სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1978: „ანდერლეხტი“ (ბელგია)

თარიღი: 2016 აპრილი 06


1977-1978 წლების გათამაშებაში გამარჯვებული: „ანდერლეხტი“ (ბელგიაა)

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

შეუჩერებელი რენსენბრინკი
„ჰამბურგი" და „ანდერლეხტი", წინა გათამაშების ფინალისტები, ვერც ამჯერად ასცდნენ ერთმანეთს. მათი მერვედფინალური რაუნდი ტურნირის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.

გერმანელების მწვრთნელმა რუდი გიუტენდორფმა, რომელსაც ახსოვდა ფინალის ისტორია, ისევ ნაცად ხერხს მიმართა. გაზაფხულზე, ფინალში გერმანელთა მთავარი პრობლემა ბელგიელთა ჰოლანდიელი თავდამსხმელის რობ რენსენბრინკის თამაშიდან გამოთიშვა გახლდათ და მაშინ ეს დავალება მარჯვენა მცველმა მანფრედ კალცმა წარმატებით შეასრულა.

ახლაც, ჰამბურგულ რაუნდში, ჰოლანდიელს კალცი მეურვეობდა, მაგრამ შედეგი სრულიად საპირისპირო გამოვიდა. სწორედ რენსენბრინკის წყალობით მოიგო „ანდერლეხტმა": ჯერ მისი გადაცემით ლუდო კოეკმა გახსნა ანგარიში, მატჩის დამთავრებამდე სამი წუთით ადრე კი უკვე რობი გაექცა კალცს და გამარჯვების გოლიც შეაგდო. მანამდე, მეორე ტაიმის დასაწყისში, ფერდინანდ კელერმა გაათანაბრა.

ბრიუსელში კიდევ უფრო დაძაბული მატჩი გამოვიდა. ჰამბურგელთაგან საუკეთესო „ლივერპულიდან" გადასული კევინ კიგანი იყო. მან ბურთიც გაიტანა, მაგრამ „ანდერლეხტი" აშკარად უკეთესად თამაშობდა. ფრენკი ვან დერ ელსტის გოლმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1. „ანდერლეხტმა" „ჰამბურგს" წინა წლის წყენა არ აპატია.

ტურნირის პირველივე წრეში კი დიდი სკანდალი მოხდა და ეს ამბავი ისევ ინგლისელებთან იყო დაკავშირებული. საფრანგეთის „სენტ-ეტიენი" „მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობდა. ბრიტანელმა ფანებმა ჯერ კიდევ მატჩამდე ატეხეს ტრიბუნებზე ჩხუბი. შედეგად ორმოცდაათამდე ადამიანი დაიჭრა, დანარჩენება სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს და ოცამდე სასწრაფო დახმარების მანქანა ძლივს აუდიოდა ჰოსპიტალში მათ გადაყვანას. არეულობები თამაშის შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა მაშინ გერმანელ არბიტრ ბიზერვისაც მიუძღოდა ბრალი: მან მანჩესტერელებს ოთხი გოლი(!) არ ჩაუთვალა - ერთთავად თამაშგარეს აღნიშნავდა! შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ფრანგებმა უეფაში იჩივლეს - „მანჩესტერ იუნაიტედის" ტურნირიდან მოხსნას ითხოვდნენ. ევროპული ფეხბურთის ბოსები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. თავიდან თითქოს დაჰყვნენ კიდეც ფრანგების მოთხოვნას, მაგრამ მერე გადაიფიქრეს. ამაში თავისი წვლილი მანჩესტერელთა ექსმენეჯერმა მეტ ბასბიმაც შეიტანა - სააპელაციო ჟიურიში ბრიტანელთა წარმომადგენელი სწორედ ბასბი გახლდათ და მისმა ავტორიტეტმა თავისი გააკეთა. მომხდარში ფეხბურთელები ყველაზე ნაკლებად იყვნენ დამნაშავენი და უეფამაც „მანჩესტერ იუნაიტედს" 30 ათასი შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმება აკმარა. თანაც, განმეორებითი მატჩის მანჩესტერიდან 300 კილომეტრის მოშორებით გამართვა ბრძანა. საპასუხო შეხვედრა ქალაქ პლიმუთში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დამთავრდა - 2:0. ამჯერად ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა: სტადიონზე პოლიცია მორიგეობდა, ხოლო ტრიბუნებზე მხოლოდ ათასი ყველაზე სანდო გულშემატკივარი შეუშვეს.

ასეთი დავიდარაბით გასულ „მანჩესტერ იუნაიტედს" შემდეგ წრეში იმედგაცრუება ელოდა: პორტუში, ადგილობრივ გუნდთან შეხვედრამდე, თამაშზე მეტად ყველა ბრიტანელი ფანების პრობლემაზე ფიქრობდა. გაერთიანებული სამეფოს საელჩომ პორტუგალიაში ინგლისელების ცალკე სექტორში განთავსება მოითხოვა. მათი რიცხვი შეზღუდული იყო და 600 კაცს არ აღემატებოდა. პორტუგალიელებმაც იზრუნეს სტუმართათვის გამოყოფილ ადგილზე - სექტორს რკინის ბადეები შემოავლეს და მის გასწვრივ დაგეშილი ძაღლებით გაძლიერებული პოლიციელები ჩააყენეს.

ტრიბუნებზე არაფერი მომხდარა, მინდორზე კი „პორტუმ" ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა „მანჩესტერ იუნაიტედს". მთავარი ფიგურა პორტუელი დუდა აღმოჩნდა - მან ორჯერ დაამწუხრა „ალისფერები". მანჩესტერში, „ოლდ ტრაფორდზე", ინგლისელებმა კინაღამ რევანში აიღეს - მოწინააღმდეგეს ხუთჯერ შეუგდეს, მაგრამ პორტუგალიელი ზენინიოს ორმა გოლმა მასპინძელთა ძალისხმევა წყალში გადაყარა. ამ მატჩში ერთი იშვიათი მოვლენაც მოხდა - „პორტუს" კარში გასული ხუთი ბურთიდან ორი მათივე მცველმა მურკამ გაიტანა...

მეოთხედფინალში პორტუგალიელები თასის მომავალ მფლობელს „ანდერლეხტს" გადაეყარნენ. თავსხმა წვიმის გამო პორტუში მატჩი 39-ე წუთზე შეწყდა და გადათამაშება სახვალიოდ დაინიშნა. დილიდან მზე ანათებდა, მაგრამ გავიდნენ თუ არა გუნდები მინდორზე, ცა ისევ მოიქუფრა და მეორე ტაიმში კოკისპირულად გაწვიმდა. მოასპარეზენი ცოტა ხნით შეყოვნდნენ, თუმცა საბოლოოდ თამაში მაინც ჩამთავრდა. 37-ე წუთზე გომეშის მიერ გატანილმა ბურთმა გამარჯვება მასპინძლებს მოუტანა.

ასეთ ამინდში შესაძლებლობები სრულად ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნახევარფინალში მაინც ჩვენ გავალთო - თქვა მატჩის შემდეგ ბელგიელთა მწვრთნელმა რაიმონ გუტალსმა.

ბრიუსელში „პორტუ" მთელი გუნდით იცავდა თავს, მაგრამ „ანდერლეხტმა" გუტალსის სიტყვები შეასრულა: რენსენბრინკმა (პენალტი), ბენი ნილსენმა და ვერკოტერენმა მეტოქის მეკარეს სამჯერ გამოატანინეს ბურთი კარის ბადიდან.

ნახევარფინალის პირველ მატჩში მეზობელი „ტვენტე" გააფთრებით ეტაკა „ანდერლეხტს", 27-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის უფლებაც მოიპოვა, მაგრამ მიურენის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ჰოლანდიელი ჟურნალისტის თქმით, ბელგიელთა დაცვა საოცრად მწყობრი იყო, მათ მეტოქის შტურმს გაუძლეს და მერე თავადაც შეაგდეს. რენსენბრინკის გადაცემით ნილსენმა გაიტანა. ბრიუსელში კი მაყურებელმა სულ სხვაგვარი სურათი იხილა: „ანდერლეხტმა" მთელი დრო იერიშებში გაატარა და ჰოლანდიელების არი ჰაანისა და რენსენბრინკის (პენალტი) გოლებით გაიმარჯვა.

თუ „ანდერლეხტის" ფინალში გასვლა არავის გაკვირვებია, ვენის „აუსტრიის" წარმატებას არავინ ელოდა. ავსტრიელებმა დიდი ჯახირით მიაღწიეს გადამწყვეტ მატჩამდე: ჯერ იყო და ერთადერთი გოლით ძლივს მოუგეს „კარდიფ სიტის", მერე მხოლოდ მეტოქის მინდორზე გატანილი ბურთის წყალობით სძლიეს კოშიცეს „ლოკომოტივს", მესამე და მეოთხე წრეში კი მატჩისშემდგომი პენალტებით დაამარცხეს იუგოსლავიის „ჰაიდუკი" და მოსკოვის „დინამო". ამ შეხვედრებში საუკეთესო ავსტრიელთა მეკარე ჰუბერტ ბაუმგარტნერი გახლდათ - იუგოსლავიელებთან მან სამი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და არც „დინამოსთან" შეურცხვენია თავი.

„აუსტრიის" უშუალოდ ნახვის საშუალება თბილისელებსაც ჰქონდათ. 1978 წლის 29 მარტს, ნახევარფინალის პირველ მატჩში მოსკოვის „დინამომ" ვენელებს ჩვენს დედაქალაქში უმასპინძლა და 2:1 მოიგო. სტადიონი თითქმის სავსე იყო, „აუსტრიამ" კი საკმაოდ გააზრებული ფეხბურთი ითამაშა. მათ რიგებში ავსტრიის ნაკრების რამდენიმე წევრი გამოდიოდა, სამმა მათგანმა რობერტ ზარამ (ნაკრების კაპიტანი), ერიხ ობერმაიერმა და ჰერბერტ პროჰაზკამ კი იმ ზაფხულს არგენტინაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზა.

სტუმრებს თბილისში პირველი ბურთი მოსკოვში ჩვენი „დინამოდან" გადასულმა ზურაბ წერეთელმა გაუტანა. იმ დროისთვის „მასპინძლები" აგებდნენ - 0:1. მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე კი გერშკოვიჩმა გამარჯვების გოლიც შეაგდო - 2:1. მოსკოველთა შორის საუკეთესოებად წერეთელი და ახალგაზრდა ალექსანდრ ბუბნოვი დაასახელეს, თუმც საბოლოოდ სწორედ ბუბნოვმა დაღუპა დინამოელები. ვენური თამაში იმავე ანგარიშით დასრულდა, ოღონდ მასპინძელთა სასარგებლოდ. საქმე მატჩისშემდგომ პენალტებამდე მივიდა. ავსტრიელებმა ხუთივე თერთმეტმეტრიანი გამოიყენეს, მოსკოველთაგან კი სწორედ ბუბნოვმა ვერ შეაგდო და „დინამომაც" ფინალისაკენ გზა მეტოქეს „დაუთმო".

გადამწყვეტი თამაშის წინ „ანდერლეხტის" უპირატესობაში ეჭვი არავის ეპარებოდა. გუტალსიც დარწმუნებული იყო თავისი გუნდის გამარჯვებაში. ამას არც „აუსტრიის" თავკაცი ჰერმან შტესლი უარყოფდა, თუმცა საკუთარი არგუმენტებიც ჰქონდა. „ანდერლეხტი" მართლაც ფავორიტია, მაგრამ ასეთი განწყობა ჩვენც დაგვეხმარება, როცა განწირულად გვთვლიან, ძალა გვემატება და ხშირად ვიმარჯვებთ ხოლმეო, - ამბობდა შტესლი. მაგრამ მისი ვარაუდი არ გამართლდა: ათლეტური და ხისტი ორთაბრძოლის მიუხედავად, ვენელები აშკარად ჩამოუვარდებოდნენ მოწინააღმდეგეს.

ფინალის გმირი ისევ რენსენბრინკი გახდა, რომელსაც იმ დროისთვის 31 წელი შესრულებოდა. მისთვის რომ გეკითხათ, გიპასუხებდათ, ბუნებით ოპტიმისტი ვარ და ჩემგან ლიდერი არ გამოვაო. ეს სიტყვები არაერთხელ უთქვამს ინტერვიუში, მაგრამ ფაქტი ერთი იყო: კაპიტანი რენსენბრინკი, უპირველესად თავისი თამაშით, ნამდვილი წინამძღოლი გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ „ანდერლეხტი" საკმაოდ დაწყობილი და განსწავლული გუნდი ჩანდა, ურენსენბრინკოდ მის თამაშს შინაარსი ეკარგებოდა.

მე-14 წუთზე რენსენბრინკი მარცხენა ფრთიდან შეიჭრა „აუსტრიის" საჯარიმოში, მეკარეც მოატყუა და ანგარიში გახსნა. მერე საჯარიმო დარტყმით გაიტანა. კაპიტნის ორ გოლს ჟილბერტ ვან ბინსტმაც ორი მიაყოლა - 4:0 და ბრიუსელური კლუბის სრული ტრიუმფი პარიზის სტადიონზე!

„ანდერლეხტი" და მისი კაპიტანი თასების თასის ისტორიაში ორი მნიშვნელოვანი მიღწევით შევიდნენ. ეს კლუბი ერთადერთია, რომელიც ზედიზედ სამჯერ გავიდა ამ ტურნირის ფინალში, ხოლო რობ (სრულად ნიკოლაუს რობერტ) რენსენბრინკმა საერთი ჯამში 25 ბურთი გაიტანა და თასთა თასის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირად სამუდამოდ ჩაეწერა.

ჰოლანდიელის მთავარი ღირსება ის გახლდათ, რომ უშუალოდ სათამაშო სიტუაციების გარდა, ხშირად გაჰქონდა სტანდარტული მდგომარეობიდანაც - რენსენბრინკის საჯარიმო, პენალტზე რომ არაფერი ვთქვათ, თითქმის გოლის ტოლფასი იყო! ასეთი თვისებები მხოლოდ უმაღლესი კლასის მოთამაშის ხვედრია.

საინტერესოა „ანდერლეხტის" მაშინდელი მწვრთნელის რაიმონ გუტალსის ამბავიც: ის ბრიუსელში მომდევნო, 1979 წლის სეზონამდე დარჩა, მერე კი საფრანგეთში გადაბარგდა და 1988-ში კვლავ დაუბრუნდა კლუბს.

1981-1984 წლებში გუტალსი ლიეჟის „სტანდარდის" მწვრთნელი იყო და 1982 წლის გაზაფხულზე, თასთა თასის ნახევარფინალში თბილისის „დინამოსაც" მოუგო.
წლების შემდეგ მან ფრანგებს პირველი ევროთასი მოაპოვებინა - გუტალსი მარსელის „ოლიმპიკის" იმ გუნდის მწვრთნელი გახლდათ, 1993 წელს ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგო.

გაზეთი „სარბიელი" (15 აპრილი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1977-1978
საკვალიფიკაციო წრე
„გლაზგო რეინჯერსი" (გლაზგო, შოტლანდია) -
„იანგ ბოიზი" (ბერნი, შვეიცარია) 1:0, 2:2
1/16 ფინალი
„პროგრესი" (ნიედერკორნი, ლუქსემბურგი) - „ვეილე ბოლდკლაბი" (ვეილე, დანია) 0:1, 0:9; პაოკ (სალონიკი, საბერძნეთი) - „ზაგლებიე" (სოსნოვიეცი, პოლონეთი) 2:0, 2:0; „გლაზგო რეინჯერსი" - „ტვენტე" (ენსხედე, ჰოლანდია) 0:0, 0:3; „ბრანი" (ბერგენი, ნორვეგია) - ია (აკრანესი, ისლანდია) 1:0, 4:0; „სენტ-ეტიენი" (საფრანგეთი) - „მანჩესტერ იუნაიტედი" (მანჩესტერი, ინგლისი) 1:1, 0:2; „ჰამბურგი" (გფრ) - „ლაჰდენ რეიპასი" (ლაჰტი, ფინეთი) 8:1, 5:2; „ლოკომოტივი" (სოფია, ბულგარეთი) - „ანდერლეხტი" (ბრიუსელი, ბელგია) 1:6, 0:2; „კოლრეინი" (ჩრდილოეთ ირლანდია) - „ლოკომოტივი" (ლაიპციგი, გდრ) 1:4, 2:2; „ბეტისი" (სევილია, ესპანეთი) - „ინტერი" (მილანი, იტალია) 2:0, 1:2; „ვალეტა" (ლა ვალეტა, მალტა) - „დინამო" (მოსკოვი, სსრკ) 0:2, 0:5; „ოლიმპიაკოსი" (ნიქოზია, კვიპროსი) - „უნივერსიტატეა" (კრაიოვა, რუმინეთი) 1:6, 0:2; „კარდიფ სიტი" (კარდიფი, უელსი) - „აუსტრია" (ვენა, ავსტრია) 0:0, 0:1; „ლოკომოტივი" (კოშიცე, ჩეხოსლოვაკია) - „იოსტერსი" (ვაქსიო, შვედეთი) 0:0, 2:2; „ბეშიქთაში" (სტამბოლი, თურქეთი) - „დიოშდიორი" (მისკოლცი, უნგრეთი) 2:0, 0:5; „დანდალკი" (ირლანდია) - „ჰაიდუკი" (სპლიტი, იუგოსლავია) 1:0, 0:4
1/8-ფინალი
„ვეილე ბოლდკლაბი"
- პაოკ 3:0, 1:2; „ტვენტე" - „ბრანი" 2:0, 2:1; „პორტუ" - „მანჩესტერ იუნაიტედი" 4:0, 2:5; „ჰამბურგი" - „ანდერლეხტი" 1:2, 1:1; „ლოკომოტივი" (ლ) - „ბეტისი" 1:1, 1:2; „დინამო" - „უნივერსიტატეა" 2:0, 0:2 (დდ; პენ 3:0); „აუსტრია" - „ლოკომოტივი" (კ) 0:0, 1:1; „დიოშდიორი" - „ჰაიდუკი" 2:1, 1:2 (დდ; პენ 3:4)
1/4-ფინალი
„ვეილე ბოლდკლაბი" - „ტვენტე" 0:3, 0:4; „პორტუ" - „ანდერლეხტი" 1:0, 0:3; „ბეტისი" - „დინამო" 0:0, 0:3; „აუსტრია" - „ჰაიდუკი" 1:1, 1:1 (დდ; პენ 3:0)
1/2-ფინალი
„ტვენტე" - „ანდერლეხტი" 0:1, 0:2; „დინამო" - „აუსტრია" 2:1, 1:2 (დდ; 4:5)

ფინალი
3 მაისი, 1978. საფრანგეთი, პარიზი, „პარკ დე პრინსესი". 48679
ანდერლეხტი 4:0 აუსტრია
გოლები:
1:0 რობ რენსენბრინკი (13), 2:0 რობ რენსენბრინკი (44), 3:0 ჟილბერტ ვან ბინსტი (45), 4:0 ჟილბერტ ვან ბინსტი (82)
ანდერლეხტი: ნიკო დე ბრეე, ჟილბერტ ვან ბინსტი, ჟან თისენი, იონი დუსბაბა, უგო ბროოსი, ფრენკი ვან დერ ელსტი, არი ჰაანი, ბენი ნილსენი, ლუდო კოეკი, ფრენკი ვერკოტერენი (ჟან დოქსი 87), რობ რენსენბრინკი (კაპ)
მწვრთნელი: რაიმონ გუტალსი
აუსტრია: ჰუბერტ ბაუმგარტნერი, რობერტ ზარა (კაპ), იოზეფ ზარა, ერიხ ობერმაიერი, ერნს ბაუმაისტერი, ჰერბერტ პროჰაზკა, კარლ დაქსბახერი (ალბერტო მარტინესი 60), ფელიქს გასელიჩი, ხულიო მორალესი (ფრიც დრაზანი 74), ჰანს პიკნერი, თომას პარიტსი
მწვრთნელი: ჰერმან სტესლი
მსაჯი: ჰაინც ელდინგერი (გფრ)

საუკეთესო ბომბარდირები
ფრენკი ვან დერ ელსტი („ანდერლეხტი", ბელგია; ბელგია), ებ გრიტერი („ტვენტე", ჰოლანდია; ჰოლანდია), ფერდინანდ კელერი („ჰამბურგი", გფრ; გფრ) - 6 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.