სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1972: „გლაზგო რეინჯერსი“ (შოტლანდია)

თარიღი: 2016 მარტი 31


1971-1972 წლების გათამაშებაში გამარჯვებული: „გლაზგო რეინჯერსი“ (შოტლანდია)

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

აურზაური კამპ ნოუზე
ბარსელონაში, „კამპ ნოუს" სტადიონზე „გლაზგო რეინჯერსის" და მოსკოვის „დინამოს" ფინალური მატჩის დამთავრებას ოთხი წუთი აკლდა, როცა მოსკოველთა ნახევარმცველმა ალექსანდრ მახოვიკოვმა გოლი შეაგდო და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა - 2:3.

„რეინჯერსმა" ცენტრიდან დაიწყო თამაში. ბურთი თამაშგარეში მყოფ ვილი ჯონსტონს მიუვიდა, მსაჯმა დაინახა და ჩასტვინა. ამ დროს მინდორზე ათასამდე შოტლანდიელი ფანი გადაცვივდა...

ერთი ვერსიით, გულშემატკივრებს თამაში დამთავრებული ეგონათ და თავისიანების მისალოცად დაიძრნენ, მეორეთი - მთვრალ შოტლანდიელებს ფანებს ანგარიშის გათანაბრებისა შეეშინდათ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. ასე თუ ისე, სქოთების მინდვრიდან გაყვანას კარგა ხანი დასჭირდა. თამაში განახლდა, მაგრამ ეს უკვე ფეხბურთი აღარ იყო...

ბრიტანელი ტურისტების ხმაური მატჩის შემდეგაც გაგრძელდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე მძიმედ დაშავდა. ბევრი პოლიციამ დაიჭირა.

მოსკოველების მწვრთნელი კონსტანტინ ბესკოვი გაბრაზებული ამბობდა: „შოტლანდიელი გულშემატკივრები ჩემს ბიჭებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდნენ. მერე ფეხბურთელებსა და პოლიციას ბოთლები დაუშინეს. მოედანი დამსხვრეული მინით გაივსო. რამდენიმე მუშტი და წიხლი „დინამოს" მოთამაშეებსაც მოხვდათ"...

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს საელჩოს საპროტესტო ნოტა აახლა, სადაც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების უსაქციელობის ამბავი ეწერა, საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ კი უეფას ოფიციალური პროტესტი გაუგზავნა, რომლითაც ანგარიშის გაუქმებასა და გადათამაშებას მოითხოვდა.

უეფას პრეზიდენტმა გუსტავ ვიდეკერმა თქვა, სქოთი ქომაგების ქცევა საშინელებაა, მაგრამ პროტესტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავეთანხმები, თუკი ამას უეფას საგანგებო კომიტეტი გადაწყვეტსო. ერთი თვის თავზე უეფამ გადაწყვიტა: „გლაზგო რეინჯერსს" თავის ეგიდით გასამართ ყველა შეჯიბრში ორი წლით აუკრძალა ასპარეზობა (მოგვიანებით სასჯელი წლამდე შეამცირა), გადათამაშებაზე კი უარი თქვა.

საბჭოელებმა ამას „სანახევრო განაჩენი" უწოდეს: „ჩვენ არ ვეთანხმებით ასეთ გადაწყვეტილებას და სიმართლისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ", - თქვა მოსკოვის „დინამოს" გუნდის უფროსმა ლევ იაშინმა. მაგრამ დადგენილება აღარ შეუცვლიათ და აღარც ეს ისტორია გაგრძელებულა.

1971-1972 წლების გათამაშებაში მოსკოველების ადგილზე, შესაძლოა, თბილისელები აღმოჩენილიყვნენ. საქმე ისაა, რომ 1970 წელს, ქვეყნის თასის ფინალში ბესკოვის გუნდმა ჩვენს „დინამოს" მოუგო - 2:1. ვლადიმერ ეშტრეკოვისა და გენადი ევრიუჟიხინის გოლებს თბილისელებმა ერთით უპასუხეს - შოთა ხინჩაგაშვილმა დაახლოებით ოცი მეტრიდან ულამაზესი ბურთი გაუტანა სახელგანთქმულ ლევ იაშინს.

ცნობილი ჟურნალისტი ლევ ფილატოვი წერდა: „თბილისელთა ახალგაზრდა მცველის ხინჩაგაშვილის გოლი ლამაზიც იყო და იშვიათიც. მოსკოველებმა კი ორი ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, „სამუშაო ბურთი" გაიტანეს და გაიმარჯვეს"...

1971-1972 წლების ევროტურნირების წინ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა: ბაზრობათა თასს, რანგით მესამე ევროშეჯიბრს, დამოუკიდებელი საორგანიზაციო კომიტეტი ატარებდა, ამ სეზონიდან კი გათამაშებას უეფას თასი დაერქვა და ჩემპიონთა და თასთა თასთან ერთად ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის განკარგულებაში გადავიდა. ცვლილება მეტოქის მინდორზე გატანილ გოლსაც შეეხო. თუ მანამდე ასეთს მხოლოდ ძირითად დროში ენიჭებოდა უპირატესობა, ამიერიდან იგივე წესი დამატებით დროზეც გაავრცელეს.

ამასთან დაკავშირებით ერთი კაზუსი მოხდა. მერვედფინალში „გლაზგო რეინჯერსი" პორტუგალიის „სპორტინგს" შეხვდა. პირველი მატჩი გლაზგოში რეინჯერებმა 3:2 მოიგეს. საპასუხოში ანგარიში განმეორდა, ოღონდ ლისაბონელების სასარგებლოდ. დაინიშნა დამატებითი დრო, რომელშიც მოწინააღმდეგეებმა კიდევ თითო გოლი გაცვალეს. საბოლოოდ „სპორტინგმა" მოიგო - 4:3.

რაკი სტუმრად მეტი გაიტანეს, ახალი წესით შემდგომ წრეში „გლაზგო რეინჯერსი" უნდა გასულიყო, მაგრამ ცვლილება არავის გაახსენდა: არც მსაჯს და არც მწვრთნელებს. ამიტომ, გუნდებმა პენალტები დაარტყეს. პორტუგალიელებმა ორი გაიტანეს, შოტლანდიელებმა - ერთი და სპორტინგელებმაც მეოთხედფინალში გასვლით გაიხარეს. შოტლანდიური კლუბის მესვეურებს მხოლოდ გვიან ღამით, მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათში გაახსენდათ ახალი წესი და შემდეგ უეფაში წერილი აფრინეს. უეფამ პენალტების ანგარიში გააუქმა და მეოთხედფინალისტად „გლაზგო რეინჯერსი" გამოაცხადა, ჰოლანდიელი არბიტრი ვან რავენსი კი გულმავიწყობისთვის კარგა ხნით მოკვეთა საერთაშორისო შეჯიბრებებიდან.

ეს იყო ტურნირის მთავარი კურიოზი, ყველაზე ხმამაღალი სენსაცია კი მერვედფინალში თასის მფლობელის ლონდონის „ჩელსის" წაგება გახლდათ - „არისტოკრატები" შვედეთის უსახელო „ატვიდაბერგთან" დამარცხდნენ.

პირველ წრეში ლონდონელებმა საერთო ანგარიშით 21:0 მოუგეს ლუქსემბურგის „ჟენესს" და გათამაშების რეკორდიც დაამყარეს. „ჩელსიმდე" ერთ წრეში ყველაზე მეტი - 18 გოლი - 1963-64 წლების სეზონში ლისაბონის „სპორტინგმა" გაუტანა კვიპროსის „აპოელს".

ლუქსემბურგელებთან მატჩებში ლონდონელთა თავდამსხმელმა პიტერ ოსგუდმა კინაღამ 1965-1966 წლებში დორტმუნდელი ლოთარ ემერიხის მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა - ერთ მატჩში გატანილი ექვსი გოლი. ლუქსემბურგიდან გავრცელებული ინფორმაციით, ოსგუდს ექვსჯერ გაეტანა, მაგრამ როცა მატჩის ოფიციალური ოქმი ნახეს, მის ანგარიშზე „მხოლოდ" ხუთი გოლი აღმოჩნდა. თუმცა, საერთო ჯამში ოსგუდმა რვა ბურთი შეაგდო და ტურნირის საუკეთესო მეგოლეც გახდა.

საინტერესო გამოდგა „ლივერპულისა" და „ბაიერნის" მერვედფინალიც. ლივერპულში თამაში უგოლოდ დამთავრდა. ბრიტანელებმა ბავარიელების ლიდერი გერდ მიულერი „ამოკეტეს", მაგრამ თავადაც ვერ გაიტანეს, მიუნხენში კი მიულერმა ორი ბურთი შეაგდო და ბურთები თავის იუბილეს მიუძღვნა - იმ დღეს „ერის მეგოლეს" 26 წელი შეუსრულდა. ლივერპულელთა მენეჯერის ბილ შენკლის თქმით, მან ორ მცველს დაავალა თავდამსხმელის მეურვეობა, მაგრამ ამაოდ. „ბაიერნმა" 3:1 მოიგო.

გერდ მიულერი შემდგომ რაუნდშიც ყურადღების ცენტრში მოექცა. „ბაიერნმა" ბუქარესტის „სტიაუასთან" ორჯერ ითამაშა ფრედ - 1:1, 0:0 და მეტოქის მინდორზე გატანილი გოლით ნახევარფინალში გავიდა.

მიუნხენური მატჩის წინ გერმანულ პრესაში დიდი ამბავი ატყდა, მიულერს მწვრთნელ უდო ლატეკთან უთანხმოება მოუვიდა და ჰოლანდიის „ფეიენოორდში" გადასვლას აპირებსო. მალე თავდამსხმელი ტელევიზიით გამოვიდა და ინფორმაცია დაადასტურა, დიახ, წასვლა გადავწყვიტეო. მაგრამ საქმე აღარ გართულებულა - „ერის მეგოლე" „ბაიერნში" დარჩა და ჩვეული შედეგიანობით გააგრძელა თამაში.

თასთა თასის 1967 წლის მფლობელ ბავარიელებს ტრიუმფის გამეორებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ნახევარფინალში მათ სწორედ იმ კლუბმა მოუგო, ვისაც ხუთი წლის წინანდელ ფინალში თავად აჯობეს - „გლაზგო რეინჯერსმა", ვილი უედელის მამაცმა გუნდმა.

„ჩვენ მოვუგებთ „ბაიერნს"! - როცა პირველ მატჩში გერმანელმა პაულ ბრაიტნერმა მალევე გახსნა ანგარიში, უედელის ამ სიტყვებზე, ალბათ, ბევრს გაეცინა. მაგრამ მერე „ლურჯებმა" ნამდვილი შოტლანდიური ხასიათი გამოაჩინეს. დარჩენილი დროც და მეორე თამაშიც მათი იყო. გერმანელების დაცვა, სადაც ფრანც ბეკენბაუერი და ჰანს-გეორგ შვარცენბეკი შეუვალნი ჩანდნენ, სქოთთა დაწოლას ვერ აუდიოდა.

საგარეო ფრეს გლაზგოს „აიბროქსის" სტადიონზე 2:0 მოჰყვა. სენდი ჯარდინმა და კოლინ პარლეინმა ორი ბურთი გაუტანეს ლეგენდარულ ზეპ მაიერს. „გლაზგო რეინჯერსის" გამარჯვება მით უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ სულ რაღაც ერთ თვეში „ბაიერნის" ბაზაზე აწყობილმა გფრ-ის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

ბრიტანელი მიმომხილველები აღნიშნავდნენ, დიდი უსამართლობა იქნება, თუ წლეულს „გლაზგო რეინჯერსი" თასები თასს ვერ მოიპოვებსო. კლუბი ორჯერ, 1961 და 1967 წლებში, უკვე იყო ფინალში, მაგრამ ორჯერვე დამარცხდა. თანაც, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში შოტლანდიის პირველობაზე ერთთავად „სელტიკი" იმარჯვებდა და „გლაზგო რეინჯერსს" ქომაგების თვალში რეაბილიტაცია სჭირდებოდა.

რაც შეეხება მეორე ფინალისტს, საბჭოურ მოსკოვის „დინამოს", მას საკუთარ ქალაქში არცერთი საგაზაფხულო მატჩი არ ჩაუტარებია: მეოთხედფინალში იუგოსლავიის „ცრვენა ზვეზდას" ტაშკენტში უმასპინძლა, ხოლო ნახევარფინალში ბერლინის „დინამოს" ლვოვში დაუხვდა.

„დინამოს" ბერლინური გასვლა კურიოზულად დამთავრდა, ისე, საბჭოთა ფეხბურთელებს რომ ემართებათ ხოლმე. 83-ე წუთამდე მოსკოველები მინიმალური ანგარიშით იგებდნენ. ამ დროს საკუთარ საჯარიმოში მყოფმა თავდამსხმელმა კოჟემიაკინმა ბურთი მშვიდად აიღო ხელში. მსაჯმა პენალტი დანიშნა და სანამ მოსკოველები გონს მოვიდოდნენ, იოჰანსენმა თერთმეტმეტრიანი გაიტანა.

რა მოხდა? რა და მოსკოველთა საჯარიმოში მცველი ვალერი ჟუკოვი გერმანელ შემტევს ებრძოდა. ჟუკოვი წაიქცა, კოჟემიაკინმა გადაწყვიტა ჯარიმააო და... არადა, მსაჯი თამაშს აგრძელებდა. ლვოვური შეხვედრაც იმავე ანგარიშით დამთავრდა და საქმე პენალტებამდე მივიდა. ოლეგ დოლმატოვის, ანატოლი ბაიდაჩნის, გენადი ევრიუჟიხინის და ალექსანდრ მახოვიკოვის ოთხს ბერლინელებმა მხოლოდ კაროვის ერთი ზუსტი თერთმეტმეტრიანით უპასუხეს. ნამატჩევს კონსტანტინ ბესკოვი გამოტყდა, მოვლენათა ასეთ განვითარებას ველოდი და დილით „დრუჟბას" სტადიონზე ბიჭები პენალტებში გვარიანად ვავარჯიშეო...

საბჭოელების პირველი ევროსაკლუბო ფინალი მარცხით დამთავრდა.

რა მოხდა ბოლო წუთებზე, უკვე ვთქვით, მანამდე კი სქოთები სჯობდნენ მოწინააღმდეგეს და მეორე ტაიმის დასაწყისისთვის 3:0-ს უგებდნენ. მერე რუსებმა ორი გაქვითეს და თამაშის შემდეგ ირწმუნებოდნენ, დიდ უპირატესობას ვფლობდით და კიდევ რამდენიმე წუთი რომ გვქონოდა, აუცილებლად გავათანაბრებდითო.

იქნებ ასეც მომხდარიყო. ვინ იცის. ფაქტი ერთია: „გლაზგო რეინჯერსმა" ნავსი მესამე ცდაზე გატეხა და თასების თასი შინ, „აიბროქსზე" წაიღო.

გაზეთი „სარბიელი" (2 აპრილი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1971-1972
საკვალიფიკაციო წრე
ბკ1909 (ოდენსე, დანია) - „აუსტრია" (ვენა, ავსტრია) 4:2, 0:2; „ჰიბერნიანსი" (პაოლა, მალტა) - „ფრამი" (რეიკიავიკი, ისლანდია) 3:0, 0:2
1/16 ფინალი
„დისტილერი" (ბელისკიგი, ჩრდილოეთ ირლანდია) - „ბარსელონა" (ესპანეთი) 1:3, 0:4; „ჰიბერნიანსი" - „სტიაუა" (ბუქარესტი, რუმინეთი) 0:0, 0:1; „სერვეტი" (ჟენევა, შვეიცარია) - „ლივერპული" (ინგლისი) 2:1, 0:2; „შკოდა" (პლზენი, ჩეხოსლოვაკია) - „ბაიერნი" (მიუნხენი, გერმანია) 0:1, 1:6; „ლიმერიკი" (ირლანდია) - „ტორინო" (ტურინი, იტალია) 0:1, 0:4; „დინამო" (ტირანა, ალბანეთი) - „აუსტრია" 1:1, 0:1; „რენი" (საფრანგეთი) - „გლაზგო რეინჯერსი" (გლაზგო, შოტლანდია) 1:1, 0:1; „სპორტინგი" (ლისაბონი, პორტუგალია) - „ლინი" (ოსლო, ნორვეგია) 4:0, 3:0; „ზაგლებიე" (სოსნოვიეცი, პოლონეთი) - „ატვიდაბერგი" (შვედეთი) 3:4, 1:1; „ჟენესი" (ბეშერეჟი, ლუქსემბურგი) - „ჩელსი" (ლონდონი, ინგლისი) 0:8, 0:13; „ბეერსხო" (ანტვერპენი, ბელგია) - „ანორთოსისი" (ფამაგუსტა, კვიპროსი) 7:0, 1:0; „დინამო" (ბერლინი, გდრ) - „კარდიფ სიტი" (კარდიფი, უელსი) 1:1, 1:1 (პენ 5:4); „ლევსკი-სპარტაკი" (სოფია, ბულგარეთი) - „სპარტა" (როტერდამი, ჰოლანდია) 1:1, 0:2; „ბანიაში" (კომლო, უნგრეთი) - „ცრვენა ზვეზდა" (ბელგრადი, იუგოსლავია) 2:7, 2:1; „მიკელი პალოილიატი" (მიკელი, ფინეთი) - „ესკიშეჰირსპორი" (ესკიშეჰირი, თურქეთი) 0:0, 0:4; „ოლიმპიაკოსი" (პირეოსი, საბერძნეთი) - „დინამო" (მოსკოვი, სსრკ) 0:0, 0:4
1/8-ფინალი
„ბარსელონა" - „სტიაუა" 0:1, 1:2; „ლივერპული" - „ბაიერნი" 0:0, 1:3; „ტორინო" - „აუსტრია" 1:0, 0:0; „გლაზგო რეინჯერსი" - „სპორტინგი" 3:2, 3:4; „ატვიდაბერგი" - „ჩელსი" 0:0, 1:1; „ბეერსხო" - „დინამო" (ბ) 1:3, 1:3; „სპარტა" - „ცრვენა ზვეზდა" 1:1, 1:2; „ესკიშეჰირსპორი" - „დინამო" (მ) 0:1, 0:1
1/4-ფინალი
„სტიაუა" - „ბაიერნი" 1:1, 0:0; „ტორინო" - „გლაზგო რეინჯერსი" 1:1, 0:1; „ატვიდაბერგი" - „დინამო" (ბ) 0:2, 2:2; „ცრვენა ზვეზდა" - „დინამო" (მ) 1:2, 1:1
1/2-ფინალი
„ბაიერნი" - „გლაზგო რეინჯერსი" 1:1, 0:2; „დინამო" (ბ) - „დინამო" (მ) 1:1, 1:1 (პენ 1:4)

ფინალი

24 მაისი, 1972. ესპანეთი, ბარსელონა, „კამპ ნოუ" 24701
გლაზგო რეინჯერსი 3:2 დინამო (მოსკოვი)
გოლები:
1:0 კოლინ სტეინი (23), 2:0 ვილი ჯონსტონი (40), 3:0 ვილი ჯონსტონი (49), 3:1 ვლადიმირ ეშტრეკოვი (60), 3:2 ალექსანდრ მახოვიკოვი (87)
გლაზგო რეინჯერსი: პიტერ მაკლოი, სენდი ჯარდინი, უილი მათიესონი, ჯონ გრეიგი (კაპ), დერეკ ჯონსტონი, დევიდ სმიტი, ტომი მაკლინი, ალფი კონი, კოლინ სტეინი, ალექს მაკდონალდი, ვილი ჯონსტონი
მწვრთნელი: ვილი უედელი
დინამო (მოსკოვი): ვლადიმერ პილგუი, ვლადიმერ ბასალაევი, ოლეგ დოლმატოვი, ვალერი ზუკოვი, ვლადიმერ დოლბონოსოვი (მიხაილ გეშკოვიჩი 69), ევგენი ჟუკოვი, ანატოლი ბაიდაჩნი, ანდრეი იაკუბიკი (ვლადიმერ ეშტრეკოვი 56), იოზეფ საბო (კაპ), ალექსანდრ მახოვიკოვი, გენადი ევრიუჟიხინი
მწვრთნელი: კონსტანტინ ბესკოვი
მსაჯი: ხოსე მარია ორტის დე მენდიბილი (ესპანეთი)

საუკეთესო ბომბარდირი
პიტერ ოსგუდი („ჩელსი", ინგლისი; ინგლისი) - 8 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.