სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

თასების მფლობელთა თასი 1977: „ჰამბურგი“ (გფრ)

თარიღი: 2016 აპრილი 06


1977-1978 წლების გათამაშებაში გამარჯვებული: „ჰამბურგი“ (გფრ)

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

პირველი გოლი განახლებულ „დინამოზე"
...1976 წლის დასაწყისში თბილისის „დინამოს" უფროს მწვრთნელად ნოდარ ახალკაცი დაინიშნა. აქედან დაიწყო „დიდი გუნდის" ისტორია, გუნდისა, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპაში და რომელმაც ყველაზე დიდი კვალი დატოვა ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

იმავე წელს შედგა „დინამოს" დებიუტი თასების თასის გათამაშებაში, ტურნირში, რომელიც დღემდე ქართველთა ყველაზე დიდი გამარჯვების სიმბოლოდ რჩება.

1976 წლის 3 სექტემბერს თბილისის „დინამომ" ჩინებული სპექტაკლი გამართა მოსკოვის „ლუჟნიკების" სტადიონზე და დავით ყიფიანის, ფირუზ კანთელაძისა და რევაზ ჩელებაძის გოლებით საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ერევნის „არარატს" სძლია - 3:0. თამაშის დამთავრებისთანავე თბილისის ქუჩებში ავტომანქანების გაბმული სიგნალების ხმა გაისმა და ასე გაგრძელდა დაახლოებით სამი-ოთხი საათის განმავლობაში. ხალხი თასის მოგებას ზეიმობდა, ჯილდოსი, რომლის ფინალშიც „დინამო" მანამდე ხუთჯერ იყო, მაგრამ მიზეზთა გამო ხუთივე წაეგო...

1975 წლიდან საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ თასების თასის ტურნირში თავისი კანდიდატის წარდგენის წესი შეცვალა. თუ მანამდე შეჯიბრში ქვეყნის თასის წინა წლის გამარჯვებული მონაწილეობდა, ამ წლიდან ევროპულ ვარიანტს მიბაძეს - ტურნირში ის გუნდი ჩაებმებოდა, რომელიც უშუალოდ გათამაშების დაწყების წინ მოიპოვებდა თასს.

1976-1977 წლების ევროთასების წილისყრა, ტრადიციისამებრ, ივლისში მოეწყო და გაირკვა, რომ საბჭოეთის თასის მფლობელის მეტოქე უელსის „კარდიფ სიტისა" და შვეიცარიის „სერვეტს" შორის გამარჯვებული იქნებოდა. სანამ „დინამო" „არარატს" დაამარცხებდა, „კარდიფ სიტიმ" მოასწრო და „სერვეტი" ტურნირიდან გამოთიშა. სხვათა შორის, მაშინდელ „სერვეტში" „ტოტენჰემ ჰოთსფურის" ყოფილი თავდამსხმელი, თბილისელთათავის კარგად ნაცნობი მარტინ ჩივერსი თამაშობდა.

„დინამო"-„კარდიფ სიტის" 1/16-ფინალი ჩვენთვის ორმაგად გამორჩეული იყო. ჯერ იმიტომ, რომ თასების თასზე „დინამოს" დებიუტი უნდა შემდგარიყო. მეორეც: ქართველთა საუკეთესო გუნდს პირველად უნდა ეთამაშა (რვაწლიანი შესვენების შემდეგ) განახლებულ ლენინის (დღევანდელ ეროვნულ) სტადიონზე.

კარდიფში უელსელებმა მოიგეს. ერთადერთი ბურთი 73-ე წუთზე მასპინძელთა ავსტრალიელმა თავდამსხმელმა ედრიან ოლსტონმა გაიტანა. თბილისელებს ორი ნაღდი მომენტი გაუცუდდათ. ჯერ დავით ყიფიანის დარტყმული ბურთი მოხვდა ძელს, მერე ვლადიმერ გუცაევი დარჩა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ვერ შეაგდო.

ორი კვირის თავზე, 29 სექტემბერს, „დინამოს" სტადიონი გადაიჭედა. მატჩამდე სამი დღით ადრე ოფიციალურად გაიხსნა ქართველთა მთავარი სარბიელი. ამიტომაც, სტადიონის დირექციამ „კარდიფ სიტისთან" თამაშზე 300 ათასი ბილეთის განაცხადი მიიღო, ადგილი კი მხოლოდ 75 ათასი იყო.

უელსელთა მწვრთნელმა ჯიმი ენდრიუსმა თბილისის აეროპორტშივე თქვა, ყველა ფეხბურთელი ჩამოვიყვანეთ, ამიტომ შემადგენლობასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვექნება, თანაც, ერთბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, მაინც შემტევ ტაქტიკას ავირჩევთო. თამაში კი სულ სხვა სცენარით წარიმართა: „დინამო" ერთთავად უტევდა და სამი მშრალი ბურთიც გაუტანა მოწინააღმდეგეს:

23-ე წუთზე ვლადიმერ გუცაევი მარცხნიდან შეიჭრა კარდიფელთა საჯარიმოში და ახალი სტადიონის ახალ ტაბლოზე პირველად აინთო გოლის ავტორის გვარი. მეორე ტაიმში ქართველებმა ორი, დაახლოებით ისეთი ბურთი შეაგდეს, როგორიც სამი კვირით ადრე „არარატთან" თასის ფინალში: ჯერ რევაზ ჩელებაძის მარჯვნიდან ჩაწოდებულს დავით ყიფიანის მოხდენილი თავური მოჰყვა - 2:0, მერე კი თერთმეტმეტრიანი - ფირუზ კანთელაძის ზუსტი რეალიზაცია და 3:0. მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა კი დინამოელთა კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძე გახლდათ, რომლის აქტიურმა და სასარგებლო თამაშმა გარკვეულწილად განსაზღვრა კიდეც თბილისელთა გამარჯვება.

ახლა, როცა იმ საღამოს ვიხსენებ, ვერ ვიჯერებ, რომ ოდესღაც თბილისში არსებობდა ასეთი კარგი სტადიონი, ასეთი კარგი გუნდი და მაყურებელი. ადამიანების ის განწყობა და სიხარული, ალბათ, 70-იან წლებთან ერთად დარჩა წარსულში.

კარგი გუნდიო, ვახსენე. გუნდი მართლაც ჩინებული გვყავდა, მაგრამ „ნამდვილ სიკარგემდე" ჯერ კიდევ რამდენიმე წელი იყო დარჩენილი. 1976-ში ის თაობა მხოლოდ მწიფდებოდა დიდი გამარჯვებისთვის. ალბათ, ამის ბრალიც შემდეგი წრის მოულოდნელობა, როცა „დინამომ" საშუალო დონის უნგრულ მტკ-სთან თბილისში 1:4 წააგო. მართალია დინამოელებს ორი წამყვანი ფეხბურთელი დავით ყიფიანი და ვლადიმერ გუცაევი აკლდათ, კიდევ სამი - მანუჩარ მაჩაიძე, ვახტანგ ჭელიძე და ვახტანგ ქორიძე - დაშავებული იყო, მაგრამ ასეთ მარცხს მაინც არავინ ელოდა. მასპინძლები მხოლოდ საწყის 15 წუთს ჯობდნენ მეტოქეს. ეს იყო და ეს. ბუდაპეშტურ მატჩს პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონია - ისევ მარცხი, თუმცა „მხოლოდ" 0:1.

აი, ასეთი ამბებით აღნიშნა „დინამომ" თასთა თასზე პირველი გამოსვლა, ჩვენების გამამწარებელი მტკ კი მეოთხედფინალში თასის მომავალ მფლობელს, დასავლეთ გერმანიის „ჰამბურგს" შეხვდა და საერთო ანგარიშით 2:5 დამარცხდა.

შემდეგ წრეში „ჰამბურგი" ლამის საკუთარი თავდაჯერების მსხვერპლი გახდა: მადრიდში გაფრენამდე, ბუნდესლიგის მორიგ ტურში, ჰამბურგელებმა „ბაიერნი" გაანადგურეს 5:0 და „ატლეტიკოსთან" სათამაშოდ ცოტა არ იყოს და ცხვირაწეულები გავიდნენ.

რობენ კანოსა (დუბლი) და ლეალის სამ ბურთს გერმანელებმა მხოლოდ ფელიქს მაგათის ზუსტი დარტყმით უპასუხეს და საქმეც გაირთულეს. მაგრამ, მათ საკუთარი კედლების იმედი ჰქონდათ და არც ტყუოდნენ. ჰამბურგელებმა შინ ყველა მატჩი დიდი ანგარიშით მოიგეს: „კეფლავიკს" სამი ბურთი გაუტანეს, „ჰართსს" და მტკ-ს - ოთხ-ოთხი. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა: რვა წუთის განმავლობაში - მე-19-დან 27-მდე - მანფრედ კალცმა, ვილი რაიმანმა და ფერდინანდ კელერმა სამჯერ გატეხეს მადრიდელთა დაცვა. გუნდის მწვრთნელი კუნო კლიოტცერი აღფრთოვანებული იყო თავისი ბიჭების თამაშით და ამბობდა, სამის რა მოგახსენოთ, მაგრამ ფინალში ორ ბურთს ნამდვილად გავიტანთო.

შედეგიანობის ნაკლებობას არც ბრიუსელის „ანდერლეხტი" უჩიოდა. ფინალამდე გუნდმა 20 ბურთი გაიტანა, რაც მეორე მაჩვენებელი იყო ბულგარული „ლევსკი სპარტაკის" შემდეგ - 24 გოლი. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ 24-დან 19 „ლევსკი სპარტაკმა" ფინეთის უსუსტეს „ლაჰდენ რეიპასს" გაუტანა. სხვათა შორის, ამ წყვილის პირველ მატჩში ბულგარელმა შემტევმა კირილ მილანოვმა ფინელებს ექვჯერ შეუგდო და ამით 1966 წელს დორტმუნდელი ლოთარ ემერიხის მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა. მთლიანად ტურნირში მას 13 გოლი მოუგროვდა. ერთ გათამაშებაში გატანილი ბურთებით. იმავე ლოთარ ემერიხის შემდეგ - 14 გოლი - ეს მეორე შედეგია.

წინა გათამაშებისა არ იყოს, კვლავ კარგ ფორმაში იყვნენ „ანდერლეხტის" მეგოლეები ფრენკი ვან დერ ელსტი და რობ რენსენბრინკი - ორივეს ანგარიშზე 13 გოლი მოდიოდა.

ყველაზე რთული ბრძოლები ბელგიელებმა ნახევარფინალში გადაიტანეს იტალიის „ნაპოლისთან". შინ „ანდერლეხტს" ნეაპოლში გაშვებული გოლის გაქვითვა სჭირდებოდა. სტუმართა კაპიტანი ტარციზიო ბურგნიჩი ამბობდა - ფინალამდე ცოტა გვაკლია, ამიტომ დავიხოცებით ან გავიმარჯვებთო. განწყობა თამაშსაც გადაედო - იტალიელები უხეშობდნენ და ასეთი ტაქტიკით სურდათ მეტოქის შეშინება. ხუთმა მათგანმა გაფრთხილება მიიღო, მათ შორის ბურგნიჩმაც, მაგრამ მასპინძლებმა მაინც იძალეს: ორივე, ჟან თისენისა და ვან დერ ელსტის გოლები, პეტერ რესელის მიერ ჩაწოდებულ საჯარიმოებს მოჰყვა.

ფინალის წინ ამსტერდამში ჩასულმა „ჰამბურგის" თავკაცმა კუნო კლიოტცერმა თქვა: „ჩემი გუნდი სრულ მზადყოფნაშია. ტრავმები არავის აწუხებს და განწყობაც ჩინებულია. რაც შეეხება მოწინააღმდეგის ყველაზე საშიში ფეხბურთელის რენსებრინკის ნეიტრალიზებას, ამას მანფრედ კალცი გააკეთებს".

„ანდერლეხტის" ახალი მწვრთნელი რაიმონ გუტალსი ამტკიცებდა, რომ მის გუნდს თასი აქვს შესანარჩუნებელი და ამიტომ, დამატებითი მოტივაცია აღარ სჭირდება. მას თავის ბიჭების ტექნიკური უპირატესობის და რენსენბრინკის იმედი ჰქონდა.

კუნო კლიოტცერის ვარაუდი გამართლდა: „ჰამბურგი" დიდი ძალებით უტევდა, ხოლო კალცმა რენსენბრინკი „დაკეტა" - ჰოლანდიელი მხოლოდ ერთხელ გაექცა მეურვეს და მაშინაც ბურთი ძელს მოატყა.

ფინალის დამთავრებამდე ცხრა წუთი რჩებოდა, გოლი კი არ ჩანდა. ამ დროს ჰამბურგელი არნო შტეფენჰაგენი ბელგიელებმა საკუთარ საჯარიმოში წააქციეს. პენალტი ზუსტად შეასრულა გეორგ ვოლკერტმა. რვა წუთში ვოლკერტის მარცხნიდან ჩაწოდებული ბურთი მაგათმა გოლად აქცია - 2:0.

„გამარჯვებას ვიმსახურებდით, თანაც, არა მარტო თამაშით, არამედ ტაქტიკურადაც ვაჯობეთ მოწინააღმდეგეს", - ამბობდა მატჩის შემდეგ კლიოტცერი.

გერმანელების სიძლიერე გუტალსმაც აღნიშნა: „წავაგეთ გუნდთან და არა სამ-ოთხ კონკრეტულ ფეხბურთელთან. მიუხედავად ამისა, ჩემი ბიჭების თამაშს მაინც მაღალ შეფასებას მივცემდი. „ჰამბურგმა" გამაკვირვა. საოცარია, მაგრამ მოწინააღმდეგე ყოველ წუთს აძლიერებდა თამაშს".

„ჰამბურგმა" მეორე ცდით მოიპოვა თასების თასი - 1968 წელს, როტერდამში, გერმანელები „მილანთან" დამარცხდნენ.

და კიდევ ერთი: „ჰამბურგი"-„ანდერლეხტის" დუელი ამით არ დამთავრებულა. მომდევნო გათამაშების მერვედფინალში ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და დიდი ბრძოლაც გაიმართა. გერმანელთა შორის უკვე კევინ კიგანიც ასპარეზობდა, რენსენბრინკი კი ჩვეული შედეგიანობით თამაშობდა. მაგრამ, ამაზე ჩვენს მომდევნო წერილში.

გაზეთი „სარბიელი" (10 აპრილი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1976-1977
საკვალიფიკაციო წრე
„კარდიფ სიტი" (კარდიფი, უელსი) -
„სერვეტი" (ჟენევა, შვეიცარია) 1:0, 1:2
1/16 ფინალი
15 სექტემბერი, 1976. უელსი, კარდიფი, „ნინიან პარკი". 27000
კარდიფ სიტი" 1:0 „დინამო"
გოლი:
1:0 ედრიან ოლსტონი (73)
კარდიფ სიტი": ბილ ირვინი, ფრედი პეტარდი, კლაივ ჩარლზი, ალან კემპბელი, რიჩი მორგანი, ალბერ ლამური, პეტერ სეიერი, დაგ ლივერმორი, ტონი ევანსი, დერეკ შაუერსი, ვილი ანდერსონი (ედრიან ოლსტონი 65)
მწვრთნელი: ჯიმი ენდრიუსი
დინამო": დავით გოგია, ნოდარ ხიზანიშვილი, ფირუზ კანთელაძე, ზორბეგ ებრალიძე, შოთა ხინჩაგაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, მანუჩარ მაჩაიძე (კაპ), რევაზ ჩელებაძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, ვახტანგ კოპალეიშვილი
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
მსაჯები: ოლე ამუნდსენი; პ.ნილსენი, ე.იენსენი (დანია)

29 სექტემბერი, 1976. თბილისი, ვ.ი.ლენინის სახელობის „დინამოს" სტადიონი. 76000
„დინამო" 3:0 კარდიფ სიტი"
გოლები:
1:0 ვლადიმერ გუცაევი (23), 2:0 დავით ყიფიანი (73), 3:0 ფირუზ კანთელაძე (80, პენ)
დინამო": დავით გოგია, ნოდარ ხიზანიშვილი, ფირუზ კანთელაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, ზორბეგ ებრალიძე, გოჩა მაჩაიძე, მანუჩარ მაჩაიძე (კაპ), რევაზ ჩელებაძე, ვლადიმერ გუცაევი (ზურაბ წერეთელი 44), დავით ყიფიანი, ვახტანგ კოპალეიშვილი
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
კარდიფ სიტი": ბილ ირვინი, ფრედი პეტარდი, კლაივ ჩარლზი, ბრაიან ეტლი, ჯონი დუაიტერი, ალბერ ლამური, ჯონ ბუკენენი, დაგ ლივერმორი, ტონი ევანსი, ედრიან ოლსტონი (პეტერ სეიერი 71), დერეკ შაუერსი (ვილი ანდერსონი 71)
მწვრთნელი: ჯიმი ენდრიუსი
გაფრთხილება: ჯონ ბუკენენი
მსაჯები: ვ.შპიგლი; ვ.კლოკერი, ი.ვიმერი (ავსტრია)

„გალატი" (რუმინეთი) - „ბოავიშტა" (პორტუ, პორტუგალია) 2:3, 0:2; „ლევსკი სპარტაკი" (სოფია, ბულგარეთი) - „ლაჰდენ რეიპასი" (ლაჰტი, ფინეთი) 12:2, 7:1; „რაპიდი" (ვენა, ავსტრია) - „ატლეტიკო" (მადრიდი, ესპანეთი) 1:2, 1:1; „ლიერსი" (ბელგია) - „ჰაიდუკი" (სპლიტი, იუგოსლავია) 1:0, 0:3; მტკ (ბუდაპეშტი, უნგრეთი) - „სპარტა" (პრაღა, ჩეხოსლოვაკია) 3:1, 1:1; „ჰამბურგი" (გფრ) - „კეფლავიკი" (ისლანდია) 3:0, 1:1; „ლოკომოტივი" (ლაიპციგი, გდრ) - „ჰართსი" (ედინბურგი, შოტლანდია) 2:0, 1:5; „ფლორიანა" (მალტა) - „სლასკი" (ვროცლავი, პოლონეთი) 1:4, 0:2; „ბოჰემიანი" (დუბლინი, ირლანდია) - „ესბიერგი" (დანია) 2:1, 1:0; „ირაკლისი" (სალონიკი, საბერძნეთი) - „აპოელი" (ნიქოზია, კვიპროსი) 0:0, 0:2; „ბოდიო გლიმტი" (ბოდიო, ნორვეგია) - „ნაპოლი" (ნეაპოლი, იტალია) 0:2, 0:1; „ანდერლეხტი" (ბრიუსელი, ბელგია) - „როდა" (კერკრადე, ჰოლანდია) 2:1, 3:2; აიკ (სტოკჰოლმი, შვედეთი) - „გალათასარაი" (სტამბოლი, თურქეთი) 1:2, 1:1; „კერიკ რეინჯერსი" (კერიკფერგუსი, ჩრდილოეთ ირლანდია) - „არის ბონევოი" (ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი) 3:1, 1:2; „საუთჰემპტონი" (ინგლისი) - „ოლიმპიკი" (მარსელი, საფრანგეთი) 4:0, 1:2
1/8-ფინალი
20 ოქტომბერი, 1976. თბილისი, ვ.ი.ლენინის სახელობის „დინამოს" სტადიონი. 68000
„დინამო" 1:4 მტკ
გოლები:
0:1 იანუშ შიკლოში (31), 0:2 ლასლო ტაკაჩი (51), 0:3 ლასლო ტაკაჩი (76), 0:4 ტიბორ კიში (86), 1:4 მანუჩარ მაჩაიძე (89)
დინამო": დავით გოგია, ნოდარ ხიზანიშვილი, ვახტანგ ჭელიძე, შოთა ხინჩაგაშვილი, ზორბეგ ებრალიძე, ვახტანგ კოპალეიშვილი, მანუჩარ მაჩაიძე (კაპ), ვახტანგ ქორიძე, რევაზ ჩელებაძე (ტარიელ დვალიშვილი 46), ვიტალი დარასელია, ზურაბ წერეთელი
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
მტკ: იოჟეფ გაშპარი, ანდრაშ სიგეტი, ჩაბა ჩეტენეი, იშტვან ნიერე, ბელა კოვაჩი, ლასლო ჩორნა, ლასლო ტაკაჩი, იანუშ შიკლოში, ტიბორ კიში, იანუშ ბორშო, ენო კუნსტი
მწვრთნელი: მიხაი კეშტელეი
მსაჯები: კ.გიკა; კ.ბარბუშესკუ, ა.ტუდორი (რუმინეთი)

3 ნოემბერი, 1976. უნგრეთი, ბუდაპეშტი, „ნეპშტადიონი". 44000
მტკ 1:0 „დინამო"
გოლი:
1:0 ლაიოშ კორიტარი (89)
მტკ: იოჟეფ გაშპარი, ტიბორ პალიჩკო, ჩაბა ჩეტენეი, იშტვან ნიერე, ბელა კოვაჩი, ლასლო ჩორნა, ლასლო ტაკაჩი (ლაიოშ კორიტარი 75), იანუშ შიკლოში, ტიბორ კიში, იანუშ ბორშო (ლასლო ბურგი 79), ენო კუნსტი
მწვრთნელი: მიხაი კეშტელეი
დინამო": დავით გოგია, ნოდარ ხიზანიშვილი, ფირუზ კანთელაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, დავით მუჯირი, ალექსანდრე ჩივაძე, მანუჩარ მაჩაიძე (კაპ), ვახტანგ კოპალეიშვილი, ვლადიმერ გუცაევი, ვიტალი დარასელია, ზურაბ წერეთელი
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
გაფრთხილება: ფირუზ კანთელაძე, ლასლო ჩორნა
მსაჯები:  ნ.ზლატონოსი; ი.ლაციოსი, ს.ლაქოიანისი (საბერძნეთი)

„ბოავიშტა" - „ლევსკი სპარტაკი" 3:1, 0:2; „ატლეტიკო" - „ჰაიდუკი" 1:0, 2:1; „ჰამბურგი" - „ჰართსი" 4:2, 4:1; „სლასკი" - „ბოჰემიანი" 3:0, 1:0; „აპოელი" - „ნაპოლი" 1:1, 0:2; „ანდერლეხტი" - „გალათასარაი" 5:1, 5:1; „კერიკ რეინჯერსი" - „საუთჰემპტონი" 2:5, 1:4
1/4-ფინალი
„ლევსკი სპარტაკი" - „ატლეტიკო" 2:1, 0:2; მტკ - „ჰამბურგი" 1:1, 1:4; „სლასკი" - „ნაპოლი" 0:0, 0:2; „ანდერლეხტი" - „საუთჰემპტონი" 2:0, 1:2
1/2-ფინალი
„ატლეტიკო" - „ჰამბურგი" 3:1, 0:3; „ნაპოლი" - „ანდერლეხტი" 1:0, 0:2

ფინალი
11 მაისი, 1977. ჰოლანდია, ამსტერდამი, ოლიმპიური. 58000
ჰამბურგი 2:0 ანდერლეხტი
გოლები:
1:0 გეორგ ვოლკერტი (78, პენ) 2:0 ფელიქს მაგათი (88)
ჰამბურგი: რუდი კარგუსი, მანფრედ კალცი, ჰანს-იურგენ რიპი, პეტერ ნოგლი (კაპ), პეტერ ჰიდიენი, კასპარ მემერინგი, ფელიქს მაგათი, ფერდინანდ კელერი, არნო შტეფენჰაგენი, ვილი რაიმანი, გეორგ ვოლკერტი
მწვრთნელი: კუნო კლიოტცერი
ანდერლეხტი: იან რუიტერი, ერვინ ვან დერ დეილი (კაპ), უგო ბროოსი, ჟილბერტ ვან ბინსტი, ჟან თისენი, ჟან დოქსი (რონი ვან პუკე), ლუდო კოეკი, არი ჰაანი, ფრენკი ვან დერ ელსტი, პეტერ რესელი, რობ რენსენბრინკი
მწვრთნელი: რაიმონ გუტალსი
მსაჯი: პეტ პერტრიჯი (ინგლისი)

საუკეთესო ბომბარდირი
კირილ მილანოვი („ლევსკი სპარტაკი", ბულგარეთი; ბულგარეთი) - 13 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.