სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1971: „ჩელსი“ (ინგლისი)

თარიღი: 2016 მარტი 31


1970-1971 წლების გათამაშების გამარჯვებული: „ჩელსი“ (ინგლისი)

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

როგორ აჯობეს არისტოკრატებმა მეფეებს
წინა გათამაშების ფინალისტების ინგლისის „მანჩესტერ სიტისა" და პოლონეთი „გორნიკის" დაპირისპირება კვლავ გაგრძელდა. ამჯერად მეტოქეები მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს.

პოლონელების საუკეთესო ფორვარდი ვლოძიმიერჟ ლიუბანსკი აცხადებდა: „ფინალი აღარ განმეორდება. ახლა „მანჩესტერ სიტის" სხვა „გორნიკი" დაუპირისპირდება. ერთი წლის წინ „რომასთან" სამრაუნდიანი ჭიდილით გადავიღალეთ და ამიტომ დავმარცხდით".

რევანშზე ფიქრობდა „გორნიკის" მწვრთნელი სუსაც: „კარგად მოვემზადეთ და ვფიქრობ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება". პოლონელების ერთადერთი პრობლემა ლიუბანსკის ტრავმა იყო, მაგრამ ის მაინც გავიდა მინდორზე და გამარჯვებაში მთავარი როლი შეასრულა.

თუ პოლონელ მიმომხილველებს ვენდობით, „გორნიკი" ერთი თავით მაღლა იდგა მოწინააღმდეგეზე და მეტი იღბალი რომ ჰქონოდა, დიდი ანგარიშითაც მოიგებდა. პოლონელები „მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელებს სამერბის, ლის და ბელს მჭიდროდ მეურვეობდნენ, თავად კი თითქმის მთელი გუნდით უტევდნენ. 33-ე წუთზე ლიუბანსკიმ გახსნა ანგარიში. ხუთ წუთში ლიუბანსკი-ბანასი-ვილჩეკის კომბინაცია მეორე გოლით დამთავრდა. ტრავმის მიუხედავად, ლიუბანსკი მეორე ტაიმშიც გავიდა მინდორზე, მაგრამ სიტელი თაუერსი ეუხეშა და თამაში ვეღარ გააგრძელა.

„მანჩესტერ სიტიმ" შინ რევანში აიღო. „მეინ როუდზე" „ქალაქელებს" ახალბედებმა იან მელორმა და მაიკლ დოილმა მოაგებინეს (სხვათა შორის, დებიუტანტები იმ წელს „სიტის" ბედისწერად იქცნენ. თუ კლუბმა „გორნიკთან" მათი წყალობით მოიგო, მოგვიანებით გუნდი სწორედ ახალბედა მეკარის შეცდომას შეეწირა). დამატებით დროს არაფერი შეუცვლია - გადათამაშება კოპენჰაგენში დაინიშნა.

უეფას ახალი წესის მიხედვით, თუ ორი მატჩის ჯამში (დამატებითი დროის ჩათვლით) გამარჯვებული არ გაირკვეოდა, მერვედფინალის ჩათვლით მატჩისშემდგომი პენალტების სერია ინიშნებოდა, მეოთხედფინალიდან კი ანალოგიურ შემთხვევაში მესამე, დამატებითი შეხვედრა უნდა ეთამაშათ. მომდევნო, 1971-1972 წლების სეზონიდან თერთმეტმეტრიანების სერია უკვე მთელ გათამაშებაზე დამტკიცდა, ანუ, ამოქმედდა წესი, რომელიც ტურნირის შეწყვეტამდე აღარ შეცვლილა.

გადათამაშება ერთი კვირის თავზე გაიმართა და „მანჩესტერ სიტის" გამარჯვებით დამთავრდა. იანგის, ბუთისა და ლის გოლებს ლიუბანსკიმ მხოლოდ ერთით უპასუხა. „გორნიკმა" შური ვერ იძია, თუმცა ვლოძიმიერჟ ლიუბანსკი ცხრა ბურთით ტურნირის საუკეთესო მეგოლე გახდა. აქვე დავძენთ, რომ შვიდი გოლით მეორე პორტუგალიელი ეუსებიო იყო. საინტერესოა, რომ ამ შვიდი გოლიდან ხუთი ბენფიკელმა პირველი წრის მატჩში გაუტანა იუგოსლავიის „ოლიმპიას"...

თასების თასზე ინგლისის მეორე წარმომადგენელი ლონდონის „ჩელსი", წამყვანი მოთამაშეების ხშირი ტრავმების მიუხედავად, სტაბილურად თამაშობდა. ბელგიის „ბრიუგესთან" პირველ მეოთხედფინალში „არისტოკრატებს" („ჩელსის" მეტსახელია - ს.გ.) ძირითადის ოთხი ფეხბურთელი აკლდათ, მათ შორის ორი პიტერი - ინგლისის ნაკრების მეკარე ბონეტი და საუკეთესო მეგოლე ოსგუდი.

ბრიტანელებმა ორი გოლები გაუშვეს და ვერაფრით უპასუხეს. „ბრიუგეს" მეკუთხურის, ტიოს ორჯერ ჩაწოდებულს ჯერ ლამბერმა, შემდეგ კი მარმენუმ დაუხვედრეს თავები და „ჩელსის" ცენტრიდან დააწყებინეს თამაში.

ლონდონელთა მწვრთნელი დეივ სექსტონი გონიერი კაცი იყო, არ ნერვიულობდა: შინ რამდენიმე მოთამაშე დაგვემატება და ქომაგები სხვა თამაშს იხილავენო. ასეც მოხდა: „სტემფორდ ბრიჯზე" მომჯობინებული ოსგუდი საუკეთესო გახლდათ. საინტერესოა, რომ მანამდე ორი თვის განმავლობაში ის ტრავმას იშუშებდა, მაგრამ თამაშს ჩინებულ ფიზიკურ ფორმაში შეხვდა - ოსგუდმა ყველა საჰაერო ბრძოლა მოიგო და ორჯერ (ერთხელ დამატებითში) გაამწარა ბრიუგელები.

ნახევარფინალში ორი ინგლისური გუნდის გასვლამ კუნძულელები აღაფრთოვანა. მედიამ ბრიტანული ფინალის იდეაც ააგორა, მაგრამ მათ ოცნებას ასრულება არ ეწერა - ნახევარფინალში ინგლისელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

„მანჩესტერ სიტის" შინ ორი კვირით ადრე გაშვებული ერთბურთიანი დეფიციტის დაფარვა სჭირდებოდა და რომ არა 19 წლის მეკარე რონ ჰილი, ალბათ, მიზანსაც მიაღწევდა: ტაიმის დამთავრებას ორი წუთი უკლდა, ლონდონელ უელერს საჯარიმოდან სუსტი დარტყმა გამოუვიდა, მაგრამ ჰილს ბურთი ხელიდან გაუვარდა და კარში შეგორდა. არადა, ჯარიმა თავისუფალი იყო და მეკარე რომ არ შეხებოდა, არ ჩაითვლებოდა. ამის მერე „ჩელსის" გატეხვა შეუძლებელი აღმოჩნდა და „არისტოკრატები" ფინალში გავიდნენ.

მეორე ფინალისტი მადრიდის „რეალი" 70-იანი წლების დასაწყისში საკუთარი დიდების აჩრდილს ჰგავდა, გარდასული დიდების სიმბოლო კი 38 წლის ფრანსისკო ხენტო გახლდათ. ხენტო ისევ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. „სამეფო კლუბი" მწვრთნელმა მიგელ მუნიოსმა მოახერხა და ფინალში გასვლით გუნდის ამბიციები ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილა. არადა, „რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა.

პირენელი მიმომხილველები მუნიოსს მაინც სწყალობდნენ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ესპანელი გახლდათ, პირველ სამ ადგილზე გასულ გუნდებს კი უცხოელები წვრთნიდნენ: „ვალენსიას" ნატურალიზებული არგენტინელი, ხენტოს ლეგენდარული თანაკლუბელი ალფრედო დი სტეფანო, „ბარსელონას" - ინგლისელი ბუკინგემი, „ატლეტიკოს" - ფრანგი დომინგო.

თასების თასზე ესპანელებმა იმით მიიქციეს ყურადღება, რომ ერთი სკანდალური მატჩი ითამაშეს. ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში „რეალი" ეინდჰოვენს სტუმრობდა. მეორე ტაიმში მცველმა სანჩისმა თავდამსხმელი წააქცია. ამ დროს მავანმა ფანმა ტრიბუნიდან ლუდის ბოთლი ისროლა, რომელიც იქვე მდგარ თანამსაჯს მოხვდა. დაზარალებული საკაცით გაიყვანეს, პარალელურად ტრიბუნებზე ჩოჩქოლი ატყდა, პოლიციამ კი ხულიგანი დაიჭირა. ამასობაში მთავარმა არბიტრმა განაცხადა, თუ გონს არ მოეგებით, თამაშს შევწყვეტო. დაშავებულის ნაცვლად თანამსაჯად ჰოლანდიელი დააყენეს. დღეს მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლის მსაჯობა უცნაურია, თუმცა მაშინ სხვა დრო იყო. მოკლედ, მატჩი გაგრძელდა და ფრედ დამთავრდა - 0:0, შინ კი მადრიდელებმა ხენტოსა და პირის გოლებით მოიგეს.

გადამწყვეტი შეხვედრა საბერძნეთის ქალაქ პირეოსში დაინიშნა. ოცდაათგრადუსიანი სიცხე თითქოს ესპანელებისთვის უკეთესი იყო. ამას მუნიოსიც აღნიშნავდა. მადრიდელები პირეოსში მატჩამდე ერთი კვირით ადრე ჩაფრიდნენ, ინგლისელები კი წინა დღეს. „ჩელსის" მწვრთნელი დეივ სექსტონი თავდაჭერილად ლაპარაკობდა: მატჩის შედეგს თამაში წყვეტს და არა ამინდიო.

ძირითადი დრო ლონდონელებმა მართლაც უკეთ ჩაატარეს. ჯონ ბოილის გადაცემით პიტერ ოსგუდმა აუღებელი დაურტყა მეკარე ხოსე ლუის ბორხას - 1:0. ინგლისელები უკვე საზეიმოდ ემზადებოდნენ, მსაჯი წამზომს დასცქეროდა, როცა იგნასიო სოკომ საპასუხო გოლი შეაგდო და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა. იქ უკვე ესპანელებმა აჯობეს კუნძულელებს, მაგრამ ანგარიში აღარ შეიცვალა და გადათამაშება ორი დღის შემდეგ დაინიშნა. თასების თასის ისტორიაში ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ფინალი და გადათამაშება ერთ ქალაქში ჩატარდა.

„ჩელსის" დამრიგებელი სექსტონი ბუზღუნებდა, ფეხბურთელებს ვაფრთხილებდი, თამაში 90 წუთი გრძელდება, მაგრამ გატანილმა ბურთმა ისინი დააწყნარა, არადა, ორი-სამი ბურთის გატანას კიდევ შევძლებდითო.

სათუო გახდა ოსგუდის მონაწილეობაც - მას ტრავმა ვერა და ვერ მოეშუშებინა.

ამის გამო „ლურჯების" საუკეთესო შემტევმა ნახევარფინალური რაუნდი გამოტოვა, პირველ ფინალში კი მისი თამაშის საკითხი ბოლო წუთს გაირკვა. ოსგუდს გაუმართლა - დილით ექიმებმა უთხრეს, რომ მინდორზე გასვლას შეძლებდა.

თავის საწუხარი მუნიოსსაც ჰქონდა. პირველი ფინალის შემდეგ საუკეთესო მოთამაშე პირი სტადიონიდან ჰოსპიტალში წაიყვანეს. ექიმები შიშობდნენ ხელი აქვს მოტეხილიო, ბებერი ხენტო კი გადაღლილი იყო და მისი თამაში არ შეიძლებოდა. პირი დაბრუნდა - ტრავმა უმნიშვნელო გამოდგა. მუნიოსმაც ამოისუნთქა.

კიდევ ერთი დეტალი: გადათამაშებას ნაკლები მაყურებელი დაესწრო. საქმე ისაა, რომ მადრიდიდან და ლონდონიდან ჩასულ ფანებს უკან გასაფრენი ბილეთები ადრევე ჰქონდათ აღებული. ახლის ყიდვის საშუალება ბევრს არ აღმოაჩნდა და ისინიც სამშობლოში დაბრუნდნენ.

პირველ ტაიმში „ჩელსიმ" ნამდვილი შტურმი მოუწყო მოწინააღმდეგეს. „რეალი" რვა კაცით იცავდა თავს და მაინც: 32-ე წუთზე ოსგუდის თავური მეკარემ უხეიროდ მოიგერია, ჯონ დემპსიმ კი ანგარიში გახსნა - 1:0.

„ჩელსის" ფეხბურთელებს წინა თამაში ახსოვდათ და შეტევა არ შეუწყვეტიათ. შვიდ წუთში ოსგუდმა ფანტასტიკური სილამაზის ბურთი გაუტანა ბორხას. მერე ესპანელებიც ეცადნენ და ერთი გაქვითეს, მაგრამ თამაში ვეღარ გადაარჩინეს.

ნამატჩევს სექსტონმა თქვა: „ჩვენ შემტევი ტაქტიკა ავირჩიეთ. ესპანელები დაცვაში ჩაგვიდგნენ და დიდი შეცდომაც დაუშვეს. მათ ხომ თავდასხმა ცუდად არ ეხერხებათ. დღეს ბედნიერები ვართ, რადგან მთელ ევროპას დავუმტკიცეთ, თუ რა შეგვიძლია".

მიგელ მუნიოსმა წაგება გადაღლას და მსაჯს დააბრალა, ბოლოს კი დაამატა: „საწყენია, რომ წავაგეთ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ „რეალი" „ჩელსიზე" ძლიერია".

„ფრანს ფუტბოლმა" მუნიოსი გააკრიტიკა, ხოლო ინგლისელებს ხოტბა შეასხა: „მუნიოსი მარცხს ყველას და ყველაფერს აბრალებს, მაგრამ რატომ არაფერს ამბობს პირის შესახებ? ხელმტკივანი პირი პრაქტიკულად გამოთიშული იყო თამაშიდან. უმოქმედო ვარსკვლავს მოქმედი საშუალო ფეხბურთელი არ სჯობს? მუნიოსი ამბობს, რომ პირის სრულფასოვანი შემცვლელი არ ჰყავდა, მაგრამ ეს გამართლება არ არის. პირი მცველის როლში, თანაც ისეთი მცველის, ორთაბრძოლას რომ გაურბის, უბრალოდ ფიქციაა. თუმცა პირით თუ უპიროდ, ესპანელები მაინც წააგებდნენ.

ინგლისელებმა კი ბოლო ათ წელიწადში მეოთხე თასების თასი მოიგეს. ამას დაუმატეთ ორი ბაზრობათა („ლიდს იუნაიტედი", „არსენალი") და ერთიც ჩემპიონთა („მანჩესტერ იუნაიტედი") თასი და დაგვეთანხმებით, რომ ინგლისური საკლუბო ფეხბურთი უმაღლესი ხარისხისაა".

გაზეთი „სარბიელი" (1 აპრილი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1970-1971
საკვალიფიკაციო წრე
„ატვიდაბერგსი" (ატვიდაბერგი, შვედეთი) - „პარტიზანი" (ტირანა, ალბანეთი) 1:1, 0:2; „ბოჰემიანი" (დუბლინი, ირლანდია) - „გოტვალდოვი" (ჩეხოსლოვაკია) 1:2, 2:2
1/16 ფინალი
„კიკერსი" (ოფენბახი, გფრ) - „ბრიუგე" (ბელგია) 2:1, 0:2; „ციურიხი" (შვეიცარია) - იბ (აკურეირი, ისლანდია) 7:1, 7:0; ცსკა (სოფია, ბულგარეთი) - „ჰაკა" (ვალკეაკოსკი, ფინეთი) 9:0, 2:1; „არისი" (სალონიკი, საბერძნეთი) - „ჩელსი" (ლონდონი, ინგლისი) 1:1, 1:5; „აბერდინი" (შოტლანდია) - „ჰონვედი" (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 3:1, 1:3 (დდ; პენ 4:5); „მანჩესტერ სიტი" (მანჩესტერი, ინგლისი) - „ლინფილდი" (ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია) 1:0, 1:2; „გიოზტეპე" (იზმირი, თურქეთი) - „უნიონ სპორტივი" (ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი) 5:0, 0:1; „ოლბორგი" (დანია) - „გორნიკი" (ზაბრჟე, პოლონეთი) 0:1, 1:8; „გოტვალდოვი" - „პსვ ეინდჰოვენი" (ეინდჰოვენი, ჰოლანდია) 2:1, 0:1; „კარპატი" (ლვოვი, სსრკ) - „სტიაუა" (ბუქარესტი, რუმინეთი) 0:1, 3:3; „ოლიმპია" (ლიუბლიანა, იუგოსლავია) - „ბენფიკა" (ლისაბონი, პორტუგალია) 1:1, 1:8; „ფორვარტსი" (ბერლინი, გდრ) - „ბოლონია" (იტალია) 0:0, 1:1; „კარდიფ სიტი" (კარდიფი, უელსი) - „პეზოპორიკოსი" (ლარნაკა, კვიპროსი) 8:0, 0:0; „სტრომსგოდსეტი" (გულსკოგენ-დრამენი, ნორვეგია) - „ნანტი" (საფრანგეთი) 0:5, 3:2; „ჰიბერნიანსი" (პაოლა, მალტა) - „რეალი" (მადრიდი, ესპანეთი) 0:0, 0:5; „ვაკერ ინსბრუკი" (ინსბრუკი, ავსტრია) - „პარტიზანი" 3:2, 2:1
1/8-ფინალი
„ბრიუგე" -
„ციურიხი" 2:0, 2:3; ცსკა - „ჩელსი" 0:1, 0:1; „ჰონვედი" - „მანჩესტერ სიტი" 0:1, 0:2; „გიოზტეპე" - „გორნიკი" 0:1, 0:3; „პსვ ეინდჰოვენი" - „სტიაუა" 4:0, 3:0; „ბენფიკა" - „ფორვარტსი" 2:0, 0:2 (პენ 3:5); „კარდიფ სიტი" - „ნანტი" 5:1, 2:1; „რეალი" - „ვაკერ ინსბრუკი" 0:1, 2:0
1/4-ფინალი
„ბრიუგე" - „ჩელსი" 2:0, 0:4 (დდ); „გორნიკი" - „მანჩესტერ სიტი" 2:0, 0:2 (დდ), 1:3; „პსვ ეინდჰოვენი" - „ფორვარტსი" 2:0, 0:1; „კარდიფ სიტი" - „რეალი" 1:0, 0:2
1/2-ფინალი
„ჩელსი" -
„მანჩესტერ სიტი" 1:0, 1:0; „პსვ ეინდჰოვენი" - „რეალი" 0:0, 1:2

ფინალი
19 მაისი, 1971. საბერძნეთი, პირეოსი, „კარაისკაკისი". 45000
ჩელსი 1:1 რეალი
გოლები:
1:0 პიტერ ოსგუდი (56), 1:1 იგნასიო სოკო (90)
ჩელსი: პიტერ ბონეტი, ჯონ ბოილი, რონ ჰარისი (კაპ), ჯონ ჰოლინსი (პედი მალიგენი 91), ჯონ დემპსი, დევიდ უები, კეიტ უელერი, ალან ჰადსონი, პიტერ ოსგუდი (ტომი ბოლდუინი 86), ჩარლი კუკი, პიტერ ჰაუსმანი
მწვრთნელი: დეივ სექსტონი
რეალი: ხოსე ლუის ბორხა, ხოსე ლუისი, გრეგორიო ბენიტო, იგნასიო სოკო, პირი, ფერნანდო სუნსუნეხი, რამონ გროსო, მანუელ ველასკესი, მიგელ პერესი (სებასტიან ფლეიტასი 65), ამანსიო ამარო, ფრანსისკო ხენტო (კაპ)
მწვრთნელი: მიგელ მუნიოსი
მსაჯი: რუდოლფ შორერი (შვეიცარია)

ფინალი. გადათამაშება
21 მაისი, 1971. საბერძნეთი, პირეოსი, „კარაისკაკისი". 19919
ჩელსი 2:1 რეალი
გოლები:
1:0 ჯონ დემპსი (33), 2:0 პიტერ ოსგუდი (39), 2:1 სებასტიან ფლეიტასი (75)
ჩელსი: პიტერ ბონეტი, ჯონ ბოილი, რონ ჰარისი (კაპ), ჩარლი კუკი, ჯონ დემპსი, დევიდ უები, კეიტ უელერი, ალან ჰადსონი, პიტერ ოსგუდი (დერეკ სმესჰერსტი 73), ტომი ბოლდუინი, პიტერ ჰაუსმანი
მწვრთნელი: დეივ სექსტონი
რეალი: ხოსე ლუის ბორხა, ხოსე ლუისი, გრეგორიო ბენიტო, იგნასიო სოკო, პირი (კაპ), ფერნანდო სუნსუნეხი, რამონ გროსო, მანუელ ველასკესი (ფრანსისკო ხენტო 74), სებასტიან ფლეიტასი, ამანსიო ამარო, მანუელ ბუენო (ხოსე ანტონიო გრანდე 60)
მწვრთნელი: მიგელ მუნიოსი
მსაჯი: რუდოლფ შორერი (შვეიცარია)

საუკეთესო ბომბარდირი
ვლოძიმიერჟ ლიუბანსკი („გორნიკი", პოლონეთი; პოლონეთი) - 9 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.