სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

თასების მფლობელთა თასი 1962: „ატლეტიკო“ (ესპანეთი)

თარიღი: 2016 მარტი 22


1961-1962 წლების გათამაშების გამარჯვებული: ესპანეთის „ატლეტიკო“

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

ფინალი, რომელიც ოთხ თვეს გაგრძელდა
1961-1962 წლებიდან თასების თასის გათამაშებას უკვე უეფა მართავდა და შეჯიბრსაც ოფიციალური სტატუსი მიენიჭა.

მეორე გათამაშების წინ უეფამ შემდეგი წესები შემოიღო:
1) გამარჯვებულ გუნდს გარდამავალ თასთან ერთად ოქროს მედლებს გადასცემდნენ. ფინალში დამარცხებულის ხვედრი ვერცხლის მედლები იყო. 2) მოგებულს სამუდამოდ გადაეცემოდა თასის ასლი, ხოლო ორიგინალი წლის განმავლობაში უნდა დაბრუნებოდა უეფას.
3) თუ თექვსმეტზე მეტი მონაწილე მოგროვდებოდა, მაშინ საკვალიფიკაციო ეტაპი ინიშნებოდა. თასის მფლობელი მომდევნო გათამაშებაში ავტომატურად მონაწილეობდა და წინასწარი წრისგან თავისუფალი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპი 15 აგვისტოსა და 15 ოქტომბერს შორის იმართებოდა, 1/8-ფინალი - 16 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე, 1/4-ფინალი 16 დეკემბრიდან 20 მარტამდე, ნახევარფინალი - 21 მარტიდან 6 მაისამდე, ფინალი კი მაისში ან ივნისში.

ამ თარიღების ხსენება იმისთვის დაგვჭირდა, რომ ნათლად გამოჩენილიყო მაშინდელი და დღევანდელი ევროპის საფეხბურთო ცხოვრების სხვაობა. რაკი ვადები მკაცრად არ იყო განსაზღვრული, ზოგჯერ უცნაურობებიც ხდებოდა. ასე მაგალითად, 1962-ში ფინალური მატჩი ფრედ დამთავრდა. გადათამაშება კი, არც მეტი, არც ნაკლები, ოთხი თვის შემდეგ მოხერხდა - თამაში 5 სექტემბერს გაიმართა! იმავე დღეს ჩატარდა მომდევნო ტურნირის საკვალიფიკაიო ეტაპის ოთხი შეხვედრა, აქედან ორის შედეგი ფინალის დაწყებამდე იყო ცნობილი!

სხვა საკითხია კონკრეტული ქვეყნებისთვის პრიორიტეტების მინიჭების სისტემა. მაშინ არ არსებობდა უეფას ოფიციალური კოეფიციენტთა ცხრილი თუ რეიტინგი. ამიტომ, განაწილებაც თავისებური იყო. მაგალითად, საინტერესოა, რატომ იწყებდნენ პირველივე წრეში თამაშს, ვთქვათ, ინგლისის, ესპანეთისა და პორტუგალიის წარმომადგენლები და რატომ ტოვებდნენ ამ რაუნდს იმავე დანიის, საბერძნეთისა თუ ლუქსემბურგის გუნდები. ლოგიკა ძნელი საპოვნია, მაგრამ ასე იყო.

მეორე გათამაშებიდან „საფუძველი ჩაეყარა" თასთა თასის დაუწერელ კანონს, რომლის მიხედვით, ზედიზედ ორჯერ ეს პრიზი არავის მოუგია (მაშინ, როცა ჩემპიონთა და უეფას თასებზე მსგავსი რამ არაერთხელ მომხდარა).

პირველი გამარჯვებული „ფიორენტინა" კვლავ ფინალში გავიდა, მაგრამ ესპანურ „ატლეტიკოსთან" დამარცხდა. ასეთი შემთხვევა თასის ისტორიაში კიდევ რვაჯერ მოხდა.

1961-1962 წლების გათამაშების განხილვისას მიმომხილველები ხშირად ახსენებენ საკვალიფიკაციო წრის შეხვედრებს შვეიცარიის „შო დე ფონსა" და პორტუგალიის „ლეიშოეშს" შორის. ასეთი კონტრასტული ორმატჩიანი რაუნდი ევროთასების ისტორიაში იშვიათად ყოფილა: შვეიცარიელებმა შინ ყველაფერში აჯობეს მოწინააღმდეგეს და 6:2 მოიგეს, მაგრამ საპასუხო მატჩში ოსვალდო სილვას (2), მანუელ ოლივეირასა (2) და მარიო ვენტურას გოლებით „ლეიშოეშმა" 5:0 გაიმარჯვა და მერვედფინალში გავიდა.

ყველაზე დაძაბული „ფიორენტინას" და უნგრეთის „უიპეშტ დოჟას" ნახევარფინალი გამოდგა. იტალიელებმა წინა გათამაშების საუკეთესო ბომბარდირის, შვედი კურტ ჰამრინის შესანიშნავი თამაშის წყალობით მოიგეს. არადა, უნგრელებს ჩინებული გუნდი ჰყავდათ: იანოშ დიორიოში, კალმან შოვარი, ერნე შოიმიში და 18 წლის ნიჭიერი შემტევი ფერენც ბენე - ეს ფეხბურთელები საუკეთესონი იყვნენ. ამ გათამაშებაში მათ ყველაზე მეტი - 24 ბურთი გაიტანეს, ხოლო დიორიოჩი შვიდი გოლით ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა.

ორივე ფინალისტი გადამწყვეტ შეხვედრამდე ისე მივიდა, გადათამაშება არ დასჭირვებია. აი, ფინალი კი დამღლელი და... ოთხთვიანი გამოდგა!

1962 წლის 10 მაისს გლაზგოს „ჰემპდენ პარკი" სანახევროდ ცარიელი იყო, თამაში - დუნე და უინტერესო. პირველ ნახევარში მოწინააღმდეგეებმა თითო გოლი გაცვალეს და სეირიც ამით დამთავრდა.

20 დღეში ჩილეში მსოფლიო ჩემპიონატი იწყებოდა და ამბობენ, იტალიის და ესპანეთის ნაკრების მწვრთნელებმა ფეხბურთელები გააფრთხილეს, მალე საჩემპიონატო შეკრებებს ვიწყებთ და ფეხებს გაუფრთხილდითო. რამდენად მართალია ეს ამბავი, ძნელი სათქმელია, ის კი ფაქტია, რომ ჩილეში ორივე ნაკრები ჩაფლავდა.

ესპანელთა თავკაცმა ელენიო ერერამ თავისი ნაკრები „რეალისა" და „ბარსელონას" ბაზაზე ააწყო, „ატლეტიკოდან" კი სამნი - ენრიკე კოლარი, ხოაკინ პეირო და ფელისიანო რივილია მიიწვია. ერერას დაცვითმა ვარიანტმა არ გაამართლა - ესპანელებმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს და ნაადრევად დაბრუნდნენ სამშობლოში.

ენრიკო ალბერტოზი, სერჯიო კასტელეტი და ენცო რობოტი - იტალიელებმა „ფიორენტინას" ეს სამი მოთამაშე იახლეს ჩილეში და... ისინიც ჯგუფში ჩარჩნენ, ქომაგებს კი მასპინძლებთან სკანდალური მატჩის მეტი მოსაგონარი არაფერი დაუტოვეს.

მსოფლიო ჩემპიონატის ბრალი იყო თუ არა, ფაქტია, რომ გაზაფხულზე დასამთავრებელი თასთა თასის ტურნირი შემოდგომაზე ჩამთავრდა. მომქანცველი ზაფხულის შემდეგ, გუნდებმა უეფას მოთხოვნით, როგორც იქნა, მოილაპარაკეს და ფინალის გადათამაშება 5 სექტემბერს დაინიშნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ შტუტგარტში.

გადათამაშებას ესპანელები უკეთეს მდგომარეობაში შეხვდნენ. „ატლეტიკოს" მწვრთნელი ხოსე ვილიალონგა (მეტსახელად პეპე) არ მალავდა, რომ თავისი გუნდის სათამაშო ფორმით კმაყოფილი იყო. ფლორენციელებს ჰამრინისა და იტალიის იმწლევანდელი ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლის აურელიო მილანის იმედი ჰქონდათ.

შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა: „ატლეტიკომ" მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვა. მადრიდელებმა მეტოქეს სისწრაფეშიც აჯობეს, ტექნიკაშიც და გუნდურ თამაშშიც. იტალიელები იძულებულნი იყვნენ მხოლოდ დაცვაზე ეფიქრათ, ჰამრინამდე და მილანამდე ბურთი ვერ აღწევდა. ფლორენციელებს განსაკუთრებით გაუჭირდათ „ატლეტიკოს" ფლანგური იერიშების შეჩერება. უკვე მე-8 წუთზე დაუდეგარმა მე-7 ნომერმა მიგელ ხონესმა გახსნა ანგარიში. 19 წუთში ხორხე მენდოსას ლამაზი თავური მეკარე ალბერტოზიმ ვერ დაიჭირა - 2:0.

მეორე ნახევარში „ფიორენტინა" გამოცოცხლდა და დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში მადრიდელების საჯარიმოს არ მოსცილებია. მაგრამ ამის იქით საქმე აღარ წასულა - 59-ე წუთზე ხოაკინ პეირომ მესამეც შეგადო და ბოლო ნახევარი საათი ფორმალობად აქცია.

მიმომხილველები განსაკუთრებით „ატლეტიკოს" წინა ხაზის სიძლიერეს აღნიშნავდნენ: ხოაკიმ პეირომ და ხორხე მენდოსამ საერთო ჯამში 6-6 ბურთი გაიტანეს და გათამაშების საუკეთესო შემტევს იანოშ დიორიოშს მხოლოდ თითო გოლით ჩამორჩნენ.

ხორხე მენდოსამ შემდეგ კიდევ ორჯერ ითამაშა თასთა თასის ფინალში, მაგრამ ორჯერვე დამარცხდა - 1963 წელს „ტოტენჰემ ჰოთსფურზთან", 1969-ში უკვე „ბარელონას" შემადგენლობაში ბრატისლავის „სლოვანთან". თასების თასის გათამაშებაში ხორხე მენდოსამ 16 ბურთი გაიტანა, რაც ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

1962 წლის შემოდგომაზე კი „ატლეტიკოს" ქომაგები იმითაც კმაყოფილნი იყვნენ, რომ მათმა გუნდმა, ბოლოს და ბოლოს, ევროთასი მოიგო და ცოტათი მაინც გაანათა ის ჩრდილი, რომელშიც გუნდი მეზობელმა და დაუძინებელმა მტერმა მადრიდის „რეალმა" მოაქცია.

საერთოდ, იმ პერიოდისთვის ესპანური საკლუბო ფეხბურთი აშკარად ევროლიდერი გახლდათ. თავად განსაჯეთ: 1962 წლისთვის, როცა კონტინენტური საკლუბო გათამაშებების ისტორია მხოლოდ შვიდ წელიწადს ითვლიდა, ესპანელებს 9 თასი ჰქონდათ მოგებული! არადა, იტალიელებსა და პორტუგალიელებს ორ-ორი, ინგლისელებს, ფრანგებსა და გერმანელებს კი არცერთი.

გაზეთი „სარბიელი" (17 მარტი, 1999 წელი)

თასების მფლობელთა თასი 1961-1962
პირველი წრე
„სუონსი თაუნი" (სუონსი, უელსი) - „მოტორი" (იენა, გდრ) 2:2, 1:5; „შო დე ფონი" (შვეიცარია) - „ლეიშოეში" (მატოსინიოსი, პორტუგალია) 6:2, 0:5; „გლენავონი" (ლურგენი, ჩრდილოეთ ირლანდია) - „ლესტერ სიტი" (ლესტერი, ინგლისი) 1:4, 1:3; „სედანი" (საფრანგეთი) - „ატლეტიკო" (მადრიდი, ესპანეთი) 2:3, 1:4; „რაპიდი" (ვენა, ავსტრია) - „სპარტაკი" (ვარნა, ბულგარეთი) 0:0, 5:2; „ფლორიანა" (მალტა) - „უიპეშტ დოჟა" (უიპეშტი, უნგრეთი) 2:5, 2:10; „დანფერმლაინ ატლეტიკი" (დანფერმლაინი, შოტლანდია) - „სენტ პატრიკს ატლეტიკი" (დუბლინი, ირლანდია) 4:1, 4:0
1/8-ფინალი
„მოტორი"
- „ალიანსი" (დუდელანჟი, ლუქსემბურგი) 7:0, 2:2; „ლეიშოეში" - „პროგრესული" (ბუქარესტი, რუმინეთი) 1:1, 1:0; „ვერდერი" (ბრემენი, გფრ) - აგფ (ორჰუსი, დანია) 2:0, 3:2; „ლესტერ სიტი" - „ატლეტიკო" 1:1, 0:2; „ოლიმპიაკოსი" (პირეოსი, საბერძნეთი) - „დინამო" (ჟილინა, ჩეხოსლოვაკია) 2:3, 0:1; „ფიორენტინა" (ფლორენცია, იტალია) - „რაპიდი" 3:1, 6:2; „აიაქსი" (ამსტერდამი, ჰოლანდია) - „უიპეშტ დოჟა" 2:1, 1:3; „დანფერმლაინ ატლეტიკი" - „ვარდარი" (სკოპიე, იუგოსლავია) 5:0, 0:2
1/4-ფინალი
„მოტორი"
- „ლეიშოეში" 1:1, 3:1; „ვერდერი" - „ატლეტიკო" 1:1, 1:3; „დინამო" - „ფიორენტინა" 3:2, 0:2; „უიპეშტ დოჟა" - „დანფერმლაინ ატლეტიკი" 4:3, 1:0
1/2-ფინალი
„მოტორი" - „ატლეტიკო" 0:1, 0:4; „ფიორენტინა" - „უიპეშტ დოჟა" 2:0, 1:0

ფინალი
10 მაისი, 1962. შოტლანდია, გლაზგო, „ჰემპდენ პარკი". 27000
ატლეტიკო 1:1 ფიორენტინა
გოლები:
1:0 ხოაკინ პეირო (11), 1:1 კურტ ჰამრინი (27)
ატლეტიკო: ედგარდო მადინაბეიტია, ფელისიანო რივილია, ისაკიო კალიეხა, რამირო, ჩუზო, ხესუს გლარია, მიგელ ხონესი, ადელარდო როდრიგესი, ხორხე მენდოსა, ხოაკინ პეირო, ენრიკე კოლარი (კაპ)
მწვრთნელი: ხოსე ვილიალონგა
ფიორენტინა: ჯულიანო სარტი, ალბერტო ორსანი (კაპ), სერჯიო კასტელეტი, ამილკარე ფერეტი, პიერო ჯონფიანტინი, კლაუდიო რიმბალდო, კურტ ჰამრინი, ჩან ბართუ, აურელიო მილანი, ლუსიო დელ ანჯელო, ჯანფრანკო პეტრისი
მწვრთნელი: ფერუჩიო ვალკარეჯი
მსაჯი: ტომ უორტონი (შოტლანდია)

ფინალი. გადათამაშება
5 სექტემბერი, 1962. გფრ, შტუტგარტი, „ნეკარშტადიონი". 38000
ატლეტიკო 3:0 ფიორენტინა
გოლები:
1:0 მიგელ ხონესი (8), 2:0 ხორხე მენდოსა (27), 3:0 ხოაკინ პეირო (59)
ატლეტიკო: ედგარდო მადინაბეიტია, ფელისიანო რივილია, ისაკიო კალიეხა, რამირო, ჩუზო, ხორხე გრიფა, ხესუს გლარია, მიგელ ხონესი, ადელარდო როდრიგესი, ხორხე მენდოსა, ხოაკინ პეირო, ენრიკე კოლარი (კაპ)
მწვრთნელი: ხოსე ვილიალონგა
ფიორენტინა: ენრიკო ალბერტოზი, ვინჩენცო რობოტი, სერჯიო კასტელეტი, სოლ მალატრაზი, ალბერტო ორსანი (კაპ), რინო მარკეზი, კურტ ჰამრინი, ამილკარე ფერეტი, აურელიო მილანი, ლუსიო დელ ანჯელო, ჯანფრანკო პეტრისი
მწვრთნელი: ფერუჩიო ვალკარეჯი
მსაჯი: კურტ ტშენშერი (გფრ)

საუკეთესო ბომბარდირი
იანოშ დიორიოში („უიპეშტ დოჟა", უნგრეთი; უნგრეთი) - 8 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.