სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1969: „სლოვანი“ (ჩეხოსლოვაკია)

თარიღი: 2016 მარტი 30


1968-1969 წლების გათამაშების გამარჯვები: „სლოვანი“ (ჩეხოსლოვაკია)

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

ამბავი მამაცი ბრატისლაველებისა
...1968 წლის გაზაფხულზე საბჭოთა ტანკები ჩეხოსლოვაკიაში შეგრიხინდნენ და თავისი ჯარისკაცებითურთ იქ დიდი ამბები დაატრიალეს. პოლიტიკოსები (და არა მარტო პოლიტიკოსები) ხშირად ამბობენ, სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთთან არაფერ შუაშიაო, მაგრამ იდეოლოგია ერთია და რეალობა - მეორე.

1968-1969 წლების გათამაშებას თავიდანყვე დაჰყვა პოლიტიკური ფონი, რაც ბოლომდე არ მოსცილებია - „პრაღის გაზაფხულმა" თავის საქმე მაინც გააკეთა.

1968 წლის 1 ივლისს, ჟენევის სასტუმრო „ინტერკონტინენტალში" წილისყრა ჩვეულებრივაად ჩატარდა, მეტოქეები დააწყვილეს, გათამაშების წესდებაში კი ერთი სიახლეც შეიტანეს - გუნდებს მატჩის განმავლობაში ორი ფეხბურთელის შეცვლის უფლება მიეცათ. დადგინდა თამაშების თარიღებიც. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ...

დასავლეთ ევროპის კლუბებმა, ცხადია მთავრობების ზეწოლით, უეფაში თავისი არგუმენტები წარადგინეს. მათი აზრით, ნატოსა და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებს ერთად არაფერი ესაქმებოდათ და განმეორებითი წილისყრა მოითხოვეს, რომლის მიხედვითაც, აღმოსავლეთ ევროპის გუნდები ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ.

სხვადასხვა მიზეზთა გამო, მათ შორის ტურნირის ჩაშლის თავიდან აცილების მიზნით, უეფა ამ მოთხოვნას დაყაბულდა და წილისყრის პირვანდელი ვარიანტი შეცვალა. ეს ამბავი რომ გაიგეს, ახლა აღმოსავლეთის ბლოკმა „შეკრა პირი" და ევროთასებს ბოიკოტი გამოუცხადა: მოსკოვის „დინამომ", სოფიის „სპარტაკმა", ბერლინის „უნიონმა" და ზაბრჟეს „გურნიკმა" თასთა თასზე თამაშზე უარი თქვეს.

4 სექტემბერს აღმოსავლური ბლოკის ლიდერმა საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას წერილი გაუგზავნა სათაურით: „ჩაწყობა წილისყრის მაგიერ", სადაც ეწერა: „შეცვალა რა წილისყრის შედეგები, თქვენმა საგანგებო კომიტეტმა თავისი სრულუფლებიანი წევრების მიმართ დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო. ეს ფიფას და უეფას წესდების უხეში და უპრეცედენტო დარღვევაა! სსრკ საფეხბურთი კავშირი პროტესტს აცხადებს ასეთი ქმედების გამო და იმედოვნებს, რომ ევროპული ფეხბურთის ხელმძღვანელები თავის გადაწყვეტილებას გადახედავენ".

უეფამ ყურადღება არ მიაქცია აღმოსავლელების პროტესტს და არც გადაწყვეტილება შეცვალა. შედეგად, 20 სექტემბერს საბჭოეთის საფეხბურთო კავშირმა ეს ინფორმაცია გაავრცელა: „უეფამ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ეს სხვა არაფერია, თუ არა სპორტში რეაქციული პოლიტიკური ტენდენციების შემოტანა. საბჭოთა სპორტული საზოგადოება გმობს ამას და აცხადებს, რომ მისი წარმომადგენლები ჩემპიონთა თასზე (კიევის „დინამო") და თასების თასზე (მოსკოვის „დინამო") წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ფედერაცია მთელ პასუხისმგებლობას იმ ვაიპოლიტიკოსებს აკისრებს, რომლებიც სპორტულ პრინციპებს უარყოფენ და მაქინაციების ცდუნებას აჰყოლიან".

საბჭოელები ამტკიცებდნენ, რომ სოცბანაკმა დახმარების ძმური ხელი გაუწოდა კონტრრევოლუციის ალში გახვეულ მოძმე ჩეხოსლოვაკიელ ხალხს, კაპიტალისტებმა კი მათ ვერ გაუგეს და ბინძურ თამაშს მიჰყვეს ხელი.

რა და როგორ იყო, დღეს საიდუმლო აღარაა.

განზე გამდგარ გუნდებს მოგვიანებით უნგრეთის წარმომადგენელიც შეემატა: არ ჩატარდა ბუქარესტის „დინამოსა" და უნგრეთის „დიორი ეტოს" მატჩები. უნგრელების უარმა რუმინელები შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

ჩეხოსლოვაკიელები კი გათამაშებაში ჩაებნენ და... ისტორიაში ერთადერთი თასების თასიც მოიგეს! ბრატისლავის „სლოვანმა" ფინალში მრავლისმნახველი „ბარსელონა" დაამარცხა და ვერცხლის თასი დამსახურებულად წაიღო სლოვაკეთის დედაქალაქში!

ჩეხოსლოვაკიელების ფინალში გასვლა ისედაც მოულოდნელობად აღიქმებოდა, შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, გადამწყვეტ მატჩში კი ისინი „ბარსას" უნდა დაპირისპირებოდნენ. კატალონიელებს იმ დროისთვის სამჯერ (1958, 1960, 1966) მოეგოთ ბაზრობათა თასი, ერთხელაც (1961) ჩემპიონთა თასის ფინალში ეთამაშათ.

ფინალის აშკარა ფავორიტად ყველა „ბარსას" მიიჩნევდა. ბაზელში ჩასვლისას კატალონიელთა მწვრთნელმა სალვადორ არტიგასმა თქვა: „ჩვენ რეალურად ვაფასებთ სიტუაციას და ვფიქრობთ, რომ გავიმარჯვებთ". საქმეში ჩახედული ხალხი იმასაც ამბობდა, ბრატისლაველებს ახალგაზრდული გუნდი ჰყავთ და ამიტომ, უფრო აგრესიულები იქნებიანო.

„სლოვანის" ლიდერები ტყუპი ძმები იოჟეფ და იან ჩაპკოვიჩები იყვნენ. იმხანად ტყუპებს 21 წელი შესრულებოდათ და დიდი ამაგი მიუძღვოდათ გუნდის წარმატებაში.

იოჟეფი მარჯვენა შემტევად თამაშობდა, მერე ნახევარდაცვაში, ბოლოს კი დაცვის ცენტრში გადაიყვანეს. იქ იპოვა თავისი ადგილი და კლუბისა თუ ნაკრების ისტორიაში დიდი სახელიც დაიგდო. მისი კარიერის საუკეთესო მატჩად 1976 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდია-ჩეხოსლოვაკიის ნახევარფინალი ითვლება - მაშინ იოჟეფმა ფეხი არ გაანძრევინა სახელოვან იოჰან კრუიფს, რამდენიმე დღეში კი კონტინენტის ჩემპიონიც გახდა. ტყუპისცალი იანი ფორვარდი გახლდათ და „ბარსასთან" გადამწყვეტი, მესამე გოლიც მის ანგარიშზეა.

ფინალში ორივე გუნდმა ოთხ-ოთხი თავდამსხმელით ითამაშა: „სლოვანს" წინა ხაზზე ლუდოვიტ ცვეტლერი, ლადისლავ მოდერი, კაროლ იოკლი და იან ჩაპკოვიჩი ჰყავდა, „ბარსას" კი სანტიაგო კასტრო, ხოსე ანტონიო სალდუა, ხოსეპ მარია ფუსტე და კარლეს რექსაჩი.

უკვე 45-ე წამზე მაყურებელმა პირველი გოლი იხილა: ცვეტლერი მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეიჭრა და ათი მეტრიდან ბურთი სალვადორ სადურნის კარის ბადეში გაახვია. ესპანელები დაიბნენ, სლოვაკებმა კი შეტევებს უმატეს.

მე-15 წუთისთვის „ბარსას" სწრაფი კონტრშეტევა გამოუვიდა და სალდუამ თანაფარდობა აღადგინა - 1:1.

ამას მამაცი ბრატისლაველები არ შეუშინებია: „სლოვანი" თითქმის მთელი გუნდით გადავიდა შეტევაზე. ჯერ მცველმა ვლადიმირ ჰრივნაკმა, მერე კი ძმის გადაცემით იან ჩაპკოვიჩმა ანგარიში 3:1 გახადეს.

„ბარსამ" მეტოქეს მხოლოდ ერთი გოლით უპასუხა. როგორც ჩეხოსლოვაკიელები ამბობდნენ, იმ დღეს კლუბს თვით წმინდა იაკობიც დაეხმარა (ასე ჰქვია „ბაზელის" სტადიონს) და „სლოვანი" სოცბანაკის პირველი წარმომადგენელი გახდა, ევროთასი რომ მოიგო!

ტრიუმფატორებს ბრატისლავაში დიდებული შეხვედრა მოუწყვეს - მთელი ქალაქი ზეიმობდა! როცა თასშემართული კაროლ იოკლი მუნიციპალიტეტის შენობიდან გამოვიდა, ცენტრალური მოედანი ოვაციისგან კინაღამ დაინგრა.

მწვრთნელი მიხალ ვიჩანი პატარა ბავშვივით ხარობდა. „დიდი მოუსვენარი" - ასე ეძახდნენ ვიჩანს. ის გუნდში ერთი წლის მისული იყო და დროის იმ მონაკვეთში შემადგენლობის გაახალგაზრდავება და ახალი სათამაშო კონცეფციის დანერგვა შეძლო.

საერთოდ, „სლოვანს" ძალიან საინტერესო ისტორია აქვს და ეს წარმატებაც შემთხვევითი არ ყოფილა. სხვადასხვა წლებში გუნდში ბევრ ევროპული დონის ფეხბურთელს უთამაშია: მეკარე ვილიამ შროიფმა მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონატზე გაიბრწყინა და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, მცველმა იან პოპლუჰარმა 1963 წელს ფიფას ნაკრებში ითამაშა ინგლისელების წინააღმდეგ...

1976 წლის ევროპის ჩემპიონი ჩეხოსლოვაკიის ნაკრების კაპიტანი ანტონ ონდრუში კლუბის სიმბოლო გახლდათ, იოჟეფ ვენგლოში, „სლოვანის" ყოფილი კაპიტანი კი შემდეგ სახელოვანი მწვრთნელი გახდა და ჩეხოსლოვაკიის ნაკრების გარდა ლისაბონის „სპორტინგს" და ინგლისის „ასტონ ვილასაც" წვრთნიდა.

გაზეთი „სარბიელი" (27 მარტი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1968-1969
1/16 ფინალი
„დანფერმლაინ ატლეტიკი" (დანფერმლაინი, შოტლანდია) -
„აპოელი" (ნიქოზია, კვიპროსი) 10:1, 2:0; „ოლიმპიაკოსი" (პირეოსი, საბერძნეთი) - კრ (რეიკიავიკი, ისლანდია) 2:0, 2:0; „ბრიუგე" (ბელგია) - „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" (ვესტ ბრომვიჩი, ინგლისი) 3:1, 0:2; „პარტიზანი" (ტირანა, ალბანეთი) - „ტორინო" (ტურინი, იტალია) 1:0, 1:3; „კარდიფ სიტი" (კარდიფი, უელსი) - „პორტუ" (პორტუგალია) 2:2, 1:2; „სლოვანი" (ბრატისლავა, ჩეხოსლოვაკია) - „ბორი" (იუგოსლავია) 3:0, 0:2; „დენ ჰააგი" (ჰააგა, ჰოლანდია) - „გრაცერ აკ" (გრაცი, ავსტრია) 4:1, 2:0; „ბორდო" (საფრანგეთი) - „კიოლნი" (გფრ) 2:1, 0:3; „რანდერს ფრეია" (რანდერსი, დანია) - „შემროკ როვერსი" (დუბლინი, ირლანდია) 1:0, 2:1; „რუმელანჟი" (ლუქსემბურგი) - „სლიემა უონდერერსი" (სლიემა, მალტა) 2:1, 0:1; „ლუგანო" (შვეიცარია) - „ბარსელონა" (ესპანეთი) 0:1, 0:3; „ალთაი" (იზმირი, თურქეთი) - „ლინი" (ოსლო, ნორვეგია) 3:1, 1:4; „კრუზეიდერსი" (ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია) - „ნორჩიოპინგი" (შვედეთი) 2:2, 1:4; „დინამო" (ბუქარესტი, რუმინეთი) - „ვაშაში ეტო" (დიორი, უნგრეთი) - უნგრელთა უარი
„სპარტაკი" (სოფია, ბულგარეთი)-„უნიონი" (ბერლინი, გდრ) - გუნდების უარი; „გორნიკი" (ზაბრჟე, პოლონეთი)-„დინამო" (მოსკოვი, სსრკ) - გუნდების უარი
1/8-ფინალი
„დანფერმლაინ ატლეტიკი" -
„ოლიმპიაკოსი" 4:0, 0:3; „დინამო" - „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" 1:1, 0:4; „პორტუ" - „სლოვანი" 1:0, 0:4; „დენ ჰააგი" - „კიოლნი" 0:1, 0:3; „რანდერს ფრეია" - „სლიემა უონდერერსი" 6:0, 2:0; „ლინი" - „ნორჩიოპინგი" 2:0, 2:3
„ტორინო" და „ბარსელონა" 1/8-ფინალიდან თავისუფლები იყვნენ
1/4-ფინალი
„დანფერმლაინ ატლეტიკი" -
„ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" 1:0, 0:0; „ტორინო" - „სლოვანი" 0:1, 1:2; „კიოლნი" - „რანდერს ფრეია" 2:1, 3:0; „ლინი" - „ბარსელონა" 2:3, 2:2
1/2-ფინალი
„დანფერმლაინ ატლეტიკი" - „სლოვანი" 1:1, 0:1; „კიოლნი" - „ბარსელონა" 2:2, 1:4

ფინალი
21 მაისი, 1969. შვეიცარია, ბაზელი, „სენტ იაკობი". 19000
სლოვანი 3:2 ბარსელონა
გოლები:
1:0 ლუდოვიტ ცვეტლერი (1), 1:1 ხოსე ანტონიო სალდუა (16), 2:1 ვლადიმირ ჰრივნაკი (30), 3:1 იან ჩაპკოვიჩი (42), 3:2 კარლეს რექსაჩი (52)
სლოვანი: ალექსანდერ ვენცელი, იოჟეფ ფილო, ალექსანდერ ჰორვატი (კაპ), ვლადიმირ ჰრივნაკი, იან ზლოხა, ივან ჰრდლიჩკა, იოჟეფ ჩაპკოვიჩი, ლუდოვიტ ცვეტლერი, ლადისლავ მოდერი (ბოჰუშ ბიზონი 67), კაროლ იოკლი, იან ჩაპკოვიჩი
მწვრთნელი: მიხალ ვიჩანი
ბარსელონა: სალვადორ სადურნი, ხოსეპ ფრანჩი (ხესუს მარია პერედა 11), ელადიო, ხოაკიმ რიფე, ფერან ოლიველია (კაპ), პედრო საბალსა, კარლოს პელისერი, სანტიაგო კასტრო (მენდონკა 46), ხოსე ანტონიო სალდუა, ხოსეპ მარია ფუსტე, კარლეს რექსაჩი
მწვრთნელი: სალვადორ არტიგასი
მსაჯი: ლორენს ვან რავენსი (ჰოლანდია)

საუკეთესო ბომბარდირი
კარლ-ჰაინც რული („კიოლნი", გფრ; გფრ) - 6 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.