სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1979: „ბარსელონა“ (ესპანეთი)

თარიღი: 2016 აპრილი 07


1978-1979 წლების გათამაშებაში გამარჯვებული: „ბარსელონა“ (ესპანეთი)

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

ბარსას ეპოქის დასაწყისი
უკრუიფოდ დარჩენილმა „ბარსელონამ" თავისი სიძლიერე მაინც დაამტკიცა: თასების თასი შინ წაიღო და ამით ტურნირის რეკორდს ჩაუყარა საფუძველი - „ბარსამ" ეს პრიზი ისტორიაში ყველაზე მეტჯერ, ოთხჯერ მოიპოვა.

სიმბოლურია, რომ გადამწყვეტ მატჩში ბარსელონელებმა დიუსელდორფის „ფორტუნას" ბაზელის „სენტ იაკობზე" მოუგეს, სარბიელზე, სადაც ათი წლით ადრე თასების თასის პირველი ფინალი წააგეს ბრატისლავის „სლოვანთან".

რას წარმოადგენდა მაშინდელი „ბარსელონა"? 1978 წლის ზაფხულში იოჰან კრუიფი გუნდიდან წავიდა და ნიუ იორკის „კოსმოსში" გადავიდა. სამაგიეროდ, ჩინებულ ფორმაში იყო მეორე ჰოლანდიელი იოჰან ნეესკენსი.

გუნდში კიდევ ორი უცხოელი ირიცხებოდა: არგენტინელი სუვირია და ვენის „რაპიდიდან" გადასული ავსტრიელი თავდამსხმელი ჰანს კრანკლი.

კრანკლმა სწორედ „ბარსაში" გადასვლის წინ, 1977-1978 წლების სეზონში გაიტანა 41 ბურთი ავსტრიის ჩემპიონატში და ევროპის „ოქროს ბუციც" ირგუნა.

ზემოხსენებული ვარსკვლავების გარდა კატალონიურ კლუბში ესპანეთის ნაკრების ხუთი ფეხბურთელი თამაშობდა: მცველები ხესუს დე ლა კრუსი, ოლმო და მიგელი, ნახევარმცველი ხუან მანუელ ასენსი („ბარსას" კაპიტანი) და მეგოლე კარლეს რექსაჩი.

მწვრთნელების მიმართ „ბარსელონას" მესვეურები ზედმეტად პრეტენზიულები იყვნენ: 1976 წლიდან დაწყებული დაახლოებით ორწელიწადნახევრის განმავლობაში, „ბარსამ" ოთხი მწვრთნელი შეიცვალა! ჯერ ჰოლანდიელი რინუს მიხელსი იყო, რომელიც გერმანელმა ჰანს ვაისვაილერმა შეცვალა. ცოტა ხანში კვლავ მიხელსი დაბრუნდა და მალე ადგილი გაესპანელებულ ფრანგ ლუსიენ მიულერს დაუთმო. 1978-79 წლების თასების თასის ტურნირი გუნდმა სწორედ მიულერის ხელმძღვანელობით დაიწყო, მაგრამ გაზაფხულზე ფეხბურთელების ერთ ჯგუფთან კონფლიქტი მოუვიდა და თანამდებობა ხოაკიმ რიფეს გადაულოცა.

ესპანელი ჟურნალისტები მიიჩნევდნენ, რომ რიფემ „ბარსას" სტერეოტიპული სათამაშო სქემა გადაახალისა და უფრო მრავალფეროვანი გახადა. მწვრთნელმა აქცენტი ნახევარდაცვაზე გადაიტანა - რექსაჩი ოდნავ უკან დასწია და ნეესკენსთან და ასენსისთან ერთად მობილური შუახაზი ჩამოაყალიბა.

მერვედფინალში „ბარსას" მეტოქე თასის მფლობელი ბრიუსელი „ანდერლეხტი" გახლდათ. როცა თასთა თასის გათამაშების პირველი წრის კენჭისყრა გაიმართა, მიმომხილველებმა ფავორიტებად სწორედ ეს ორი გუნდი დაასახელეს. იმასაც ამბობდნენ, გადამწყვეტი შეხვედრა მათ შორის გაიმართებაო, მაგრამ ფავორიტები მერვედფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ბრიუსელში „ანდერლეხტმა" სამჯერ გაუტანა მეტოქეს (ვან დერ ელსტი - 2, კოეკი). „ბარსა" ფრეზე თამაშობდა, ხისტად, ხშირად უხეშადაც მოქმედებდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

მეორე დღეს სააგენტო „ფრანს პრესმა" სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა: მატჩის ოფიციალურ პირებს ეჭვი შეჰპარვიათ, არაბუნებრივად აზარტული თამაში იყო, რაღაც ეშმაკობასთან გვაქვს საქმეო, რის გამოც ნამატჩევს პოლიცია კარგა ხანს შეყოვნებულა ორივე გუნდის გასახდელთან, მერე კი, დაახლოებით საათის განმავლობაში, კლუბების ხელმძღვანელებს ელაპარაკებოდა. დილით გაირკვა, რომ „ანდერლეხტისა" და „ბარსელონას" სამ-სამმა ფეხბურთელმა უარი თქვა დოპინგ-კონტროლის გავლაზე. გვარები არ დაუსახელებიათ, მხოლოდ შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ერთი მათგანი ბელგიელი მცველი ბროოსი იყო.

მასპინძლები ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ - ბელგიური კანონებით, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი მოქალაქე, აუცილებლობის შემთხვევაში, ვალდებული იყო დოპინგ-კონტროლი გაეარა. წინააღმდეგ შემთხვევაში სამი თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ესპანელებმა პირველებმა იუარეს შემოწმება და ჩვენი მოთამაშეებიც ამიტომ გაჯიუტდნენო - ასეთი იყო ბელგიური კლუბის პოზიცია. თავის მხრივ, კატალონიელთა წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, უარი პირველად ჩვენ კი არა, მასპინძლებმა თქვესო. მოკლედ, დავიდარაბა რამდენიმე დღე გაგრძელდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა: მატჩის ანგარიში არ გაუუქმებიათ და ორი კვირის თავზე გუნდები ბარსელონაში, „კამპ ნოუს" ასათასიანი აუდიტორიის თანდასწრებით შეხვდნენ ერთმანეთს.

მე-8 წუთზე კრანკლმა ერთი ბურთი გაქვითა, მერე ერედიამ და სუვირიამ ორი შეაგდეს და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანეს. გადამწყვეტ ნახევარ საათს ბრიუსელელები კაცნაკლულნი შეხვდნენ - ძირითადი დროის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე მსაჯმა დოპინგ-კონტროლს არიდებული ბროოსი გააძევა.

დამატებითში „ანდერლეხტი" მთელი გუნდით იცავდა თავს და მატჩისშემდგომ პენალტებს უმიზნებდა. ასეც მოხდა, მაგრამ ბელგიელებმა პირველი ორი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს და თასების თასს დაემშვიდობნენ.

მეოთხეფინალში, ინგლისის „იფსვიჩ თაუნთან" თამაშის წინ, ყურადღების ცენტრში „ბარსელონას" ნახევარმცველი ასენსი მოექცა. საქმე ისაა, რომ ასენსი ესპანეთში ფეხბურთელთა პროფკავშირის ლიდერი იყო და მატჩამდე კვირით ადრე მოთამაშეთა გაფიცვაში მონაწილეობდა. ყველას აინტერესებდა, როგორ ითამაშებდნენ გაფიცული კატალონიელები. მათ კარგად იასპარეზეს და მარცხის მიუხედავად (1:2), შემდეგ წრეში გასვლის შანსიც შეინარჩუნეს. ორი კვირის შემდეგ ინგლისელებმა „ბარსელონას" ფორვარდებს პერსონალური მეურვეები მიუჩინეს. მასპინძლებს გაუჭირდათ, მაგრამ მაშველი მაინც გამოჩნდა: 39-ე წუთზე მცველი მიგელი მოულოდნელად შეიჭრა ინგლისელების საჯარიმოში და გადამწყვეტი ბურთი გაიტანა.

მეორე ფინალისტი, დიუსელდორფის „ფორტუნა" ნაღდ გერმანულ ფეხბურთს თამაშობდა, გუნდის ლიდერები კი ძმები კლაუს და თომას ალოფსები იყვნენ. „ფორტუნას" ერთ-ერთი მთავარი ღირსება ბრძოლისუნარიანობა იყო და ეს გადამწყვეტ შეხვედრაშიც დამტკიცდა.

ბაზელურ ფინალში, „სენტ იაკობის" სტადიონზე მისული 58 ათასი მაყურებლიდან 35 ათასი ესპანელი იყო. ისინი მოუთმენლად ელოდნენ მატჩის დაწყებას და მინდორზე საუკეთესო თავდამსხმელის ჰანს კრანკლის გამოჩენას. კრანკლი, რომელსაც იმ დროისთვის ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტი - 29 გოლი ჰქონდა გატანილი, გადამწყვეტ მატჩამდე ათი დღით ადრე ავტოავარიაში მოჰყვა. თვითონ არ დაშავებულა, მაგრამ მეუღლე ინგა საშინლად დაიმტვრა და ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს. კრანკლი, ცხადია, მეუღლეს გვერდიდან არ მოშორებია და ბაზელში მხოლოდ თამაშის წინა ღამით ჩავიდა, მაშინ როცა ცოლის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა.

მრავლისმნახველი შვეიცარიელი ჟურნალისტების თქმით (მანამდე ბაზელსა და ციურიხში თასთა თასის ოთხი ფინალი გაიმართა), თამაში ძალიან დინამიური, ინტრიგით დატვირთული და დრამატული გამოდგა.

წინასწარი პროგნოზი არ გამართლდა. მინდორზე „ცალმხრივი მოძრაობა" უნდა ყოფილიყო, ანუ „ბარსას" მთელი დრო შეტევებში გაეტარებინა, მაგრამ ასე არ მოდა - კატალონიელთა იერიშებს დასავლეთგერმანელები მეტად მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდნენ.

მე-5 წუთზე რექსაჩის გადაცემით სანჩესმა გახსნა ანგარიში. ორ წუთში „ბარსელონას" მეკარე არტოლა შეცდა, დიუსელდორფელი ბომერის დარტყმა ვერ დაიმორჩილა და იქვე მყოფმა თომას ალოფსმა ანგარიში გაათანაბრა - 1:1. კიდევ ხუთ წუთში კარასკოს წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი რექსაჩმა ვერ გამოიყენა, თუმცა ასენსიმ კატალონიელები მალე ისევ დააწინაურა - 2:1. ტაიმის მიწურულს კვლავ არტოლას შეცდომა და 2:2.

საქმე დამატებით დრომდე მივიდა, იქ კი ბარსელონელებმა იძალეს: ჯერ რექსაჩმა, მერე კი კრანკლმა ორჯერ გაუტანეს მეკარე დანიელს. გერმანელი ზეელის გოლს ბევრი არაფერი შეუცვლია - „ბარსელონა" თამაშს აკონტროლებდა.

საბოლოოდ 4:3. ასე მოიპოვა „ბარსელონამ" თავისი პირველი თასების თასი, პრიზი, რომელიც შემდეგ კიდევ სამჯერ ჩაიტანა კატალონიაში.

გაზეთი „სარბიელი" (16 აპრილი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1978-1979
1/16 ფინალი
აზ (ალკმაარი, ჰოლანდია) - „იფსვიჩ თაუნი" (იფსვიჩი, ინგლისი) 0:0, 0:2; „ზაგლებიე" (სოსნოვიეცი, პოლონეთი) - „ვაკერი" (ინსბრუკი, ავსტრია) 2:3, 1:1; „ბარსელონა" (ესპანეთი) - „შახტიორი" (დონეცკი, სსრკ) 3:0, 1:1; „ფლორიანა" (მალტა) - „ინტერი" (მილანი, იტალია) 1:3, 0:5; „ბოდიო გლიმტი" (ბოდიო, ნორვეგია) - „უნიონი" (ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი) 4:1, 0:1; „რიეკა" (იუგოსლავია) - „რექსჰემი" (უელსი) 3:0, 0:2; „ბევერენი" (ბელგია) - „ბელიმენა იუნაიტედი" (ბელიმენა, უელსი) 3:0, 3:0; „უნივერსიტატეა" (კრაიოვა, რუმინეთი) - „ფორტუნა" (დიუსელდორფი, გფრ) 3:4, 1:1; „მარეკ სტანკე დიმიტროვი" (დუპნიცა, ბულგარეთი) - „აბერდინი" (შოტლანდია) 3:2, 0:3; პაოკ (სალონიკი, საბერძნეთი) - „სერვეტი" (ჟენევა, შვეიცარია) 2:0, 0:4; „ფრემი" (კოპენჰაგენი, დანია) - „ნანსი" (საფრანგეთი) 2:0, 0:4; „ვალური" (რეიკიავიკი, ისლანდია) - „მაგდებურგი" (გდრ) 1:1, 0:4; „ფერენცვაროში" (ბუდაპეშტი, უნგრეთი) - „კალმარი" (შვედეთი) 2:0, 2:2; „სპორტინგი" (ლისაბონი, პორტუგალია) - „ბანიკი" (ოსტრავა, ჩეხოსლოვაკია) 0:1, 0:1; „შემროკ როვერსი" (დუბლინი, ირლანდია) - „აპოელი" (ნიქოზია, კვიპროსი) 2:0, 1:0
1/8-ფინალი
„იფსვიჩ თაუნი" -
„ვაკერი" 1:0, 1:1 (დდ); „ანდერლეხტი" - „ბარსელონა" 3:0, 0:3 (დდ; პენ 1:4); „ინტერი" - „ბოდიო გლიმტი" 5:0, 2:1; „რიეკა" - „ბევერენი" 0:0, 0:2; „ფორტუნა" - „აბერდინი" 3:0, 0:2; „სერვეტი" - „ნანსი" 2:1, 2:2; „მაგდებურგი" - „ფერენცვაროში" 1:0, 1:2; „ბანიკი" - „შემროკ როვერსი" 3:0, 3:1
1/4-ფინალი
„იფსვიჩ თაუნი" - „ბარსელონა" 2:1, 0:1; „ინტერი" - „ბევერენი" 0:0, 0:1; „ფორტუნა" - „სერვეტი" 0:0, 1:1; „მაგდებურგი" - „ბანიკი" 2:1, 2:4
1/2-ფინალი
„ბარსელონა" -
„ბევერენი" 1:0, 1:0; „ფორტუნა" - „ბანიკი" 3:1, 1:2

ფინალი
16 მაისი, 1979. შვეიცარია, ბაზელი, „სენტ იაკობი". 58500
ბარსელონა 4:3 (დდ) ფორტუნა
გოლები:
1:0 ტენტე სანჩესი (5), 1:1 თომას ალოფსი (8), 2:1 ხუან მანუელ ასენსი (34), 2:2 ვოლფგანგ ზეელი (41), 3:2 კარლეს რექსაჩი (104), 4:2 ჰანს კრანკლი (111), 4:3 ვოლფგანგ ზეელი (114)
ბარსელონა: პედრო არტოლა, რაფაელ სუვირია, მიგელი, კიკე კოსტასი (ფრანსისკო მარტინესი 68), ხოსე ალბალადეხო (ხესუს დე ლა კრუსი 57), ტენტე სანჩესი, იოჰან ნეესკენსი, ხუან მანუელ ასენსი (კაპ), კარლეს რექსაჩი, ჰანს კრანკლი, ფრანსისკო კარასკო
მწვრთნელი: ხოაკიმ რიფე
ფორტუნა: იორგ დანიელი, ჰაინერ ბალტესი, გერდ ზევე (კაპ), გერდ ციმერმანი (ფლემინგ ლუნდი 4), დიტერ ბრაი (იოზეფ ვეიკლი 24), ეგონ კიონენი, ჰუბერტ შმიტცი, რუდი ბომერი, თომას ალოფსი, კლაუს ალოფსი, ვოლფგანგ ზეელი
მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ტიპენჰაუერი
მსაჯი: კაროლი პალოტაი (უნგრეთი)

საუკეთესო ბომბარდირი
ალესანდრო ალტობელი („ინტერი", იტალია; იტალია) - 7 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.