სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

თასების მფლობელთა თასი 1961: „ფიორენტინა“ (იტალია)

თარიღი: 2016 მარტი 21


1960-1961 წლების გათამაშების გამარჯვებული: იტალიის „ფიორენტინა“

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

პირველი
...გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, როცა ევროთასები პოპულარული გახდა, შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა უეფას მორიგ კონგრესზე დამსწრეთ თავისი იდეა გააცნო, ჩაეტარებინათ კიდევ ერთი ტურნირი, რომელშიც ეროვნული თასის მფლობელები გაეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

იდეას მხარი დაუჭირეს ავსტრიის, ბელგიის, დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის, იტალიის, იუგოსლავიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ჩეხოსლოვაკიის და უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციათა თავკაცებმა. დანარჩენებმა ახალ წამოწყებას ეჭვის თვალით შეხედეს.

ამ ამბავს არც უეფა შეხვედრია გულთბილად - ევროპული ფეხბურთის ბოსებმა მოცდა არჩიეს.

აი, ასე იწყებოდა ყველაფერი: ენთუზიაზმითა და სიფრთხილით.

რისთვის სჭირდებოდათ ახალი შეჯიბრი? იმისთვის, რომ ეროვნული თასების გათამაშებები უფრო პრესტიჟული და საინტერესო გამხდარიყო. ასევე მეტ გუნდს მისცემოდა ოფიციალურ საერთაშორისო მატჩში მონაწილეობის საშუალება. თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც. თუ მას დავუჯერებთ, ტურნირი მადრიდის „რეალის" ჯინაზე დაუარსებიათ - მოგეხსენებათ, იმ დროისთვის „რეალს" ჩემპიონთა თასი ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდა მოგებული და ისინი უძლეველნი ჩანდნენ. ცხადია, ევროპის სხვა ქვეყნებსაც სურდათ თავისი გამარჯვებული ჰყოლოდათ. ალბათ, ამ, „მეორე ვერსიაშიც" არის რაღაც სიმართლე...

ახალი თასის გათამაშებისა და მისი ჩატარების სისტემა ორგანიზატორმა ფედერაციებმა 1960 წლის 13 თებერვალს (სხვა წყაროს მიხედვით 26 მარტს) მიიღეს ვენაში.

ჩემპიონთა თასისგან განსხვავებით, თასების თასის დებულება უფრო ლიბერალური იყო. კერძოდ, გათამაშებაში მონაწილეობა შეეძლოთ არა მხოლოდ ქვეყნის თასის მფლობელებს, არამედ ფინალისტებსაც (იმ შემთხვევაში, თუ თასის მფლობელი ჩემპიონიც გახდებოდა). ამ წესმა პირველ წელსვე იმოქმედა. გამარჯვებული „ფიორენტინა" იტალიის თასის მომპოვებელი არ ყოფილა - ფინალში 2:3 წააგო „იუვენტუსთან" და რაკი „ბებერი ქალბატონი" ქვეყნის ჩემპიონიც გახდა, თასების თასზე ფლორენციელები მოხვდნენ.

პირველ გათამაშებაში მხოლოდ ათი გუნდი მონაწილეობდა (ამიტომ, წინასწარი წრის შემდეგ პირდაპირ მეოთხედფინალი გაიმართა). მათ შორის არ იყო ტურნირის ინიციატორის, შვედეთის წარმომადგენელი. მიზეზი მარტივი გახლდათ: 1954-1966 წლებში შვედები თასის გათამაშებას არ ატარებდნენ და ცხადია, მონაწილესაც ვერ წარადგენდნენ. არ იყვნენ ფრანგები და ეპანელები - მათ მონაწილეობაა იუარეს.

საინტერესოა, რომ 1960-1961 წლების გათამაშებას კლუბების კომიტეტი ატარებდა. მალე უეფაც „გონს მოეგო" და მომდევნო გათამაშებიდან თვითონ იკისრა უფროსობა და შეჯიბრს ოფიციალური სტატუსიც მიანიჭა.

1960 წლის 1 აგვისტოს თასების თასის პირველი მატჩი გაიმართა: აღმოსავლეთ ბერლინში, სამხედროთა გუნდმა „ფორვარტსმა" ჩეხოსლოვაკიის „რუდა ჰვეზდას" უმასპინძლა და 2:1 მოუგო. 42-ე წუთზე პირველი ბურთი გერმანელმა კოლემ გაიტანა და თავისი გვარი ისტორიაში ჩაწერა.

მონაწილეთა სიხალვათის გამო, არც ფავორიტთა რიცხვი ყოფილა დიდი: ინგლისის „ვულვერჰემპტონ უონდერერსი", შოტლანდიის „გლაზგო რეინჯერსი" და იტალიის „ფიორენტინა". ამათგან ერთ-ერთს უეჭველად უნდა მოეგო თასი. მეზობელი სქოთები და ინგლისელები ერთმანეთს დაეჯახნენ: „მგლებმა" („ვულვერჰემპტონ უონდერერსის" მეტსახელია), რომლებსაც იმ დროს სათასო გუნდს უწოდებდნენ, დიდი ომი გაუმართეს მამაც შოტლანდიელებს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ.

ეს ამბავი თითქოს ლოგიკურიც ჩანდა - მაშინდელი „გლაზგო რეინჯერსი" ჩინებული გუნდი ყოფილა: მთელი იმ სეზონის განმავლობაში სტაბილურად თამაშობდა და ქვეყნის ჩემპიონი ისე გახდა, ახლოს არავინ მიუშვა. იმ წლების ბრიტანულ გაზეთებს თუ ჩახედავთ, წაიკითხავთ, რომ გლაზგოელები ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდნენ. წარმატების გასაღებს კი რეპორტიორები თავდასხმის ხუთეულში ხედავდნენ. გუნდის ლიდერს, ცენტრფორვარდს ჯიმი მილარს მარცხნივ სწრაფი ბრანდი და უილსონი ეხმარებოდნენ, მარჯვნივ კი ფეხმარდი მაკმილანი და სკოტი. მათი შეჩერება შეუძლებელი ყოფილა. შოტლანდიის პირველობას რომ თავი დავანებოთ, „გლაზგო რეინჯერსი" ევროპასაც ბრდღვნიდა: წინასწარ ეტაპზე ძლიერი „ფერენცვაროში" დაამარცხა, შემდეგ კი დასავლეთგერმანული მიონხენგლადბახის „ბორუსია" გააცამტვერა საერთო ანგარიშით 11:0 (ამით ერთგვარი რევანში აიღო. წინა წელს, ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში „ლურჯები" ფრანკფურტის „აინტრახტმა" უღმერთოდ შეარცხვინა - 1:6, 2:6). რაღა გასაკვირია, რომ შოტლანდიელებს ფინალური მატჩის ფავორიტად მიიჩნევდნენ. მით უმეტეს, რომ მეორე ფინალისტი „ფიორენტინა" სტაბილურობით არ გამოირჩეოდა.

ერთ დროს ძლევამოსილ იტალიის „დიდი ოთხეულში" („იუვენტუსი", „მილანი", „ინტერი", „ფიორენტინა") შემავალ გუნდს არცთუ საუკეთესო დროება ედგა. 1956 წელს ფულვიო ბერნარდინის თავკაცობით „იისფრები" იტალიის ჩემპიონები გახდნენ. შემდეგ ზედიზედ ოთხჯერ მეორე ადგილზე გავიდნენ. 1957-ში ჩემპიონთა თასის ფინალშიც ითამაშეს. მათ თავდასხმის ხაზს „ატომურ ხუთეულს" უწოდებდნენ... 1960-1961 წლების სეზონში კი ფლორენციელებს გაუჭირდათ - გუნდმა ჩემპიონატში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

1961-ის იანვარში, ტოსკანური კლუბის მესვეურთა დიდი სურვილითა და უნგრეთის საფეხბურთო კავშირის დასტურით, მთავარ მწვრთნელად უნგრეთის „დიდი გუნდის" ყოფილი მოთამაშე ნანდორ ჰიდეგკუტი დაინიშნა.

მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ პირველივე მატჩში „ფიორენტინამ" „რომას" სტუმრად 3:1 მოუგო. მდგომარეობა თითქოს გამოსწორდა, მაგრამ მალე გაუთვალისწინებელი ამბავი მოხდა: გაზაფხულზე „პერუჯასთან" შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო და კარიერა დაასრულა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მეგოლემ, ნატურალიზებულმა არგენტინელმა მიგელ ანხელ მონტუორიმ.

ამან საქმე გაართულა, თუმცა „ფიორენტინას" მაინც ჰყავდა ჩინებულ თავდამსხმელთა ხუთეული. მათ შორის ლუიჯი მილანი და ჯანფრანკო პეტრისი გამოირჩეოდნენ, მთავარი ფიგურა კი 27 წლის შვედი კურტ ჰამრინი გახლდათ. „ფიორენტინას" თამაში ჰამრინზე იყო აგებული. მან კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი, 150 ბურთი გაიტანა. იმ სეზონშიც ყველაზე შედეგიანი იყო - ჩემპიონატში 14 გოლი შეაგდო, თასების თასზე კი 6 და პირველი გათამაშების საუკეთესო მეგოლეც გახდა.

„იისფრებს" კიდევ სამი გამორჩეული მოთამაშე ჰყავდათ - იტალიის ნაკრების მეკარე ენრიკო ალბერტოზი და მცველები, სერჯიო კასტელეტი და ვინჩენცო რობოტი. აი, ამ გუნდმა მოახერხა 1961 წელს ჯერ იტალიის, შემდეგ კი თასების თასის მოგება.

„ფიორენტინა"-„გლაზგო რეინჯერსის" ფინალური შეხვედრები მაისში დანიშნეს. სხვათა შორის, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა თასების თასზე ორი გადამწყვეტი მატჩი ჩატარდა.

პირველი თამაში გლაზგოს „აიბროქსის" მინდორზე გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, „გლაზგო რეინჯერსმა" თავიდანვე შეუტია და ასე გაგრძელდა მთელი მატჩის განმავლობაში, მაგრამ... იტალიელებს ორი მოხერხებული კონტრშეტევა გამოუვიდათ და ორივე ზუსტი დარტყმით დაასრულეს - ლუიჯი მილანის გოლებმა ადუღებული „აიბროქსი" დაადუმა.

საპასუხო შეხვედრაში „ფიორენტინამ" ფრთხილი ტაქტიკა აირჩია, თუმცა არც შეტევა დავიწყებია - ფლორენციელებმა რამდენიმე ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს. მატჩის დამთავრებამდე ოთხი წუთით ადრე ანგარიში საყაიმო გახლდათ. მერე ჰამრინის ჯერი დადგა და შვედმა ფლორენციელებს მეორედაც მოაგებინა - 2:1.

„ფიორენტინა" პირველი იტალიური გუნდი გახდა, რომელმაც ევროთასი მოიპოვა. იმავე წელს „რომამაც" მოიგო უეფას თასის წინამორბედი ბაზრობათა თასი, მაგრამ ეს „ფიორენტინას" ტრიუმფიდან ხუთი თვის შემდეგ მოხდა.

გაზეთი „სარბიელი" (13 მარტი, 1999 წელი)

თასების მფლობელთა თასი 1960-1961
საკვალიფიკაციო წრე
„გლაზგო რეინჯერსი" (გლაზგო, შოტლანდია) -
„ფერენცვაროში" (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 4:2, 1:2; „ფორვარტსი" (ბერლინი, გდრ) - „რუდა ჰვეზდა" (ბრნო, ჩეხოსლოვაკია) 2:1, 0:2
1/4-ფინალი
„ბორუსია" (მიონხენგლადბახი, გფრ) - „გლაზგო რეინჯერსი" 0:3, 0:8; „აუსტრია" (ვენა, ავსტრია) - „ვულვერჰემპტონ უონდერერსი" (ვულვერჰემპტონი, ინგლისი) 2:0, 0:5; „ლუცერნი" (შვეიცარია) - „ფიორენტინა" (ფლორენცია, იტალია) 0:3, 2:6; „რუდა ჰვეზდა" - „დინამო" (ზაგრები, იუგოსლავია) 0:0, 0:2
1/2-ფინალი
„გლაზგო რეინჯერსი"
- „ვულვერჰემპტონ უონდერერსი" 2:0, 1:1; „ფიორენტინა" - „დინამო" 3:0, 1:2

ფინალი
17 მაისი, 1961. შოტლანდია, გლაზგო, „აიბროქსი". 80000
გლაზგო რეინჯერსი 0:2 ფიორენტინა
გოლები:
0:1 ლუიჯი მილანი (12), 0:2 ლუიჯი მილანი (88)
გლაზგო რეინჯერსი: ბილი რიჩი, ბობი შირერი, ბილ პატერსონი, ჰაროლდ დევისი, ერიკ კელდოუ (კაპ), ჯიმ ბაქსტერი, დეივ უილსონი, იან მაკმილანი, ბობი ჰამი, რალფ ბრენდი, ალექს სკოტი
მწვრთნელი: სკოტ საიმონი
ფიორენტინა: ენრიკო ალბერტოზი, ვინჩენცო რობოტი, პიერო გონფიანტინი, ალბერტო ორსანი (კაპ), სერჯიო კასტელეტი, კლაუდიო რიმბალდო, კურტ ჰამრინი, დანტე მიჩელი, ჯანფრანკო პეტრისი, დინო და კოშტა, ლუიჯი მილანი
მწვრთნელი: ნანდორ ჰიდეგკუტი (უნგრეთი)
მსაჯი: კარლ ერიხ შტაინერი (ავსტრია)

ფინალი. საპასუხო შეხვედრა
27 მაისი, 1961. იტალია, ფლორენცია, „კომუნალე". 50000
ფიორენტინა 2:1 გლაზგო რეინჯერსი
გოლები:
1:0 ლუიჯი მილანი (13), 1:1 ალექს სკოტი (60), 2:1 კურტ ჰამრინი (86)
ფიორენტინა: ენრიკო ალბერტოზი, ვინჩენცო რობოტი, პიერო გონფიანტინი, ალბერტო ორსანი (კაპ), სერჯიო კასტელეტი, კლაუდიო რიმბალდო, კურტ ჰამრინი, დანტე მიჩელი, ჯანფრანკო პეტრისი, დინო და კოშტა, ლუიჯი მილანი
მწვრთნელი: ნანდორ ჰიდეგკუტი (უნგრეთი)
გლაზგო რეინჯერსი: ბილი რიჩი, ბობი შირერი, ბილ პატერსონი, ჰაროლდ დევისი, ერიკ კელდოუ (კაპ), ჯიმ ბაქსტერი, ალექს სკოტი, დეივ უილსონი, იან მაკმილანი, რალფ ბრენდი, ჯიმი მილარი
მწვრთნელი: სკოტ საიმონი
მსაჯი: ვილმოშ ერნადი (უნგრეთი)

საუკეთესო ბომბარდირი
კურტ ჰამრინი („ფიორენტინა", იტალია; შვედეთი) - 6 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.