სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1974: „მაგდებურგი“ (გდრ)

თარიღი: 2016 აპრილი 04


1973-1974 წლების გათამაშებაში გამარჯვებული: „მაგდებურგი“ (გდრ)

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

პირველი და უკანასკნელი
როტერდამულ ფინალში, რომელსაც მხოლოდ 6461 მაყურებელი დაესწრო, თასების მფლობელთა თასის მფლობელი „მილანი" შეეცადაც ევროპული ავტორიტეტი არ შეებღალა და მოვერცხლილი თასი კიდევ ერთი წლით დაეტოვებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ამაში მთავარი „დამნაშავე" გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი „მაგდებურგი" აღმოჩნდა, რომელიც თასთა თასის გათამაშების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გუნდი გახლდათ - ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 23 წელს არ აღემატებოდა. გერმანელთა შორის ყველაზე ასაკოვანი შემტევი იურგენ შპარვასერი იყო - მას ფინალამდე ორი დღით ადრე შეუსრულდა 26 წელი...

თასის მფლობელი „მილანი" გადამწყვეტ მატჩამდე ისევ მივიდა, მაგრამ ეს სეზონი შავ-წითლებისთვის რთული და არათანაბარი გამოდგა. მწვრთნელი ნერეო როკო გუნდიდან წავიდა და მისი ფუნქცია კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჩემპიონთა თასის 1962-1963 წლების გათამაშებაში გამარჯვებულმა ჯოვანი ტრაპატონიმ იკისრა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ჩემპიონატში „შავ-წითლების" საქმე არცთუ კარგად მიდიოდა, თასების თასზე გუნდი მაინც დამაჯერებელი იყო.

ტურნირის საუკეთესო დუელი „მილანი"-მიონხენგლადბახის „ბორუსიას" ნახევარფინალი გამოდგა. „ბორუსიას" ჩინებული შემადგენლობა ჰყავდა. ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესოც ევროპაში. თავად განსაჯეთ: ევროპის ჩემპიონი გფრ-ის ნაკრების წევრები ბერტი ფოგთსი, ული შტილიკე, ჰერბერტ ვიმერი, რაინერ ბონჰოფი და იუპ ჰაინკესი, პლუს დანიელი ალან სიმონსენი, ვისაც ორ წელიწადში ევროპის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებენ...

„ბორუსიას" დამარცხება მხოლოდ დიდ გუნდს თუ შეეძლო. 1975, 1976 და 1977 წლებში მიონხენგლადბახელები ბუნდესლიგის ჩემპიონები გახდნენ, 1975 წელს უეფას თასიც მოიგეს... 1973-1974 წლების ტურნირში მათ ყველაზე მეტი - 29 ბურთი გაიტანეს, აქედან რვა იუპ ჰაინკესის ანგარიშზე იყო. ამ შედეგით ის გათამაშების საუკეთესო მეგოლე გახდა.

„ბორუსიას" „მილანამდე" ერთი დათარსული გუნდი შეხვდა - გერმანელებმა ჩრდილოირლანდიურ „გლენტორანს" 1/4-ფინალში ჯამში შვიდი ბურთი გაუტანეს, მაგრამ საინტერესო იცით, რა არის? გლადბახელებთან შეხვედრამდე „გლენტორანის" წამყვანმა ნახევარმცველმა უოლკერმა ფეხი მოიტეხა, მეორე კი, გვარად სტიუარტი, გულის შეტევით გარდაიცვალა...

სანამ მილანში პირველ ნახევარფინალს ითამაშებდნენ, „ბორუსიას" მწვრთნელი ჰანს ვაისვაილერი „დერბი დე ლა მადონინას", იგივე მილანურ დერბის - „მილანი"-„ინტერის" დაპირისპირებას დაესწრო და მომავალი მეტოქის უმოწყალო განადგურების თვითმხილველი შეიქნა - 1:5. ცნობისათვის: ეს „შავ-წითლების" ზედიზედ მეხუთე მარცხი იყო სერია ა-ში. ნანახით და სტატისტიკაგაცნობილი, ვაისვაილერი მშვიდად დაბრუნდა შინ. კარგია კენჭისყრამ „მილანს" რომ შეგვახვედრა და არა „ინტერსო", - იტყვის მოგვიანებით გერმანელი მწვრთნელი.

როცა იტალიელების კაპიტანმა ჯანი რივერამ ვაისვაილერის ნათქვამის შესახებ შეიტყო, იწყინა: „ჩვენ ევროტურნირების დიდი გამოცდილება გვაქვს და ვინ ვის მოუგებს, ამას მალე ვნახავთ" - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

რივერა მართალი გამოდგა. პირველ მატჩში „მილანმა" ყველაფერში აჯობა მოწინააღმდეგეს. ალბერტო ბიგონისა და ლორენცო კიარუჯის გოლებით თასის მფლობელებმა საპასუხო შევედრისთვის სოლიდური მარაგი შეიქმნეს. თავად რივერას ტრავმის გამო არ უთამაშია.

გლადბახელებმა, უფრო დიდი სტადიონიაო და მოწინააღმდეგეს დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" უმასპინძლეს. იტალიელი ჯუზეპე საბადინის ავტოგოლი ერთადერთი აღმოჩნდა. თუმცა გერმანელები ამტკიცებდნენ, რომ ესპანელმა მსაჯმა მარტინესმა მათ სამი ნაღდი პენალტი არ დაუნიშნა. ვიდეოფირის განხილვამ გლადბახელების სიმართლე დაამტკიცა. ერთხელ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა რომეო ბენეტიმ, ვიმერი და რაპი კი სტუმრებმა საჯარიმოში წააქციეს. მინდორზე მართლა დიდი ამბები ხდებოდა: მსაჯმა ფოგთსი და ბონჰოფი გააფრთხილა, მეორე ნახევარში კი მილანელი კარლ-ჰაინც შნელინგერი და გლადბახელი კულიკი საკაცით გაიყვანეს მოედნიდან.

საბოლოოდ „მილანი" ფინალში გავიდა, „ბორუსიას" მეკარემ კი ნამატჩევს განაცხადა: „თუ მარტინესს ფინალის მსაჯად დანიშნავენ, „მაგდებურგს" შეუძლია შინ დარჩეს, რადგან მაინც „მილანს" მოაგებინებენ".

მაგრამ როტერდამში სხვა არბიტრი იყო და „მაგდებურგიც" შეუჩერებელი გახლდათ. ფინალის წინ აღმოსავლეთგერმანელთა მწვრთნელმა ჰაინც კრიუგელმა თქვა, რომ ეს თამაში თავისი მუშაობის გვირგვინად წარმოედგინა - ის რვა წლის განმავლობაში აყალიბებდა გუნდს და ბოლოს სასურველი შედეგიც მოიკა. „ახალი ტალღის" მოთამაშეებით დაკომპლექტებული „მაგდებურგი" ათლეტურ, შემტევ ფეხბურთს თამაშობდა: 1972, 1974 და 1975 წლებში გდრ-ის ჩემპიონი გახდა!

ცნობისათვის: მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატზე კლუბის ოთხმა წევრმა - ვოლფგანგ ზეგუინი, იურგენ პომერენკე, მარტინ ჰოფმანი, იურგენ შპარვასერი - ითამაშა. იმ წელს გდრ-ის ნაკრებმა პირველად და უკანასკნელად იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე და არცთუ ურიგოდ: ჯგუფურ ტურნირში აღმოსავლეთგერმანელებმა მომავალი გამარჯვებული გფრ-ის ნაკრები დაამარცხეს. იურგენ შპარვასერი ნაკრების ერთ-ერთი მთავრი ფიგურა იყო...

53 წლის კრიუგელის განცხადებით, „მაგდებურგი" ტრადიციულ, შემტევ სტილში ითამაშებდა, თუმც მათ ორი ძლიერი მოთამაშე აკლდათ: ლეკერი დისკვალიფიკაციას იხდიდა ბულგარეთის „ბეროესთან" გაძევების გამო, ხოლო ახტელი დაშავებული იყო. კრიუგელი იმასაც აღნიშნავდა, რომ მისი გუნდის ძირითადი ბირთვი მაგდებურგის სკოლის აღზრდილებისგან იყო შეკრული და მათ უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის.

„მილანს" კი გამოცდილების, იღბლისა და კიდევ, სტადიონის იმედი ჰქონდა: 1968 წელს კლუბმა სწორედ როტერდამის მინდორზე დაამარცხა გერმანიის „ჰამბურგი" და პირველად დაეუფლა თასების თასს.

ჯოვანი ტრაპატონი ქომაგებს შეპირდა, რომ მისი გუნდი ლამაზ ფეხბურთს ითამაშებდა და წინა წლის ისტორია აღარ განმეორდებოდა. ერთი წლის წინანდელ ფინალში, „მილანსა" და „ლიდს იუნაიტედს" შორის რომ გათამაშდა, უხეშობა მეტი იყო, ვიდრე ფეხბურთი.

ჯანი რივერა საკითხს თავისებურად უდგებოდა. პრესკონფერენციაზე მან თქვა, უკეთესი იქნებოდა ფინალში „მაგდებურგისგან" დამარცხებულ „სპორტინგთან" გვეთამაშა, ტექნიკურ პორტუგალიელებთან მეტი შანსი გვექნებოდა, ათლეტურ გერმანელებთან, ვფიქრობ, გაგვიჭირდებაო.

და კიდევ ერთი: წინა წელს ჩემპიონთა თასის გათამაშებიდან „მაგდებურგი" „იუვენტუსმა" გამოთიშა. ტურინელებმა ორივე მატჩის ფირი მილანელებს გადასცეს, მაგრამ ეს ინფორმაცია ტრაპატონის გუნდისთვის ფუჭი აღმოჩნდა - „მაგდებურგმა" შესანიშნავად ითამაშა და დამსახურებულად მოიგო.

თავიდან იტალიელებმა „სიტყვა შეასრულეს" და დაცვითი ფეხბურთის ნაცვლად, შემტევი ითამაშეს, მაგრამ გერმანელების აგრესიულმა მოქმედებამ ისინი მალე საკუთარ ნახევარზე დააფუძნა. პირველი ტაიმის დასრულებას სამი წუთი აკლდა, როცა მარტინ ჰოფმანმა ფლანგიდან შპარვასერის მისამართით ჩააწოდა, „მილანის" მცველი ენრიკო ლანცი სიტუაციის განმუხტვას შეეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - 0:1.

ამან იტალიელები გააბრაზა და მეორე ნახევარში შეტევაც სცადეს, მაგრამ რივერას მჭიდროდ მეურვეობდნენ, უკაპიტნოდ კი მილანელებს ძალიან გაუჭირდათ. მერე ერთი გასაკვირი რამ მოხდა: იტალიელები შეტევით გაერთნენ და... მეორე ბურთი მიიღეს საკუთარ კარში: მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან მდგომმა ვოლფგანგ ზეგუინმა აქსელ ტილის გადაცემის შემდეგ გაიტანა - 2:0! „მაგდებურგი" თასების თასის მფლობელი გახდა - არც მანამდე და არც მას შემდეგ აღმოსავლეთ გერმანის კლუბს ევროთასი აღარ მოუგია.

ტრიუმფატორთა დამრიგებელმა კრიუგელმა თქვა: „თანაბარი თამაში მხოლოდ ბოლო ნახევარ საათს იყო, მანამდე მეტოქეს აშკარად ვჯობდით. ჩემს გუნდში „ვარსკვლავები" არ თამაშობენ, ამიტომ აქცენტს კოლექტიურ მოქმედებაზე ვაკეთებთ. ფინალში სწორედ ამან მოგვაგებინა. რაც შეეხება მომავალ ტურნირებს, გაისად „მაგდებურგი" ჩემპიონთა თასზე გამოვა და ვეცდებით იქაც წარმატებით ვითამაშოთ".

გაზეთი „სარბიელი" (7 აპრილი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1973-1974
1/16 ფინალი
„ვაშაში" (ბუდაპეშტი, უნგრეთი) - „სანდერლენდი" (ინგლისი) 0:2, 0:1; „კარდიფ სიტი" (კარდიფი, უელსი) - „სპორტინგი" (ლისაბონი, პორტუგალია) 0:0, 1:2; „ანდერლეხტი" (ბრიუსელი, ბელგია) - „ციურიხი" (შვეიცარია) 3:2, 0:1; „პეზოპორიკოსი" (ლარნაკა, კვიპროსი) - „მალმიო" (შვედეთი) 0:0, 0:11; „ბანიკი" (ოსტრავა, ჩეხოსლოვაკია) - „კორკ ჰიბერნიანსი" (კორკი, ირლანდია) 1:0, 2:1; „ბრედა" (ჰოლანდია) - „მაგდებურგი" (გდრ) 0:0, 0:2; „ბეროე" (სტარა ზაგორა, ბულგარეთი) - „ფოლა ეში" (ეშ სულ ალცეტი, ლუქსემბურგი) 7:0, 4:1; „ტორპედო" (მოსკოვი, რუსეთი) - „ატლეტიკი" (ბილბაო, ესპანეთი) 0:0, 0:2; „მილანი" (იტალია) - „დინამო" (ზაგრები, იუგოსლავია) 3:1, 1:0; „რანდერსი" (დანია) - „რაპიდი" (ვენა, ავსტრია) 0:0, 1:2; „ლაჰდენ რეიპასი" (ლაჰტი, ფინეთი) - „ლიონი" (საფრანგეთი) 0:0, 0:2; „ლეგია" (ვარშავა, პოლონეთი) - პაოკ (სალონიკი, საბერძნეთი) 1:1, 0:1; „გზირა იუნაიტედი" (გზირა, მალტა) - „ბრანი" (ბერგენი, ნორვეგია) 0:2, 0:7; „ხიმია" (რამნიცუ ვალკეა, რუმინეთი) - „გლენტორანი" (ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია) 2:2, 0:2; იბ (ვესტმანაეიარი, ისლანდია) - „ბორუსია" (მიონხენგლადბახი, გფრ) 0:7, 1:9; „ანკარაგიუჯუ" (ანკარა, თურქეთი) - „გლაზგო რეინჯერსი" (გლაზგო, შოტლანდია) 0:2, 0:4
1/8-ფინალი
„სანდერლენდი" - „სპორტინგი" 2:1, 0:2; „ციუხირი" - „მალმიო" 0:0, 1:1; „ბანიკი" - „მაგდებურგი" 2:0, 0:3; „ბეროე" - „ატლეტიკი" 3:0, 0:1; „მილანი" - „რაპიდი" 0:0, 2:0; „ლიონი" - პაოკ 3:3, 0:4; „ბრანი" - „გლენტორანი" 1:1, 1:3; „ბორუსია" - „გლაზგო რეინჯერსი" 3:0, 2:3
1/4-ფინალი
„სპორტინგი" -
„ციურიხი" 3:0, 1:1; „მაგდებურგი" - „ბეროე" 2:0, 1:1; „მილანი" - პაოკ 3:0, 2:2; „გლენტორანი" - „ბორუსია" 0:2, 0:5
1/2-ფინალი
„სპორტინგი" - „მაგდებურგი" 1:1, 1:2; „მილანი" - „ბორუსია" 2:0, 0:1

ფინალი
8 მაისი, 1974. ჰოლანდია, როტერდამი, „ფეიენოორდი". 6461
მაგდებურგი 2:0 მილანი
გოლები:
1:0 ენრიკო ლანცი (42, სკ), 2:0 ვოლფგანგ ზეგუინი (74)
მაგდებურგი: ულრიხ შულცე, დეტლეფ ენგე, მანფრედ ზაპფი (კაპ), ჰელმუტ გაუბე, ვოლფგანგ აბრაჰამი, იურგენ პომერენკე, ვოლფგანგ ზეგუინი, აქსელ ტილი, დეტლეფ რაუგუსტი, იურგენ შპარვასერი, მარტინ ჰოფმანი
მწვრთნელი: ჰაინც კრიუგელი
მილანი: პიერლუიჯი პიცაბალა, ჯუზეპე საბადინი, ანჯელო ანკილეტი, ენრიკო ლანცი, კარლ-ჰაინც შნელინგერი, რომეო ბენეტი, ალდო მალდერა, ჯანი რივერა (კაპ), კარლო ტრესოლდი, ალბერტო ბიგონი,  ფრანკო ბერგამასკი (ალესანდრო ტურინი 60)
მწვრთნელი: ჯოვანი ტრაპატონი
მსაჯი: არი ვან გემერტი (ჰოლანდია)

საუკეთესო ბომბარდირი
იუპ ჰაინკესი („ბორუსია", გფრ; გფრ) - 8 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.