სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1967: „ბაიერნი“ (გფრ)

თარიღი: 2016 მარტი 29


1966-1967 წლების გათამაშების გამარჯვებული „ბაიერნის“ სუპერფორვარდი გერდ მიულერი

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

ყურადღება: ბაიერნი!
ზედიზედ მესამედ თასების თასის გადამწყვეტ შეხვედრაში ბრიტანელები დასავლეთგერმანელებს დაუპირისპირდნენ. აქამდე ერთი ფინალი კუნძულელებს, ერთიც არიელებს ჰქონდათ მოგებული.

1967 წლის 31 მაისს „სამრაუნდიანი დაპირისპირების" არაოფიციალური გამარჯვებული უნდა დაესახელებინა: ნიურნბერგში „გლაზგო რეინჯერსს" მიუნხენის „ბაიერნი" ელოდა.ტურნირის წინა გამარჯვებული დორტმუნდის „ბორუსია" შეჯიბრს დასაწყისშივე გამოეთიშა: საკვალიფიკაციო წრისგან თავისუფალი „ბორუსია" მერვედფინალში სწორედ „გლაზგო რეინჯერსს" გადააწყდა.

შოტლანდიაში 1:2 წაგების შემდეგ გერმანელებს შინ მინიმალური ანგარიშით მოგებაც ჰყოფნიდათ, მაგრამ იმ საღამოს დორტმუნდში გოლი არ გასულა. თამაში ძალიან უხეში გამოდგა, ყველაფრის მოთავე კი ლოთარ ემერიხი გახლდათ, სწორედ ის ემერიხი, რომელიც წინა გათამაშების გმირად შერაცხეს. ის მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ვერ დაამშვიდეს და როცა შესვენებამდე ხუთი წუთი რჩებოდა, მისგან ფეხმოტეხილი სქოთების ნახევარმცველი უოტსონი მინდვრიდან გაიყვანეს. იმ დროს ფეხბურთელის შეცვლა აკრძალული იყო და რეინჯერები ათნი დარჩნენ. მაგრამ სქოთები რის სქოთები იქნებოდნენ, მეტოქისთვის სამაგიერო არ მიეზღოთ -  მეორე ნახევრის დასაწყისში ემერიხი უოტსონის გზას გაუყენეს და რიცხობრივი თანაფარდობა „აღადგინეს". თუმცა დროებით - ემერიხის ტრავმა მსუბუქი გამოდგა და თავდამსხმელი მალე მინდორს დაუბრუნდა...

მწვანე მინდორზე დაძაბულობამ ტრიბუნებზეც გადაინაცვლა. საქმე ისაა, რომ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, ბუნდესლიგის მორიგ ტურში, „ბორუსიას" ფანები ძალიან ცუდად იქცეოდნენ და კინაღამ ჩაშალეს მატჩი. შედეგად, გერმანიის საფეხბურთო კავშირმა კლუბი იმ დროისთვის სოლიდური თანხით - 2500 მარკით დააჯარიმა...

გლაზგოელებთანაც იგივე არ განმეორდესო და „ბორუსიას" მესვეურებმა სტადიონზე პოლიციის გაძლიერებული რაზმები გაამწესეს. არცთუ უსაფუძვლოდ: სამართალდამცავებს ორჯერ მოუხდათ თანამემამულე ფანებთან მუშტი-კრივი...

გაცილებით უხეში გამოდგა ჰოლანდიის „სპარტასა" და შვეიცარიის „სერვეტის" მერვედფინალური შეხვედრა. ნამატჩევს „სერვეტის" უნგრელმა მწვრთნელმა ბელა გუტმანმა ისიც თქვა, ოცდაათწლიანი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში „სპარტას" მსგავსი უხეში გუნდი არ მინახავსო. თუ მაშინდელ ევროპულ პრესას ვერწმუნებით, ეს იყო ტურნირის ყველაზე ბინძური და საშინელი თამაში. რამდენიმე ჟურნალისტებმა მას „ჟენევის ბრძოლაც" კი დაარქვა.

მაინც რა მოხდა? ორმა ჰოლანდიელმა მოთამაშემ უმძიმესი ტრავმა მიიღო. ისინი სტადიონიდან პირდაპირ საავადმყოფოში გააქანეს. მათგან ერთ-ერთს რამდენიმე ადგილას ჰქონდა ფეხი მოტეხილი. ამას გარდა, მინდვრიდან გააძევეს შვეიცარიელი ჰეირი, კიდევ ექვსმა ფეხბურთელმა კი გაფრთხილება მიიღო (მაშინდელი დროისთვის ეს დიდი ციფრია. დღევანდელისგან განსხვავებით, 60-იან წლებში მსაჯები იშვიათად იყენებდნენ ყვითელ ბარათს).

საბოლოოდ „სერვეტმა" 2:0 გაიმარჯვა. ჰოლანდიელები ყველაფერს მოწინააღმდეგს აბრალებდნენ. უეფამ ორივე კლუბი მკაცრად გააფრთხილა, ხოლო საპასუხო მატჩზე ჰოლანდიის საპორტო ქალაქ როტერდამში საგანგებო კომისარიც მიავლინა. ამავდროულად, ჰოლანდიის ხელისუფლებასაც სთხოვა მოსალოდნელი აურზაურის თავიდან ასაცილებლად სტადიონზე პოლიციის დამატებითი რაზმები მიეყვანათ. წინდახედულობამ ნაყოფი გამოიღო: როტერდამული მატჩი მშვიდად დამთავრდა - „სპარტამ" 1:0 მოიგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში მაინც „სერვეტმა" იმარჯვა. შეგახსენებთ: შვეიცარიელთა თავკაცმა ბელა გუტმანმა 1961 და 1962 წლებში ლისაბონის „ბენფიკასთან" ერთად ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, პორტუგალიური კლუბიდან გათავისუფლებით გულდაწყვეტილმა კი „ბენფიკა" დაწყევლა - ევროთასის მოგება არ გეღირსოთო...

ტურნირის მომავალმა ტრიუმფატორმა მიუნხენის „ბაიერნმა" 1967 წელს პირველად გაიბრწყინა ევროსარბიელზე. „ბაიერნი" ზეპ მაიერის, ფრანც ბეკენბაუერისა და გერდ მიულერის გუნდი გახლდათ, რომელმაც 1974, 1975,  და 1976 წლებში ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა, 1976 წელს კი საკონტინენტთაშორისო თასიც აღმართა.

ხსენებულმა სამეულმა საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე ყველა ტიტული ირგუნეს, თუკი რაიმე არსებობს: ზემოხსენებული თასები გარდა ისინი მსოფლიოს (1974) და ევროპის (1972) ჩემპიონებიც გახდნენ, კლუბის კაპიტანი ფრანც ბეკენბაუერი კი ორჯერ - 1972 და 1976 წლები - დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად. რაც შეეხება „საუკუნის ბომბარდირს" გერდ მიულერს, მან 1970-ში „ოქროს ბურთი", 1970 და 1972 წლებში კი „ოქროს ბუცი" დაისაკუთრა. ბარემ აქვე ვთქვათ: მან ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი - 365 ბურთი გაიტანა, თასთა თასის გათამაშებაში კი 20-ჯერ შეაგდო და ამ მაჩვენებლით ტურნირის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მხოლოდ ჰოლანდიელ რობი რენსენბრინკს ჩამორჩება...

პირველი სამი წრე ბავარიელებმა დიდი ნერვიულობის ფასად გაიარეს. მათ განსაკუთრებით მეოთხეფინალში გაუჭირდათ ავსტრიის „რაპიდთან". ვენაში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, მიუნხენში კი საქმე დამატებით დრომდე მივიდა.

მეორე ტაიმის შუაში, როცა ანგარიში გახსნილი არ იყო, შოტლანდიელმა არბიტრმა ბარტონმა მინდვრიდან გააძევა ავსტრიელი ზეიტლი. ამი საპასუხოდ, ვენელებმა მთელი გუნდით მსაჯზე გაიწიეს... თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა.

ბავარიელებმა თავისას მაინც მიაღწიეს - ოლჰაუზერმა მცველების შეცდომით ისარგებლა, მეკარე მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგდო. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. გამარჯვებული დამატებით დროში, მხოლოდ 106-ე წუთზე გამოვლინდა - გერდ მიულერმა ზუსტად დაარტყა.

ნახევარფინალში კი მიუნხენელებს აღარ გასჭირვებიათ: ბელგიის „სტანდარდთან" პირველი შეხვედრის შვიდ წუთში მოითავეს საქმე. უკვე 90-ე წამზე მიულერმა ანგარიში გახსნა, მე-7 წუთზე კი „სტანდარდის" მცველმა ბურთის ხეირიანად მოგერიება ვერ შეძლო და კუფერშმიდტის დარტყმის შემდეგ უპირატესობა ორამდე გაიზარდა. საპასუხო თამაში, ბელგიის ქალაქ ლიეჟში, გერდ მიულერისა გამოდგა: ბომბარდირმა ჰეთ-თრიქი შეასრულა! შესვენებამდე ტაბლოზე 1:1 ენთო -  მიულერის გოლს „სტანდარდის" იუგოსლავიელმა თავდამსხმელმა გალიჩმა უპასუხა. მატჩის პირველ ნახევარში ტერიტორიული უპირატესობაც ბელგიელებისა იყო, მაგრამ მიულერმა მოწინააღმდეგე ორჯერ კონტრშეტევაზე გამოიჭირა - 3:1 და „ბაიერნი" ფინალში გავიდა. გერმანელების იუგოსლავიელმა მწვრთნელმა ზლატკო ჩაიკოვსკიმ საფინალო სასტვენის შემდეგ თქვა, რომ მისმა გუნდმა ლიეჟში სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

მეორე ნახევარფინალში „გლაზგო რეინჯერსს" ბულგარული „სლავიის" დაჩაგვრა არ გასჭირვებია. სოფიაში ისე ციოდა, რომ სტადიონზე მხოლოდ 20 ათასი მაყურებელი მივიდა, არადა, წინა დღეს 70 ათასივე ბილეთი გაიყიდა.

ამინდმა თამაშის ხარისხზეც იმოქმედა: სქოთები ერთთავად დაცვაში თამაშობდნენ - მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში მათი შვიდი ფეხბურთელი საკუთარ ნახევარს არც გასცილებია, თუმცა ამის მიუხედავად, ბრიტანელებმა იშვიათი კონტრშეტევა გოლით დაამთავრეს. ბულგარელთა მეკარემ სიმიონოვმა უაზროდ დატოვა თავისი ბაქანი და უილსონმა ცარიელ კარში შეაგდო ბურთი - 0:1.

გლაზგოში, 60 ათასი მაყურებლის გასახარად, ჰენდერსონის თავურმა კვლავ მინიმალური ანგარიშით მოაგებინა სქოთებს და ფინალისკენ გზა გაუხსნა.

ფინალის მასპინძელ ნიურნბერგში მატჩამდე სამი დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა - მინდორი დაიტბორა, მაგრამ ეს ფინალისტების მთავარი პრობლემა არ იყო.

„გლაზგო რეინჯერსმა" შოტლანდიაში პირველობაც და თასიც მეზობელსა და მთავარ მეტოქეს „სელტიკს" დაუთმო. ამავდროულად, „სელტიკი" ჩემპიონთა თასის ფინალშიც გავიდა (ნიურნბერგის მატჩიდან ორ კვირაში გლაზგოელებმა „ინტერს" 2:1 მოუგეს და თასსაც დაეუფლნენ). ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თასების თასის მოგება „გლაზგო რეინჯერსის" პრესტიჟის საქმე იყო. სხვა მხრივ, კლუბის მესვეურები ვერაფრით შეარბილებდნენ ქომაგთა გულისწყრომას.

უპრობლემოდ არც მიუნხენელები იყვნენ. ბეკენბაუერს რამდენიმე თვის განმავლობაში ტრავა აწუხებდა და არც ფინალის დღეს იყო ბოლომდე ჯანმრთელი. მიულერმა კი გადამწყვეტ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გფრ-იუგოსლავიის ნაკრებთა მატჩში ხელი მოიტეხა და მაჯაც თაბაშირში ჩაუსვეს. ბავარიული გუნდის ექიმი შიშობდა, შესაძლოა, მიულერმა გლაზგოელების წინააღმდეგ ვერ ითამაშოსო...

ფინალის დღეს წვიმამ, როგორც იქნა, გადაიღო და სანამ მოედანზე ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მუსიკოსები მაყურებლებს მელოდიებით ართობდნენ, გასახდელში გერდ მიულერის ბედი წყდებოდა. საბოლოოდ, ზლატკო ჩაიკოვსკიმ ის მაინც შეიყვანა განაცხადში. თავდამსხმელს თამაში არ გამოუვიდა.

პირველ ტაიმში შოტლანდიელები უტევდნენ. ხშირად იერიშებში მათი განაპირა მცველები - იოჰანსენი და ჯარდინიც ერთვებოდნენ. გერმანელები კი ერთფეროვანი ტაქტიკით თამაშობდნენ - ცდილობდნენ გრძელი გადაცემებით ბურთი საჯარიმოსთან მდგომი მიულერისთვის  მიეწოდებინათ..

მეორე ნახევარში ჩაიკოვსკიმ ტაქტიკა შეცვალა: ბავარიელებმა ბურთი „დაიჭირეს", სქოთები არბენინეს, დაღალეს და თამაშის ტემპიც დააგდეს.

საქმე დამატებით დრომდე მივიდა, იქ კი, თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნათო, ორივე გუნდმა ლაღი ფეხბურთი გააჩაღა. ჯერ „ბაიერნის" მეკარე ზეპ მაიერმა რაღაც სასწაულებრივად მოიგერია ჰინდის თავური. მალე რაინერ ოლჰაუზერმა ჩააწოდა საჯარიმოში, მცველმა ფრანც როტმა თავით დაარტყა, მეკარემ მოიგერია, მაგრამ როტმა თავადვე დაამატა და ფინალის ერთადერთი ბურთიც გაიტანა.

თამაში მთავრდებოდა, როცა ტრიბუნების ქვეშ პოლიციელთა გაძლიერებული რაზმი გამოჩნდა. ორგანიზატორებს ეშინოდათ, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ ხალხი მინდორზე გადაცვივდებოდა და დაჯილდოების ცერემონიას ჩაშლიდა. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა - „ბაიერნის" ბედნიერმა კაპიტანმა ვერნერ ოლკმა ჯილდო ჩაიბარა, დანარჩენ მოთამაშეებს კი მედლები ჩამოურიგეს.

ბრიტანულ-გერმანული არაოფიციალური სამწლიანი დაპირისპირება კუნძულელების მარცხით დამთავრდა. „ბაიერნმა" გერმანიას თასების თასი შეუნარჩუნა და სათავე დაუდო დიდ საკლუბო ევროგამარჯვებებს.

გაზეთი „სარბიელი" (25 მარტი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1966-1967
საკვალიფიკაციო წრე
„ვალური" (რეიკიავიკი, ისლანდია) - „სტანდარდი" (ლიეჟი, ბელგია) 1:1, 1:8
1/16 ფინალი
ოფკ (ბელგრადი, იუგოსლავია) - „სპარტაკი" (მოსკოვი, რუსეთი) 1:3, 0:3; „რაპიდი" (ვენა, ავსტრია) - „გალათასარაი" (სტამბოლი, თურქეთი) 4:0, 5:3; „შემროკ როვერსი" (დუბლინი, ირლანდია) - „სპორა" (ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი) 4:1, 4:1; „ტატრანი" (პრეშოვი, ჩეხოსლოვაკია) - „ბაიერნი" (მიუნხენი, გფრ) 1:1, 2:3; „ფიორენტინა" (ფლორენცია, იტალია) - „რაბა ეტო" (დიორი, უნგრეთი) 1:0, 2:4; აეკ (ათენი, საბერძნეთი) - „ბრაგა" (პორტუგალია) 0:1, 2:3; „ხემიე" (ლაიპციგი, გდრ) - „ლეგია" (ვარშავა, პოლონეთი) 3:0, 2:2; „სტანდარდი" - „აპოლონი" (ლიმასოლი, კვიპროსი) 5:1, 1:0; „სერვეტი" (ჟენევა, შვეიცარია) - აიფკ (ტურკუ, ფინეთი) 1:1, 2:1; „ფლორიანა" (მალტა) - „სპარტა" (როტერდამი, ჰოლანდია) 1:1, 0:6; „სტრასბური" (საფრანგეთი) - „სტიაუა" (ბუქარესტი, რუმინეთი) 1:0, 1:1; „სუონსი თაუნი" (სუონსი, უელსი) - „სლავია" (სოფია, ბულგარეთი) 1:1, 0:4; „გლენტორანი" (ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია) - „გლაზგო რეინჯერსი" (გლაზგო, შოტლანდია) 1:1, 0:4; „სკაიდ ფოტბალი" (ოსლო, ნორვეგია) - „რეალ სარაგოსა" (სარაგოსა, ესპანეთი) 3:2, 1:3; „ოლბორგი" (დანია) - „ევერტონი" (ლივერპული, ინგლისი) 0:0, 1:2
„ბორუსია" (დორტმუნდი, გფრ) 1/16-ფინალიდან თავისუფალი იყო
1/8-ფინალი
„სპარტაკი" - „რაპიდი" 1:1, 0:1; „შემროკ როვერსი" - „ბაიერნი" 1:1, 2:3; „რაბა ეტო" - „ბრაგა" 3:0, 0:2; „ხემიე" - „სტანდარდი" 2:1, 0:1; „სერვეტი" - „სპარტა" 2:0, 0:1; „სტრასბური" - „სლავია" 1:0, 0:2; „გლაზგო რეინჯერსი" - „ბორუსია" 2:1, 0:0; „რეალ სარაგოსა" - „ევერტონი" 2:0, 0:1
1/4-ფინალი
„რაპიდი" - „ბაიერნი" 1:0, 0:2 (დდ); „რაბა ეტო" - „სტანდარდი" 2:1, 0:2; „სერვეტი" - „სლავია" 1:0, 0:3; „გლაზგო რეინჯერსი" - „რეალ სარაგოსა" 2:0, 0:2 (დდ, კენჭისყრა)
1/2-ფინალი
„ბაიერნი"
- „სტანდარდი" 2:0, 3:1; „სლავია" - „გლაზგო რეინჯერსი" 0:1, 0:1

ფინალი
31 მაისი, 1967. გფრ, ნიურნბერგი, „შტადტიშესი". 69480
ბაიერნი 1:0 (დდ) გლაზგო რეინჯერსი
გოლი:
1:0 ფრანც როტი (109)
ბაიერნი: ზეპ მაიერი, პეტერ კუფპერშმიდტი, ვერნერ ოლკი (კაპ), ფრანც როტი, ფრანც ბეკენბაუერი, ჰანს ნოვაკი, რუდოლფ ნაფციგერი, რაინერ ოლჰაუზერი, გერდ მიულერი, დიტერ კულმანი, დიტერ ბრენინგერი
მწვრთნელი: ზლატკო ჩაიკოვსკი (იუგოსლავია)
გლაზგო რეინჯერსი: ნორი მარტინი, კაი იოჰანსენი, დევიდ პროვანი, სანდი ჯარდინი, რონი მაკკინონი, ჯონ გრეიგი (კაპ), ვილი ჰენდერსონი, დეივ სმიტი, როჯერ ჰინდი, ალექს სმიტი, ვილი ჯონსტონი
მწვრთნელი: სკოტ საიმონი
მსაჯი: კონჩეტო ლო ბელო (იტალია)

საუკეთესო ბომბარდირი
როჯერ კლაესენი („სტანდარდი", ბელგია; ბელგია) - 10 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.