სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ბრაზილია 2014: ქართველები მსოფლიო ჩემპიონატზე

თარიღი: 2014 ივნისი 12


ესპანეთი 1982: სსრკ ნაკრების თავდამსხმელი რამაზ შენგელია პოლონელთა წინააღმდეგ (ფოტო: რამაზ შენგელიას არქივი)

არ აქვს მნიშვნელობა ახალგაზრდა ხარ თუ მოხუცი, ბავშვი თუ თინეიჯერი, ვაჟი ან გოგონა - თუ სპორტი, განსაკუთრებით კი ფეხბურთი გიყვარს, ის შეჯიბრება, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და სულ რამდენიმე დღეში იწყება, სწორედ შენთვისაა - 12 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით ბრაზილია მსოფლიოს მეოცე ჩემპიონატს უმასპინძლებს!

იმ დროს, როცა ქართული ფეხბურთი პირველ ნაბიჯებს დამოუკიდებლად დგამდა, ყველას გვჯეროდა, რომ მალე ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებდა. მაგრამ წლები გადის, ოცნება კი, სამწუხაროდ, ოცნებადვე რჩება.

დღევანდელობის გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრების გასვლა უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ფინალურ ეტაპზე, სამწუხაროდ, რთული წარმოსადგენია. მიუხედავად ამისა, ჩვენი ფეხბურთის ისტორიას ახსოვს მოთამაშეები, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს და გოლებიც გაიტანეს.

ყველაფერს თანმიმდევრულად რომ მივყვეთ, შორეულ 1962 წელში გადავინაცვლოთ: ქართველი ფეხბურთელების დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ ჩილეში შედგა.

ჩილე, 1962 წელი

საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გავრილ კაჩალინმა სამხრეთი ამერიკის ამ მაღალმთიან ქვეყანაში 22 ფეხბურთელი იახლა, რომელთაგან ოთხი ქართველი გახლდათ: მეკარე სერგო კოტრიკაძე, მცველი გივი ჩოხელი და მარცხენა გარემარბი მიხეილ მესხი თბილისის „დინამოში" თამაშობდნენ, მარჯვენა გარემარბი სლავა მეტრეველი კი მოსკოვის „ტორპედოს" წევრი გახლდათ.

ნაკრებმა პირველი შეხვედრა 31 მაისს ჩაატარა ქალაქ არიკაში იუგოსლავიასთან. მწვრთნელის გადაწყვეტილებით ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა იასპარეზეს. ორივე მათგანმა ჩინებულად ითამაშა, მესხმა კი საგოლე გადაცემა მიითვალა - ვიქტორ პონედელნიკმა მეორე გოლი სწორედ მისი ფლანგური გარღვევის შემდეგ შეაგდო, გუნდმა კი 2:0 გაიმარჯვა.

მეორე ტურში სსრკ ნაკრებმა კოლუმბიასთან ქულა დაკარგა: მე-60 წუთისთვის 4:1-ს იგებდა, მაგრამ შეხვედრა ფრედ 4:4 დასრულდა. ქართველთაგან მიხეილ მესხმა და გივი ჩოხელმა ითამაშეს, ამ უკანასკნელს კი მეორე გოლის გაშვება დაბრალდა: მაშინდელ საბჭოთა სპორტულ პრესას თუ ვენდობით, თბილისის დინამოელმა ლევ იაშინის მითითება არ შეასრულა, კოლუმბიელთა კუთხურისას სათანადო პოზიცია არ დაიკავა და...

მესამე ტურში ევროპის თასის 1960 წლის გათამაშების გამარჯვებულები ორგზის ჩემპიონ ურუგვაის დაუპირისპირდნენ და 2:1 გაიმარჯვეს. ქართველთაგან მხოლოდ გივი ჩოხელმა იასპარეზა.

1/4-ფინალში გავრილ კაჩალინის გუნდს ჩილეს ნაკრები ელოდა.

„ჩილესთან თამაშის წინა დღეს მთავარი მწვრთნელი მესაუბრა და მითხრა, მოემზადე, ხვალ კარში უნდა ჩადგეო. სრულ მზადყოფნაში ვიყავი, ამ ამბავმა კი ფრთები შემასხა, მაგრამ როცა ძირითადი შემადგენლობა დაასახელეს, პირველი ნომერი კვლავ ლევ იაშინი იყო. კაჩალინმა მომიბოდიშა და მითხრა - ხომ იცი, გადაწყვეტილებას მარტო მე არ ვიღებო", - იხსენებდა მოგვიანებით ბატონი სერგო კოტრიკაძე.

ერთი ვერსიით, ნაკრების თავკაცმა გადაწყვეტილება დელეგაციის ხელმძღვანელს, გუნდის უფროსს ანდრეი სტაროსტინს შეატყობინა, რომელმაც თავის მხრივ, უმალ მოსკოვი „ჩააყენა საქმის კურსში". დედაქალაქის დირექტივას - „ითამაშოს მხოლოდ იაშინმა"! - კაჩალინი წინ ვერ აღუდგა.

მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. ჩილელთა ორივე გოლი ლევ იაშინის შეცდომას მოჰყვა, განსაკუთრებით თავზარდამცემი კი ელადიო როხასის მეორე დარტყმა გამოდგა - მან ლეგენდარულ მეკარეს დაახლოებით 35 მეტრიდან გაუტანა ბურთი...

ინგლისი, 1966 წელი

იმ დროს ნაკრების სათავეში ნიკოლაი მოროზოვი იდგა, რომელმაც ნისლიან ალბიონზე ოთხი ქართველი ფეხბურთელი იახლა: მეკარე ანზორ კავაზაშვილი (მოსკოვის „ტორპედო"), მცველი მურთაზ ხურცილავა, ნახევარმცველი გიორგი სიჭინავა და მარჯვენა გარემარბი სლავა მეტრეველი (ყველა თბილისის „დინამო").

პირველ შეხვედრა გუნდმა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებთან ჩაატარა მიდლსბროში და 3:0 გაიმარჯვა. საბჭოელთა კარს ანზორ კავაზაშვილი იცავდა, მის წინ მურთაზ ხურცილავა ირჯებოდა, ნახევარდაცვაში კი გიორგი სიჭინავა. ამ უკანასკნელმა მენისკის ტრავმა მიიღო და ნაკრებს მხოლოდ ტურნირის მიწურულს, მესამე ადგილისთვის მატჩში დაუბრუნდა...

16 ივლისს მოროზოვის გუნდი სანდერლენდში იტალიას დაუპირისპირდა. მეტოქის ლიდერის ალესანდრო მაცოლას წინააღმდეგ თამაში მწვრთნელმა ხურცილავას დაავალა და მანაც ჩინებულად იასპარეზა. მეორე დღეს ერთ-ერთი გაზეთი იუმორით წერდა: ხურცილავა ისე დარაჯობდა მაცოლას, თითქოს ყველა აქცია მასში ჰქონდა დაბანდებულიო...

ნაკრებმა იტალია 1:0 დაამარცხა, უკანასკნელ ტურში კი ოთხი წლის წინანდელი მარცხისთვის ჩილესთან შური იძია - 2:1. სამხრეთამერიკელთა წინააღმდეგ მხოლოდ კავაზაშვილმა და მეტრეველმა იასპარეზეს.

23 ივლისს, 1/4-ფინალში მოროზოვის გუნდის მეტოქე უნგრეთის ნაკრები გახლდათ. საბჭოელებმა 2:1 მოიგეს. ქართველებს არ უთამაშიათ.

25 ივლისს გუნდმა ისტორიაში პირველად და უკანასკნელად იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში - გფრ-ს ნაკრებთან 1:2 წაგებულ მატჩში ქართველები კვლავ არ გასულან მინდორზე.

28 ივლისს კი ლონდონის „უემბლიმ" მესამე ადგილისთვის შეხვედრას უმასპინძლა - სსრკ ჩემპიონატის დებიუტანტ პორტუგალიის წინააღმდეგ.

მურთაზ ხურცილავა: „წინა დღეს ვიცოდი, რომ პორტუგალიელთა ლიდერის და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ეუსებიოს წინააღმდეგ უნდა მეთამაშა, მაგრამ შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მწვრთნელმა მითხრა, ცენტრფორვარდი ტორესი უნდა „დაიჭიროო". ეს უკანასკნელი ჩემზე კარგა მაღალი იყო, მოროზოვის ნათქვამმა კი იმ ღამის სიზმარი გამახსენა - ვნახე, თითქოს საკუთარ საჯარიმოში ხელით ვითამაშე... ეს ამბავი მხოლოდ გიორგი სიჭინავას გავუმხილე, რომელმაც მეგრულად მიყვირა, ოღონდ ეგ არ ქნაო... სამწუხაროდ, სიზმარი ამიხდა: ერთ მომენტში ავხტი, ბურთი ხელზე მომხვდა და მსაჯმაც პენალტი დანიშნა, რომელიც ეუსებიომ გაიტანა"...

ეუსებიომ მე-13 წუთზე გახსნა ანგარიში, 44-ე წუთზე კი მსოფლიო ჩემპიონატებზე პირველი ქართული გოლი გავიდა: სლავა მეტრეველმა დაარტყა ზუსტად!

იმ შეხვედრის მონაწილე მეორე დინამოელი, ნახევარმცველი გიორგი სიჭინავა იხსენებს: „პორტუგალიასთან მატჩის წინ დელეგაციის ხელმძღვანელები დაგვპირდნენ, თუ მოიგებთ, ავტომობილით დაგასაჩუქრებთო. ბიჭებმა მანქანის „შერჩევა" დავიწყეთ - ყველამ „მერსედესით" გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება. ერთი ხურცილავა იყო, რომელიც „კადილაკს" ანიჭებდა უპირატესობას. ვისაც ბრინჯაოს მედლები გვერგო, პრემიის სახით 10 ათასი მანეთი გადმოგვცეს. ანზორ კავაზაშვილს მედალი და თანხა არ ერგო, თუმცა ბიჭებმა ის მაინც დავასაჩუქრეთ.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ ყველა ნახევარფინალისტი სრული შემადგენლობით მიგვიღო სასახლეში და საზეიმო სადილის შემდეგ დაგვასაჩუქრა. შეხვედრას ფიფას პრეზიდენტი სტენლი როუზიც დაესწრო. მიღებამდე ერთი დღით ადრე ყველა გააფრთხილეს, რომ სასახლეში ფრაკით მისულიყვნენ, თუმცა ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, საბჭოთა ნაკრები რუხ პიჯაკებსა და ლურჯ შარვლებში გამოეწყო, კოსტუმებს კი დიდი საბჭოთა ღერბი „ამშვენებდა"...

მექსიკა, 1970 წელი

საბჭოთა ნაკრებს კვლავ გავრილ კაჩალინი ხელმძღვანელობდა. მან მექსიკაში 6 ქართველი ფეხბურთელი იახლა: მეკარე ანზორ კავაზაშვილი კვლავ მოსკოვურ კლუბში ასპარეზობდა, თუმცა ამჯერად „სპარტაკში", დანარჩენები კი თბილისის დინამოელები იყვნენ - მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, კახი ასათიანი, სლავა მეტრეველი და გივი ნოდია. ამდენ ჩვენებურს უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე ერთად არასდროს უთამაშია, სლავა მეტრეველი კი პირველი და ჯერჯერობით ბოლო ქართველია, რომელიც მსოფლიოს სამ ჩემპიონატში მონაწილეობდა!

31 მაისს ნაკრები მეხიკოში მასპინძლებს გაეჯიბრა - ფრე 0:0. კავაზაშვილმა და ასათიანმა შეუცვლელად იასპარეზეს, გივი ნოდია კი 68-ე წუთზე ხმელნიცკიმ შეცვალა.

6 ივნისს საბჭოელებმა ბელგიელები 4:1 გაანადგურეს. ანზორ კავაზაშვილმა, მურთაზ ხურცილავამ და კახი ასათიანმა კვლავ შეუცვლელად ითამაშეს, რევაზ ძოძუაშვილის ნაცვლად კი 75-ე წუთზე კისელიოვი ჩაერთო თამაშში.

ამ შეხვედრის 55-ე წუთზე მეორე „ქართული გოლი" გავიდა მსოფლიო ჩემპიონატებზე: კახი ასათიანმა გამოიჩინა თავი.

ჯგუფის უკანასკნელ მატჩში კაჩალინის გუნდმა 2:0 სძლია სალვადორს და მეოთხედფინალში გავიდა. კავაზაშვილმა, ძოძუაშვილმა და ხურცილავამ შეუცვლელად იასპარეზეს, ასათიანმა კი მე-80 წუთზე შეცვალა კისელიოვი.

ეს იყო და ეს - 1/4-ფინალში სსრკ ურუგვაისთან დამარცხდა 0:1, დინამოელები კი მსოფლიო ჩემპიონატს მხოლოდ 12 წლის შემდეგ დაუბრუნდნენ...

ესპანეთი, 1982 წელი

გუნდის კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე, მცველი თენგიზ სულაქველიძე, ნახევარმცველი ვიტალი დარასელია და თავდამსხმელი რამაზ შენგელია - საბჭოთა კავშირის პირველ გუნდში ოთხი დინამოელი მოხვდა. ამავდროულად, ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი იყო თბილისელთა თავკაცი ნოდარ ახალკაცი.

პირველ ჯგუფურ ეტაპზე გუნდი ბრაზილიის, შოტლანდიის და ახალი ზელანდიის მხარდამხარ მოხვდა, საწყის ტურში კი „სელესაოს" დაუპირისპირდა.

რამაზ შენგელია: „ბესკოვი და ლობანოვსკი გვიკიჟინებდნენ, მიდით ბიჭებო, ბრაზილიელები გავანადგუროთო. ჩვენ პირველივე ტაიმში დავიხარჯეთ, თანაც, აუტანელი ტენიანობა და სიცხე იყო. ერთი სიტყვით, დავიღალეთ, შესვენების შემდეგ კი სამხრეთამერიკელებმა „მიგვაძინეს" - ფალკაო, ზიკო, ედერი... რომელი ერთი გავიხსენო, მაგრამ ტელე სანტანას გუნდის ნამდვილი „ტვინი" სოკრატესი გახლდათ"!

ბრაზილიელთა წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ოთხივე თბილისელმა ითამაშა. მწვრთნელებმა მხოლოდ რამაზ შენგელია შეცვალეს - 88-ე წუთზე მის ნაცვლად ანდრეევი გამოჩნდა. „დინამოს" ფორვარდმა გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა - თამაშგარე აღნიშნა.

მეორე ტურში ნაკრებმა მალაგაში ითამაშა და ჯგუფის მაჩანჩალა ახალ ზელანდიას 3:0 სძლია. ქართველები კვლავ ძირითადში იყვნენ, თუმცა ამჯერად დარასელია შეცვალეს - მეორე ტაიმში მის ნაცვლად ოჰანესიანმა იასპარეზა.

23 ივნისს სსრკ ნაკრები მეორე ეტაპის საგზურისთვის შოტლანდიას დაუპირისპირდა.

„მე-15 წუთი იქნებოდა, როცა საჯარიმოს ახლოს მივიღე ბურთი, მაგრამ ფეხი დამიცდა - დღემდე ვერ ამიხსნია, რა მოხდა. ჯორდანი დასაევთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გახსნა. ტაიმი 0:1 წავაგეთ. შესვენებაზე გასახდელში სამარისებული სიჩუმე სუფევდა, მე კი კაპიტნის სტატუსით ვისარგებლე და მწვრთნელებს და ბიჭებს ვუთხარი, თუ ამ შეხვედრას წავაგებთ და მეორე ეტაპზე ვერ გავალთ, ფეხბურთიდან წავალ-მეთქი. ყველა მხარში დამიდგა, ბიჭებმა გამამხნევეს და მატჩიც გადავარჩინეთ"... - იხსენებს ალექსანდრე ჩივაძე.

61-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა: ჩივაძემ, რომელიც ხშირად ერთვებოდა შეტევებში, ბესონოვის პასის შემდეგ დაარტყა ზუსტად - 1:1.

84-ე წუთზე კიდევ ერთი „ქართული გოლი" გავიდა - შენგელიამ იმარჯვა!

„შოტლანდიელებს ფრე არ აკმაყოფილებდათ და უკანმოუხედავად გვიტევდნენ. მეტოქის ერთ-ერთი იერიშისას ჩვენმა მცველებმა ბურთი ზუსტად ჩემსკენ მოიგერიეს. ორი ახმახი შოტლანდიელი იდგა გვერდით. ჩავიმუხლე, თითქოს ახტომას ვაპირებდი. მეტოქეები მოვატყუე, რომლებიც ჰაერში შეეჯახნენ ერთმანეთს, ბურთი კი მე დამრჩა. მეკარეს იოლად ავუარე გვერდი და გოლიც შევაგდე", - რამაზ შენგელიას მოგონებებიდან.

თამაში ფრედ 2:2 დასრულდა (ჩივაძის და შენგელიას გარდა ბრიტანელთა წინააღმდეგ მხოლოდ სულაქველიძემ ითამაშა) და ნაკრებიც მეორე ეტაპზე გავიდა, მაგრამ ბელგიასთან და პოლონეთთან ერთად მოხვედრილმა, ნახევარფინალის საგზური ვერ მოიპოვა.

1 ივლისს გუნდმა ბარსელონაში, „კამპ ნოუზე" ბელგიას 1:0 სძლია. „წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ ალექსანდრე ჩივაძემ კვლავ თავიდან ბოლომდე იასპარეზა, რამაზ შენგელია 90-ე წუთზე შეცვალა როდიონოვმა, ვიტალი დარასელია კი 87-ე წუთზე ანდრეი ბალის ნაცვლად ჩაერთო თამაშში.

4 ივლისს, პოლონელთა წინააღმდეგ გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, თუმცა შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა და ნახევარფინალშიც მეტოქე გავიდა. „კამპ ნოუზე" ოთხივე ქართველმა იასპარეზა...

მექსიკა, 1986 წელი

მთავარმა მწვრთნელმა ვალერი ლობანოვსკიმ მექსიკაში ერთადერთი დინამოელი იახლა - ალექსანდრე ჩივაძე, რომელმაც ფეხის კუნთის ტრავმის გამო ჯგუფურ ტურნირში ვერ იასპარეზა, მერვედფინალის წინ კი მწვრთნელმა მისი დასვენება არჩია.

წლების შემდეგ ჩივაძემ თქვა: „ჯგუფში ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით, მერვედფინალში ბელგიასთან ფავორიტად ვითვლებოდით, თუმცა მატჩის წინა დღეს ლობანოვსკიმ მითხრა, ტრავმა ახლახანს მოიშუშე, ამიტომ სჯობს ეს თამაში გამოტოვო, დაისვენო და 1/4-ფინალისთვის მოემზადოო. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი წინ აღარ წასულა - ბელგიასთან მატჩით დაასრულა ის ჩემპიონატი".

ეს იყო და ეს - საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით მას შემდეგ ქართველი ფეხბურთელი უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე არ გამოჩენილა.

ერთი ეგაა, 1994 წელს, ამერიკაში, მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების ღირსებას თბილისელთა ყოფილი მცველი ომარ თეთრაძე იცავდა. სიმბოლურია, რომ ის ნომერ პირველი ტურნირის მონაწილე მეთხუთმეტე დინამოელი გახლდათ.

ლაშა გოდუაძე

სპეციალურად www.msy.gov.ge-თვის

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.