სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1965: „ვესტ ჰემ იუნაიტედი“ (ინგლისი)

თარიღი: 2016 მარტი 28


1964-1965 წლების გათამაშების გამარჯვებული: ინგლისის „ვესტ ჰემ იუნაიტედი“

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

ტრიუმვირატი
1965 წელს ინგლისური გუნდები განსაკუთრებით კარგად ასპარეზობდნენ. მაგალითად გაზაფხულზე, ევროტურნირების მეოთხედფინალში ინგლისელებს სამი წარმომადგენელი ჰყავდათ: ჩემპიონთა თასზე „ლივერპული", თასების თასზე „ვესტ ჰემ იუნაიტედი", ბაზრობათა თასზე კი „მანჩესტერ იუნაიტედი". გაერთიანებულ სამეფოში დარწმუნებული იყვნენ, რომ რომელიმე მაინც მოიგებდა თასს და ასეც მოხდა.

„ვესტ ჰემ იუნაიტედისა" და შვეიცარიის „ლოზანა სპორტის" საპასუხო მეოთხედფინალი ინგლისურმა მედიამ ერთსულოვნად მონათლა „შესანიშნავ სანახაობად". ჟურნალისტი კენ ჯონსი წერდა, რომ იმ მატჩში, პირველ რიგში მაყურებელი დარჩა მოგებული. მათ ნამდვილი, ალალი ფეხბურთი ნახეს და არა ის, რასაც „შედეგისთვის უსახურ თამაშს" უწოდებენ - იმ თამაშში შვიდი ეფექტური გოლი გავიდა და თითქმის არ ყოფილა უხეშობა.

განსხვავებული სიტუაცია იყო იტალიის „ტორინოსა" და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის „მიუნხენ 1860"-ის ნახევარფინალური შეხვედრის დროს. პირველი მატჩის წინ იტალიელი ჟურნალისტები წერდნენ, მიუნხენელთა მეგოლე ბრუნენმაიერი „თითქმის თავისიანების" წინააღმდეგ ითამაშებსო. გაირკვა, რომ ბრუნენმაიერს კონტრაქტი გაუფორმებია „ტორინოსთან", მაგრამ იტალიისა და გფრ-ის ფედერაციებს ტრანსფერი დროებით შეუჩერებიათ.

ტურინულ მატჩში ბრუნენმაიერი ბევრს ეცადა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. პირველ ნახევარში ანგარიში როზატომ გახსნა, მერე მიუნხენელმა ლუტროპმა საკუთარ კარში შეაგდო. მეორეში ერთთავად დასავლეთგერმანელები უტევდნენ. ბრუნენმაიერი მეკარესთან ორჯერ დარჩა პირისპირ, ერთხელ ბურთი ძელსაც მოარტყა, მაგრამ... 2:0 „ტორინოს" სასარგებლოდ.

საერთო გამარჯვებისთვის იტალიელებს ფრე ან მინიმალური ანგარიშით წაგებაც ჰყოფნიდათ. კლუბის პრეზიდენტი პიანელო ამტკიცებდა კიდეც, რომ მისი გუნდი უკვე ფინალში იყო, მაგრამ პირიქით მოხდა - გერმანელებმა შინ 3:1 მოიგეს. ყველაზე მნიშვნელოვანი იმ შეხვედრაში ფეხბურთელების უხეშობა ყოფილა. თამაში ხშირად წყდებოდა და მოთამაშეები ერთთავად მსაჯთან არკვევდნენ ურთიერთობას. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა - 3:3 (იმ დროს მეტოქის მოედანზე გატანილ ბურთს უპირატესობა არ ენიჭებოდა). გადათამაშება ნეიტრალურ მინდორზე, ციურიხში ჩატარდა და ისევ დასავლეთგერმანელების გამარჯვებით დამთავრდა - 2:0. იტალიელებს ქადილი ძვირად დაუჯდათ.

მეორე ნახევარფინალი უფრო მშვიდობიანი, მაგრამ დაძაბული გამოდგა. ლონდონში 2:1 მოგების მიუხედავად, სპეციალისტები უპირატესობას მაინც ესპანურ „რეალ სარაგოსას" ანიჭებდნენ, მაგრამ „ვესტ ჰემმა" ივაჟკაცა, სისონსის გოლით სასურველი 1:1 გამოგლიჯა მეტოქეს და ფინალში გავიდა.

ლონდონი დიდი ინტერესით ელოდა გადამწყვეტ თამაშს. ათი დღით ადრე 50-ათასამდე ბილეთი უკვე გაყიდული იყო. მიუნხენიდან 12 ათასი გულშემატკივარი ჩავიდა, რომლებიც ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდნენ და თავისიანებს ამხნევებდნენ, მაგრამ რას გააწყობდნენ? იმ საღამოს „უემბლიზე" „ჩაქუჩების"(„ვესტ ჰემის" მეტსახელია) თითქმის ოთხმოცი ათასი ქომაგი შეიკრიბა!

ჟურნალისტი ჰენრი ტორბერი წერდა: „ლონდონურმა ფინალმა პესიმისტური პროგნოზები არ გაამართლა. ბევრი მიიჩნევდა, რომ კიდევ ერთი უსახური თამაშის მომსწრენი გავხდებოდით, ორივე ან ერთ-ერთი გუნდი დაცვით ტაქტიკას აირჩევდა. სასიხარულოა, რომ ფინალმა დიდი ევროპული ფეხბურთის სახელი აღადგინა. თითქოს ორივეს დაავიწყდა დღეს გამეფებული წესები და მთელი ძალები შეტევას მოახმარა - სწრაფი და შემტევი თამაში წუთით არ შეწყვეტილა!

ბრუნენმაიერი გერმანელების შეტევის ზამბარა იყო, ხოლო „ვესტ ჰემ იუნაიტედის" მარჯვენა გარემარბი სილი საუკეთესო მეგოლე გახდა, თუმც მას მატჩის საუკეთესო მოთამაშეების რიცხვს ვერ მივაკუთვნებთ. სილი, „ვესტ ჰემის" ალბათ ყველაზე სუსტი ფეხბურთელი, ფინალის გმირად მოგვევლინა. მაგრამ ვიყოთ სამართლიანები და პატივი მივაგოთ არა სილის, არამედ იმ დანარჩენ ათ ინგლისელს, რომლებმაც მარცხენა მცველისა და კაპიტნის, მურის თავკაცობით შესანიშნავი თამაში ჩაატარეს და სულ ცოტა, რვა საგოლე მომენტი შექმნეს მოწინააღმდეგის კართან".

სერ ჰენრის შავი იუმორი მეტად სახალისო გახლავთ, მაგრამ ალან სილიმ მართლაც დიდი საქმე გააკეთა - სამი წუთის განმავლობაში ორჯერ დალაშქრა გერმანელების კარი. პირველად საჯარიმოს კუთხესთან მდგარმა ბოისისგან მიიღო ბურთი, მოკლე დრიბლინგით მცველს გვერდი აუარა და თორმეტი მეტრიდან მახვილ კუთხეში შეაგდო. „უემბლი" ჯერ კიდევ ზეიმობდა, როცა „ვესტ ჰემ იუნაიტედმა" ანგარიში გააორა - მეორე გოლი „მიუნხენ 1860"-ის იუგოსლავიელი მეკარის რადენკოვიჩის სინდისზე იყო. მან ჩინებულად ჩაატარა შეხვედრა და მხოლოდ ის ერთი შეცდომა დაუშვა: მურმა სწრაფად გაათამაშა ბურთი და შორეულ ძელთან ჩაჰკიდა, რადენკოვიჩმა რეაგირება ვერ მოასწრო, ბურთი სილის მიუვიდა და მანაც ორი მეტრიდან კარში შეაგორა.

სხვათა შორის, ფინალამდე ოთხი დღით ადრე სილიმ ცოლი შეირთო, რამდენიმე თვეში კი, ეტყობა, სერ ჰენრის სიტყვებმა უწია - ფეხი მოიტეხა და კარიერაც ამით დაამთავრა.

„ვესტ ჰემ იუნაიტედმა" 4-3-3 ტაქტიკური სქემით ითამაშა. ამ განლაგების მიხედვით ცენტრფორვარდი ჰერსტი უკან იყო დაწეული და შეტევებს მოედნის სიღრმიდან იწყებდა.

ლონდონელთაგან კარგად ითამაშეს ახალგაზრდა სისონსმა და სიარმა - მათ გერმანელების დაცვა ერთთავად დაძაბული ჰყავდათ. თავის მხრივ, არც მიუნხენელებს დაუკლიათ ცდა. ბრუნენმაიერმა და მისმა კოლეგებმა არაერთხელ შეაწუხეს „ჩაქუჩების" მეკარე სტენდენი.

ერთი სიტყვით, ფინალი ძალიან საინტერესო და ლამაზი გამოდგა. ამიტომაც იყო, როცა თასშემართული „ვესტ ჰემ იუნაიტედის" თერთმეტი ფეხბურთელი საპატიო წრეს უვლიდა, ინგლისელებთან ერთად ის თორმეტი ათასი გერმანელი ქომაგიც ტაშს უკრავდა.

ნამატჩევს ლონდონელთა მწვრთნელმა რონ გრინვუდმა თქვა: „ვიცოდი, რომ აუცილებლად გავიმარჯვებდით, მაგრამ მეტოქის კარგმა თამაშმა გამაკვირვა. მართალი გითხრათ, არ ველოდი, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში ასეთი მაღალი დონის ფეხბურთს ვნახავდით. რადენკოვიჩი რომ არა, უფრო დიდი ანგარიშითაც მოვიგებდით".

„მიუნხენ 1860"-ის მწვრთნელი მაქს მერკელი უფრო თავდაჭერილი იყო: „პირველმა გოლმა გაგვტეხა, გუნდზე უარყოფითად იმოქმედა. მალე მივხვდი, რომ საპასუხო დარტყმის უნარი აღარ შეგვწევდა. შინ, ალბათ, ამას მოვახერხებდით, მაგრამ ლონდონში"... კითხვაზე, რას იტყოდა „ვესტ ჰემის" შესახებ, მერკელმა განაცხადა: „მაღალი კლასის, ტიპური ბრიტანული გუნდია, ჩვენზე ორჯერ მოძრავი. კარგად იყენებს გარემარბებს, ჩვენ კი ცენტრიდან გარღვევას ვცდილობდით, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა".

გამარჯვებულთა მთავარ ძალას ტრიუმვირატი - ბობი მური, მარტინ პიტერსი, ჯეფ ჰერსტი - წარმოადგენდა. ამ სამეულმა ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში, ერთი წლის შემდეგ კი, ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში სამივე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფინალში, იმავე „უემბლიზე" რომ გაიმართა, ჰერსტმა სამი ბურთი გაიტანა, ერთიც პიტერსმა შეაგდო.

მურმა, რომელმაც ინგლისის ეროვნულ გუნდში 108 მატჩი ითამაშა, კარიერა „ფულემში" დაამთავრა. 1964 წელს ის ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად, ხოლო 1966-ში საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. ბოლო დროს ჰონგ-კონგსა და აშშ-ის გუნდებში მუშაობდა მწვრთნელად, 1993 წელს კი სიმსივნიოთ გარდაიცვალა - 52 წლის იყო.

მარტინ პიტერსმა 1973 წელს თბილისშიც ითამაშა „დინამოს" წინააღმდეგ, ოღონდ მაშინ უკვე ლონდონის მეორე კლუბში, „ტოტენჰემ ჰოთსფურში" ასპარეზობდა.

რაც შეეხება ჯეფრი ჰერსტს, 1998 წლის დეკემბერში დედოფალმა ელიზაბეტ II-მ მას რაინდის ტიტული უბოძა. შეგახსენებთ: სერ ჯეფრი ერთადერთია, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჰეთ-თრიქი რომ შეასრულა.

გაზეთი „სარბიელი" (20 მარტი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1964-1965
1/16 ფინალი
„სლავია" (სოფია, ბულგარეთი) - „კორკ სელტიკი" (კორკი, ირლანდია) 1:1, 2:0; „ლოზანა" (შვეიცარია) - „ჰონვედი" (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 2:0, 0:1; „გენტი" (ბელგია) - „ვესტ ჰემ იუნაიტედი" (ლონდონი, ინგლისი) 0:1, 1:1; „სპარტა" (პრაღა, ჩეხოსლოვაკია) - „ანორთოსისი" (ფამაგუსტა, კვიპროსი) 10:0, 6:0; „ვალეტა" (ლა ვალეტა, მალტა) - „რეალ სარაგოსა" (სარაგოსა, ესპანეთი) 0:3, 1:5; „ესბიერგი" (დანია) - „კარდიფ სიტი" (კარდიფი, უელსი) 0:0, 0:1; „სკიდ ფოტბალი" (ოსლო, ნორვეგია) - „ჰაკა" (ვალკეაკოსკი, ფინეთი) 1:0, 0:2; „ტორინო" (ტურინი, იტალია) - „ფორტუნა 54" (სიტარდი, ჰოლანდია) 3:1, 2:2; „სტიაუა" (ბუქარესტი, რუმინეთი) - „დერი სიტი" (დერი, ჩრდილოეთ ირლანდია) 3:0, 2:0; აეკ (ათენი, საბერძნეთი) - „დინამო" (ზაგრები, იუგოსლავია) 2:0, 0:3; „ადმირა ნოი ენერგი" (ვენა, ავსტრია) - „ლეგია" (ვარშავა, პოლონეთი) 1:3, 0:1; „აუფბაუ" (მაგდებურგი, გდრ) - „გალათასარაი" (სტამბოლი, თურქეთი) 1:1, 1:1 (დდ), 1:1 (წილისყრა); „პორტუ" (პორტუგალია) - „ლიონი" (საფრანგეთი) 3:0, 1:0; „უნიონ სპორტივი" (ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი) - „მიუნხენ 1860" (მიუნხენი, გფრ) 0:4, 0:6
„დანდი" (შოტლანდია) და „სპორტინგი" (ლისაბონი, პორტუგალია) პირველი წრიდან თავისუფლები იყვნენ
1/8-ფინალი
„სლავია" - „ლოზანა" 1:0, 1:2, 2:3; „ვესტ ჰემ იუნაიტედი" - „სპარტა" 2:0, 1:2; „დანდი" - „რეალ სარაგოსა" 2:2, 1:2; „სპორტინგი" - „კარდიფ სიტი" 1:2, 0:0; „ჰაკა" - „ტორინო" 0:1, 0:5; „სტიაუა" - „დინამო" 1:3, 0:2; „ლეგია" - „გალათასარაი" 2:1, 0:1, 1:0; „პორტუ" - „მიუნხენ 1860"  0:1, 1:1
1/4-ფინალი
„ლოზანა" - „ვესტ ჰემ იუნაიტედი" 1:2, 3:4; „რეალ სარაგოსა" - „კარდიფ სიტი" 2:2, 1:0; „ტორინო" - „დინამო" 1:1, 2:1; „ლეგია" - „მიუნხენ 1860" 0:4, 0:0
1/2-ფინალი
„ვესტ ჰემ იუნაიტედი" -
„რეალ სარაგოსა" 2:1, 1:1; „ტორინო" - „მიუნხენ 1860" 2:0, 1:3 (დდ), 0:2

ფინალი

19 მაისი, 1965. ინგლისი, ლონდონი, „უემბლი". 97974
ვესტ ჰემ იუნაიტედი 2:0 მიუნხენ 1860
გოლები:
1:0 ალან სილი (70), 2:0 ალან სილი (72)
ვესტ ჰემ იუნაიტედი: ჯიმ სტენდენი, ჯოი კირკაპი, ჯეკ ბარკეტი, მარტინ პიტერსი, კენ ბრაუნი, ბობი მური (კაპ), ალან სილი, რონ ბოისი, ჯეფრი ჰერსტი, ბრაიან დეარი, ჯონ სისონსი
მწვრთნელი: რონ გრინვუდი
მიუნხენ 1860: პეტარ რადენკოვიჩი, მანფრედ ვაგნერი, ჰანს რაიხი, ვილფრიდ კოლარსი, სტეფან ბენა, ოტო ლუტროპი, ალფრედ ჰაისი, ჰანს კუპერსი, რუდი ბრუნენმაიერი (კაპ), პეტერ გროსერი, ჰანს რებელე
მწვრთნელი: მაქს მერკელი (ავსტრია)
მსაჯი: იშტვან შოლტი (უნგრეთი)

საუკეთესო ბომბარდირები
პიერ კერკჰოფსი („ლოზანა", შვეიცარია; ჰოლანდია), ვაცლავ მაშეკი („სპარტა", ჩეხოსლოვაკია; ჩეხოსლოვაკია), ივან მრაზი („სპარტა", ჩეხოსლოვაკია; ჩეხოსლოვაკია) - 6 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.