სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

თასების მფლობელთა თასი 1964: „სპორტინგი“ (პორტუგალია)

თარიღი: 2016 მარტი 24


1963-1964 წლების გათამაშების გამარჯვებული: პორტუგალიის „სპორტინგი“

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

უცნობთა ჭიდილი

თასის მფლობელი ბილ ნიკოლსონის „ტოტენჰემ ჰოთსფური" ტურნირში დიდი დანაკლისით ჩაება. გუნდს აღარ ჰყავდა „ხერხემალი" დენი ბლენჩფლაუერი. დიდმა ჩრდილოირლანდიელმა შემოდგომაზე მძიმე ტრავმა მიიღო და თამაშს თავი დაანება.

რაკი პრიზის მესაკუთრე იყო, ლონდონურმა კლუბმა პირველ წრეში დაისვენა, მერვედფინალში კი „თანამემამულეს", მეტ ბასბის „მკვდრეთით აღმდგარ" „მანჩესტერ იუნაიტედს" შეხვდა.

...1958 წლის 6 თებერვალს „იუნაიტედმა" ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალური მატჩი ითამაშა იუგოსლავიის „ცრვენა ზვეზდასთან" და ბელგრადიდან შინ ბრუნდებოდა. გზად თვითმფრინავმა სახელწოდებით „ელიზაბეტი" მიუნხენის აეროპორტში „შეისვენა", საწვავი შეივსო და მოყინული ბილიკიდან აფრენა სცადა. ორჯერ არაფერი გამოუვიდა, მესამე ცდაზე რამდენიმე წამით ცაში აიჭრა და... მიწაზე დაენარცხა.

28 დაღუპულიდან რვა „მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი იყო. იმ გუნდის შემქმნელი, მენეჯერი მეტ ბასბი სასწაულად გადარჩა.

„ტოტენჰემ ჰოთსფურთან" თამაშები, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებს, ავიაკატასტროფიდან ხუთი წლის შემდეგ გაიმართა. იმ დროს „მანჩესტერ იუნაიტედი" ისევ გაძლიერდა - საფუძველი ეყრებოდა გუნდს, რომელიც მერე საუკეთესო გახდა ევროპაში და 1968 წელს ჩემპიონთა თასიც მოიგო. მიუნხენის ავიაკატასტროფას გადარჩენილი კიდევ ერთი მანჩესტერელი ბობი ჩარლტონი იმ დროისთვის „ალისფერების ეშმაკუნების" გამოკვეთილი ლიდერი იყო. მის გარდა ოლდტრაფორდელებმა 1962-ის ივნისში იტალიის „ტორინოდან" შოტლანდიელი დენის ლოუ გადაიყვანეს - მასში ასი ათასი ფუნტი გადაიხადეს! მაშინ ეს ფანტასტიკურ თანხად ითვლებოდა.

1963-1964 წლების სეზონი დენის ლოუსთვის საუკეთესო გამოდგა. ყოველ შემთხვევაში, აღიარების მხრივ ასე იყო - მას ევროპის უპირველესი მოთამაშის ტიტული და „ოქროს ბურთი" მიაკუთვნეს. ამ „ოქროს ბურთში" თავისი წვლილი თასების თასსაც ედო...

„ტოტენჰემმა" შინ კარგად ითამაშა - მაკაისა და დაისონის გოლებით 2:0 მოუგო „ალისფერებს". მენეჯერი ნიკოლსონი კმაყოფილი დარჩა თავისი ბიჭებით. მედია „სფურზის" საერთო გამარჯვებას გადაწყვეტილ საქმედ მიიჩნევდა. რატომ? ორბურთიანი უპირატესობის გარდა მეორე არგუმენტიც არსებობდა: „ტოტენჰემი" ინგლისის ჩემპიონატს ლიდერობდა და სტაბილურ თამაშს აჩვენებდა, „იუნაიტედი" კი მეშვიდე საფეხურზე გაჩერებულიყო. ამას გარდა, ჩინებულად ასპარეზობდა ლონდონელთა შემტევი ჯიმი გრივსი - იშვიათი იყო მატჩი, თავდამსხმელს ბურთი რომ არ გაეტანა. მან „ოლდ ტრაფორდზეც" შეუგდო „ალისფერებს", მაგრამ მის გოლს აღარაფერი შეუცვლია - სეტერსმა, ჰერდმა, და ორჯერ ბობი ჩარლტონმა „სფურზს" ოთხი შეუგდეს - 4:1 და თასის მფლობელი ტურნირს გამოეთიშა. ცხადია, ამ გამარჯვებისთანავე „მანჩესტერ იუნაიტედი" გათამაშების ფავორიტად დაასახელეს.

ფავორიტობა ფავორიტობად, მაგრამ მომდევნო ეტაპზევე დიდი მოულოდნელობა მოხდა: მეოთხედფინალში „იუნაიტედს" ლისაბონის „სპორტინგთან" უნდა გაერკვია ურთიერთობა, გუნდთან, რომელიც არც ევროპაში იყო გამორჩეული და პორტუგალიაშიც თანაქალაქელი „ბენფიკას" ჩრდილში მოქცეულიყო.

„ბენფიკამ" 1961 და 1962 წლებში ზედიზედ ოჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი, 1963-ში კი ფინალში დამარცხდა ნერეო როკოს „მილანთან". „ბენფიკას" ჰყავდა აგუაში, ეუსებიო, კოლუნა და სიმოეში. „სპორტინგს"? „სპორტინგს" არ ჰყავდა ეუსებიო, მაგრამ იქ ოსვალდო სილვა, მასკარენიაში და მეკარე კარვალიუ თამაშობდნენ. ამ უკანასკნელმა თასთა თასზე ორი თერთმეტმეტრიანიც შეაგდო!

„იუნაიტედთან" შეხვედრამდე მიმომხილველები არც იმას აქცევდნენ დიდ ყურადღებას, „სპორტინგმა" მანამდე ნიქოზიის „აპოელი" რომ გაანადგურა (არც მანამდე და არც შედეგ, თასების თასის ისტორიაში ერთ გუნდს ერთ მატჩში მეორესთვის 16 ბურთი არ გაუტანია). კვიპროსის სუსტი გუნდის დამარცხება რა დიდი ვაჟკაცობააო, ამბობდნენ, მაგრამ არც მთლად ასე ყოფილა საქმე.

პირველ, მანჩესტერულ მეოთხედფინალში ფავორიტმა გაცემული ავანსი გაამართლა - 4:1 დაამარცხა „სპორტინგი". მატჩის გმირი დენის ლოუ გახდა: მან ჯერ ეფექტური დარტყმით გახსნა ანგარიში, შემდეგ ორი პენალტიც გამოიყენა. ამის მერე ბობი ჩარლტონმა და ოსვალდო სილვამ თითო გოლიც გაცვალეს.

თითქოს „მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე ნახევარფინალში იყო, მაგრამ ლისაბონში დაუჯერებელი რამ მოხდა - სპორტინგელებმა ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს ბრიტანელებს! სამჯერ ოსვალდო სილვამ, მეკარე კარვალიუმ პენალტით და მორაეშმა ბასბის ბიჭები შინ შერცხვენილები გაუშვეს - 5:0!

ინგლისური პრესის აზრით, „ალისფერი ეშმაკუნები" ზედმეტმა თავდაჯერებამ იმსხვერპლა. „მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ თავთან წააგო - ასეთი იყო ბრიტანული მედიის „განაჩენი".

„მანჩესტერ იუნაიტედს" ზუსტად 27 წელიწადი დასჭირდა თასების მფლობელთა თასის მოსაპოვებლად: 1991-ში ინგლისელების ევროსარბიელზე დაბრუნება „ალისფერებმა" გამარჯვებით აღნიშნეს...

„სპორტინგის" რეიტინგი გათამაშებას შემორჩენილ დანარჩენ გუნდებთან შედარებით წარმოუდგენლად გაიზარდა. ინგლისელების მძლეველ პორტუგალიელებს თასის მოპოვების უპირველეს კანდიდატად ასახელებდნენ. საბოლოოდ ასეც მოხდა, მაგრამ ტრიუმფამდე „სპორტინგს" თურმე კიდევ 480 წუთი უნდა ებრძოლა.

ნახევარფინალში პირენელთა მეტოქე საფრანგეთის „ლიონი" გახლდათ. წინა წრეში „ლიონმა" ზეელერისა და კომპანიის ძლიერი „ჰამბურგი" დაამარცხა. მათ რიგებში თამაშობდა ჩინებული მეგოლე ნესტორ კომბენი, რომელსაც პორტუგალიელებთან შეხვედრამდე უკვე მოესწრო ცხრა ბურთის გატანა. ამდენივე გოლი იყო სპორტინგელი მასკარენიაშის ანგარიშზე. ორმა რაუნდმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა - 0:0 და 1:1. გადათამაშება 6 მაისს დაინიშნა მადრიდში.

სანამ გადამწყვეტი ნახევარფინალი გაიმართებოდა, „ლიონს"  ერთი საინტერესო ისტორია გადახდა: თამაშამდე ორი დღით ადრე კლუბს საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრა უწევდა „ბორდოსთან". ლიონელები ფრანგული ლიგის მოწინავეებშიც იდგნენ, ამიტომ თამაშს მათთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ლიონელებმა ბორდოელებს სთხოვეს, ერთმანეთს მოგვიანებით გავეჯიბროთო. მეტოქე გაჯიუტდა და პასუხად უარი გაუგზავნა. „ლიონმა" მინდორზე მეორე შემადგენლობა გაიყვანა და 0:3 წააგო, ძირითადი კი ამ დროს „სპორტინგთან" შესახვედრად ემზადებოდა...

გადათამაშება სანახავად უფერული, შინაარსით კი ძალიან დაძაბული გამოდგა. ოსვალდო სილვას ერთადერთი გოლით პორტუგალიელებმა იმარჯვეს და ფინალშიც გავიდნენ.

„ლიონი" შინ დაბრუნდა და რამდენიმე დღეში მის გარშემო დიდი ხმაური ატყდა. ფრანგული ფეხბურთის ხელმძღვანელებს იმედი ჰქონდათ, რომ მათი ქვეყნის წარმომადგენელი ბოლოს და ბოლოს ევროწარმატებასაც მიაღწევდა. ევროთასების ჩატარების ინიციატორებს მანამდე „თავისი" გამარჯვებული არ ჰყავდათ: „სტად დე რეიმსმა" ორჯერ, 1956 და 1959 წლებში ჩემპიონთა თასის ფინალი წააგო მადრიდის „რეალთან". ახლა „ლიონიც" დამარცხდა და „ბორდოს საქმეც" გაახსენდათ. ფრანგული ფეხბურთის ბოსები ამტკიცებდნენ, რომ ასეთ მნიშვნელოვან სიტუაციაში „ბორდოს" უფროსობა დათმობაზე უნდა წასულიყო და „ლიონისთვის" ხელი შეეწყო. ამის გამო ფედერაციამ არნახული გადაწყვეტილება მიიღო - ხსენებული იმ მატჩის ანგარიში გააუქმა და გადათამაშება დაადგინა. „ლიონმა" „ბორდოს" ჯავრი მაინც იყარა - ქვეყნის თასის ფინალში 2:0 დაამარცხა მეტოქე.

ბუდაპეშტის მტკ-ს ფინალში გასვლაც მოულოდნელობა იყო. მართალია იმ დროს უნგრულ ფეხბურთს ევროპაში დიდი სახელი ჰქონდა, მაგრამ ეს „ფერენცვაროშის", „ჰონვედის" და „უიპეშტ დოჟას" მოთამაშეების დამსახურება იყო. ეროვნული ნაკრებიც ძირითადად ამ გუნდების ფეხბურთელებისგან კომპლექტდებოდა, მტკ კი სტაბილურ, საშუალო კლუბად ითვლებოდა.

როცა ნახევარფინალის პირველ რაუნდში გლაზგოს „სელტიკმა" უნგრელებს 3:0 მოუგო, ფინალისტის ვინაობა თითქოს ეჭვს აღარ იწვევდა. ბუდაპეშტის სახალხო სტადიონზე მისული მაყურებელიც უბრალოდ კარგი ფეხბურთის მოლოდინში იყო, მაგრამ მათდა გასაკვირად, თამაშიც ლამაზი გამოვიდა, შედეგი კი ჩინებული.

მეორე ტაიმი ორი წუთის დაწყებული იყო, მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ. ამ დროს შოტლანდიელმა მცველმა საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელით შეაჩერა და ვაშაშმა ზუსტად გამოიყენა პენალტი. ამან ბუდაპეშტელები შეაგულიანა და თავის სტილში, მოკლე და სწრაფი გადაცემებით, თავბრუდამხვევი ტემპი შესთავაზეს მოწინააღმდეგეს. სანახაობამ მაყურებელიც გაახალისა და აახმაურა. სტუმრებმა დაწოლას ვერ გაუძლეს, შანდორმა (63-ე წუთი) და კუტიმ (82) ანგარიში 4:0 გახადეს. როცა მსაჯმა თამაში დაამთავრა, ვერც მასპინძლები, ვერც სტუმრები და ვერც ქომაგები მომხდარს ვერ იჯერებდნენ... ფინალი დრამატული, 210-წუთიანი გამოდგა!

ბრიუსელში უნგრელები ორჯერ იგებდნენ, ერთხელ პორტუგალიელები, გამარჯვებული კი მაინც ვერ გაირკვა - 3:3. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბუდაპეშტელთა მარჯვენა გარემარბი კაროლ შანდორი გახლდათ: მე-19 წუთზე მან სწრაფად გაირბინა თითქმის ნახევარი მინდორი და ძლიერადაც დაარტყა - 1:0. უნგრელები მეტს უტევდნენ, მაგრამ 41-ზე მასკარენიაშის ჩაკიდებული მცველმა ენეიმ საკუთარ კარში ჩაჭრა. გოლი მაინც მასკარენიაშს ჩაუთვალეს - 1:1. მეორე ნახევრის დასაწყისში ლისაბონელები დაწინაურდნენ - 2:1. მომდევნო ორი წუთის განმავლობაში ჯერ კუტიმ, შემდეგ კი კვლავ კაროლიმ გაიტანეს - 2:3, მაგრამ დამთავრებამდე ათი წუთით ადრე ფიგუეირედუმ გააყაიმა - 3:3. არც დარჩენილ ათ და არც დამატებით ოცდაათ წუთს აღარაფერი შეუცვლია.

გადათამაშება ორი დღის შემდეგ ბელგიის მეორე ქალაქ ანტვერპენში გაიმართა. უნგრელები საგრძნობლად დაღლილები იყვნენ და პორტუგალიელებმაც იძალეს - მორაეშის გოლი ერთადერთი აღმოჩნდა - 1:0. „სპორტინგმა" თასების თასი მოიპოვა!

ტურნირის საუკეთესო მეგოლე 11 გოლით ლისაბონელი მასკარენიაში გახდა. ერთ გათამაშებაში მასზე მეტი გოლი მხოლოდ გერმანელმა ემერიხმა (1966 წელს - 14) და ბულგარელმა მილანოვმა (1977-ში - 13) გაიტანეს.

გაზეთი „სარბიელი" (19 მარტი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1963-1964
1/16 ფინალი
„შელბურნი" (დუბლინი, ირლანდია) - „ბარსელონა" (ესპანეთი) 0:2, 1:3; „ჰამბურგი" (გფრ) - „უნიონ სპორტივი" (ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი) 4:0, 3:2; „ლიონი" (საფრანგეთი) - ბ1913 (ოდენსე, დანია) 3:1, 3:1; „ოლიმპიაკოსი" (პირეოსი, საბერძნეთი) - „ზაგლებიე" (სოსნოვიეცი, პოლონეთი) 2:1, 0:1, 2:0; „ვილემ II" (ტილბურგი, ჰოლანდია) - „მანჩესტერ იუნაიტედი" (მანჩესტერი, ინგლისი) 1:1, 1:6; „ატალანტა" (ბერგამო, იტალია) - „სპორტინგი" (ლისაბონი, პორტუგალია) 2:0, 1:3 (დამატებითი დრო), 1:3 (დდ); „აპოელი" (ნიქოზია, კვიპროსი) -  „გიოვიკ ლინი" (გიოვიკი, ისლანდია) 6:0, 1:0; „ბაზელი" (შვეიცარია) - „სელტიკი" (გლაზგო, შოტლანდია) 1:5, 0:5; „ლინცერ ასკ" (ლინცი, ავსტრია) - „დინამო" (ზაგრები, იუგოსლავია) 1:0, 0:1, 1:1 (წილისყრა); „სლიემა უონდერერსი" (სლიემა, მალტა) - „ბოროუ იუნაიტედი" (ლანდანო, უელსი) 0:0, 0:2; ჰპს (ჰელსინკი, ფინეთი) - „სლოვანი" (ბრატისლავა, ჩეხოსლოვაკია) 1:4, 1:8; მტკ (ბუდაპეშტი, უნგრეთი) - „სლავია" (სოფია, ბულგარეთი) 1:0, 1:1; „ფენერბაჰჩე" (სტამბული, თურქეთი) - „პეტროლული" (პლოეშტი, რუმინეთი) 4:1, 0:1
„ტოტენჰემ ჰოთსფური" (ლონდონი, ინგლისი), „მოტორი" (ცვიკაუ, გდრ) და „ლინფილდი" (ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია) პირველი წრიდან თავისუფლები იყვნენ
1/8-ფინალი
„ბარსელონა" - „ჰამბურგი" 4:4, 0:0, 2:3; „ლიონი" - „ოლიმპიაკოსი" 4:1, 1:2; „ტოტენჰემ ჰოთსფური" - „მანჩესტერ იუნაიტედი" 2:0, 1:4; „სპორტინგი" - „აპოელი" 16:1, 2:0; „სელტიკი" - „დინამო" 3:0, 1:2; „ბოროუ იუნაიტედი" - „სლოვანი" 0:1, 0:3; „მოტორი" - მტკ 1:0, 0:2; „ფენერბაჰჩე" - „ლინფილდი" 4:1, 0:2
1/4-ფინალი
„ჰამბურგი" - „ლიონი" 1:1, 0:2; „მანჩესტერ იუნაიტედი" - „სპორტინგი" 4:1, 0:5; „სელტიკი" - „სლოვანი" 1:0, 1:0; მტკ - „ფენერბაჰჩე" 2:0, 1:3 (დდ), 1:0
1/2-ფინალი
„ლიონი" - „სპორტინგი" 0:0, 1:1 (დდ), 0:1; „სელტიკი" - მტკ 3:0, 0:4

ფინალი

13 მაისი, 1964. ბელგია, ბრიუსელი, „ეიზელი". 3208
სპორტინგი 3:3 მტკ
გოლები:
0:1 კაროლი შანდორი (19), 1:1 მასკარენიაში (41), 2:1 ერნესტო ფიგუეირედუ (45), 2:2 იშტვან კუტი (73), 2:3 კაროლი შანდორი (75), 3:3 ერნესტო ფიგუეირედუ (80)
სპორტინგი: ჟოაკიმ კარვალიუ, პედრუ გომეში, ალეშანდრე ბაპტისტა, ჟოზე კარლუში, ჟოაუ მორაიში, ფერნანდუ მენდეში (კაპ), ჟეუ კარვალიუ, მასკარენიაში, ოსვალდუ და სილვა, ენრესტო ფიგუეირედუ, ბე ბოკარელი
მწვრთნელი: ანსელმო ფერნანდეში
მტკ: ფერენც კოვალიკი (კაპ), დიორდი კეშეი, იოზეფ დანშკი, იშტვან ენეი, იშტვან ნაგი, ფერენც კოვაჩი, კაროლი შანდორი, მიჰალი ვაშაში, ლასლო ბოდორი, იშტვან კუტი, იშტვან ჰალაპი
მწვრთნელი: ბელა ვოლენტიკი
მსაჯი: ლუსიენ ვან ნუფელი (ბელგია)

ფინალი. გადათამაშება
15 მაისი, 1964. ბელგია, ანტვერპენი, „ბოსუილი". 13924
სპორტინგი 1:0 მტკ
გოლი:
1:0 ჟოაო მორაიში (20)
სპორტინგი: ჟოაკიმ კარვალიუ, პედრუ გომეში, ალეშანდრე ბაპტისტა, ჟოზე კარლუში, ჟოაუ მორაიში, ფერნანდუ მენდეში (კაპ), ჟეუ კარვალიუ, მასკარენიაში, ოსვალდუ და სილვა, ენრესტო ფიგუეირედუ, ჟოზე პერიდეში
მწვრთნელი: ანსელმო ფერნანდეში
მტკ: ფერენც კოვალიკი (კაპ), დიორდი კეშეი, იოზეფ დანშკი, იშტვან ენეი, იშტვან ნაგი, ფერენც კოვაჩი, კაროლი შანდორი, მიჰალი ვაშაში, ლასლო ბოდორი, იშტვან კუტი, იშტვან ჰალაპი
მწვრთნელი: ბელა ვოლენტიკი
მსაჯი: ლუსიენ ვან ნუფელი (ბელგია)

საუკეთესო ბომბარდირი
მასკარენიაში („სპორტინგი", პორტუგალია; პორტუგალია) - 11 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.