ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
გერმანია მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია! (ფოტო: FIFA.com)
13 ივლისს, რიო დე ჟანეიროს ლეგენდარულ სტადიონ მარაკანაზე, მსოფლიოს მე-XX ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ნაკრებმა დამატებით დროში, მარიო გიოტცეს ზუსტი დარტყმით 1:0 დაამარცხა არგენტინა და ფიფას ოქროს თასი მოიპოვა. ბუნდესგუნდი პირველი ევროპული ნაკრებია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკის კონტინენტზე მოიგო.
ამ გამარჯვებით გერმანია იტალიას გაუთანაბრდა. ორივე გუნდს უდიდესი საფეხბურთო ტურნირი 4-4 ჯერ მოუგია. წინ მხოლოდ ბრაზილიაა 5 ტრიუმფით.
„ბოლო 55 დღე ჩვენ ერთად გავატარეთ, მაგრამ ამ გამარჯვებისკენ სვლა ზუსტად ათი წლის წინ დაიწყო, როცა ნაკრებს ჯერ კიდევ იურგენ კლინსმანი წვრთნიდა. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით ამ ტრიუმფისკენ. ჩემ გუნდს დიდი მომავალი აქვს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ახლა მხოლოდ გამარჯვების კარგად აღნიშვნაზე ვფიქრობთ", - განაცხადა მსოფლიოს ჩემპიონთა მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა. ევრო 2016-ის შესარჩევ ტურნირში ლიოვის გერმანია ორჯერ გაეჯიბრება საქართველოს ნაკრებს: 2015 წლის გაზაფხულზე თბილისში და შემოდგომით გერმანიაში.
ერთადერთი გოლი დამატებით დროში, 113-ე წუთზე გავიდა: შიურლემ მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა სამხრეთამერიკელთა საჯარიმოში, სადაც ცენტრალურმა მცველებმა უყურადღებოდ ითამაშეს, მარიო გიოტცემ კი მოხდენილად მიიღო ბურთი და ერთი შეხებით კარში გადაგზავნა - 1:0. ამ გოლამდე მეტოქეებმა არაერთი სახიფათო შეტევა განახორციელეს, თუმცა რამდენჯერმე მანუელ ნოიერმა და სერხიო რომერომ იყოჩაღეს, ზოგჯერ თავდამსხმელები სცოდავდნენ, ერთხელ კი, ჰიოვედესის თავური დარტყმის შემდეგ, არგენტინელები გარდაუვალი გოლისგან კარის ძელმა იხსნა.
„2002 წელს, ბრაზილიასთან რომ დავმარცხდით მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ვიფიქრე, გადამწყვეტ მატჩში ვერასდროს ვითამაშებდი-მეთქი, მაგრამ ოცნება დღეს ამიხდა. ნაკრებიდან ამაზე უკეთესად წასვლა ვერც წარმომიდგენია", - განაცხადა მიროსლავ კლოზემ, ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა (16 გოლი). გუშინ ის კიდევ ერთი მიღწევით შევიდა ტურნირის ისტორიაში: 24-ედ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე და იტალიელ პაოლო მალდინის გაუსწრო. წინ მხოლოდ ლეგენდარული გერმანელი ლოთარ მათეუსია 25 მატჩით.
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ ფიფამ რჩეულები დაასახელა. ბრაზილია 2014-ის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი - „ოქროს ბურთი" - არგენტინის ნაკრების კაპიტანს ლეო მესის გადაეცა. მეორე ადგილზე მსოფლიოს ჩემპიონი თომას მიულერი გავიდა, მესამეზე არიენ რობენი.
„ოქროს ბუცი" კოლუმბიის ნაკრების ამომავალ ვარსკვლავს ხამეს როდრიგესს ერგო. მან 6 გოლი გაიტანა. „ვერცხლის ბუცი" წინა მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირს თომას მიულერს (5 გოლი), „ბრინჯაოს ბუცი" კი ბრაზილიელ ნეიმარს (4 გოლი).
საუკეთესო მეკარედ ბუნდესგუნდის კარის დარაჯი მანუელ ნოიერი დასახელდა. მას ლევ იაშინის სახელობის „ოქროს ხელთათმანი" გადაეცა. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი პოლ პოგბა აღიარეს, სამართლიანი თამაშის პრიზით კი კოლუმბია დააჯილდოვეს.
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გერმანიის ნაკრების მაისურს ფიფას მსოფლიო ჩემპიონის ნიშანი დაამშვენებს, გერმანიის საფეხბურთო კავშირის ემბლემაზე კი სამის ნაცვლად უკვე ოთხი ვარსკვლავი გამოისახება.
მსოფლიოს XXI-ე ჩემპიონატი 2018 წლის ზაფხულში რუსეთში გაიმართება.
სამინისტროს პრესსამსახური