სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1973: „მილანი“ (იტალია)

თარიღი: 2016 აპრილი 04


1972-1973 წლების გათამაშებაში გამარჯვებული: „მილანი“ (იტალია)

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

როკოს ეპოქის დასასრული

„მილანს" უამრავი ჯილდო მოუგია. ზოგი რიხით, ზოგიც წვალებით. მათ შორის, ალბათ, ყველაზე უსახური 1973 წელს მოპოვებული თასების თასია. ყოველ შემთხვევაში, იმ წელს „მილანმა" სრულიად პრაგმატული, დაცვითი ფეხბურთი ითამაშა და შედეგის მიუხედავად ქომაგების გულისწყრომა დაიმსახურა.

ფინალური მატჩის შემდეგ მილანელთა მწვრთნელმა ნერეო როკომ მოსწრებულად შენიშნა, დღეს მინდორზე საუკეთესო მსაჯი იყოო. ამ სიტყვების შემდეგ თავად განსაჯეთ, როგორი უნდა ყოფილიყო თამაში. ბარემ დასაწყისშივე ვთქვათ: 1972-1973 წლების სეზონი ქართველებისთვის გამორჩეულია - თბილისის „დინამოს" არცთუ ცუდი გუნდი პირველად გავიდა ევროტურნირებზე და გამოუცდელობის გამო უეფას თასის პირველივე ეტაპზე დამარცხდა ჰოლანდიის „ტვენტესთან".

„მილანი" და ინგლისის „ლიდს იუნაიტედი" თავიდანვე დაასახელეს ფავორიტებად. პროგნოზები გამართლდა: გადამწყვეტ შეხვედრაში სწორედ ისინი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ნერეო როკოს გუნდისგან განსხვავებით, ბრიტანელები უფრო სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდნენ და მეტი გოლიც გაჰქონდათ.

მაშინ „ლიდს იუნაიტედი" ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ითვლებოდა. 1968 და 1971 წლებში მათ ბაზრობათა (შემდგომში უეფას) თასის გათამაშებაში იმარჯვეს, ამ სეზონის წინ კი არ მალავდნენ, რომ თასების თასსაც სერიოზულად უმიზნებდნენ. თუმცა, იოლად რომ არავინ არაფერს დაუთმობდა, ლიდსელებმა ესეც კარგად იცოდნენ.

მერვედფინალში მათ ორი ურთულესი მატჩი ჩაატარეს აღმოსავლეთ გერმანიის „კარლ ცაისთან". პირველი დაპირისპირება უგულოდ დამთავრდა, საპასუხოში კი ტრევორ ჩერისა და მაიკ ჯონსის გოლების წყალობით მხოლოდ მეორე ტაიმში გატეხეს მოწინააღმდეგე.

ამ თამაშს იტალიელი ლო ბელო მსაჯობდა, რომელიც მატჩამდე რამდენიმე კვირით ადრე იტალიის პარლამენტში აირჩიეს (1967 წელს მან „ბაიერნისა" და „გლაზგო რეინჯერსის" თასთა თასის ფინალ იმსაჯა). ვარაუდობდნენ, რომ ლო ბელო პოლიტიკას მიხედავდა და არბიტრობას თავს დაანებებდა, მაგრამ დეპუტატი საყვარელ საქმეს ვერ მოეშვა - ლიდსური მეოთხედფინალი ძალიან მკაცრად განსაჯა და მატჩის მიწურულს მსაჯთან მოკამათე „ლიდს იუნაიტედის" კაპიტანს ბილი ბრემნერს ყვითელი ბარათითაც „გაუმასპინძლდა".

ტურნირის ყველაზე სკანდალური გუნდი კი დასავლეთ გერმანიის „შალკე 04" გახლდათ. ჯერ იყო და დაგროვილმა ვალებმა კლუბის ხელმძღვანელებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გააყიდვინა, მერე კი, პრაღის „სპარტასთან" მეოთხედფინალისას, გუნდი კორუფციაშიც გაერია.

შინ „შალკე 04"-მა 2:1 მოუგო „სპარტას". საპასუხო შეხვედრის ჩაშლას კი სულ ცოტა დააკლდა - გერმანული გუნდის მესვეურები აცხადებდნენ, ლამისაა თერთმეტი ფეხბურთელიც ვერ შევკრიბოთ და პრაღაში ჩასვლას რაღა აზრი აქვსო. საქმე ისაა, რომ გფრ-ის საფეხბურთო კავშირმა „შალკე 04"-ის სამ მოთამაშეს - ფიჰტელი, რიუსმანსი, ლიუტკებომერტი - ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ისინი ბუნდესლიგის თამაშების „გაყიდვაში" ამხილეს. სიტუაცია კავშირის საგანგებო კომისიამ განმუხტა: დაადგინეს - კლუბის მდგომარეობა გავითვალისწინოთ და სამეულს მეოთხედფინალის შემდეგ ავუკრძალოთ თამაშიო. მეტიც, თუ „შალკე 04" ნახევარფინალში გავიდოდა, მათ კიდევ ერთი თვით გადაუვადებდნენ სასჯელს.

ამან გაჭრა და გელზენკირხენელები პრაღას გაემგზავრნენ. იქ მათ დიდი იმედგაცრუება ელოდათ: უკვე 55-ე წამზე სპარტელმა იურკანინმა გახსნა ანგარიში. მერე ჩეხოსლოვაკიელებმა კიდევ ორი გოლი შეაგდეს. გერმანელებმა რომ ვერაფრით უპასუხეს, უხეშობა დაიწყეს, საბოლოოდ კი შერცხვენილებმა დატოვეს ტურნირი.

კერკერტ „სპარტასთან" მომავალ გამარჯვებულ „მილანსაც" ძალიან გაუჭირდა. იტალიელებმა ორივე ნახევარფინალში რის ვაი-ვაგლახით მოახერხეს თითო ბურთის გატანა. „თავიდანვე ვთქვი, რომ სპარტელებთან რთული მატჩები გველოდა. ახლა, უსახური თამაშის გამო, ბევრი გვსაყვედურობს, მაგრამ მიზანს მივაღწიეთ - ჩვენ ფინალში ვართ"! - თქვა გამარჯვებულმა ნერეო როკომ.

„ლიდს იუნაიტედი" მეოთხედფინალში უპრობლემოდ გაუსწორდა ბუქარესტის „რაპიდს", ნახევარფინალში კი მამაც იუგოსლავიელებთან - სპლიტის „ჰაიდუკთან", დიდი ბრძოლა გადაიტანა.

ლიდსში „ჰაიდუკმა" ბრიტანელებს თავისივე სტილი დაუპირისპირა. თავიდან ინგლისელები მწყობრად თამაშობდნენ, სტივენ კლარკმა ანგარიშიც გახსნა, მაგრამ მერე და მერე მდგომარეობა დაიძაბა: სტუმართა ძალისმიერმა მოქმედებამ მასპინძლებს მოთმინება დააკარგვინა. მსაჯმა ემსბერგერმა ჯერ იუგოსლავიელი ბულიანი გააფრთხილა, შემდეგ გოლის ავტორიო კლარკი გააძევა. მეორე ტაიმში კაცნაკლული ლიდსელები გააფთრებით უტევდნენ, მაგრამ აღარაფერი გამოუვიდათ.

სპლიტში ბრიტანელები ბეწვზე გადარჩნენ. უგოლო ფრემ ლიდსელები ფინალში გაიყვანა. ნამატჩევს იორკშირული კლუბის მენეჯერმა დონ რივიმ თქვა: „კმაყოფილი ვარ, რომ გავიმარჯვეთ. მაგრამ არ მომეწონა არც ჩემიანების თამაში და არც ანგარიში. დისკვალიფიცირებული კლარკის არყოფნამ ბევრი დაგვაკლო".

„მილანი"-„ლიდს იუნაიტედის" ფინალი უექსცესოდ არ ჩაივლისო, წერდნენ მიმომხილველები და არც შემცდარან - სალონიკის სტადიონის მინდორზე თამაშს ხშირად გაწევ-გამოწევა და ჩხუბიც ერთვოდა. სხვათა შორის, ბერძენმა მსაჯმა ხრისტოს მიხასმა ინგლისელი ნორმან ჰანტერიც გააძევა. სიმკაცრის მიუხედავად, არბიტრი თამაშს ვერ აკონტროლებდა და ამით სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავდა.

მაგრამ ეს შემდეგ იყო, თამაშის დაწყებამდე კი ორივე მხარეს თავის არგუმენტები ჰქონდა. „ლიდს იუნაიტედის" მწვრთნელი რივი ამბობდა, რომ ინგლისური კლუბებისთვის თასების თასზე წარმატება უცხო არ არის, ბოლო სამ წელიწადში ორჯერ „მანჩესტერ სიტიმ" და „ჩელსიმ" იმარჯვეს და ჩემი კლუბიც მათ გზას გაჰყვებაო.

ნერეო როკო მიმომხილველებს ახსენებდა, რომ მისი თავკაცობით „მილანმა" 1968 წელს ერთხელ უკვე მოიპოვა თასების თასი. ახლაც ასევე იქნებაო, ასკვნიდა მწვრთნელი და კმაყოფილებას ვერ მალავდა მოწინააღმდეგის ბანაკში შექმნილი პრობლემების გამო.

„ლიდს იუნაიტედი" მართლაც ცუდ დღეში იყო: დისკვალიფიცირებულები იყვნენ კაპიტანი ბილი ბრემნერი და ნაკრების ფორვარდი კლარკი, დაშავებული იყო ირლანდიელი ჯონი ჯაილსი. ეს სამი მოთამაშე გუნდისთვის ბევრს ნიშნავდა. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მწვრთნელმა თქვა, ფინალი ჩემი ბოლო თამაშია, „ევერტონში" მივდივარო. დონ რივი კლუბის სიმბოლო იყო: მან ათი წელი იმუშავა გუნდში, მესამე ლიგიდან პირველში (დღევანდელი პრემიერლიგა) გადაიყვანა, მერე ინგლისის ჩემპიონიც გახდა და თასიც მოაგებინა.

მილანელებს მხოლოდ ერთი დანაკლისი ჰქონდათ: ვერ ითამაშებდა ფეხმოტეხილი მეგოლე პიერინო პრატი.

მატჩის დასაწყისშივე ლუჩანო კიარუჯის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი „კედელს" გადაევლო და „ლიდს იუნაიტედის" კარში აღმოჩნდა. ეს იყო და ეს  - მეტი გოლი აღარ გასულა. იტალიელები დაცვაში ჩადგნენ, ინგლისელები უტევდნენ. ნელ-ნელა ხისტი თამაში უხეშობაში გადაიზარდა. სამჯერ მეტოქის საჯარიმოში წაქცეული ინგლისელები ითხოვდნენ თერთმეტმეტრიანს, მაგრამ ბერძენ არბიტრს არაფერი ესმოდა. იგივე გრძელდებოდა მეორე ტაიმშიც. ერთმა ბრიტანელმა რეპორტიორმა მოსწრებულად იხუმრა: მსაჯი ბერძენია, სტადიონის ყველა გასასვლელი იცის და ამიტომაც არაფრის ეშინიაო.

გასაქცევად მსაჯს საქმე არ ჰქონდა, მაგრამ ბევრი ლანძღვა კი მოისმინა (საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ მოგვიანებით ის ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა). ინგლისელები ყველაფერს მიხასს აბრალებდნენ, დონ რივი კი გაცხარებული იყო - არბიტრს ჩვენს სასარგებლოდ მინიმუმ სამი პენალტი უნდა დაენიშნაო...

„მილანის" კაპიტანი და ლიდერი ჯანი რივერა მშვენიერი ხასიათზე იყო - უკვე მეორედ აღმართა თასების თასი!

„ლიდს იუნაიტედს" მრავალფეროვნება აკლდა. ინგლისელები ერთსა და იმავეს აკეთებდნენ - ბურთს ბრმად გზავნიდნენ საჯარიმოში. ასეთ დროს, თუ გაგიმართლა, გაიტან, თუ არა და, ტყუილი შრომაა. ინგლისელები ჩიოდნენ, მეტოქე უხეშობდაო. არც თავად დაუკლიათ. რამდენჯერმე აუტანლად მატკინეს, მაგრამ მატჩის მნიშვნელობა მახსოვდა და თავი შევიკავე", - ეს ჯანი რივერას სიტყვებია.

ახლა ნერეო როკოზეც ვთქვათ, 60-70-იანი წლების „მილანის" ყველა გამარჯვების სულისჩამდგმელზე. მისთვის ეს ბოლო მილანური თასი გამოდგა.

როკო იტალიაში ბევრს არ უყვარდა. მას ძალიან უბრალო, უხეშ და გაუნათლებელ ადამიანად მიიჩნევდნენ. მაგრამ როკომ იცოდა თავის საქმე. ის არ იყო კარგი ორატორი, ამიტომ იშვიათად ლაპარაკობდა და ბევრს მუშაობდა. ერთხელ ჰკითხეს, რატომ ათამაშებთ „მილანს" „კატენაჩოს", გულშემატკივარს შემტევი ფეხბურთი და გოლები უყვარსო. როკომ მიუგო: „მერე ვინ გითხრათ, რომ „კატენაჩო" ბურთების გატანას კრძალავს? „კატენაჩოთი" ბევრი გოლი რომ შეაგდო, ამისთვის სამი თავდამსხმელი მჭირდება, მე კი დღეს მხოლოდ ერთნახევარი მყავს".

ტრიუმფატორთა, ისევე, როგორც იტალიური ფეხბურთის „ოქროს ბიჭუნად" კი ისევ ჯანი რივერა რჩებოდა. ეს სახელი მას 1960 წელს შეარქვეს, როცა ქვეყნის ოლიმპიურ ნაკრებში გამოჩნდა. თითქოს დაებედაო, იმ ნაკრებსაც როკო წვრთნიდა.

1973 წელს რივერა 30 წლის იყო და მიმომხილველები დროდადრო წუწუნებდნენ, ასაკოვანი მოთამაშე რომ ყველას აჯობებს, იმ ქვეყნის ფეხბურთის საქმე მთლად კარგად არ უნდა იყოსო. თუმცა, ასე დიდხანს არ გაგრძელებულა - რამდენიმე წელიწადში იტალიაში ნიჭიერი მოთამაშეების მთელი თაობა გამოჩნდა.

თასების თასი „მილანს" იტალიის ჩემპიონობად დაუჯდა. ფინალიდან რამდენიმე დღეში ქვეყნის პირველობაზე ბოლო მატჩი წააგო „ვერონასთან" და „იუვენტუსმა" ერთი ქულით გადაუსწრო...

გაზეთი „სარბიელი" (3 აპრილი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1972-1973
1/16 ფინალი
„ბასტია" (საფრანგეთი) - „ატლეტიკო" (მადრიდი, ესპანეთი) 0:0, 1:2; „სპარტაკი" (მოსკოვი, სსრკ) - „დენ ჰააგი" (ჰააგა, ჰოლანდია) 1:0, 0:0; „ვიკინგური" (რეიკიავიკი, ისლანდია) - „ლეგია" (ვარშავა, პოლონეთი) 0:2, 0:9; „რედ ბოიზი" (დიფერდანჟი, ლუქსემბურგი) - „მილანი" (იტალია) 1:4, 0:3; „პეზოპორიკოსი" (ლარნაკა, კვიპროსი) - „კორკ ჰიბერნიანსი" (კორკი, ირლანდია) 1:2, 1:4; „შალკე 04" (გელზენკირხენი, გფრ) - „სლავია" (სოფია, ბულგარეთი) 2:1, 3:1; „ფლორიანა" (მალტა) - „ფერენცვაროში" (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 1:0, 0:6; „სტანდარდი" (ლიეჟი, ბელგია) - „სპარტა" (პრაღა, ჩეხოსლოვაკია) 1:0, 2:4; „კარლ ცაისი" (იენა, გდრ) - „მიკელინ პალოილიატი" (მიკელი, ფინეთი) 6:1, 2:3; „ანკარაგიუჯუ" (ანკარა, თურქეთი) - „ლიდს იუნაიტედი" (ლიდსი, ინგლისი) 1:1, 0:1; „რაპიდი" (ვენა ავსტრია) - პაოკ (სალონიკი, საბერძნეთი) 0:0, 2:2; „რაპიდი" (ბუქარესტი, რუმინეთი) - „ლანდსკრონა" (შვედეთი) 3:0, 0:1; „სპორტინგი" (ლისაბონი, პორტუგალია) - „ჰიბერნიანი" (ედინბურგი, შოტლანდია) 2:1, 1:6; „ფრემად ამაგერი" (კოპენჰაგენი, დანია) - „ბესა კავაიე" (კავაიე, ალბანეთი) 1:1, 0:0; „ციურიხი" (შვეიცარია) - „რექსჰემი" (უელსი) 1:1, 1:2; „ჰაიდუკი" (სპლიტი, იუგოსლავია) - „ფრედრიკსტადი" (ნორვეგია) 1:0, 1:0
1/8-ფინალი
„ატლეტიკო" - „სპარტაკი" 3:4, 2:1; „ლეგია" - „მილანი" 1:1, 1:2 (დდ); „კორკ ჰიბერნიანსი" - „შალკე 04" 0:0, 0:3; „ფერენცვაროში" - „სპარტა" 2:0, 1:4; „კარლ ცაისი" - „ლიდს იუნაიტედი" 0:0, 0:2; „რაპიდი" (ვ) - „რაპიდი" (ბ) 1:1, 1:3; „ჰიბერნიანი" - „ბესა კავაიე" 7:1, 1:1; „რექსჰემი" - „ჰაიდუკი" 3:1, 0:2
1/4-ფინალი
„სპარტაკი" - „მილანი" 0:1, 1:1; „შალკე 04" - „სპარტა" 2:1, 0:3; „ლიდს იუნაიტედი" - „რაპიდი" (ბ) 5:0, 3:1; „ჰიბერნიანი" - „ჰაიდუკი" 4:2, 0:3
1/2-ფინალი
„მილანი" -
„სპარტა" 1:0, 1:0; „ლიდს იუნაიტედი" - „ჰაიდუკი" 1:0, 0:0

ფინალი
16 მაისი, 1973. საბერძნეთი, სალონიკი, „კაფტანცოლიო". 40154
მილანი 1:0 ლიდს იუნაიტედი
გოლი:
1:0 ლუჩანო კიარუჯი (5)
მილანი: ვილიამ ვეკი, ჯუზეპე საბადინი, ჯულიო ძინოლი, ანჯელო ანკილეტი, მაურიციო ტურონე, რობერტო როსატო (დარიო დოლჩი 59), ჯანი რივერა (კაპ), რომეო ბენეტი, რიკარდო სოლიანო, ალბერტო ბიგონი, ლუჩანო კიარუჯი
მწვრთნელი: ნერე როკო
ლიდს იუნაიტედი: დევიდ ჰარვი, პოლ რინი, ტრევორ ჩერი, მაიკ ბეიტსი, პოლ მედელეი, ნორმან ჰანტერი, ფრენკ გრეი (გორდონ მაკქუინი 54), ტერი იორატი (კაპ), პიტერ ლორიმერი, ჯოი ჯორდანი, მაიკ ჯონსი
მწვრთნელი: დონ რივი
გაძევება: ნორმან ჰანტერი (89)
მსაჯი: ხრისტოს მიხასი (საბერძნეთი)

საუკეთესო ბომბარდირი
ლუჩანო კიარუჯი („მილანი", იტალია; იტალია) - 7 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.