სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ფეხბურთი: „სევილიამ“ უეფას თასი მეოთხედ აღმართა!

თარიღი: 2015 მაისი 28


უეფას ევროპალიგის რეკორდსმენი და ტრიუმფატორი „სევილია“ (ფოტო: UEFA.com)

გუშინ, 27 მაისს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ეროვნულ სტადიონზე ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ახალი რეკორდი დამყარდა: ესპანეთის „სევილიამ" უკრაინის „დნიპრო" 3:2 დაამარცხა და სარეკორდოდ, მეოთხედ აღმართა ეს ჯილდო!

ესპანელთა გამარჯვება კოლუმბიელი ფორვარდის კარლოს ბაკას დუბლმა განაპირობა: 31-ე წუთზე სამხრეთამერიკელმა გუნდი დააწინაურა, 73-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი შეაგდო!

ფინალში ანგარიში უკრაინელებმა გახსნეს: ნიკოლა კალინიჩმა თავური დარტყმით დალაშქრა სერხიო რიკოს კარი. ეს მე-7 წუთზე მოხდა. 28-ე წუთზე ესპანელთა პოლონელმა ნახევარმცველმა გჟეგოჟ კრიხოვიაკმა დაარტყა ზუსტად - 1:1. ამას მალე ბაკას გოლი მოჰყვა, რომელიც 44-ე წუთზე „დნიპროს" კაპიტანმა რუსლან როტანმა მოხდენილი საჯარიმო დარტყმით გაქვითა. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა - 2:2.

„ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ბრძოლისთვის მზად ვიყავით. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს მწვრთნელს. ის, რომ ევროპალიგა მოვიგეთ და გაისად ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ, ეს, პირველ რიგში უნაი ემერის დამსახურებაა, სწორედ ისაა ამ ტრიუმფის შემოქმედი", - განაცხადა სევილიელთა ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ევერ ბანეხამ, რომელიც ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ფინალი შეუცვლელად დაასრულა, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ, გამარჯვებულის მედალი მის მოწინააღმდეგეებს ხვდათ წილად. ჯაბა პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ამ ტურნირის ფინალში ითამაშა.

უნაი ემერის გუნდის გუშინდელი ტრიუმფი ესპანეთისთვის მეცხრეა ამ ტურნირის ისტორიაში. ამ მაჩვენებლით ესპანელები იტალიელებს გაუთანაბრდნენ. რაც შეეხება სევილიელთა მთავარ მწვრთნელს, ეს მისთვის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა - უნაი ემერი მეოთხე ესპანელი დამრიგებელია, რომელმაც ორჯერ მოიგო უეფას თასი! აქამდე იგივე მადრიდის „რეალის" თავკაცმა ლუის მოლოვნიმ (1985, 1986), სევილიელთა კიდევ ერთმა მწვრთნელმა ხუანდე რამოსმა (2006, 2007) და რაფაელ ბენიტესმა შეძლეს (2004 - „ვალენსია", 2013 - ლონდონის „ჩელსი"). მწვრთნელთა შორის რეკორდსმენად კვლავ იტალიელი ჯოვანი ტრაპატონი რჩება, რომელმაც ტურინის „იუვენტუსის" (1977, 1993) და მილანის „ინტერის" (1991) მენეჯერის პოსტზე სამჯერ აღმართა ეს ჯილდო.

დნეპროპეტროვსკელებთან გამარჯვების შემდეგ, ფეხბურთელთა შორის ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა „სევილიას" ყველაზე გამოცდილი წევრი ხოსე ანტონიო რეიესი. შემტევი ნახევარმცველი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები მადრიდის „რეალში", ლონდონის „არსენალსა" და მადრიდის „ატლეტიკოში" გაატარა, უეფას თასის 4-გზის მფლობელი შეიქნა!

ვარშავულ ფინალამდე რეიესი რეკორდს 3 ფეხბურთელთან იყოფდა. ინგლისელმა რეი კლემენსმა და იტალიელებმა ჯუზეპე ბერგომიმ და ნიკოლა ბერტიმ ასევე 3-ჯერ მოიგეს უეფას თასი, თუმცა „დნიპროსთან" გამარჯვების შემდეგ ხოსე ანტონიომ ერთი საფეხურით წაიწია. „სევილიას" ლიდერმა 2010 და 2012 წლებში მადრიდის „ატლეტიკოს" მაისურით მოიგო ეს თასი, მესამედ კი შარშან, „სევილიაში" გადასვლისთანავე.

მომავალ ევროსეზონში ესპანეთი ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი კლუბით წარსდგება: ჩემპიონი „ბარსელონა" და ვიცე-ჩემპიონი მადრიდის „რეალი" ჯგუფურ ტურნირში ითამაშებენ, მადრიდის „ატლეტიკო", „ვალენსია" და „სევილია" კი საკვალიფიკაციო ეტაპზე.

2014-2015 წლების ევროპალიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ორმა თავდამსხმელმა მოიპოვა: ზალცბურგის „რედ ბულის" (ავსტრია) ბრაზილიელმა შემტევმა ალანმა და ლივერპულის „ევერტონის" ბელგიელმა გოლეადორმა რომელუ ლუკაკუმ 8-8 გოლი გაიტანეს. ფინალში დუბლის ავტორმა ბაკამ გათამაშება 7 გოლით დაასრულა.

11 აგვისტოს ევროპალიგის გამარჯვებული „სევილია" თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" ითამაშებს. უეფას სუპერთასზე მისი მეტოქე 6 ივნისს, ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე", ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამოვლინდება „ბარსელონასა" და „იუვენტუსს" შორის.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.