სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1975: „დინამო“ (კიევი, სსრკ)

თარიღი: 2016 აპრილი 05


1974-1975 წლების გათამაშებაში გამარჯვებული: „დინამო“ (კიევი, სსრკ)
 
1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

კიევის „სისტემური" ევროგაზაფხული
1974 წლის დასაწყისში კიევის „დინამოს" მთავარ მწვრთნელად დნეპროპეტროვსკის „დნეპრიდან" წასული ახალგაზრდა სპეციალისტი ვალერი ლობანოვსკი დანიშნეს.

მან მაშინვე მიიყვანა გუნდში მეგობარი და თანამოაზრე ოლეგ ბაზილევიჩი. ოფიციალურად ლობანოვსკი მთავარ მწვრთნელად ითვლებოდა, ბაზილევიჩი - გუნდის უფროსად, მაგრამ ისინი თანასწორნი იყვნენ: ერთად ატარებდნენ ვარჯიშებს, საზღვრავდნენ ტაქტიკას და ასახელებდნენ შემადგენლობას. ასეთი „ორხელისუფლებიანობა" საბჭოთა ფეხბურთში პირველი შემთხვევა იყო.

დუეტს კიდევ ერთი დამხმარე ჰყავდა - კიევის ფიზკულტურის ინსტიტუტის თეორიის კათედრა. იქ გუნდის მომზადების თავისებური მეთოდიკა ჰქონდათ დამუშავებული: 1974 წლის იანვრიდან ლობანოვსკიმ და კომპანიამ ახალი სტილის დანერგვა დაიწყეს, რომელმაც შემდგომ არაერთხელ გააკვირვა საფეხბურთო საზოგადოება.

კიეველებმა კარგად შეითვისეს იმხანად დამკვიდრებული ტოტალური ფეხბურთის არსი. თუმცა, ლობანოვსკი არ იზიარებდა სიტყვა „ტოტალურს" და მის მაგიერ „სისტემურს" იყენებდა. სწორედ მისი „სისტემური ფეხბურთი" გახდა უკრაინელების, თუ შეიძლება ასე ითქვას, მთავარი საიდუმლო. თავად განსაჯეთ: იმ წლებში კიევის „დინამო" იგივე საბჭოთა კავშირის ნაკრები იყო - სანაკრებო შეკრებებზე დინამოელებს სხვა გუნდების ოთხი-ხუთი მოთამაშე თუ დაემატებოდა. ამის გამო იყო გუნდს ერთდროულად ოთხ ტურნირში რომ უწევდა ძალის დემონსტრირება: ჩემპიონატში და თასზე, სანაკრებო დონეზე და ევროთასებზე.

ეს შეჯიბრებები წლის სხვადასხვა დროს იმართებოდა და გუნდი ყოველთვის საუკეთესო ფორმაში უნდა ყოფილიყო. ერთობ ძნელი საქმეა, რადგან დაუწერელი კანონია - არ არსებობს გუნდი, რომელსაც სეზონის განმავლობაში მცირე ჩავარდნა მაინც არ ექნება.

ფიზიკურ მომზადებაზე დაფუძნებული სტრატეგია და ტაქტიკა - სულ ეს იყო კიეველების მთავარი კოზირი. გუნდის ყველა წევრი აქტიურად მოქმედებდა მთელ მოედანზე. თვით ფორვარდი ოლეგ ბლოხინიც კი, რომელიც მანამდე მხოლოდ შემტევი ფუნქციებით იფარგლებოდა, იძულებული იყო ხშირად ცენტრისკენ დაწეულიყო, მეტოქისთვის ბურთი აერთმია და მერე ისევ შეეტია.

ლობანოვსკის მეთოდია: მობილურ, მოძრავ შემადგენლობას პლუს ერთი „სპრინტერი". ამ კონკრეტულ შემთხვევაში ოლეგ ბლოხინი. მოთამაშეების მთავარი მიზანია მოწინააღმდეგეს მაქსიმალურად შეუზღუდონ სივრცე და შეუჩერებლივ გადასცენ ბურთი სწრაფ თავდამსხმელს. ასეთი „სწრაფი თავდამსხმელი" იყო ოლეგ ბლოხინი, მერე იგორ ბელანოვი, მოგვიანებით ანდრეი შევჩენკო. სხვათა შორის, თავის დროზე სამივე ევროპის საუკეთესო მოთამაშე გახდა: შესაბამისად 1975, 1986 და 2003 წლებში...

1974 წელს უცებ გაზრდილმა ფიზიკურმა დატვირთვამ ფეხბურთელების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და გუნდი კინაღამ აჯანყდა. ბლოხინი იგონებს: „როცა ახალ სისტემაზე გადავედით, თავიდან ძალიან გაგვიჭირდა. ბევრი დატვირთვებს ვერ უძლებდა, მაგრამ ნელ-ნელა მივეჩვიეთ და მივხვდით, რომ მომქანცველი ვარჯიში მხოლოდ წაგვადგებოდა".

ჩვენი კახი კალაძის ნათქვამიც გავიხსენოთ: „კიევში რომ ჩავედი, ვარჯიშების შემდეგ სიარული მიჭირდა. დატვირთვები აუტანლად მომეჩვენა. მაგრამ ახლა ეს ჩვეულებრივი სამუშაოა".

ბლოხინმა ეს სიტყვები 1974-ში თქვა, კალაძემ კი 1998 წელს. შეიცვალა რამე? გამოდის, მეოთხედი საუკუნის წლის განმავლობაში ლობანოვსკის თავისი პრინციპისთვის არ უღალატია. მხოლოდ ეს არის. „ვასილიჩი" ჭკვიანი კაცია, ის ყოველთვის მალე უღებს ალღოს სიახლეებს და მერე მათ თავის პრინციპებს უქვემდებარებს...

კიევის „დინამომ" 1974-ში დუბლი შეასრულა - საბჭოთა კავშირის ჩემპიონობაც მოიგო და თასიც. თუმცა, მაშინ ზედმეტად დაცვითი თამაშის გამო გუნდს ხშირად აკრიტიკებდნენ. ლობანოვსკის თქმით, ეს იყო შემადგენლობის ჩამოყალიბების პროცესი, რომელმაც თავის პიკს მომდევნო წელს მიაღწია. მართლაც, 1975-ში მაყურებელმა სხვა „დინამო" იხილა: დალაგებული, სწრაფი და შემტევი. ჩემპიონატის პირველ ხუთ ტურში კიეველებმა ხუთივე თამაში მოიგეს და პირველობას ლამის აზრი დაუკარგეს. საბოლოოდ უკრაინელები ჩემპიონები ისე გახდნენ, ახლოს არავინ მიუშვიათ.

ასევე კარგად გამოდიოდა გუნდი თასების თასის გათამაშებაშიც. ამ მხრივ, ალბათ, სამი ეტაპია აღსანიშნავი: ფრანკფურტის „აინტრახტთან", ჰოლანდიის „პსვ ეინდჰოვენთან" და ფინალი უნგრეთის „ფერენცვაროშთან".

„აინტრახტი", რომლის შემადგენლობაში მაშინ მსოფლიოს ორი ჩემპიონი - ბერნდ ჰოლცენბაინი და იურგენ გრაბოვსკი თამაშობდა, ევროპაში ურიგო გუნდად არ ითვლებოდა. სწორედ ფრანკფურტელებთან გამოჩნდა კიეველთა ბრძოლისუნარიანობა და ტაქტიკური განსწავლულობა. პირველი, ფრანკფურტული მერვედფინალი, უკრაინელებმა 3:2 მოიგეს, არადა ორჯერ აგებდნენ: მე-2 წუთზე ნიკელმა გახსნა ანგარიში, 34-ზე ვლადიმირ ონიშჩენკომ გაათანაბრა, მერე, 64-ზე კიორბელმა პენალტით ისევ დააწინაურა თავისიანები, მაგრამ ბოლო შვიდ წუთში სტუმრებმა აშკარად დაჯაბნეს მოწინააღმდეგე და კიდევ ორჯერ გაუტანეს - ბლოხინმა 83-ზე და ვლადიმირ მუნტიანმა 87-ზე.

ბაზილევიჩი ამბობდა, დღეს ჩვენი „გასვლითი მოდელი" ნახეთ, შინ სხვაგვარად ვითამაშებთო. ასეც მოხდა. კიევურ პირველ ტაიმში ონიშჩენკომ ორჯერ აჯობა მეკარე ვინჰოლდს. მეორე ნახევრის დასაწყისშივე რორბახმა ერთი გაქვითა, გერმანელებს იმედი მიეცათ და ეშმაკურ ხერხს მიმართეს: ისინი არ ჩქარობდნენ და გრძელი, გასწვრივი გადაცემებით დიდხანს ათამაშებდნენ ბურთს. ამით მასპინძლების გამოტყუებას და სწრაფ კონტრშეტევაზე თამაშს აპირებდნენ. მაგრამ მათდა გასაკვირად, კიეველებმაც მიიღეს „დაჭერობანას" თამაში და ზუსტად იგივე გაიმეორეს. ასე გაგრძელდა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. მასპინძლებმა ამაშიც აჯობეს ფრანკფურტელებს, რამდენჯერმე მოახერხეს სწრაფი კონტრთავდასხმა და რომ არა მეკარე ვინჰოლდი, სამი ბურთი კიდევ უნდა გაეტანათ. ნამატჩევს „აინტრახტის" მწვრთნელმა დიტრიხ ვაიზემ თქვა, კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, კიეველების დონეს რომ მივაღწიოთო.

ნახევარფინალში დინამოელებმა ერთი თავით აჯობეს ჰოლანდიის „პსვ ეინდჰოვენს", რომელიც მანამდე ლამაზ, შემტევ ფეხბურთს თამაშობდა და ტურნირში ყველაზე მეტი - 26 გოლი გაიტანა. ტყუპი ძმები ვან დერ კერკჰოფები, შვედები ნორდკვისტი და ედსტრიომი ანგარიშგასაწევ ძალას ქმნიდნენ, ხოლო შემტევი ვან დერ კუილენი რვა გოლით სულაც საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

უკრაინელებმა ყველაფერი პირველივე მატჩში მოითავეს, როცა ვიქტორ კოლოტოვის, ონიშენკოსა და ბლოხინის გოლებით 3:0 მოუგეს კონცერნ „ფილიპსის" გუნდს. ერთადერთი საწუხარი, რომელიც „პსვ ეინდჰოვენმა" „დინამოს" დაუტოვა, ეს მეორე მატჩში ვერემეევის გაძევება გახლდათ. გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელებმა ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე მოისაკლისეს.

საფინალოდ, იმავე მიზეზით, დიდი ძალა დააკლდა ბუდაპეშტის „ფერენცვაროშსაც": მცველსა და კაპიტან ბალინტს იუგოსლავიის „ცრვენა ზვეზდასთან" ნახევარფინალში უჩვენეს წითელი. ახლა უნგრელების იმედი მეკარე იშტვან გეცი და 20 წლის ნახევარმცველი ტიბორ ნილაში იყვნენ. სწორედ ის ნილაში, რომელსაც „დიდი უნგრული ფეხბურთის" ბოლო წარმომადგენელს უწოდებენ.

ფინალამდე „ფერენცვაროშმა" „ლივერპული", „მალმიო" და „ცრვენა ზვეზდა" ჩამოიშორა. ინგლისელებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, შვედებსაც და იუგოსლავიელებსაც კარგი გუნდები ჰყავდათ, მაგრამ ბაზელში, „სენტ იაკობის" სტადიონზე (ამავე მინდორზე 1969 წელს თასების თასის ფინალში „სლოვანმა" „ბარსელონას" მოუგო) მათ ვერაფერი დაუპირისპირეს კიევურ მექანიზმს.

ლობანოვსკის გუნდმა მეტოქეს ყველა გზა გადაუკეტა, თავად კი ბურთზე კონტროლს არ კარგავდა და ერთი შეხედვით წყნარ თამაშს უეცარ აფეთქებებს უნაცვლებდა. ამ შეხვედრაში ონიშჩენკომ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელად ბლოხინი დაასახელეს. მეკარე გეცისთვის შეგდებული ერთი ბურთი სრულიად არ ასახავდა უკრაინელი შემტევის მარგი ქმედების კოეფიციენტს. საჭირო სამუშაოს გარდა, მისმა სწრაფმა გარღვევებმა გაახალისა და გაალამაზა თამაში. „ბლოხინი ფანტასტიკურია"! - ასეთი იყო იქ მყოფი ორასამდე ჟურნალისტის შეფასება.

ოლეგ ბლოხინი მაშინ მართლაც ჩინებულ ფორმაში იყო. იმავე 1975 წელს ის ევროპის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში მან ყველაზე მეტი, 305 გოლი გაიტანა, 1972, 1973, 1974 და 1977 წლებში კი ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეც გახდა. ესეც რეკორდია.

ბაზელური ფინალიდან ოთხ თვეში კიევის „დინამომ" ევროპის სუპერთასიც მოიგო - ორი მატჩის ჯამში ჩემპიონთა თასის მფლობელი მიუნხენის „ბაიერნი" დაამარცხა - 1:0, 2:0. სამივე გოლი ბლოხინმა მიითვალა, მაგრამ პირველი, მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე გატანილი, მაინც გამორჩეული იყო: 67-ე წუთზე მან ცენტრთან ახლოს მიიღო ბურთი, უსწრაფესად გაიჭრა წინ, გზად ოთხი გერმანელი მცველი მოატყუა (ფრანც ბეკენბაუერისა და ჰანს-გეორგ შვარცენბეკის ჩათვლით) და ულამაზესი ბურთი გაუტანა მეკარე ზეპ მაიერს. ეს გოლი დღესაც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურად ითვლება ევროთასების ისტორიაში.

გაზეთი „სარბიელი" (8 აპრილი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1974-1975
1/16 ფინალი
„დანდი იუნაიტედი" (დანდი, შოტლანდია) -
„ჟიული" (პეტროშანი, რუმინეთი) 3:0, 0:2; „ბურსასპორი" (ბურსა, თურქეთი) - „ფინ ჰარპსი" (ბელიბოფი, ირლანდია) 4:2, 0:0; „აინტრახტი" (ფრანკფურტი, გფრ) - „მონაკო" (საფრანგეთი) 3:0, 2:2; „დინამო" (კიევი, სსრკ) - ცსკა (სოფია, ბულგარეთი) 1:0, 1:0; „გვარდია" (ვარშავა, პოლონეთი) - „ბოლონია" (იტალია) 2:1, 1:2 (პენ 5:3); „პსვ ეინდჰოვენი" (ეინდჰოვენი, ჰოლანდია) - „ერდსი" (ნიუთაუნერდსი, ჩრდილოეთ ირლანდია) 10:0, 4:1; „სლავია" (პრაღა, ჩეხოსლოვაკია) - „კარლ ცაისი" (იენა, გდრ) 1:0, 0:1 (პენ 2:3); „ბენფიკა" (ლისაბონი, პორტუგალია) - „ვანლიოსე" (დანია) 4:0, 4:1; „მალმიო" (შვედეთი) - „სიონი" (შვეიცარია) 1:0, 0:1 (პენ 5:4); „სლიემა უონდერერსი" (სლიემა, მალტა) - „რეიპასი" (ლაჰტი, ფინეთი) 2:0, 1:4; „ლივერპული" (ინგლისი) - „სტრიომსგოდსეტი" (გლუსკოგენ დრამენი, ნორვეგია) 11:0, 1:0; „ფერენცვაროში" (ბუდაპეშტი, უნგრეთი) - „კარდიფ სიტი" (კარდიფი, უელსი) 2:0, 4:1; „ფრამი" (რეიკიავიკი, ისლანდია) - „რეალი" (მადრიდი, ესპანეთი) 0:2, 0:6; „ვარეგემი" (ბელგია) - „აუსტრია" (ვენა, ავსტრია) 2:1, 1:4; პაოკ (სალონიკი, საბერძნეთი) - „ცრვენა ზვეზდა" (ბელგრადი, ავსტრია) 1:0, 0:2 (დდ); „ავენირი" (ბეგენი, ლუქსემბურგი) - „ენოსის ნეონი" (პარალიმნი, კვიპროსი)  - „ენოსის ნეონის" უარი
1/8-ფინალი
„დანდი იუნაიტედი" -
„ბურსასპორი" 0:0, 0:1; „აინტრახტი" - „დინამო" 2:3, 1:2; „გვარდია" - „პსვ ეინდჰოვენი" 1:5, 0:3; „კარლ ცაისი" - „ბენფიკა" 1:1, 0:0; „მალმიო" - „რეიპასი" 3:1, 0:0; „ლივერპული" - „ფერენცვაროში" 1:1, 0:0; „რეალი" - „აუსტრია" 3:0, 2:2; „ავენირი" - „ცრვენა ზვეზდა" 1:6, 1:5
1/4-ფინალი
„ბურსასპორი" - „დინამო" 0:1, 0:2; „პსვ ეინდჰოვენი" - „ბენფიკა" 0:0, 2:1; „მალმიო" - „ფერენცვაროში" 1:3, 1:1; „რეალი" - „ცრვენა ზვეზდა" 2:0, 0:2 (პენ 5:6)
1/2-ფინალი
„დინამო" -
„პსვ ეინდჰოვენი" 3:0, 1:2; „ფერენცვაროში" - „ცრვენა ზვეზდა" 2:1, 2:2

ფინალი
14 მაისი, 1975. შვეიცარია, ბაზელი, „სენტ იაკობი". 10897
დინამო 3:0 ფერენცვაროში
გოლები:
1:0 ვლადიმერ ონიშჩენკო (18), 2:0 ვლადიმერ ონიშჩენკო (39), 3:0 ოლეგ ბლოხინი (67)
დინამო: ევგენი რუდაკოვი, ვლადიმირ ტროშკინი, ვიქტორ მატვიენკო, სტეფან რეშკო, მიხაილ ფომენკო, ვლადიმირ მუნტიანი, ანატოლი კონკოვი, ლეონიდ ბურიაკი, ვიქტორ კოლოტოვი (კაპ), ვლადიმერ ონიშჩენკო, ოლეგ ბლოხინი
მწვრთნელი: ვალერი ლობანოვსკი
ფერენცვაროში: იშტვან გეცი (კაპ), დიოზო მარტოში, იშტვან მეგეიში, მიკლოშ პატაკი, ტიბორ რაბი, ტიბორ ნილაში (ტიბორ ონჰაუში 60), იშტვან იუჰაში, იოჟეფ მუჩა, ფერენც შაბო, იანოშ მატე, იშტვან მაგიარი
მწვრთნელი: იენო დალნოკი
მსაჯი: რობერტ დავიდსონი (შოტლანდია)

საუკეთესო ბომბარდირი

ვილი ვან დერ კუილენი („პსვ ეინდჰოვენი", ჰოლანდია; ჰოლანდია) - 8 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.