის კონსულს მანუელ კაბალიეროს სთხოვა გაზეთის 20 ეგზემპლარი ეყიდა და ფეხბურთელებისთვის დაერიგებინა. ასეც მოხდა. კაპიტანმა თითით მიანიშნა სტატიას და თქვა: „ვწუხვარ სინიორებო, თქვენ უკვე წააგეთ"! არც ეს იკმარა: თითოეული გაზეთიდან პირველი გვერდი ამოხია, უნიტაზში ჩაყარა და ჩარეცხა. დაახლოებით 30 წლის შემდეგ ვარელა იტყვის: „ის შეხვედრა ასჯერ რომ გადათამაშდეს, ალბათ, ასჯერვე წავაგებდით, მაგრამ ურუგვაელები წინასწარ არავის დავნებდებით"!

პოპულარული იტალიური გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი" ბრაზილიელთა შესახებ წერდა: „ამ ნაკრებში შერწყმულია მეცნიერება, ხელოვნება, ბალეტი და თქვენ წარმოიდგინეთ, ცირკიც კი". თანაგუნდელებს შორის საუკეთესო ზიზინიოს ადარებდნენ ლეონარდო და ვინჩის, რომელიც „მარაკანას" გრანდიოზულ მწვანე მინდორზე დაუვიწყარ „ტილოებს ქმნიდა".

მასპინძლები გასახდელში მატჩის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე შეიყუჟნენ. სრული სიჩუმე სუფევდა, ვარსკვლავები ისვენებდნენ და განწყობას იქმნიდნენ. მერე ნელ-ნელა დაიწყეს გამოცვლა, ბუცების მორგება და ბუტბუტით ლოცვა. დაძაბულობა ზღვარს უახლოვდებოდა. ფლავიო კოსტამ, ბრაზილიელთა სახელოვანმა მწვრთნელმა ბიჭებს ერთადერთი რამ სთხოვა - პროვოკაციებს არ აჰყვეთო. ფეხბურთელებმა მორჩილად დაუკრეს თავი და მინდორზე გასასვლელად ჩამწკრივდნენ.

ურუგვაელთა გასახდელში თავმოყრილი ფეხბურთელები იმ ჯარისკაცებს ჰგავდნენ, რომლებიც მზად იყვნენ მართალი საქმისთვის სიცოცხლის გასაწირად. მწვრთნელი მათ სიმშვიდის, დისციპლინის და მოწინააღმდეგის პატივისცემისკენ მოუწოდებდა. მწვრთნელს ხუან ლოპესი ერქვა. გვირაბში გასვლისას ობდულიომ მაინც, ყოველი შემთხვევისთვის პარტნიორებს შეახსენა, რომ ისინი ნამდვილი კაცები იყვნენ: „ტრიბუნებსყურადღებას ნუ მიაქცევთ! მთავარი ამბები ქვევით, მოედანზე დატრიალდება, იქ კი თერთმეტი თერთმეტზე ვიქნებით"!

დაახლოებით სამის ნახევარი იყო. მოედანზე ჯერ მასპინძლები გავიდნენ და შემდეგ სტუმრები. მათ ოფიციალურად 199854 ქომაგი შეეგება, თუმცა, სტადიონი გადაჭედილიყო და როგორც ამბობენ, „მარაკანაზე" ამდენი ქომაგი აღარც შეკრებილა. ფოტოგრაფთა უზარმაზარი არმია ბრაზილიელთა გადაღებით იყო დაკავებული. ობდულიო ვარელამ ეს შეამჩნია და თანამემამულე ფოტორეპორტიორებს მიმართა: „ჩვენ გადაგვიღეთ, ჩემპიონები ჩვენ გავხდებით"!

იქვე გაუთვალისწინებელი რამ მოხდა: რიო დე ჟანეიროს ფედერალური ოლქის პრეფექტმა, გენერალმა ანჟელო მენდეს დე მორაეშმა მიკროფონში პროტოკოლში გაუთვალისწინებელი სიტყვები იღრიალა: „თქვენ, ბრაზილიელებს, მსოფლიო ჩემპიონებად მიგიჩნევთ! თქვენ, ფეხბურთელები, ამ წოდებას ორიოდ საათში მიიღებთ და უზომოდ გაახარებთ მილიონობით თანამემამულეს! თქვენ ბადალი არ გყავთ მთელ მსოფლიოში, ყველაზე ძლიერები ხართ და მოგესალმებით, როგორც ტრიუმფატორებს"!

შემდეგ იყო წილისყრა, რომელშიც ობდულიო ვარელა, მასპინძელთა გუნდისთავი აუგუშტო და ინგლისელი მსაჯი ჯორჯ რიდერი მონაწილეობდნენ. ჩემპიონატის წინა შეხვედრებში არჩევანის უფლება ყოველთვის ბრაზილიელებს რჩებოდათ, თუმცა ამჯერად ასე არ მოხდა და სტუმართა კაპიტანმაც პირველი დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგეს - მოედნის ის ნახევარი ისურვა, რომელსაც წინა მატჩებში ბრაზილიელები ირჩევდნენ.

მომდევნო 40 წლის განმავლობაში მაესტრო ზიზინიო დაუღალავად იმეორებდა: „ის არ იყო ჩვენი დღე. ორი წლით ადრე, ორი თვის ან თუნდაც ორი დღის შემდეგ რომ შევხვედრილიყავით, ურუგვაის ნაკრებს გავაცამტვერებდით"!

პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, შესვენების შემდეგ კი ბრაზილიელებმა სანუკვარი გოლი გაიტანეს.

მეორე ტაიმის მე-20 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ობდულიომ ხულიო პერესის კარგი გადაცემა მიიღო და გიჯა გარღვევაზე გაიყვანა. ათობით ათასი ქომაგი შეშფოთებული უყურებდა, თუ როგორ ჩაირბინა მან ბურთით გვერდით ხაზამდე. იმავდროულად, სკიაფინო საჯარიმოში შეიჭრა, რომლის მოძრაობაც დროზე შენიშნა გიჯამ. პასი და 1:1. გოლია! ურუგვაიმ ანგარიში გაათანაბრა! სტუმრები ერთმანეთს ეხვეოდნენ და მხოლოდ ვარელა არ მონაწილეობდა ამ ზეიმში - კაპიტნისთვის ეს ჯერ კიდევ ცოტა იყო.

ყველაფერი თავიდან დაიწყო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სტადიონი სიჩუმეში იყო ჩაფლული. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი რივადავია კორეია მაიერი იხსენებდა: „კოღოს ზუზუნიც კი ისმოდა. საშინელ სიჩუმეს მარტო მსაჯის სასტვენის ხმა და ობდულიოს ღრიალი არღვევდა".

და აი, როცა ხუთს აკლდა ოცდაორი წუთი, გიჯამ მოედნის შუაგული გადაკვეთა, პერესთან „კედელი" გაითამაშა და წინ გაიჭრა. ბიგოდემ მისი შეჩერება ვერ შეძლო, შეცდომის გამოსწორება კი ცენტრალურმა მცველმა აუგუშტომ სცადა, თუმცა უკვე გვიანი იყო: გარემარბი კვლავ საჯარიმოს ხაზთან აღმოჩნდა, მეკარე ბარბოსამ იფიქრა, როგორც პირველი გოლისას, ისევ კარის გასწვრივ ჩააწვდისო, მაგრამ შეცდა - ურუგვაელმა პირდაპირ კარში გაისროლა, ბარბოსასგან ახლო კუთხეში და... 1:2!

„რას წარმოვიდგენდი, რომ ფეხის ერთი მოქნევით ორი ქვეყნის, ურუგვაის და ბრაზილიის ისტორიაში დავიმკვიდრებდი ადგილს", - უთხრა გიჯამ გაზეთ „ო გლობოს" 1981 წელს.

მწერალმა ჟოაო მასიმომ მოგვიანებით თქვა: „გიჯას გოლმა ბრაზილიელთა ცხოვრება ორ ნაწილად გახლიჩა".

მატჩის დარჩენილ წუთებს სკიაფინო ასე აღწერს: „ცხოვრებაში პირველად მესმოდა სიჩუმის ხმა(!) და მეგონა, რომ სამყაროს დასასრული დადგა".

ალსიდეს გიჯა: „მხოლოდ სამმა ადამიანმა მოახერხა „მარაკანას" დადუმება - ფრენკ სინატრამ, რომის პაპმა და მე"!

გადამწყვეტი შეხვედრის წაგებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მარცხში დადანაშაულებული მეკარე ბარბოსა იტყვის: „კორონაციის საზეიმო ცერემონიალი მზადდებოდა, მაგრამ მოულოდნელად მეფემ სული განუტევა".

ის მართალი იყო - დღესასწაულისთვის სპეციალურად დაიწერა ჰიმნი, მზად იყო საპატიო ყარაული, მგზნებარე სიტყვები დაიწერა, მაგრამ როცა ფიფას ფრანგი პრეზიდენტი ჟიულ რიმე გვირაბიდან ქალღმერთ ნიკეს ოქროს თასით გამოვიდა, მოედანზე არც მიკროფონი იყო, არც საპატიო ყარაული და არც ორკესტრი. თავის მემუარებში რიმე იხსენებდა: „ყველაფერი გათვალისწინებული იყო, ურუგვაელთა ტრიუმფის გარდა"...

გავიდა ათწლეულები, ბრაზილიის ბრწყინვალე ნაკრები ხუთჯერ, ყველაზე მეტჯერ გახდა მსოფლიოს უძლიერესი გუნდი. „ჯადოქრებმა" ხუთჯერ გაახარეს გულშემატკივრები, მაგრამ მათი მეხსიერებიდან 1950 წლის 16 ივლისი - „მარაკანაზო" - ალბათ, არასდროს წაიშლება.

ბრაზილიელმა მწერალმა პაულო პედრიგაომ შესანიშნავ წიგნში „ერთი მარცხის ანატომია", დაწერა: „ეს იყო უმნიშვნელოვანესი თარიღი თანამედროვე ბრაზილიის ისტორიაში - ვატერლოო ტროპიკებში, კერპთა დაცემა".

პედრიგაო ცამდე მართალი იყო.

ლაშა გოდუაძე

სპეციალურად www.msy.gov.ge-თვის

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.