სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1970: „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)

თარიღი: 2016 მარტი 30


1969-1970 წლების გათამაშებაში გამარჯვებული: „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

სიტიმ რა ქნა?
ბოლო წლებში ეს კითხვა ბევრ ქართველს აწუხებდა. გიორგი ქინქლაძის, მიხეილ ყაველაშვილის, მურთაზ შელიასა და კახი ცხადაძის მანჩესტერში გადასვლამ „მანჩესტერ სიტი" ჩვენი ქომაგების საყვარელ გუნდად აქცია. შარშან გამოცემულ კლუბის ხუთასგვერდიან ენციკლოპედიაში წერია, რომ წიგნის ავტორებმა „მანჩესტერ სიტის" ყველა თაობის რვაასამდე მწვრთნელი, მოთამაშე, თანამშრომელი, მემატიანე და გულშემატკივარი გამოჰკითხეს და კოლინ ბელთან ერთად გიორგი ქინქლაძე კლუბის ისტორიაში ყველაზე პოპულარულ ფეხბურთელად დაასახელეს.

...1970 წელს „მანჩესტერ სიტიმ" თასების თასი მოიგო, მაგრამ ეს ამბავი ნახევარ საქართველოს არ გაუგია. იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ, XX საუკუნის მიწურულს, 90-იან წლებში ამ ინგლისური გუნდის ამბები საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს ზეპირად ეცოდინებოდა.

1969-1970 წლები „მანჩესტერ სიტისთვის" გამორჩეული გამოდგა: „ქალაქელებმა" ჯერ ქვეყნის თასი მოიგეს - ნახევარფინალში მთავარი მტერი „მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხეს, ფინალში კი „ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" აჯობეს - 2:1, ევროპაში, თასების მფლობელთა თასზე კი ლაღი და ყველაზე შემტევი ფეხბურთი აჩვენეს. თავად განსაჯეთ: მანჩესტერელებმა ბილბაოს „ატლეტიკს" ექვსი ბურთი გაუტანეს, ბელგიის „ლიერსს" რვა, გელზენკირხენის „შალკე 04"-ს კი ხუთი. ამას დაუმატეთ პორტუგალიის „აკადემიკასა" და პოლონეთის „გორნიკისთვის" გატანილი სამი გოლი და ჯამში 22 გამოვა. ვერაფერს იტყვი, სოლიდური რიცხვია!

ტურნირის დასაწყისში მოულოდნელობა მოხდა: გათამაშებას თასის მფლობელი ბრატისლავის „სლოვანი" გამოეთიშა. იუგოსლავიის დინამოელების მილკოვიჩის, ნოვაკისა და გუცმირტლის სამ გოლს ჩეხოსლოვაკიელებმა ვერც ზაგრებში უპასუხეს და ვერც შინ. მოგვიანებით გულშემატკივრები უფრო დიდი მოულოდნელობის მომსწრენი გახდნენ: ფინალში პოლონეთის „გორნიკი" გაძვრა, გუნდი, რომელსაც სათვალავში არავინ აგდებდა.

„დრამატული ნახევარფინალი" - ასე უწოდეს ჟურნალისტებმა „გორნიკისა" და „რომას" ფინალისწინა სამრაუნდიან ბრძოლას. მანამდე რომაელთა მწვრთნელმა, ცნობილმა ელენიო ერერამ იტალიურ რადიოს ინტერვიუ მისცა და ერთი საინტერესო აზრიც გამოთქვა: „სახელოვანი კლუბების დრო მიდის, ახლა მებრძოლი გუნდების ეპოქა დგება. ასეთებს ელიტაში გარევა სურთ და შესაბამისად, მოტივაციაც მეტი აქვთ. უძლეველთაგან არაერთი საკუთარ დიდებას შეეწირა („ინტერი"), რამდენიმე „გადაიწვა" („მილანი"), სხვას დონე დაუქვეითდა („რეალი"), ზოგი კი გადაბერდა („ბენფიკა")..."

ახალი ტალღის გუნდებზე საუბრისას ელენიო ერერა თავის „რომასაც" გულისხმობდა, მაგრამ იტალიელები კიდევ უფრო მებრძოლმა „გორნიკმა" შეაჩერა. რომში პირველი ტაიმის შემდეგ პოლონელები იგებდნენ: 23-ე წუთზე ვლოძიმიერჟ ლიუბანსკის გადაცემით ბურთი იან ბანაშმა გაიტანა. მასპინძლებმა ძლივს გაათანაბრეს. ზაბრჟეში მე-10 წუთზე რომაელმა ფაბიო კაპელომ პენალტით გახსნა ანგარიში. ბოლო, 90-ეზე, ასევე პენალტით ლიუბანსკიმ გააყაიმა. დამატებითის მე-3 წუთზე კვლავ ლიუბანსკიმ დააწინაურა თავისიანები, მაგრამ ისევ ბოლო, 120-ზე სკარტის გოლმა თანაფარდობა აღადგინა - 2:2. დრამატულმა დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

გადათამაშება ერთი კვირის შემდეგ საფრანგეთის სტრასბურში დაინიშნა. იქაც ლიუბანსკიმ და კაპელომ გაცვალეს გოლები, ისევ ფრე - 1:1. წილისყრით ფინალში „გორნიკი" გავიდა. არადა, იმავე წილისყრამ ერთხელ რომაელებიც გაანებივრა - მერვედფინალში ჰოლანდიის „პსვ ეინდჰოვენთან" მათი მხარე „დაიჭირა" და გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

იტალიელებს კიდევ ერთი უჩვეულო თავგადასავალი გადახდათ. პირველ წრეში ბელფასტში პირველი წრის მატჩი უნდა ეთამაშათ ადგილობრივ „ერდსთან". შეხვედრა დაგეგმილზე ადრე, დღის ოთხ საათზე დაიწყო და ნულოვანი ფრით დამთავრდა. რომაელები სტადიონიდან პირდაპირ აეროპორტში გაიქცნენ და თქვეს, ბელფასტში ბურთები განგებ არ გავიტანეთო.

„რომას" წარმომადგენელმა ჟურნალისტებს გაფრენის წინ გაანდო: ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩასვლისთანავე გუნდმა მუქარის წერილები მიიღო - უცნობები გვაფრთხილებდნენ, თუ თამაშს მოიგებთ, საკუთარ თავს დააბრალეთ, უკან ცოცხლები ვეღარ წახვალთო. „მარადიულ ქალაქში" „რომამ" 3:1 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა...

„მანჩესტერ სიტის" და გელზენკირხენის „შალკე 04"-ის ნახევარფინალურ წყვილში ჟურნალისტები მეტოქეთა შანსებს თანაბრად აფასებდნენ. ინგლისელთა უპირატესობის მიუხედავად, გერმანიაში მასპინძლებმა მოიგეს: 76-ე წუთზე ერთადერთი ბურთი გფრ-ის ნაკრების თავდამსხმელმა რაინჰარდტ ლიბუდამ გაიტანა. სამაგიეროდ „მეინ როუდზე" („მანჩესტერ სიტის" სტადიონია) გერმანელებს დიდი სირცხვილი ელოდათ - ლიბუდას გოლი ერთადერთი აღმოჩნდა იმ ხუთის წინააღმდეგ მაიკ დოილმა, ფრენსის ლიმ, კოლინ ბელმა და ორჯერ ნილ იანგმა რომ გაიტანეს. 5:1 და „მანჩესტერ სიტი" თასების მფლობელთა თასის ფინალისტი გახდა.

როცა გადამწყვეტი თამაშის მასპინძლად ვენა დასახელდა, ჟურნალისტებმა ივარაუდეს, რომ სტადიონი სანახევროდაც არ შეივსებოდა. ამის თქმის საფუძველს მათ ავსტრიელი მაყურებლის თავისებურება აძლევდათ - არაავსტრიული გუნდების საყურებლად ისინი თავს არ იწუხებდნენ. ასეც მოხდა - 29 აპრილს „პრატერის" ტრიბუნებზე მხოლოდ 7968 მაყურებელი მივიდა. ეს, ალბათ, იმითაც აიხსნება, რომ ციოდა და ფეხბურთის მოყვარულებმა ტელევიზორის ეკრანებთან ჯდომა არჩიეს. სტადიონზე მისულ ქომაგთა უმეტესობა მანჩესტერელები იყვნენ. სხვათა შორის ვენაში, ფინალის წინ, „მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის ნაკრების კაპიტნის ბობი მურის დეპეშაც მიიღო: „გისურვებთ წარმატებას. გვჯერა გაიმარჯვებთ"! - წერდა კაპიტანი. ამ ტელეგრამას გუნდის ყველა წევრი გაეცნო.

ადგილობრივი დროით რვის ნახევარზე პოლონელები მინდორზე საბრძოლო შემადგენლობით გავიდნენ, ინგლისელებს კი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მაიკ სამერბი გამოაკლდათ.

თამაში 12 წუთის დაწყებული იყო, როცა გლინ პარდომ შორიდან ძლიერად დაარტყა. „გორნიკის" მეკარე ჰუბერტ კოსტკამ ბურთი მოიგერია, მაგრამ ვეღარ დაიმორჩილა და იქვე მდგარმა იანგმა ანგარიში გახსნა - 1:0.

პოლონელები შეტევაზე გადავიდნენ. ინგლისელი ჟურნალისტები წერდნენ, რომ იმ წუთებში მერვედფინალის ამბავი გაახსენდათ. მაშინ „გორნიკი" 0:1-ს აგებდა „გლაზგო რეინჯერსთან", 15 წუთში კი სამი ბურთი გაუტანა. ისტორია აღარ განმეორდა: შესვენებამდე ორი წუთი რჩებოდა, როცა კოსტკამ პირისპირ გასული იანგი წააცია, ფრენსის ლის დარტყმული თერთმეტმეტრიანი კი ზუსტი გამოდგა - 2:0.

აქვე გეტყვით, რომ ლი გამორჩეული ფიგურაა „მანჩესტერ სიტის" ისტორიაში - 320 მატჩში მან 143 ბურთი გაიტანა. 1968-ში, როცა კლუბი ინგლისის ჩემპიონი გახდა, ლი კაპიტანი გახლდათ, 1970-ში კი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. გიორგი ქინქლაძის დროს ის კლუბის პრეზიდენტი იყო.

შესვენების შემდეგ მანჩესტერელებმა ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყეს ფიქრი. შედეგად, პოლონელებს რამდენიმე კარგი შეტევა გამოუვიდათ, თუმცა მათ მთავარ „იარაღს", „რომას" კარში ოთხი გოლის გამტან ვლოძიმიერჟ ლიუბანსკის ფეხდაფეხ დასდევდა მცველი ჯორჯ ჰესლოპი. შედეგად „ოქროს ბიჭუნა" ჩრდილში მოექცა. ლიდერის ფუნქცია კაპიტანმა, ცენტრალურმა მცველმა სტანისლავ ოსლიზლომ იკისრა, ერთი გოლიც შეაგდო, მაგრამ ეს იყო და ეს.

ნამატჩევს „მანჩესტერ სიტის" მენეჯერმა ჯო მერსერმა თქვა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებული იყო, მაგრამ პოლონელები გაცილებით ძლიერები აღმოჩნდნენ, ვიდრე ვფიქრობდიო.

მანჩესტერელებმა გამარჯვება დიდი ზეიმით აღნიშნეს. ნაფინალევს გუნდი სასტუმრო „კალენბერგში" დაბრუნდა. მერსერის თანაშემწე მალკოლმ ელისონი იხსენებდა: „დაუვიწყარი საღამო გამოდგა. თუ სტადიონზე ყურადღების ცენტრში მისტერ მერსერი იყო, სასტუმროში ის სხვებმა შეცვალეს. კლუბის მთავარმა სკაუტმა გოდვინმა პიანინოზე ძველი მელოდიები ააჟღერა, ლიმ კი შესანიშნავი ცეკვით ყველა მოხიბლა! მხიარულება დილამდე არ შემწყდარა. ახლა ვფიქრობ-ხოლმე, მართლა იყო ეს ყველაფერი თუ... არა, არა, დამიჯერეთ, ნამდვილად იყო"!

მეორე დილით „სიტი" მანჩესტერში დაბრუნდა. აეროპორტიდან ავტობუსით დაძრულებს გულისამაჩუყებელი სცენა გადაეშალათ: ქალაქის ცენტრამდე, თითქმის 20 კილომეტრის მანძილზე, გზის ორივე მხარეს ხალხი შეკრებილიყო და წინა საღამოს გმირებს ტაშით ხვდებოდა.

გაზეთი „სარბიელი" (31 მარტი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1969-1970
საკვალიფიკაციო წრე
„რაპიდი" (ვენა, ავსტრია)
- „ტორპედო" (მოსკოვი, სსრკ) 0:0, 1:1
1/16 ფინალი
„დუკლა" (პრაღა, ჩეხოსლოვაკია) - „ოლიმპიკი" (მარსელი, საფრანგეთი) 1:0, 0:2 (დდ); „დინამო" (ზაგრები, იუგოსლავია) - „სლოვანი" (ბრატისლავა, ჩეხოსლოვაკია) 3:0, 0:0; „ნორჩიოპინგი" (შვედეთი) - „სლიემა უონდერერსი" (სლიემა, მალტა) 5:1, 0:1; „შემროკ როვერსი" (დუბლინი, ირლანდია) - „შალკე 04" (გელზენკირხენი, გფრ) 2:1, 0:3; „მაგდებურგი" (გდრ) - „მტკ ჰუნგარია" (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 1:0, 1:1 (დდ); „აკადემიკა" (კოიმბრა, პორტუგალია) - „კუოპიონ პალოსეურა" (კუოპიო, ფინეთი) 0:0, 1:0; „ლიერსი" (ბელგია) - „აპოელი" (ნიქოზია, კვიპროსი) 10:1, 1:0; „ატლეტიკი" (ბილბაო, ესპანეთი) - „მანჩესტერ სიტი" (მანჩესტერი, ინგლისი) 3:3, 0:3; „ერდსი" (ნიუთაუნერდსი, ჩრდილოეთ ირლანდია) - „რომა" (რომი, იტალია) 0:0, 1:3; „რაპიდი" - „პსვ ეინდჰოვენი" (ეინდჰოვენი, ჰოლანდია) 1:2, 2:4; „გიოზტეპე" (იზმირი, თურქეთი) - „უნიონ სპორტივი" (ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი) 3:0, 3:2; „მიონდალენი" (ნორვეგია) - „კარდიფ სიტი" (კარდიფი, უელსი) 1:7, 1:5; იბვ (ვესტმანაეიარი, ისლანდია) - „ლევსკი-სპარტაკი" (სოფია, ბულგარეთი) 0:4, 0:4; „ფრემი" (კოპენჰაგენი, დანია) - „სენტ-გალენი" (შვეიცარია) 2:1, 0:1; „ოლიმპიაკოსი" (პირეოსი, საბერძნეთი) - „გორნიკი" (ზაბრჟე, პოლონეთი) 2:2, 0:5; „გლაზგო რეინჯერსი" (გლაზგო, შოტლანდია) - „სტიაუა" (ბუქარესტი, რუმინეთი) 2:0, 0:0
1/8-ფინალი
„ოლიმპიკი" - „დინამო" 1:1, 0:2; „ნორჩიოპინგი" - „შალკე 04" 0:0, 0:1; „მაგდებურგი" - „აკადემიკა" 1:0, 0:2; „ლიერსი" - „მანჩესტერ სიტი" 0:3, 0:5; „რომა" - „პსვ ეინდჰოვენი" 1:0, 0:1 (წილისყრა); „გიოზტეპე" - „კარდიფ სიტი" 3:0, 0:1; „ლევსკი-სპარტაკი" - „სენტ გალენი" 4:0, 0:0; „გორნიკი" - „გლაზგო რეინჯერსი" 3:1, 3:1
1/4-ფინალი
„დინამო" - „შალკე 04" 1:3, 0:1; „აკადემიკა" - „მანჩესტერ სიტი" 0:0, 0:1 (დდ); „რომა" - „გიოზტეპე" 2:0, 0:0; „ლევსკი-სპარტაკი" - „გორნიკი" 3:2, 1:2
1/2-ფინალი
„შალკე 04" - „მანჩესტერ სიტი" 1:0, 1:5; „რომა" - „გორნიკი" 1:1, 2:2, 1:1 (წილისყრა)

ფინალი

29 აპრილი, 1970. ავსტრია, ვენა, „პრატერი". 7968
მანჩესტერ სიტი 2:1 გორნიკი
გოლები:
1:0 ნილ იანგი (12), 2:0 ფრენსის ლი (43), 2:1 სტანისლავ ოსლიზლო (68)
მანჩესტერ სიტი: ჯოი კორიგენი, ტონი ბუქი (კაპ), ტომი ბუთი, ჯორჯ ჰესლოპი, გლინ პარდო, მაიკ დოილი (იან ბოუერი 23), ტონი თაუერსი, ალან ოაკსი, კოლინ ბელი, ფრენსის ლი, ნილ იანგი
მწვრთნელი: ჯო მერსერი
გორნიკი: ჰუბერტ კოსტკა, სტანისლავ ოსლიზლო (კაპ), სტეფან ფლორენსკი (ალოიზი დეია 85), ერჟი გორგონი, ალფრედ ოლეკი, ჰენრიკ ლატოხა, ზიგფრიდ შოლტისიკი, ერვინ ვილჩეკი (ჰუბერტ სკოვრონეკი 75), ვლადისლავ შარინსკი, იან ბანაში, ვლოძიმიერჟ ლიუბანსკი
მწვრთნელი: მიხალ მატიაში
მსაჯი: პოლ შილერი (ავსტრია)

საუკეთესო ბომბარდირი
ვლოძიმიერჟ ლიუბანსკი („გორნიკი", პოლონეთი; პოლონეთი) - 7 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.