სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

თასების მფლობელთა თასი 1963: „ტოტენჰემ ჰოთსფური“ (ინგლისი)

თარიღი: 2016 მარტი 23


1962-1963 წლების გათამაშების გამარჯვებული: ინგლისის „ტოტენჰემ ჰოთსფური“

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

სფურზი მწყობრად მიდის წინ!
Glory! Glory! Hallelujah!
დიდება! დიდება! ალილუია!
Glory! Glory! Hallelujah!
დიდება! დიდება! ალილუია!
And the Spurs go marching on!
სფურზი მწყობრად მიდის წინ!

1963 წლის 15 მაისის საღამოს „ტოტენჰემ ჰოთსფურის" ძველი სიმღერის ეს სიტყვები ჯერ როტერდამის სტადიონზე, შემდეგ კი ქალაქის ქუჩებში გაისმოდა.

„სფურზის" (კლუბის მეტსახელია და ქართულად „დეზებს" ნიშნავს) ფანები უსაზღვროდ ბედნიერნი იყვნენ - მათმა ფავორიტმა ბიჭებმა ფინალში ჩინებული საფეხბურთო სპექტაკლი აჩუქეს მაყურებელს, 5:1 გაანადგურეს წინა გათამაშების გამარჯვებული მადრიდის „ატლეტიკო" და ინგლისური კლუბებიდან პირველებმა მოიპოვეს ევროთასი.

...პირველი მსოფლიო ომის გასრულებიდან სამი თვის შემდეგ იორკშირში დაბადებულმა ბილ ნიკოლსონმა 60-იანი წლების დასაწყისში ლონდონში უძლეველი გუნდი შექმნა. მისი მთავარმწვრთნელობით „სფურზმა" 1961-ში ინგლისის ჩემპიონობაც მოიპოვა და თასიც. XX საუკუნის ინგლისურ ფეხბურთში ეს პირველი დუბლი იყო - იმ გუნდს დღესაც დიდი მოწიწებით იხსენებენ. მომდევნო წელს „ტოტენჰემმა" კვლავ მოიგო ქვეყნის თასი, მერე კი თასების თასიც დაურთო.

იმდროინდელ გუნდში რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი თამაშობდა. შესანიშნავ ფორმაში იყო შემტევი ჯიმი გრივსი. მან იმ სეზონში ინგლისის ჩემპიონატში ყველაზე მეტი - 37 გოლი გაიტანა (ეს მაჩვენებელი დღესაც კლუბის რეკორდად რჩება), თასების თასზე კი 6 ბურთი მიითვალა და ბულგარელ გეორგი ასპარუხოვთან ერთად ტურნირის საუკეთესო მეგოლეც გახდა. გრივსს „სფურზის" კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის - კარიერის განმავლობაში 220 გოლი! ამდენი „ტოტენჰემის" მოთამაშეებიდან არავის გაუტანია. 1966 წელს ჯიმი გრივსმა უმაღლესი ტიტული მოიგო - ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!

მეორე გამორჩეული ფიგურა მარჯვენა ნახევარცმველი, ჩრდილოირლანდიელი დენი ბლენჩფლაუერი გახლდათ. „ტოტენჰემისა" და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების კაპიტანი 1954 წელს გადაიყვანეს „ასტონ ვილადან" და იმ დროისთვის სოლიდური თანხა - 30 ათასი ფუნტი გადაიხადეს. „სფურზის" ხერხემალმა როტერდამული ტრიუმფიდან ექვს თვეში მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო და კარიერაც დაასრულა. მერე ჟურნალისტად მუშაობდა, 1993 წლის 9 დეკემბერს კი 67 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა. როგორც ინგლისელი მიმომხილველები წერენ, თასების თასის მომგები გუნდიდან ბლენჩფლაუერმა პირველმა დაასრულა კარიერაც და სიცოცხლეც...

ტურნირის პირველი და უძნელესი გამოცდა „ტოტენჰემ ჰოთსფურმა" მერვედფინალში „ჩააბარა", როცა ძლიერი „გლაზგო რეინჯერსი" დაამარცხა. პირველ მატჩში ლონდონელებმა რეინჯერებს ხუთი ბურთი გაუტანეს ორის წინააღმდეგ: ჯერ უაიტმა, გრივსმა, ალენმა და ნორმანმა გამოიჩინეს თავი, მერე ამას გლაზგოელი შირერის ავტოგოლიც მოჰყვა. სქოთების, ბრენდისა და მილერის გოლებს ბევრი აღარაფერი შეუცვლია. განმეორებითი თამაში უფრო დაძაბული გამოდგა: სმიტის ორ ბურთს ერთი გრივსმაც მიაყოლა და „სფურზმა" 3:2 იმარჯვა. შოტლანდიელებთან მატჩებში „ტოტენჰემ ჰოთსფურმა" ყველას დაანახა, რომ სერიოზული მიზნებისთვის საბრძოლველად იყო განწყობილი.

ფინალამდე მისი მეტოქე მადრიდის „ატლეტიკოც" ღირსეულად მივიდა: მეოთხედფინალში ესპანელებმა ბულგარეთის თასის მფლობელი პლოვდივის „ბოტევი" გაანადგურეს. „ბოტევი" კარგი გუნდი იყო: წინა ხაზის ლიდერმა გეორგი ასპარუხოვმა პირველ ორ რაუნდში ექვსი ბურთი გაიტანა და გრივსთან ერთად ტურნირში ყველაზე მეტი გოლი დაუგროვდა. „ბოტევში" თამაშობდა ბულგარული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი დინკო დერმენჯიევიც.

ბულგარელთა შეკრულ გუნდს ესპანელებმა შავი დღე აყარეს, ნახევარფინალში კი პირენელებმა მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონის, მაქს მორლოკისა და კომპანიის სოლიდური „ნიურნბერგი" იმსხვერპლეს.

ფინალური მატჩის წინ ევროპულ პრესაში პოლემიკა გაიმართა: ისევ სამხრეთელები იმარჯვებდნენ (წინა ტურნირები იტალიელებმა და ესპანელებმა მოიგეს) თუ, ბოლოს და ბოლოს, ბრიტანელებს გაუღიმებდათ ბედი? სპეციალისტთა უმეტესობის სიმპათიები მაინც ინგლისელებისკენ იხრებოდა და აი, რატომ: 1963 წლისთვის ინგლისელებს არც ერთი ევროთასი არ ჰქონდათ მოპოვებული, ფეხბურთის სამშობლოსთვის კი ეს კატასტროფის ტოლფასი გახლდათ. მეორეც: იმ პერიოდში იტალიურ და ესპანურ კლუბებში არაერთი უცხოელი მოთამაშე გამოჩნდა, ბრიტანელები და გერმანელები კი ისევ საკუთარი ფეხბურთელებით ცდილობდნენ ფონს გასვლას. მაშინდელ ევროპაში ეს დიდად ფასობდა და „ტოტენჰემისადმი" სიმპათიაც გასაკვირი აღარ იყო.

ინგლისელებმა ფინალში ყველაფერში დაჯაბნეს მოწინააღმდეგე - გრივსისა და ჯონ უაიტის სისწრაფეს ესპანელები ვერაფერს უხერხებდნენ. მხოლოდ ერთხელ, მეორე ტაიმის დასაწყისში გაუღვივდათ მადრიდელებს იმედი, როცა გუნდის კაპიტანმა ენრიკე კოლარმა შეაგდო და ანგარიში 1:2 გახადა, მაგრამ ამან დიდხანს არ გასტანა. ტერი დაისონმა (ორჯერ) და გრივსმა 85-ე წუთისთვის ყოველგვარი ეჭვი გაფანტეს და „ატლეტიკო" შინ შერცხვენილი გაუშვეს - 1:5. თასთა თასის ფინალში ხუთი ბურთი არც მანამდე და არც შემდეგ აღარავის გაუტანია.

იმ წელს ტოტენჰემელთა შედეგიანობა მართლაც გასაკვირი იყო: ევროტურნირში მათ 24 ბურთი გაიტანეს (პროცენტულად, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თასების თასის ისტორიაში), ხოლო ინგლისის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავეს და ყველაზე მეტი - 110 გოლი შეაგდეს! ეს მაშინ, როცა ჩემპიონ „ევერტონს" 84 გოლი ჰქონდა გატანილი, მესამეადგილოსან „ლესტერ სიტის" კი მხოლოდ 76.

გაზეთი „სარბიელი" (18 მარტი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1962-1963
პირველი წრე
ოფკ (ბელგრადი, იუგოსლავია) -
„ხემიე" (ჰალე, გდრ) 2:0, 3:3; „ბანგორ სიტი" (ბანგორი, უელსი) - „ნაპოლი" (ნეაპოლი, იტალია) 2:0, 1:3, 1:2; „ლოზანა" (შვეიცარია) - „სპარტა" (როტერდამი, ჰოლანდია) 3:0, 2:4; „გლაზგო რეინჯერსი" (გლაზგო, შოტლანდია) - „სევილია" (ესპანეთი) 4:0, 0:2; „სენტ-ეტიენი" (საფრანგეთი) - „ვიტორია" (სეტუბალი, პორტუგალია) 1:1, 3:0; „ალიანსი" (დუდელანჟი, ლუქსემბურგი) - ბ1909 (ოდენსე, დანია) 1:1, 1:8; „სტიაუა" (ბუქარესტი, რუმინეთი) - „ბოტევი" (პლოვდივი, ბულგარეთი) 3:2, 1:5; „უიპეშტ დოჟა" (ბუდაპეშტი, უნგრეთი) - „ზაგლებიე" (სოსნოვიეცი, პოლონეთი) 5:0, 0:0; „ჰიბერნიანსი" (პაოლა, მალტა) - „ოლიმპიაკოსი" (პირეოსი, საბერძნეთი) - „ოლიმპიაკოსის" უარი
1/8-ფინალი
ოფკ
- „პორტდაუნი" (ჩრდილოეთ ირლანდია) 5:1, 2:3; „უიპეშტ დოჟა" - „ნაპოლი" 1:1, 1:1, 1:3; „ლოზანა" (შვეიცარია) - „სლოვანი" (ბრატისლავა, ჩეხოსლოვაკია) 1:1, 0:1; „ტოტენჰემ ჰოთსფური" (ლონდონი, ინგლისი) - „გლაზგო რეინჯერსი" 5:2, 3:2; „სენტ-ეტიენი" - „ნიურნბერგი" (გფრ) 0:0, 0:3; „გრაცი" (ავსტრია) - ბ1909 1:1, 3:5; „შემროკ როვერსი" (დუბლინი, ირლანდია) - „ბოტევი" 0:4, 0:1; „ატლეტიკო" (მადრიდი, ესპანეთი) - „ჰიბერნიანსი" 4:1, 1:0
1/4-ფინალი
ოფკ
- „ნაპოლი" 2:0, 1:3, 3:1; „სლოვანი" - „ტოტენჰემ ჰოთსფური" 2:0, 0:6; ბ1909 - „ნიურნბერგი" 0:1, 0:6; „ბოტევი" - „ატლეტიკო" 1:1, 0:4
1/2-ფინალი
ოფკ - „ტოტენჰემ ჰოთსფური" 1:2, 1:3; „ნიურნბერგი" - „ატლეტიკო" 2:1, 0:2

ფინალი

15 მაისი, 1963. ჰოლანდია, როტერდამი, „ფეიენოორდი". 49000
ტოტენჰემ ჰოთსფური 5:1 ატლეტიკო
გოლები:
1:0 ჯიმი გრივსი (16), 2:0 ჯონ უაიტი (35), 2:1 ენრიკე კოლარი (47, პენ), 3:1 ტერი დაისონი (67), 4:1 ჯიმი გრივსი (80), 5:1 ტერი დაისონი (85)
ტოტენჰემ ჰოთსფური: ბილ ბრაუნი, პეტერ ბეიკერი, მორის ნორმანი, რონ ჰენრი, დენი ბლენჩფლაუერი (კაპ), ტონი მარჩი, კლიფ ჯონსი, ჯონ უაიტი, ბობი სმიტი, ჯიმი გრივსი, ტერი დაისონი
მწვრთნელი: ბილ ნიკოლსონი
ატლეტიკო: ედგარდო მადინაბეიტია, ფელისიანო რივილია, ხორხე გრიფა, ხოსე ანტონიო როდრიგეს ლოპესი, რამირო, ხესუს გლარია, მიგელ ხონესი, ადელარდო როდრიგესი, ჩუზო, ხორხე მენდოსა, ენრიკე კოლარი (კაპ)
მწვრთნელი: საბინო ბარინახა
მსაჯი: ანდრიეს ვან ლეუვენი (ჰოლანდია)

საუკეთესო ბომბარდირები
ჯიმი გრივსი („ტოტენჰემ ჰოთსფური", ინგლისი; ინგლისი) და გეორგი ასპარუხოვი („ბოტევი", ბულგარეთი; ბულგარეთი) - 8 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.