სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1980: „ვალენსია“ (ესპანეთი)

თარიღი: 2016 აპრილი 07


1979-1980 წლების გათამაშებაში გამარჯვებული: „ვალენსია“ (ესპანეთი)

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

მარიო და ვალენსია
„დღეს „ვალენსიაზე" უკეთ ვითამაშეთ, პენალტებით გამარჯვებისა კი არ მჯერა", - ეს სიტყვები ფინალური მატჩის დამთავრებისთანავე თქვა „არსენალის" მენეჯერმა ტერი ნილმა. მართლაც, ლონდონელებს არაფერი დაუთმიათ ვალენსიელებისთვის, მაგრამ მაინც დამარცხდნენ. თასების თასის ისტორიაში ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა გამარჯვებული მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანებით გაირკვა.

გადამწყვეტი შეხვედრა 120 წუთს გაგრძელდა და მისი საუკეთესო მოთამაშე, ისევე, როგორც მთლიანად ტურნირისა, „ვალენსიას" არგენტინელი ფორვარდი მარიო კემპესი გახლდათ. მან მხოლოდ ერთხელ ვერ ივარგა, როცა ფინალში პირველივე პენალტი გააცუდა, მაგრამ რა ვუყოთ? ასეთი რამ სხვა დიდ ფეხბურთელებსაც მოსვლიათ. გაისხენეთ მიშელ პლატინი, ზიკო, რობერტო ბაჯო... სხვების დასახელებაც შეიძლება.

ლეგენდარული ალფრედო დი სტეფანოს მთავარმწვრთნელობით „ვალენსიამ" რამდენიმე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა: 1971 წელს ესპანეთის ჩემპიონი გახდა, 1979 წელს საშინაო თასი, ხოლო 1980 წელს თასების თასი მოიგო.

ყველაზე გონიერი გადაწყვეტილება დი სტეფანომ 1976 წელს მიიღო, როცა თანამემამულე მარიო კემპესი მიიწვია. „ვალენსიას" არგენტინელი ფორვარდი 100 ათასი დოლარი „დაუჯდა". იმ დროისთვის ეს სოლიდური თანხა იყო, მაგრამ ამ გარიგებას კინაღამ გართულებაც მოჰყვა: კონტრაქტის მიხედვით, კლუბი ვალდებული იყო მოთამაშე ნაკრების შეკრებისთვის გაეთავისუფლებინა, თუმცა „ვალენსიას" ხელმძღვანელებმა ასეთ შემთხვევებში სადაღვევო კომპენსაცია - 250 ათასი დოლარი მოითხოვეს.

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა, კემპესი კი მწვრთნელის, ლუის მენოტის რჩეული იყო და იქნებ სხვისთვის არა, მაგრამ კემპესისთვის ყველაფერს გააკეთებდა. მენოტის შუამდგომლობით ესპანელები მოთხოვნას დათანხმდნენ და არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ „ვალენსიას" სადაზღვევო თანხა გადაუხადა.

1979-1980 წლების თასების თასის გათამაშებაში მარიო კემპესმა ცხრა ბურთი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

„ვალენსიას" მეორე გამორჩეული ფეხბურთელი გერმანელი რაინერ ბონჰოფი გახლდათ, მიონხენგლადბახის „ბორუსიადან" გადასული მსოფლიოს ექს-ჩემპიონი. ამ ორ მოთამაშეს დამატებული ტენდილიო, სოლსონა და საურა - აი ძირითადი ბირთვი, რომელმაც „ვალენსია" ევროტრიუმფამდე მიიყვანა.

შეჯიბრის ყველაზე რთული რაუნდი „ღამურებმა" (კლუბის მეტსახელია) მეოთხედფინალში გადაიტანეს, როცა თასის მფლობელ „ბარსელონას" შეხვდნენ.

„კამპ ნოუზე" გამართული თამაშის ბედი 51-ე წუთზე ვალენსიელი პაბლოს გოლმა გადაწყვიტა. განმეორებითი მატჩი დრამატული გამოდგა: თავიდან მასპინძლები იგებდნენ, მერე სტუმრები, დამთავრებამდე 13 წუთით ადრე კი თანაფარდობა იყო - 2:2. აქ საურამ გამოჩინა თავი და ვალენსიელები დააწინაურა - 3:2. 88-ე წუთზე კატალონიელებმა პენალტი „აიკიდეს" და კემპესმა ანგარიში კიდევ გაზარდა - 4:2. ბოლო წუთზე ბარსელონელმა ლანდაბურუმ კვლავ შეამცირა სხვაობა, მაგრამ მეტისთვის სტუმრებს დრო აღარ ეყოთ და თასთა თასის მფლობელის ტიტულს დაემშვიდობნენ.

სხვათა შორის, იმ სეზონში „ბარსელონას" საქმე არცთუ კარგად მიდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ კატალონიურმა კლუბმა დანიელი ალან სიმონსენის სახით უმაღლესი დონის მოთამაშე დაიმატა.

როგორც ყოველთვის, კატალონიაში ყველაფერი მწვრთნელს დააბრალეს და წინა წლის ტრიუმფატორის რიფეს ნაცვლად ელენიო ერერა დანიშნეს. მალე ესპანურ პრესაში „ბარსას" პრეზიდენტის ხოსე ლუის ნუნიესის განცხადებაც გამოჩნდა, არგენტინიდან 19 წლის ვუნდერკინდი უნდა ჩამოვიყვანოთო. სატრანსფერო თანხად მანამდე არნახულ, ექვს მილიონ დოლარს ასახელებდნენ! ნუნიესი ირწმუნებოდა, დიეგო არმანდო მარადონას ნიჭთან შედარებით ეს ფული არაფერიაო. მას ერერაც ეთანხმებოდა. მალე მარადონას კლუბის „არხენტინოს ხუნიორსის" მესვეურებმა განაცხადეს, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია, ოთხ მილიონს 30 დღის განმავლობაში გადაგვიხდიან, დანარჩენს მოგვიანებითო.

სწორედ ამ დროს არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრებამდე ქვეყნიდან წასვლა ეკრძალებოდათ. მათ შორის მარადონაც მოხვდა. ნაკრების მწვრთნელი მენოტი ამბობდა, კარგად მესმის დიეგოსი, ის ფეხბურთელია და ფულს ამ საქმით შოულობს, მაგრამ ქვეყნის პირველი გუნდის ინტერესები ყველაფერზე მაღლა უნდა დავაყენოთო. ფედერაციის პრეზიდენტი ხულიო გრონდონა უფრო კატეგორიული გახლდათ - ჩემი მოვალეობაა ფედერაციის ინტერესები დავიცვა და ნაკრების კეთილდღეობაზე ვიზრუნო, ამიტომ მარადონას ვერსად გავუშვებო.

ნუნიესი მიხვდა, რომ ამჯერად დიეგოს არ დაუთმობდნენ და არგენტინელებს შეუთანხმდა: ახლა თავს დაგანებებთ, ოღონდ ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ მარადონა კატალონიაში უნდა გამოუშვათო. საბოლოოდ ასეც მოხდა...

ლონდონის „არსენალი" მწვრთნელმა ტერი ნილმა ირლანდიელი ნახევარმცველის ლაიამ ბრეიდის გარშემო „ააწყო". „მეთოფეებმა" 1/2-ფინალში პატარა სენსაცია მოახდინეს - გათამაშებას იტალიის ნაკრების საბაზო გუნდი „იუვენტუსი" გამოთიშეს.

ლონდონში, „ჰაიბერიზე", „არსენალი" აგებდა: მე-10 წუთისთვის იტალიელებს სწრაფი კონტრშეტევა გამოუვიდათ და რობერტო ბეტეგას წაქცევისთვის პენალტიც დაინიშნა. ანტონიო კაბრინის დარტყმა მეკარე პატ ჯენინგსმა მოიგერია, მაგრამ ბურთს ისევ კაბრინიმ მიუსწრო და ანგარიში გახსნა - 0:1. მერე „იუვე" დაცვაში „ჩაჯდა", ტაიმის მიწურულს კი ერთი ფეხბურთელი მოისაკლისა - ბრეიდის წინააღმდეგ უხეშობისთვის მარკო ტარდელი გააძევეს.

ბეტეგამ მეორე გოლშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა მასპინძლებს „დაეხმარა": ლონდონელების ერთ-ერთი შეტევისას ის მცველების დახმარებას შეეცადა და... საკუთარ კარში შეაგდო - 1:1.

ყველასთვის მოულოდნელად, „იუვემ" ტურინში უგოლო ფრეზე დაიწყო თამაში და ამისთვის მწარედ დაისაჯა: მატჩის დასრულებამდე ორი წუთი რჩებოდა, როცა „არსენალის" ახალგაზრდა ფორვარდმა პოლ ვეისენმა გოლი გაიტანა და „მეთოფეები" ფინალში გაიყვანა.

გადამწყვეტ თამაშში კი ლონდონელებს კვლავ არ გაუმართლათ - „ვალენსიამდე" ხუთი დღით ადრე „არსენალმა" ინგლისის თასის ფინალი წააგო თანაქალაქელ „ვესტ ჰემ იუნაიტედთან" - 0:1. სხვათა შორის, იმ დროისთვის მეორელიგელმა „ვესტ ჰემმა" სწორედ ამ გამარჯვებით მიიღო თასთა თასის მომდევნო გათამაშებაში მონაწილეობის უფლება, რომლის მეოთხედფინალში თბილისის „დინამოს" შეხვდა....

ფინალში ინგლისელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ ზუსტი დარტყმები არ გამოსდიოდათ. „ვალენსიამ" ორი რეალური მომენტი შექმნა და ორივე მარიო კემპესის ორგანიზებული იყო.

სხვა მხრივ, ვერც ოთხმოცდაათმა და ვერც დამატებითამ ოცდაათმა წუთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მატჩისშემდგომ პენალტებშიც ხუთ-ხუთი დარტყმის შემდეგ თანაფარდობა არ დარღვეულა - 4:4. მეექვსე ცდაზე ესპანელებმა იძალეს - არიასის თერთმეტმეტრიანი ზუსტი აღმოჩნდა, რიქსმა კი ბურთი მეკარეს მოარტყა - 5:4 „ვალენსიას" სასარგებლოდ.

„ინგლისის თასის ფინალში დამარცხებამ ჩემი ფეხბურთელები ვერ გატეხა. დღეს უკეთ კი ვითამაშეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. ბიჭებს ვერაფერს ვუსაყვედურებ", - თქვა ნამატჩევს ტერი ნილმა.

მას „ვალენსიას" მწვრთნელი ალფრედო დი სტეფანოც დაეთანხმა: „მართალია მოწინააღმდეგე უფრო აქტიურად მოქმედებდა, მაგრამ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. შესაძლოა თამაში სანახაობრივად ლამაზი არ გამოვიდა, მაგრამ დაძაბულობა ნამდვილად არ აკლდა".

გაზეთი „სარბიელი" (17 აპრილი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1979-1980
საკვალიფიკაციო წრე
„გლაზგო რეინჯერსი" (გლაზგო, შოტლანდია) -
„ლილესტრიომი" (ნორვეგია) 1:0, 2:0; ბ1903 (კოპენჰაგენი, დანია) - „აპოელი" (ნიქოზია, კვიპროსი) 6:0, 1:0
1/16 ფინალი
„სლიემა უონდერერსი" (სლიემა, მალტა) - „ბოავიშტა" (პორტუ, პორტუგალია) 2:1, 0:8; „კლიფტონვილი" (ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია) - „ნანტი" (საფრანგეთი) 0:1, 0:7; „იანგ ბოიზი" (ბერნი, შვეიცარია) - „სტიაუა" (ბუქარესტი, რუმინეთი) 2:2, 0:6; „რეიპასი" (ლაჰტი, ფინეთი) - „არის ბონევოი" (ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი) 0:1, 0:1; ია (აკრანესი, ისლანდია) - „ბარსელონა" (ესპანეთი) 0:1, 0:5; ბ1903 - „ვალენსია" (ესპანეთი) 2:2, 0:4; „გლაზგო რეინჯერსი" - „ფორტუნა" (დიუსელდორფი, გფრ) 2:1, 0:0; „არსენალი" (ლონდონი, ინგლისი) - „ფენერბაჰჩე" (სტამბოლი, თურქეთი) 2:0, 0:0; „რექსჰემი" (უელსი) - „მაგდებურგი" (გდრ) 3:2, 2:5 (დდ); „პანიონიოსი" (ათენი, საბერძნეთი) - „ტვენტე" (ენსხედე, ჰოლანდია) 4:0, 1:3; „გიოტებორგი" (შვედეთი) - „უოტერფორდი" (ირლანდია) 1:0, 1:1; „ვაკერი" (ინსბრუკი, ავსტრია) - „ლოკომოტივი" (კოშიცე, ჩეხოსლოვაკია) 1:2, 0:1; „ბეერსხო" (ანტვერპენი, ბელგია) - „რიეკა" (იუგოსლავია) 0:0, 1:2; „არკა" (გდინია, პოლონეთი) - „ბეროე" (სტარა ზაგორა, ბულგარეთი) 3:2, 0:2; „იუვენტუსი" (ტურინი, იტალია) - „დიორი ეტო" (დიორი, უნგრეთი) 2:0, 1:2; „დინამო" (მოსკოვი, სსრკ) - „ვლაჟნია" (შკოდერი, ალბანეთი) - „ვლაჟნიას" უარი
1/8-ფინალი
„დინამო" -
„ბოავიშტა" 0:0, 1:1; „ნანტი" - „სტიაუა" 3:2, 2:1; „არის ბონევოი" - „ბარსელონა" 1:4, 1:7; „ვალენსია" - „გლაზგო რეინჯერსი" 1:1, 3:1; „არსენალი" - „მაგდებურგი" 2:1, 2:2; „პანიონიოსი" - „გიოტებორგი" 1:0, 0:2; „ლოკომოტივი" - „რიეკა" 2:0, 0:3; „ბეროე" - „იუვენტუსი" 1:0, 0:3 (დდ)
1/4-ფინალი
„დინამო" - „ნანტი" 0:2, 3:2; „ბარსელონა" - „ვალენსია" 0:1, 3:4; „არსენალი" - „გიოტებორგი" 5:1, 0:0; „რიეკა" - „იუვენტუსი" 0:0, 0:2
1/2-ფინალი
„ნანტი" - „ვალენსია" 2:1, 0:4; „არსენალი" - „იუვენტუსი" 1:1, 1:0

ფინალი
14 მაისი, 1980. ბელგია, ბრიუსელი, „ეიზელი". 40000
ვალენსია 0:0 (პენ 5:4) არსენალი
პენალტები:
მარიო კემპესი - 0:0, ლაიამ ბრეიდი - 0:0, დანიელ სოლსონა - 1:0, ფრენკ სტეპლტონი - 1:1, პაბლო როდრიგესი - 2:1, ალან სანდერლენდი - 2:2, ანხელ კასტელიანოსი - 3:2, ბრაიან ტალბოტი - 3:3, რაინერ ბონჰოფი - 4:3, ჯონ ჰოლინსი - 4:4, რიკარდო არიასი - 5:4, გრემ რიქსი - 5:4
ვალენსია: კარლოს პერეირა, ხოსე კარეტე, მანუელ ბოტუბოტი, რიკარდო არიასი, მიგელ ტენდილიო (კაპ), დანიელ სოლსონა, ენრიკე საურა, რაინერ ბონჰოფი, ხავიერ სუბირატსი (ანხელ კასტელიანოსი 112), მარიო კემპესი, პაბლო როდრიგესი
მწვრთნელი: ალფრედო დი სტეფანო
არსენალი: პატ ჯენინგსი, პეტ რაისი (კაპ), სემი ნელსონი, დევიდ ოლირი, ვილი იანგი, გრემ რიქსი, ბრაიან ტალბოტი, დევიდ პრაისი (ჯონ ჰოლინსი 105), ლაიამ ბრეიდი, ალან სანდერლენდი, ფრენკ სტეპლტონი
მწვრთნელი: ტერი ნილი
მსაჯი: ვოიცეხ ხრისტოვი (ჩეხოსლოვაკია)

საუკეთესო ბომბარდირი
მარიო კემპესი („ვალენსია", ესპანეთი; არგენტინა) - 9 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.