სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1966: „ბორუსია“ (დორტმუნდი, გფრ)

თარიღი: 2016 მარტი 28


1965-1966 წლების გათამაშების გამარჯვებული: დასავლეთ გერმანიის „ბორუსია“

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

დორტმუნდელები ლომის გალიაში
1965-1966 წლების გათამაშების ნახევარფინალში სამი ბრიტანული გუნდი მოხვდა - ინგლისის „ლივერპული" და „ვესტ ჰემ იუნაიტედი", წინა გათამაშების გამარჯვებული, ასევე შოტლანდიის „სელტიკი". ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ფინალს ნისლიანი ალბიონის წარმომადგენლები გაითამაშებდნენ, მით უმეტეს, რომ გადამწყვეტი მატჩი გლაზგოში უნდა ჩატარებულიყო. იმასაც ამბობდნენ, რომ ფინალში აუცილებლად ითამაშებდა „სელტიკი", მაგრამ გლაზგოელებმა „ლივერპულთან" წააგეს, „ვესტ ჰემ იუნაიტედმა" კი დორტმუნდის „ბორუსიასთან". ასე რომ, გლაზგოს „ჰემპდენ პარკის" მინდორი ფორმალურად ორივე გუნდისთვის ნეიტრალური აღმოჩნდა - წინა წელს დაწყებული ინგლისურ-გერმანული დაპირისპირება გაგრძელდა.

თასების თასის რიგით მეექვსე გათამაშებაში ორი მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა. პირველი იყო ის, რომ უეფამ დებულებაში ცვლილება შეიტანა - ამიერიდან უპირატესობა მიენიჭა მეტოქის მინდორზე გატანილ ბურთს. თუ მანამდე ორი მატჩის ჯამში ანგარიში საყაიმო იყო, მესამე, დამატებითი თამაში ინიშნებოდა. ამ გათამაშებიდან კი ასეთ შემთხვევაში შემდგომ ეტაპზე ის გუნდი გავიდოდა, რომელიც მოწინააღმდეგის მინდორზე მეტ ბურთს გაიტანდა. თუმცა, ეს ახალი წესი დამატებით დროზე არ ვრცელდებოდა.

მეორე „სიახლე" კი საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი იყო - ეს პატივი კიევის „დინამოს" ერგო. უკრაინელთა მწვრთნელი ვიქტორ მასლოვი წერდა: „როგორც იქნა ვერთვებით ტურნირში, რომელშიც დღემდე ჩვენს გარდა ყველა მონაწილეობდა. ამხანაგური მატჩებით შორს ვეღარ წავალთ. საერთაშორისო გამოცდილება საკლუბო დონეზეც გვჭირდება".

ორი სუსტი მეტოქის დამარცხების შემდეგ კიეველები მეოთხედფინალში „სელტიკს" შეხვდნენ. ამ წრის მატჩები იანვარში უნდა გამართულიყო და კიეველებმაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს შოტლანდიელების თბილისში მიღება.

პირველ მატჩში „სელტიკმა" სამჯერ გაუტანა უკრაინელებს. ვიქტორ მასლოვის გუნდი გლაზგოდან თბილისში დაბრუნდა. კვირის თავზე საპასუხო შეხვედრა უნდა გამართულიყო, მაგრამ „სელტიკის" მესვეურებმა საკავშირო ფედერაციაში წერილი გააგზავნეს, სამგზავრო პრობლემები გვაქვს და ცოტა მოგვიანებით ვითამაშოთო. რკინის ფარდის მიღმა სქოთების თხოვნა შეისმინეს და თამაში ერთი კვირით გადაიდო.

შოტლანდიელები თბილისში ირლანდიური სპეცთვითმფრინავით ჩამოვიდნენ, თან უამრავი ყუთები ჩამოიყოლეს. ყუთებში საკუთარი საჭმელ-სასმელი ჰქონდათ (სხვათა შორის, იგივე განმეორდა 1994 წელს, როცა თბილისს სქოთების მეზობელი უელსელები ესტუმრნენ).

დამხვდურებმა შოტლანდიელებს საუზმეზე სულგუნი, მაწონი და ქორფა ბოლოკი მიართვეს. სტუმრები იღიმებოდნენ და ამბობდნენ: ყველაფერი გემრიელია, მაგრამ საკუთარი გვირჩევნიაო.

„გასტრონომიულ სიფრთხილეს" ერთი წლის წინანდელი ამბავი უსწრებდა: წინა წელს, ვალენსიაში, სელტიკელებისთვის ისეთი ესპანური საჭმელი შეუთავაზებიათ, რომ მეორე დღეს ხუთი მოთამაშე მინდორზე ვეღარ გასულა. თბილისში ჩამოსვლამდე შოტლანდიელები ქართული სამზარეულოთი საგანგებოდ დაინტერესებულან და დაუდგენიათ, რომ ის ბევრად არ განსხვავდებოდა ესპანურისგან.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, შოტლანდიელებს სიფრთხილე მხოლოდ საკვების მიმართ არ გამოუჩენიათ. მათი მწვრთნელი ჯოკ სტეინი ქართულ სტუმართმოყვარეობას აქებდა, თბილისის სილამაზეს აღნიშნავდა, მაგრამ მომავალ თამაშზე თითქმის არაფერი უთქვამს, ერთსა და იმავეს იმეორებდა, ჩვენ შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ და ტრადიციას არც თბილისში ვუღალატებთო.

26 იანვარს „დინამოს" სტადიონზე 45 ათასი მაყურებელი მივიდა (იმ დროს თბილისის სტადიონი მეტს არც იტევდა). 15-გრადუსიანი სითბო საუცხოო სათამაშო განწყობას ქმნიდა. მე-20 წუთზე ანგარიში კიეველმა საბომ გახსნა, მაგრამ 31-ზე შოტლანდიელთა ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევა ჯემილის გოლით დამთავრდა. ფრე 1:1, რომელმაც ნახევარფინალში „სელტიკი" გაიყვანა. ასე შემოაბიჯა ევროთასებმა თბილისში.

ნახევარფინალში თასის მფლობელი „ვესტ ჰემ იუნაიტედი" დორტმუნდის „ბორუსიას" უნდა შეხვედროდა. ლონდონელებს წინანდელივით მარჯვე გუნდი აღარ ჰყავდათ. „ჩაქუჩების" პრობლემას ისიც ემატებოდა, რომ „ბორუსიასთან" მატჩების შუალედში (ეს შუალედი კი, მაშინდელი წესით, ერთკვირიანი იყო) ჩემპიონატში ორჯერ უნდა ეთამაშათ. ამავდროულად, გუნდის კაპიტანმა ბობი მურმა განაცხადა, სხვა გუნდში გადასვლას ვაპირებო და მწვრთნელმა რონ გრინვუდმა მას კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა.

მატჩამდე გრინვუდი ამბობდა: „ჩვენი გუნდი ახლა „ბორუსიაზე" სუსტია. თასის ამბავი ასეთია: შინ დიდი ანგარიშით უნდა მოიგო რომ სტუმრად უპირატესობა შეინარჩუნო. ჩვენ კი ახლა ისე ვთამაშობთ, ერთ ბურთზე მეტის გამტანები არ ვართ".

გრინვუდი მართალი გამოდგა. პირველ შეხვედრაში „ვესტ ჰემ იუნაიტედმა" ერთი ბურთი გაიტანა: 53-ე წუთზე პიტერსმა შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში. ინგლისელებს კიდევ ხუთი საგოლე შანსი ჰქონდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. დაცვაში არც გერმანელები იდგნენ, თუმცა 86-ე წუთამდე ხეირიანი ვერაფერი შექმნეს. შემდეგ კი, ორი წუთის განმავლობაში, ლოთარ ემერიხმა ორჯერ შეაგდო და თავისიანებს 2:1 მოაგებინა.

საპასუხო მატჩშიც გერმანელებმა იძალეს: უკვე 30-ე წამზე ემერიხმა ხარიხიდან ასხლეტილ ბურთს თავი შეაგება და „ბორუსია" დააწინაურა. ნახევარ საათში იმავე ემერიხმა ჯარიმიდან ბურთი „ცოცხალ კედელში" გააძვრინა და ლონდონელებმა მეორედ დაიწყეს ცენტრიდან თამაში. მოგვიანებით მოწინააღმდეგეებმა თითო გოლი გაცვალეს და თასის მფლობელი „ვესტ ჰემიც" ტურნირს გამოეთიშა.

რაც შეეხება ლოთარ ემერიხს, მან საერთო ჯამში 14 ბურთი გაიტანა და ერთ გათამაშებაში გატანილი გოლებით თასთა თასის რეკორდი დაამყარა. იმავე წლის 20 ივლისს კი, ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე, გფრ-ესპანეთის შეხვედრაში ემერიხმა მახვილი კუთხიდან ფანტასტიკური სილამაზის ბურთი შეაგდო მეკარე ირიბარის კარში...

„სელტიკის" და „ლივერპულის" ნახევარფინალი დიდი სკანდალით დამთავრდა. პირველ მატჩში სქოთებმა 1:0 მოიგეს. ლივერპულში მოვლენები თითქმის უმართავი გახდა: თამაშის დამთავრებამდე სამი წუთი რჩებოდა, „ლივერპული" 2:0-ს იგებდა. ამ დროს „სელტიკმა" შეაგდო, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და არ ჩათვალა. არადა, ამ გოლით გლაზგოელები ფინალში გადიოდნენ.

„სელტიკის" ფანებმა ვეღარ მოითმინეს, მინდორზე გადაცვივდნენ და აურზაური ატეხეს. შედეგად ასამდე ადამიანი დაშავდა. „სელტიკის" მწვრთნელი სტეინი ქომაგების დაწყნარებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. მსაჯმა მატჩი შეწყვიტა. ის სამი წუთი კი სათამაშო დარჩა.

ინგლისელები ფინალში გავიდნენ, მაგრამ გადამწყვეტი თამაში სწორედ „სელტიკის" „ჰემპდენ პარკის" სტადიონზე ელოდათ.

გლაზგოში ჩასვლისთანავე „ბორუსიას" მწვრთნელი ვილი მულტჰაუპტი შოტლანდიელების მოთაფვლას მოჰყვა: „დასანანია, აქ „სელტიკთან" უნდა გვეთამაშა. თავად ვიხილე, რა უსამართლოდ მოექცნენ მათ ლივერპულში. მიხარია, რომ გლაზგოში ცივა. დორტმუნდში ძალიან ცხელოდა, ჩვენ კი სიცივესა და წვიმაში გვირჩევნია თამაში. თავს ჩინებულად ვგრძნობთ. ხმაურიანი დორტმუნდის შემდეგ აქ მომზადების საუკეთესო პირობები გვაქვს".

„ლივერპულის" მენეჯერი ბილ შენკლი უნდობლად შეხვდა კოლეგის სიტყვამრავლობას. შენკლის საკუთარი არგუმენტები ჰქონდა: „ლივერპულიდან ორმოც ათასზე მეტი ქომაგი ჩამოვა. მათ კარგად იციან საკუთარი მოვალეობა. თანაც, სიმპათიები თამაშით უნდა მოიპოვო და არა დეკლარაციებით".

რას გულისხმობდა შენკლი, როცა თავისი გუნდის ქომაგთა მოვალეობას ახსენებდა? ეს თამაშის წინა დღით გაირკვა: აღმოჩნდა, რომ ღამით ლივერპულელმა ფანებმა სტადიონზე შეაღწიეს, სათამაშო კარი წითლად შეღებეს და იქვე, კედელზე უზარმაზარი ასოებით წააწერეს: „ლივერპული" ჩემპიონია!

ეს ამბავი უეფამაც შეიტყო და საგანგებო დადგენილებაც მიიღო, რომლითაც ინგლისელებს აფრთხილებდა, თუ მსგავსი რამ განმეორდა, კლუბი მკაცრად დაისჯებაო. თამაშის წინ, როცა მაყურებლები სტადიონზე მივიდნენ, უჩვეულო სანახაობა იხილეს - „ჰემპდენ პარკის" რამდენიმე თანამშრომელი კარის თეთრად გადაღებვას ამთავრებდა.

არც ფინალი გამოდგა მთლად „სუფთა": მეორე ნახევრის დასაწყისში ზიგი ჰელდის გოლით „ბორუსია" დაწინაურდა. მალე ინგლისელებმა გაათანაბრეს, მაგრამ როგორც შემდეგ კინოფირით გარჩევამ დაადასტურა, გოლი არასწორად გავიდა - „წითლების" ფეხმარდი მეგოლე ტომპსონი ფრთაზე გაიჭრა, სამი მცველიც მოატყუა, მაგრამ დრიბლინგისას ბურთიანად გადაკვეთა პირითი ხაზი... მერე ტომპსონმა საჯარიმოში ჩაჰკიდა, მეკარე ტილკოვსკი მსაჯის სასტვენს ელოდა და არ განძრეულა, ცენტრფორვარდმა ჰანტმა კი გაიტანა.

ძირითადი დრო ფრედ დამთავრდა. დამატებითში, ლივერპულელების უპირატესობის მიუხედავად, ბურთი მათ კარში გავიდა: ჰელდის დარტყმული ხარიხას მოხვდა, გამოვარდნილ ბურთს ლიბუდამ დაამატა და „ბორუსიამ" გაიმარჯვა.

ნამატჩევს მულტჰაუპტი ჩვეულად ენაწყლიანობდა: ლომთან გალიაში შევედით და გამარჯვებული გამოვედით, „ლივერპულის" კარში ერთი ბურთის გატანაა გმირობა, ჩვენ კი ორი შევაგდეთო.

„ბორუსია" პირველი დასავლეთგერმანული კლუბი გახდა, რომელმაც ევროთასი მოიგო.

გაზეთი „სარბიელი" (24 მარტი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1965-1966
1/16 ფინალი
„ომონია" (ნიქოზია, კვიპროსი) - „ოლიმპიაკოსი" (პირეოსი, საბერძნეთი) 0:1, 1:1; „მაგდებურგი" (გდრ) - „სპორა" (ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი) 1:0, 2:0; „სიონი" (შვეიცარია) - „გალათასარაი" (სტამბოლი, თურქეთი) 5:1, 1:2; „ვიენერ ნოიშტადტერი" (ვენა, ავსტრია) - „შტიინცა" (კლუჟი, რუმინეთი) 0:1, 0:2; „ატლეტიკო" (მადრიდი, ესპანეთი) - „დინამო" (ზაგრები, იუგოსლავია) 4:0, 1:0; „ფლორიანა" (მალტა) - „ბორუსია" (დორტმუნდი, გფრ) 1:5, 0:8; „ლიმერიკი" (ირლანდია) - „ცსკა ჩერვენო ზნამე" (სოფია, ბულგარეთი) 1:2, 0:2; აგფ (ორჰუსი, დანია) - „ვიტორია" (სეტუბალი, პორტუგალია) 2:1, 2:1; „გოუ ეჰედ იგლზი" (დევენტერი, ჰოლანდია) - „სელტიკი" (გლაზგო, შოტლანდია) 0:6, 0:1; კრ (რეიკიავიკი, ისლანდია) - „რუსენბორგი" (ტრონჰეიმი, ნორვეგია) 1:3, 1:3; „კოლრეინი" (ჩრდილოეთ ირლანდია) - „დინამო" (კიევი, სსრკ) 1:6, 0:4; „დუკლა" (პრაღა, ჩეხოსლოვაკია) - „რენი" (საფრანგეთი) 2:0, 0:0; „რეიპასი" (ლაჰტი, ფინეთი) - „ჰონვედი" (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 2:10, 0:6; „იუვენტუსი" (ტურინი, იტალია) - „ლივერპული" (ინგლისი) 1:0, 0:2; „კარდიფ სიტი" (კარდიფი, უელსი) - „სტანდარდი" (ლიეჟი, ბელგია) 1:2, 0:1
„ვესტ ჰემ იუნაიტედი" (ლონდონი, ინგლისი) პირველი წრიდან თავისუფალი იყო
1/8-ფინალი
„ვესტ ჰემ იუნაიტედი" -
„ოლიმპიაკოსი" 4:0, 2:2; „მაგდებურგი" - „სიონი" 8:1, 2:2; „შტიინცა" - „ატლეტიკო" 0:2, 0:4; „ბორუსია" - „ცსკა ჩერვენო ზნამე" 3:0, 2:4; აგფ - „სელტიკი" 0:1, 0:2; „რუსენბორგი" - „დინამო" 1:4, 0:2; „დუკლა" - „ჰონვედი" 2:3, 2:1; „ლივერპული" - „სტანდარდი" 3:1, 2:1
1/4-ფინალი
„ვესტ ჰემ იუნაიტედი" -
„მაგდებურგი" 1:0, 1:1; „ატლეტიკო" - „ბორუსია" 1:1, 0:1; „სელტიკი" - „დინამო" 3:0, 1:1 (თბილისში); „ჰონვედი" - „ლივერპული" 0:0, 0:2
1/2-ფინალი
„ვესტ ჰემ იუნაიტედი" - „ბორუსია" 1:2, 1:3; „სელტიკი" - „ლივერპული" 1:0, 0:2

ფინალი
5 მაისი, 1966. შოტლანდია, გლაზგო, „ჰემპდენ პარკი". 41657
ბორუსია 2:1 (დდ) ლივერპული
გოლები:
1:0 ზიგფრიდ ჰელდი (61), 1:1 როჯერ ჰანტი (68), 2:1 რაინჰარდ ლიბუდა (107)
ბორუსია: ჰანს ტილკოვსკი, გერჰარდ სილიაქსი, თეოდორ რედერი, დიტერ კურატი, ვოლფგანგ პაული (კაპ), რუდი ასაუერი, რაინჰარდ ლიბუდა, აკი შმიდტი, ზიგფრიდ ჰელდი, ვილჰელმ შტურმი, ლოთარ ემერიხი
მწვრთნელი: ვილი მულტჰაუპი
ლივერპული: ტომი ლოურენსი, კრის ლოულერი, ჯერი ბირნი, გორდონ მილნი, რონ იეტსი (კაპ), ვილი სტივენსონი, იან კალაჰანი, როჯერ ჰანტი, იან სენტ ჯონი, ტომი სმიტი, პიტერ ტომპსონი
მწვრთნელი: ბილ შენკლი (შოტლანდია)
მსაჯი: პიერ შვინტე (საფრანგეთი)

საუკეთესო ბომბარდირი

ლოთარ ემერიხი („ბორუსია", გფრ; გფრ) - 14 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.