სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1976: „ანდერლეხტი“ (ბელგია)

თარიღი: 2016 აპრილი 05


1975-1976 წლების გათამაშებაში გამარჯვებული: „ანდერლეხტი“ (ბელგია)

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

როგორ შეირიგა რენსენბრინკმა ბელგიელები
1975-1976 წლების გათამაშების გადამწყვეტ თამაშში ბელგიის „ანდერლეხტი" ინგლისის „ვესტ ჰემ იუნაიტედს" ბრიუსელის „ეიზელის" სტადიონზე შეხვდა. ამ სარბიელზე ცხრა წლის შემდეგ „ლივერპული"-„იუვენტუსის" ჩემპიონთა თასის ფინალის წინ საშინელი ტრაგედია დატრიალდება...

აყალ-მაყალს 1976-შიც ცოტა უკლდა: ინგლისელი ფანები ბრიუსელში სხვადასხვა საშუალებით ჩავიდნენ - ზოგი თვითმფრინავით, ვინ - ავტობუსით და გემით... ადგილობრივი პოლიცია ფხიზლობდა, რადგან ბრიტანელებს მაშინაც დაუოკებელთა და მეამბოხეთა სახელი ჰქონდათ გავარდნილი.

თვითმფრინავებში, რომლითაც „ვესტ ჰემ იუნაიტედის" ქომაგები მგზავრობდნენ, ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა აკრძალეს. სამართლის მსახურნი არც ჩხრეკვას დარიდებიან, მაგრამ იმ 1500 კაცს შორის, რომლებმაც გემებით ჩააღწიეს ბელგიაში, ბევრმა მაინც მოახერხა და ბრიუსელს გვარიანად მთვრალი ეწვია. მართალია ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ ერთს გემიდან ჩასვლისას ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. საბედნიეროდ, მაშველებმა იმარჯვეს და „დაზარალებული" უმალ ჰოსპიტალში გააქანეს. რამდენიმე საათში გონს მოსული და გამოფხიზლებული დარდიმანდი ბრიუსელის ქუჩებში თანამემამულეებს ეძებდა. თანამემამულეები კი ჩასვლისთანავე მოედვნენ ქალაქს: ლუდის ქილებითა და დროშებით „შეიარაღებულნი", საკლუბო ჰიმნს მღეროდნენ და „ვესტ ჰემ იუნაიტედის" მომავალ გამარჯვებას ნატრობდნენ. იმავე განწყობით მივიდნენ ისინი სტადიონზე, სადაც მათ პოლიციის გაძლიერებული რაზმი და ცალკე გამოყოფილი სექტორი დახვდათ. ბრიტანელები სულ რვა ათასი მოგროვდნენ, „ანდერლეხტს" კი „ეიზელზე" 45 ათასი გულშემატკივრობდა. სხვათა შორის, იმ საღამოს სტადიონზე პირველად ჩაირთო განათების ახალი სისტემა, რომელიც საგანგებოდ დაამონტაჟეს ხარისხიანი ფერადი ტელეგამოსახულების უზრუნველსაყოფად.

არასტაბილური თამაშის მიუხედავად, „ვესტ ჰემ იუნაიტედის" ფინალში გასვლა მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. ეს გუნდი ერთხელ, 1965 წელს უკვე ფლობდა თასების თასს. მაშინ ლიდერი „შესანიშნავი სამეული" - მური, პიტერსი, ჰერსტი - იყო. ახალი გუნდის შენება იმ გამარჯვებიდან რამდენიმე წელიწადში დაიწყეს, 1976 წლისთვის კი მენეჯერ რონ გრინვუდს გუნდში მუშაობის 16 წელი შეუსრულდა! თუმცა დავაკონკრეტებთ: „ანდერლეხტთან" ფინალისთვის გრინვუდი გენერალური მენეჯერი იყო, მწვრთნელი კი მისი მეგობარი ჯონ ლაიოლი გახლდათ.

ლაიოლი შეუვალი, მტკიცე კაცი ყოფილა და კლუბში დისციპლინა მალე დაამყარა. მისი მარჯვენა ხელი იყო გრინვუდის მეგობარი, „ტოტენჰემ ჰოთსფურიდან" წასული ბილ ნიკოლსონი. შემადგენლობაშიც ახალი სახელები გამოჩნდნენ: ბილი ბონდსი, ფრენკ ლამპარდი და ტრევორ ბრუკინგი. ალბათ გახსოვთ ეს გვარები  - მათ ხომ ხუთი წლის შემდეგ თბილისის „დინამოსთანაც" ითამაშეს.

ბონდსი გუნდის კაპიტნად აირჩიეს და მას მურის შემცვლელად მიიჩნევდნენ, ბრუკინგი კი „ჩაქუჩების" მთავარი დამრტყმელი ძალა იყო. ინგლისის ის ჩემპიონატი მათ კარგად დაიწყეს და პირველ ტურებში ლიდერობდნენ კიდეც, მაგრამ ნელ-ნელა დაეშვნენ და ბოლოს ლიგიდან გავარდნას ძლივს გადაურჩნენ.

თასების თასის მერვედფინალში, ერევნის „არარატთან" შეხვედრის წინ, ლონდონელებს ბილ ნიკოლსონის გამოცდილება ძალიან დაეხმარა. 1973 წლის უეფას თასზე ნიკოლსონი „ტოტენჰემ ჰოთსფურს" წვრთნიდა და მისმა გუნდმა თბილისის „დინამოს" ორი მატჩის ჯამში 6:2 აჯობა - 1:1, 5:1. „თბილისური ჩანაწერები მოვძებნე, გადავხედე და აზრი კოლეგებს გავუზიარე. ვფიქრობ, ჩემი რჩევები წაადგათ", - იხსენებდა მოგვიანებით ნიკოლსონი.

ერევანში მეტოქეებმა ფრედ ითამაშეს - 1:1, შინ კი გრემ პედონის, კიტ რობსონის და ტომი ტეილორის გოლებს სომხებმა ნაზარ პეტროსიანის ერთი ბურთით უპასუხეს.

ყველაზე შთამბეჭდავი მატჩი კი „ჩაქუჩებმა" ნახევარფინალის განმეორებით რაუნდში ითამაშეს დასავლეთგერმანიის „აინტრახტთან". სტუმრად 1:2 წაგების შემდეგ მათ მინიმალური ანგარიშით მოგებაც ყოფნიდათ. ლონდონელებმა ყველაფრით აჯობეს მოწინააღმდეგეს, ლამაზად, შინაარსიანად ითამაშეს. მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა. მეორეში კი ორჯერ ბრუკინგმა და რობსონმა „ბოლო მოუღეს" ფრანკფურტელებს.

„ანდერლეხტს", იმხანად ბელგიის 16-გზის ჩემპიონს, შიდა პირველობაზე არცთუ სახარბიელო მდგომარეობა ჰქონდა. ჩემპიონატი მთავრდებოდა, კლუბი კი სამეულს მიღმა იყო - კარგი თავდასხმის ხაზის მიუხედავად, გუნდურ თამაშში აშკარად მოიკოჭლებდა. ბელგიელი ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ ბრიუსელელები ხშირად აჭიანურებდნენ დაცვიდან შეტევაში გადასვლას და ამით მოწინააღმდეგეს საქმეს უადვილებდნენ. არადა, „ანდერლეხტს" რამდენიმე მართლაც ევროპული კლასის მოთამაშე ჰყავდა: ლუდო კოეკი, ფრენკი ვერკოტერენი, ფრენკი ვან დერ ელსტი და ორი შესანიშნავი ჰოლანდიელი - არი ჰაანი და რობი რენსენბრინკი.

ტურნირის საუკეთესო მატჩები მათაც ნახევარფინალში ითამაშეს აღმოსავლეთგერმანის „ზაქსენრინგთან". თუ მანამდე ბრიუსელელებმა ექვს მატჩში შვიდი ბურთი გაიტანეს, გერმანელებს ორში ხუთჯერ დააწყებინეს ცენტრიდან თამაში და ეს მაშინ, როცა „ზაქსენრინგს" საკმაოდ კარგი დაცვა და კიდევ უკეთესი მეკარე, გდრ-ის ნაკრების კარის დარაჯი კროი ჰყავდა.

„ანდერლეხტი" ფინალს შინ თამაშობს და ეს მას დამატებით უპირატესობას ანიჭებსო, - ამტკიცებდნენ ჟურნალისტები. თუმცა, „ვესტ ჰემ იუნაიტედის" მწვრთნელი ჯონ ლაიოლი ასე არ ფიქრობდა: „ყველა ჩემი მოთამაშე ჯანმრთელია, შემადგენლობას სურვილისამებრ ვირჩევ და მინდორს მნიშვნელობა არ აქვს", ამბობდა ის.

ბელგიელებს თავის პრობლემები ჰქონდათ. ექვსი წლის წინ, 1970-ში, „ანდერლეხტმა" ბაზრობათა თასის ფინალში წააგო ლონდონის „არსენალთან" და მას შემდეგ „ინგლისური კომპლექსი" შეეყარა. რაც ყველაზე სამწუხაროა,მ ბელგიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ტრავმა მიიღო საუკეთესო მცველმა ვან დენ დეილმა. ბრიუსელელთა მწვრთნელის ჰანს კროონის თქმით, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის თამაშიც სათუო იყო.

კროონის შეშფოთება თითქოს მართლდებოდა კიდეც: ფინალის მე-10 წუთზე ბრუკინგის დარტყმა ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი პეტ ჰოლანდმა გახსნა ანგარიში.

ჩამორჩენის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა: გაშვებულმა ბურთმა ბელგიელები დაამშვიდა და შეუტიეს. ლაიოლს რამდენჯერმე ჰქონდა ნათქვამი, ყველაფერს გავაკეთებთ და „ანდერლეხტის" საუკეთესო თავდამსხმელს რენსენბრინკს ფეხს არ გავანძრევინებთო, მაგრამ ლონდონელთა მწვრთნელი მწარედ შეცდა: ტაიმის მიწურულს სწორედ ჰოლანდიელმა გაათანაბრა ანგარიში.

ფინალის დამთავრებამდე 17 წუთით ადრე ტაბლოზე 2:2 ენთო. ამ დროს რენსენბრინკი უსწრაფესად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, მცველები დაიბნენ და ჰოლანდიელის წაქცევის მეტი ვერაფერი მოიფიქრეს. პენალტი თავად „დაზარალებულმა" გაიტანა, 88-ზე კი ვან დერ ელსტმა საბოლოო წერტილი დაუსვა შეხვედრას.

4:2 და „ანდერლეხტი" პირველი ბელგიური გუნდი გახდა, რომელმაც ევროთასი მოიგო.

„ბრიტანული კომპლექსი დაძლეულია" - წერდნენ მეორე დღეს ბელგიური გაზეთები, ჯონ ლაიოლმა კი თქვა: „მართალია დამარცხება ყოველთვის დასანანია, მაგრამ ფაქტია - მეტოქემ ჩინებულად ითამაშა. რენსენბრინკი დიდი ფეხბურთელია, ჩვენ მისი შეჩერება ვერ შევძელით. პენალტიც სამართლიანად დაგვინიშნეს. საერთოდ კი, ფინალი ლამაზი და უხვგოლიანი გამოდგა. ასეთი სანახაობა ყოველთვის უყვარს მაყურებელს".

ჰანს კროონი თავისი გუნდით ამაყობდა: „ჩვენ ევროპული კლასის ფეხბურთი ვითამაშეთ. სასიამოვნოა, რომ დაძაბულ მატჩში ასე ლამაზად გავიმარჯვეთ. „ანდერლეხტი" დღეს კონტინენტის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თანაც, ეს მაქსიმუმი არ არის".

კროონი მართალი იყო: მომდევნო ორ წელიწადში „ანდერლეხტი" კიდევ ორჯერ გავიდა თასთა თასის ფინალში და ერთხელ შეძლო თასის ბრიუსელში ჩატანა. თუმცა, იმ დროს მთავარი მწვრთნელის თანამდებობა უკვე რაიმონ გუტალსს ეჭირა...

გაზეთი „სარბიელი" (9 აპრილი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1975-1976
1/16 ფინალი
„სპარტაკი" (ტრნავა, ჩეხოსლოვაკია) - „ბოავიშტა" (პორტუ, პორტუგალია) 0:0, 0:3; „ვალური" (რეიკიავიკი, ისლანდია) - „სელტიკი" (გლაზგო, შოტლანდია) 0:2, 0:7; „ბეშიქთაში" (სტამბოლი, თურქეთი) - „ფიორენტინა" (ფლორენცია, იტალია) 0:3, 0:3; „პანათინაიკოსი" (ათენი, საბერძნეთი) - „ზაქსენრინგი" (ცვიკაუ, გდრ) 0:0, 0:2; „რაპიდი" (ბუქარესტი, რუმინეთი) - „ანდერლეხტი" (ბრიუსელი, ბელგია) 1:0, 0:2; „ბორაცი" (ბანია ლუკა, იუგოსლავია) - „რუმელანჟი" (ლუქსემბურგი) 9:0, 5:1; „რექსჰემი" (უელსი) - „დიურგარდენსი" (სტოკჰოლმი, შვედეთი) 2:1, 1:1; „სკაიდი" (ოსლო, ნორვეგია) - „სტალი" (რზეშოვი, პოლონეთი) 1:4, 0:4; „შტურმი" (გრაცი, ავსტრია) - „სლავია" (სოფია, ბულგარეთი) 3:1, 0:1; „ჰალადაში" (შომბათელი, უნგრეთი) - „ვალეტა" (ლა ვალეტა, მალტა) 7:0, 1:1; „ბაზელი" (შვეიცარია) - „ატლეტიკო" (მადრიდი, ესპანეთი) 1:2, 1:1; „აინტრახტი" (ფრანკფურტი, გფრ) - „კოლრეინი" (ჩრდილოეთ ირლანდია) 5:1, 6:2; „ვეილე" (დანია) - „დენ ჰააგი" (ჰააგა, ჰოლანდია) 0:2, 0:2; „ჰოუმ ფარმი" (დუბლინი, ირლანდია) - „ლანსი" (საფრანგეთი) 1:1, 0:6; „არარატი" (ერევანი, სსრკ) - „ანორთოსისი" (ფამაგუსტა, კვიპროსი) 9:0, 1:0; „ლაჰდენი" (რეიპასი, ფინეთი) - „ვესტ ჰემ იუნაიტედი" (ლონდონი, ინგლისი) 2:2, 0:3
1/8-ფინალი
„ბოავიშტა" - „სელტიკი" 0:0, 1:3; „ფიორენტინა" - „ზაქსენრინგი" 1:0, 0:1 (პენ 4:5); „ანდერლეხტი" - „ბორაცი" 3:0, 0:1; „რექსჰემი" - „სტალი" 2:0, 1:1; „შტურმი" - „ჰალადაში" 2:0, 1:1; „ატლეტიკო" - „აინტრახტი" 1:2, 0:1; „დენ ჰააგი" - „ლანსი" 3:2, 3:1; „არარატი" - „ვესტ ჰემ იუნაიტედი" 1:1, 1:3
1/4-ფინალი
„სელტიკი" - „ზაქსენრინგი" 1:1, 0:1; „ანდერლეხტი" - „რექსჰემი" 1:0, 1:1; „შტურმი" - „აინტრახტი" 0:2, 0:1; „დენ ჰააგი" - „ვესტ ჰემ იუნაიტედი" 4:2, 1:3
1/2-ფინალი
„ზაქსენრინგი" - „ანდერლეხტი" 0:3, 0:2; „აინტრახტი" - „ვესტ ჰემ იუნაიტედი" 2:1, 1:3

ფინალი
5 მაისი, 1976. ბელგია, ბრიუსელი, „ეიზელი". 51296
ანდერლეხტი 4:2 ვესტ ჰემ იუნაიტედი
გოლები:
0:1 პეტ ჰოლანდი (28), 1:1 რობ რენსენბრინკი (42), 1:2 ფრენკი ვან დერ ელსტი (48), 2:2 კიტ რობსონი (68), 3:2 რობ რენსენბრინკი (73, პენ), 4:2 ფრენკი ვან დერ ელსტი (88)
ანდერლეხტი: იან რუიტერი, მიშელ ლომე, უგო ბროოსი, ჟილბერტ ვან ბინსტი (კაპ), ჟან თისენი, ჟან დოქსი, ლუდო კოეკი (ფრენკი ვერკოტერენი 32), ფრენკი ვან დერ ელსტი, პეტერ რესელი, არი ჰაანი, რობ რენსენბრინკი
მწვრთნელი: ჰანს კროონი
ვესტ ჰემ იუნაიტედი: მერვინ დეი, კიტ კოულმენი, ფრენკ ლემპარდი (ალან ტეილორი 47), ბილი ბონდსი (კაპ), ტომი ტეილორი, ჯონ მაკდაუელი, პეტ ჰოლანდი, გრემ პედონი, ბილი ჯენინგსი, ტრევორ ბრუკინგი, კიტ რობსონი
მწვრთნელი: ჯონ ლაიოლი
მსაჯი: რობერტ ვურცი (საფრანგეთი)

საუკეთესო ბომბარდირი
რობ რენსენბრინკი („ანდერლეხტი", ბელგია; ჰოლანდია) - 8 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.