სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1968: „მილანი“ (იტალია)

თარიღი: 2016 მარტი 29


1967-1968 წლების გათამაშების გამარჯვებული: იტალიის „მილანი“

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

ნერეო როკოს მილანი
„მატჩის დამთავრებისთანავე ნიუ იორკში გავფრინდებით. იქ ორი ამხანაგური მატჩი გვაქვს დაგეგმილი. მეკითხებიან, შტატებში კი მიდიხართ, მაგრამ ფინალი რომ გადასათამაშებელი გაგიხდეთ, რაღას აპირებთო. ვფიქრობ, არ დაგვჭირდება", - განაცხადა როტერდამში, ფინალურ მატჩზე ჩასულმა „მილანის" მწვრთნელმა ნერეო როკომ.

იმდროინდელი წესით, თუ 90 წუთში გამარჯვებული არ გაირკვეოდა, გადათამაშება ინიშნებოდა. მილანელებმა კი საამერიკო ბილეთები ადრევე დაჯავშნეს. როგორ ჩანს, გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდათ და, ალბათ, მართლებიც იყვნენ - „ჰამბურგთან" გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელებს ყველა აშკარა ფავორიტად მიიჩნევდა.

ნერეო როკოს თავკაცობით 1963 წელს „მილანმა" ჩემპიონთა თასი მოიგო, თუმცა მთავარ მწვრთნელს მალე მოთამაშეებთან კონფლიქტი მოუვიდა და წავიდა. ამას მოჰყვა ის, რომ „მილანში" საქმეები აირია. მწვრთნელების ცვლას სასურველი შედეგი არ მოჰყვა და 1967 წელს კლუბის მესვეურებმა კვლავ როკოს უხმეს.

ნერეო როკო განსაკუთრებული ფიგურა გახლდათ. „მილანის" ფეხბურთელებს მისი ეშინოდათ, ჟურნალისტებმა კი მწვრთნელს „პატარა დიქტატორი" შეარქვეს. როცა 56 წლის როკომ „მილანში" მხიარული, მაგრამ უიღბლო არტურო სილესტრი შეცვალა, მილანელოში (გუნდის ბაზა) აწუწუნდნენ, ეს კაცი ვარჯიშით სულს ამოგვხდისო.

„მილანის" სათავეში დაბრუნებულმა როკომ ბრაზილიელი ფორვარდი ამარილდო გაყიდა, სამაგიეროდ, ორი ძლიერი მოთამაშე - ლიბერო სოლ მალატრაზი და მეგოლე კურტ ჰამრინი შეიძინა. სწორედ ის ჰამრინი, რომელიც წლების განმავლობაში „ფიორენტინას" მთავარი ფიგურა იყო, 1961-ში კი თასთა თასის პირველი გათამაშების გამარჯვებული და საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

1967-68 წლების სერია ა-ში „მილანი" მეცხრე ტურიდან გალიდერდა და ჩემპიონობამდე ისე მივიდა, ახლოს არავინ მიუშვა. ჩინებული სეზონი ჩაატარა კლუბის კაპიტანმა ჯანი რივერამ. მიმომხილველები წერდნენ, რომ იტალიური ფეხბურთის „ოქროს ბიჭუნამ" საბოლოოდ მოიცილა იუნიორის თვისებები და სტაბილური, ვაჟკაცური თამაშით გუნდის ნამდვილი ლიდერი გახდა.

იმ სეზონის აღმოჩენად ახალგაზრდა ფორვარდი პიერინო პრატი დაასახელეს - 15 გოლით ის ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლე გახდა. ამათ გარდა „მილანში" თამაშობდნენ გერმანელი მცველი კარლ-ჰაინც შნელინგერი, ნახევარმცველი ჯოვანი ტრაპატონი და ჯოვანი ლოდეტი, ბრაზილიელი შემტევი ანჯელო სორმანი. ასეთი იყო იმ გუნდის ბირთვი, რომელმაც რიხით მოიგო იტალიის პირველობა და ელენიო ერერას უძლეველი „ინტერი" დაჩრდილა. თუ როგორ მოახერხა ეს, ამაზე ქვემოთ.

მეორე ფინალისტი „ჰამბურგი" უფრო წარსული გამარჯვებებით იმსახურებდა პატივისცემას. წინა წელს კლუბი ქვეყნის თასის ფინალამდე ისე მივიდა, ბუნდესლიგის გუნდი არ შეხვედრია, გადამწყვეტ თამაშში კი მიუნხენის „ბაიერნთან" 0:4 წააგო. ჩრდილოგერმანელები თასების თასზე სწორედ მიუნხენელთა წყალობით მოხვდნენ - ბავარიელები ამ თასის მფლობელები იყვნენ და ტურნირში მონაწილეობის უფლება ავტომატურად ეძლეოდათ. „ჰამბურგი" ქვეყნის თასის ფინალისტის სტატუსით მოხვდა თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში.

გუნდის კაპიტანს, მაშინდელი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრფორვარდს უვე ზეელერს ჩავარდნა ჰქონდა. არც გუნდური თამაში იყო მთლად დაწყობილი, თუმცა დადებითიც შეინიშნებოდა: კარგ ფორმაში იყვნენ ახალგაზრდა მცველი ჰელმუტ ზანდმანი და გამოცდილი ლიბერო ვილი შულცი. ჟურნალი „კიკერი" წერდა, „ჰამბურგის" ევროგამოსვლას დიდი დღე არ უწერიაო, მაგრამ იღბალი იყო თუ ოსტატობა, „ჰამბურგი" ფინალამდე მივიდა.

მეოთხედფინალში ჰამბურგელებსა და საფრანგეთის „ლიონს" შორის ნამდვილი ომი გაიმართა. ორი თამაშის შემდეგ ანგარიში საყაიმო იყო - 2:2. კენჭისყრის შემდეგ მესამე დამატებითი შეხვედრა ისევ ჰამბურგში გაიმართა. მასპინძლები საკუთარმა კედლებმა მოადუნა და კინაღამ დაისაჯნენ - ფრანგმა დი ნელომ ორი რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში მოსახდენი მაინც მოხდა: უვე ზეელერმა აიწყვიტა - 47-ე წუთზე კაპიტანმა ჯარიმიდან გაიტანა, 59-ე წუთზე კი მისი დარტყმული ბურთი მცველმა ხელით დაიჭირა, პენალტი კი თავად ზეელერმა შეასრულა და სტუმრებს მეორედ დააწყებინა ცენტრიდან თამაში.

„ჰამბურგის" მთავარმა მწვრთნელმა კურტ კოხმა თქვა, ჩემმა გუნდმა პრობლემები დაძლია, ზეელერიც ათამაშდა და ახლა ფინალზე ფიქრიც შეიძლებაო. თუმცა, მანამდე დასავლეთგერმანელებს კიდევ ერთი რთული რაუნდი ელოდათ - მათი მეტოქე კერკეტი „კარდიფ სიტი" იყო.

უელსელებმა იმ წელს პატარა სასწაული მოახდინეს: ინგლისის მეორე დივიზიონის (ახლანდელი პირველი) მეშუალედემ მწვრთნელის, ჯიმი სკალერის და 19 წლის ჯონ ტოშაკის გარჯით იმდენი მოახერხა, რომ კინაღამ ფინალში გაძვრა. კარდიფში მასპინძლები დინის მიერ მე-5 წუთზე გატანილი ბურთით უგებდნენ კიდეც გერმანელებს. სტუმრებმა მხოლოდ მატჩის დამთავრებადე 15 წუთით ადრე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. ჰამბურგში კი 90-ე წუთამდე ტაბლოზე 2:2 ენთო. ამ შედეგს ფინალში უელსელები გაჰყავდა, მაგრამ ბოლო წამებზე ფრანც-იოზეფ ჰიონიგის დარტყმული ბურთი მეკარე უილსონს ხელიდან გაუვარდა და „ჰამბურგმა" 3:2 მოიგო. დღეს იღბალმა მეტოქეს გაუღიმა, არადა, ფინალამდე ერთი ნაბიჯი რჩებოდაო - თქვა ნამატჩევს კარდიფელთა ნაღვლიანმა დამრიგებელმა ჯიმი სკალერმა.

ტურნირის საუკეთესო დაპირისპირებად კი ჟურნალისტებმა „მილანი"-„ბაიერნის" ნახევარფინალი მონათლეს. თასის იმჟამინდელი მფლობელი „ბაიერნის" მწვრთნელი ზლატკო ჩაიკოვსკი გათამაშების დასაწყისში ამბობდა, წლეულს თასს კვლავ ჩვენ აღვმართავთო და, ალბათ, ასეც მოხდებოდა, რომ არა უფრო ძლიერი „მილანი".

პირველი თამაში იტალიელებმა 2:0 მოიგეს. საპასუხოში „ბაიერნი" ბევრს უტევდა, მაგრამ მსაჯის საფინალო სასტვენმა უგოლო ფრე დააფიქსირა. მიუნხენელებმა თავდასხმაში ფრანც ბეკენბაუერი წასწიეს, მაგრამ მასზე „მიმაგრებულმა" კარლ-ჰაინც შნელინგერმა „კაიზერ ფრანცი" თამაშიდან გამოთიშა.

შნელინგერმა ბეკენბაუერზე ნაყოფიერად იმუშავა, უშეცდომოდ ირჯებოდა და ორჯერ ბურთი იტალიელების ცარიელი კარიდანაც გამოიტანა.

მოგვიანებით ნერეო როკომ თქვა: „თამაშით მოწინააღმდეგემ გვაჯობა, მაგრამ ჩვენ ფრე გვაძლევდა ხელს და მიზანს მივაღწიეთ. გამარჯვებული ორი შეხვედრის ჯამში ვლინდება. ამ მხრივ ჩვენ უფრო რაციონალურად ვიმუშავეთ. ამიტომ, „მილანის" ფინალში გასვლა კანონზომიერად მიმაჩნია".

გადამწყვეტ თამაშზე როტერდამში 25 ათასი გერმანელი ჩავიდა. შეზარხოშებული ჰამბურგელები ფინალამდე ქალაქს მოედვნენ, დროშების ფრიალითა და საყვარელი გუნდის სიმღერებით იქაურობა აიკლეს. უცნაურია, მაგრამ იმ დღეს „მილანის" ტიფოზები თითქმის არავის უნახავს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მათ ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციისთვის მხოლოდ 900 ბილეთი ჰქონიათ შეკვეთილი. მიუხედავად ამისა, „მილანს" საწუწუნო არაფერი ჰქონდა - სტადიონზე 53 ათასი მაყურებელი მივიდა და როტერდამელთა უმეტესობა იტალიელებს გულშემატკივრობდა.

ფინალი ხეირიანად გახურებულიც არ იყო, „მილანმა" ანგარიში რომ გახსნა: კურტ ჰამრინმა მარცხენა შორეულ კუთხეში დაარტყა და „ჰამბურგის" თურქ მეკარეს არქოჩ ოზქანს შანსი არ დაუტოვა - 1:0.

15 წუთში ჰამრინმა მეორეც გაიტანა. შვედმა ერთმანეთის მიყოლებით მოატყუა იურგენ კურბიუნი, ეგონ ჰორსტი, წინ გამოსული ოზქანი და დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან ცარიელ კარში დაარტყა - 2:0.

ორბურთიანმა უპირატესობამ იტალიელებს ფრთები შეასხა. მათი თავდამსხმელები იოლად უმკლავდებოდნენ მოწინააღმდეგე მცველებს. ბურთის გატანას განსაკუთრებით ცდილობდა პიერინო პრატი, მაგრამ ფინალში მეტი გოლი აღარ გასულა.

„მილანის" თავდასხმას არც დაცვა ჩამორჩებოდა: მეკარე ფაბიო კუდიჩინიმ, ფაქტოურად, უსაქმოდ გაატარა 90 წუთი. ჰამბურგელები ერთთავად ზეელერის მოძებნას ცდილობდნენ, მაგრამ კაპიტანს მჭიდროდ მეურვეობდა გამოცდილი რობერტო როზატო. უზეელეროდ „ჰამბურგის" წინა ხაზი აბსოლუტურად უმოქმედო იყო...

1968 წლის გაზაფხულზე მილანელებმა თასების თასთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობაც იზეიმეს, მაგრამ ნერეო როკო მაინც უკმაყოფილო იყო. იტალიელი ჟურნალისტი ფრანჩესკო მინელა წერს: „როკოს არ უყვარდა თავისი ფეხბურთელების ქება. თუ ზოგჯერ, პირად საუბარში რაიმეს მაინც იტყოდა, მკაცრად გვაფრთხილებდა, არ გაბედო და ჩემს ზარმაცებთან არაფერი წამოგცდეს, თორემ იტყვიან, როკო კმაყოფილია და ვარჯიშებზე უქმად იქნებიან, ამიტომ, იძულებული ვარ ყოველთვის ვუცაცხანო. ვიცი, ამის გამო ბევრს არ ვუყვარვარ, მაგრამ ჯობია დესპოტად მთვლიდნენ, მაგრამ საქმე ისე გააკეთონ, როგორც საჭიროა".

ახლა თავად როკოს მოვუსმინოთ: „რატომ მოვიგეთ ჩემპიონობა და თასების თასი? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. იტალიის პირველობაზე კონკურენცია დაბალი იყო. ევროტურნირზეც, „ბაიერნთან" მატჩის გარდა, მაღალი დონის ფეხბურთი არ მინახავს. თუმცა, ეს ჩვენს გამარჯვებას სულაც არ ჩრდილავს. რივერამ და პრატიმ მართლაც კარგი სეზონი ჩაატარეს, მაგრამ რომ არა ჰამრინი, ამ ორის გარჯას ფასი დაეკარგებოდა. როცა ჰამრინს „ფიორენტინადან" წამოსვლის ნება დართეს, ვიფიქრე, ფლორენციაში ხომ არ გაგიჟდნენ-მეთქი. მართალია ჰამრინის კარიერის საუკეთესო წლები წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ის ჩვეულად თამაშობს ცენტრშიც და ფლანგებზეც. ასეთი ფეხბურთელის შეჩერება კი „კატენაჩოს" პირობებშიც ძნელია. ჰამრინის მეშვეობით გუნდი შევკარი და იმას დავამსგავსე, ხუთი წლის წინათ ჩემპიონთა თასი რომ მოიგო. რატომ არ ვთამაშობთ „კატენაჩოს"? უბრალო მიზეზის გამო - სათანადო კლასის მცველები არ გვყავს. სიამოვნებით დავიმატებდი მალდინის (ჩეზარე მალდინი იგულისხმება, „მილანის" ყოფილი კაპიტანი. მან თორმეტი სეზონი გაატარა გუნდში და როკოს მისვლამდე ერთი წლით ადრე ოთხას მილიონ ლირად გაიყიდა „ტორინოში"), ასეთი დონის ლიბერო ცოტა თუ მოიძებნება ევროპაში, პრატის, რივერასა და ჰამრინს კი „კატენაჩოს" ნამდვილად ვერ ვათამაშებ".

აი, ასეთი იყო ნერეო როკო და მისი გუნდი.

გაზეთი „სარბიელი" (26 მარტი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1967-1968
1/16 ფინალი
„ალთაი" (იზმირი, თურქეთი) - „სტანდარდი" (ლიეჟი, ბელგია) 2:3, 0:0; „აბერდინი" (შოტლანდია) - კრ (რეიკიავიკი, ისლანდია) 10:0, 4:1; „დიორი ეტო" (დიორი, უნგრეთი) - „აპოლონი" (ლიმასოლი, კვიპროსი) 5:0, 4:0; „მილანი" (იტალია) - „ლევსკი" (სოფია, ბულგარეთი) 5:1, 1:1; „ვალენსია" (ესპანეთი) - „კრუზეიდერსი" (ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია) 4:0, 4:2; „აუსტრია" (ვენა, ავსტრია) - „სტიაუა" (ბუქარესტი, რუმინეთი) 0:2, 1:2; „ბაიერნი" (მიუნხენი, გფრ) - „პანათინაიკოსი" (ათენი, საბერძნეთი) 5:0, 2:1; „ფრედრიკსტადი" (ნორვეგია) - „ვიტორია" (სეტუბალი, პორტუგალია) 1:5, 1:2; ჰიკ (ჰელსინკი, ფინეთი) - „ვისლა" (კრაკოვი, პოლონეთი) 1:4, 0:4; „ჰამბურგი" (გფრ) - „რანდერს ფრეია" (რანდერსი, დანია) 5:3, 2:0; „არის ბონევოი" (ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი) - „ლიონი" (საფრანგეთი) 0:3, 1:2; „ჰაიდუკი" (სპლიტი, იუგოსლავია) - „ტოტენჰემ ჰოთსფური" (ლონდონი, ინგლისი) 0:2, 3:4; „ფლორიანა" (მალტა) - „ბრედა" (ჰოლანდია) 1:2, 0:1; „შემროკ როვერსი" (დუბლინი, ირლანდია) - „კარდიფ სიტი" (კარდიფი, უელსი) 1:1, 0:2; „ტორპედო" (მოსკოვი, სსრკ) - „ზახსენრინგი" (ცვიკაუ, გდრ) 0:0, 1:0; „ლოზანა" (შვეიცარია) - „სპარტაკი" (ტრნავა, ჩეხოსლოვაკია) 3:2, 0:2
1/8-ფინალი
„სტანდარდი" -
 „აბერდინი" 3:0, 0:2; „დიორი ეტო" - „მილანი" 2:2, 1:1; „ვალენსია" - „სტიაუა" 3:0, 0:1; „ბაიერნი" - „ვიტორია" 6:2, 1:1; „ვისლა" - „ჰამბურგი" 0:1, 0:4; „ლიონი" - „ტოტენჰემ ჰოთსფური" 1:0, 3:4; „ბრედა" - „კარდიფ სიტი" 1:1, 1:4; „ტორპედო" - „სპარტაკი" 3:0, 3:1
1/4-ფინალი
„სტანდარდი" - „მილანი" 1:1, 1:1 (დდ), 0:2; „ვალენსია" - „ბაიერნი" 1:1, 0:1; „ჰამბურგი" - „ლიონი" 2:0, 0:2 (დდ), 2:0; „კარდიფ სიტი" - „ტორპედო" 1:0, 0:1 (დდ), 1:0
1/2-ფინალი
„მილანი" -
„ბაიერნი" 2:0, 0:0; „ჰამბურგი" - „კარდიფ სიტი" 1:1, 3:2

ფინალი
23 მაისი, 1968. ჰოლანდია, როტერდამი, „ფეიენოორდი". 53000
მილანი 2:0 ბაიერნი
გოლები:
1:0 კურტ ჰამრინი (3), 2:0 კურტ ჰამრინი (19)
მილანი: ფაბიო კუდიჩინი, ანჯელო ანკილეტი, კარლ-ჰაინც შნელინგერი, რობერტო როზატო, ნევიო სკალა, ჯოვანი ტრაპატონი, ჯოვანი ლოდეტი, კურტ ჰამრინი, ანჯელო სორმანი, ჯანი რივერა (კაპ), პიერინო პრატი
მწვრთნელი: ნერეო როკო
ბაიერნი: არქოჩ ოზქანი, ჰელმუტ ზანდმანი, ვილი შულცი, ეგონ ჰორსტი, იურგენ კურბიუნი, ჰოლგერ დიკმანი, ვერნერ კრამერი, ბერნდ დიორფელი, უვე ზეელერი (კაპ), ფრანც-იოზეფ ჰიონიგი, ჩარლი დიორფელი
მწვრთნელი: კურტ კოხი
მსაჯი: ხოსე მარია ორტის დე მენდიბილი (ესპანეთი)

საუკეთესო ბომბარდირი
უვე ზეელერი („ჰამბურგი", გფრ; გფრ) - 8 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.