სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1982: „ბარსელონა“ (ესპანეთი)

თარიღი: 2016 აპრილი 08


1981-1982 წლების გათამაშებაში გამარჯვებული: „ბარსელონა“ (ესპანეთი)

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

დიდი ქართული გუნდის დასასრული
ცნობილი ფაქტია: რომელიმე ტურნირის თუ თასის მოგება უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება. 1982 წელს თბილისის „დინამოს" თასთა თასი მეორედ აღარ მოუპოვებია, მაგრამ მაშინდელი გუნდი წინა სეზონისას არაფრით ჩამოუვარდებოდა. შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილების მიუხედავად, ფინალში გასვლას ცოტა დააკლდა.

და მეორეც: სწორედ ამ წელს დამთავრდა „დიდი დინამოს" ისტორია, გუნდისა, რომელმაც ქართულ ფეხბურთს XX საუკუნეში ყველაზე დიდი გამარჯვება მოუტანა. ძნელი სათქმელია, რატომ მოხდა ასე, განგების ნებით იყო თუ იმიტომ, რომ 81-იანელთა თაობამ თავისი მისია შესრულებულად ჩათვალა.

1981 წლის შემოდგომაზე „დინამო" თასთა თასის მფლობელის რანგში ჩაება გათამაშებაში. პირველ წრეში ავსტრიის „გრაცერ აკ"-თან შეხვედრამდე თბილისელები ესპანურ ტურნირში მონაწილეობდნენ და იქიდან ფეხმოტეხილი დავით ყიფიანით დაბრუნდნენ - თბილისელების გამთამაშებელი მადრიდის „რეალის" მცველმა მიგელ ანხელმა იმსხვერპლა. ამის შემდეგ ყიფიანს კარიერა სრულფასოვნად აღარ გაუგძელებია. 82-ის გაზაფხულზე ცოტა კიდევ ითამაშა და ფეხბურთს თავი დაანება.

ყიფიანის გარდა, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდა „დინამოს" სათამაშო სტილს, ქართველებს ალექსანდრე ჩივაძე და თენგიზ სულაქველიძეც ჰყავდათ დაშავებული. მათი მინდორზე გასვლის პრობლემა მხოლოდ პირველი მატჩის წინ მოგვარდა.

ავსტრიელთა მწვრთნელი ზლატკო ჩაიკოვსკი ესპანეთშიც ყოფილა დინამოელთა დასაზვერად და იქიდან ნირწამხდარი დაბრუნებულა - „დინამოს" მსგავს გუნდთან ვერაფერს გავაწყობთო, უთქვამს ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის.

მართლაც, „გრაცერ აკ"-ს ქართველების გასაჩერებლად მხოლოდ ერთი ხერხი რჩებოდა და თბილისში ასეც მოიქცა: პრაქტიკულად თერთმეტივე ფეხბურთელი ყრუ დაცვაში ჩაჯდა, მაგრამ თასის მფლობელს მაინც ვერაფერი მოუხერხა. ჯერ ვლადიმერ გუცაევის გადაცემით ვაჟა ჟვანიამ გახსნა ანგარიში, მერე ისევ გუცაევის რეიდი და პენალტი. რამაზ შენგელიას დარტყმა ზუსტი გამოდგა - 2:0. საინტერესოა, რომ ავსტრიელები არც ამის შემდეგ გადასულან შეტევაზე. ალბათ, დიდი ანგარიშით წაგებისა ეშინოდათ, თუმცა ორბურთიანი უპირატესობაც საკმარისი აღმოჩნდა. გრაცში, 63-ე წუთისთვის, შენგელიას ორი გოლის წყალობით კვლავ თბილისელები იგებდნენ და მერე რიდლისა და კამაუფის ორ საპასუხოს აღარაფერი შეუცვლია - 2:2.

კორსიკურ „ბასტიასთან" მერვედფინალში დინამოელებს კიდევ უფრო დიდი უპირატესობა ჰქონდათ. ბასტიაში 56-ე წუთზე გუცაევმა ლამაზად გაიტანა: რამდენიმე მოწინააღმდეგეს აუარა გვერდი, წინ გამოსული მეკარე დაინახა და ბურთი თავზე გადაუგდო - 0:1.

ფრანგებმა ცოტა კურიოზულად შეაგდეს: „დინამოს" საჯარიმოში უამრავი ფეხბურთელი მოგროვდა, არეულობით კი „ბასტიის" კამერუნელმა თავდამსხმელმა როჟე მილამ ისარგებლა და გაათანაბრა - 1:1. მილამ თბილისშიც გაიტანა, მაგრამ ეს ბოლოსწინა წუთზე მოხდა. მანამდე ორჯერ შენგელიამ და სულქაველიძემ სამი გაუტანეს კორსიკელებს - 3:1.

საინტერესოა, რომ ყიფიანის ფუნქციას ნელ-ნელა ვიტალი დარასელია კისრულობდა. განსაკუთრებით კარგად ეს „ბასტიასთან" თბილისურ მატჩში გამოჩნდა. სწორედ დარასელია-შენგელიას ეფექტურმა თამაშმა განსაზღვრა დინამოელთა უპირატესობა.

82-ის გაზაფხულზე, ვარშავის „ლეგიის" დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალში დინამოელები ბელგიის ლიეჟის „სტანდარდს" შეხვდნენ. ეს იყო მატჩები, რომლითაც პრაქტიკულად დიდი ქართული გუნდის ისტორია დამთავრდა. თანაც, დამთავრდა რაღაც ახლით, აქამდე უცნობ ფეხბურთთან შეჯახებით.

„სტანდარდის" თამაშს მერე ბევრი „ანტიფეხბურთსაც" უწოდებდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მწვრთნელმა რაიმონ გუტალსმა ამ „ანტიფეხბურთით" გუნდი ფინალში გაიყვანა და ამას მკაცრად ორგანიზებული თამაშით მიაღწია. ისიც ფაქტია, რომ დინამოელებმა მაშინ „სტანდარდის" შესახებ არაფერი იცოდნენ.

თბილისში მე-3 წუთზე ქართველებმა საჯარიმო დარტყმის უფლება მიიღეს. ყიფიანმა ჩაჰკიდა  და ამ დროს ბელგიური გუნდის მთელი დაცვა ორგანიზებულად გამოვიდა საკუთარი საჯარიმოდან. ასეთი ხელოვნური თამაშგარეები სტუმრებმა კიდევ ბევრჯერ გაიმეორეს, დინამოელებმა კი „ლიეჟურ ეშმაკის მანქანას" მხოლოდ მეორე ტაიმში აუღეს ალღო - ცდილობდნენ ინდივიდუალური გარღვევებით მიეღწიათ წარმატებისათვის, ბევრსაც უტევდნენ, მაგრამ არაფერი გამოდიოდა.

პირველი ტაიმის მიწურულს კი სტუმრებმა ერთადერთი ბურთი გაიტანეს: წარმოშობით ინდონეზიელმა ჰოლანდიელმა სიმონ ტაჰამატამ მარცხენა ფრთაზე ორი თბილისელი მოატყუა, შემდეგ საჯარიმოში ჩაჰკიდა, იქ კი ჟაკ დაარდენმა თავით ზუსტად ითამაშა - 0:1.

თბილისში სეზონის საუკეთესო მატჩი ჩავატარეთო, თქვა მოგვიანებით გუტალსმა. ლიეჟში მართლაც უსახური თამაში გამოვიდა, ისევ დაარდენის გოლი და „სტანდარდი" ფინალში გავიდა.

ბელგიელებს მაშინ მართლაც კარგი გუნდი ჰყავდათ - მეკარე მიშელ პრიუდომი, ერიკ გერეტსი, ვალტერ მეუვსი, გი ვანდერსმისენი, ჟერარ პლესერსი და ჰოლანდიელი არი ჰაანი. რაიმონ გუტალსს კი 1978-ში „ანდერლეხტთან" ერთად თასების თასი უკვე ჰქონდა მოგებული.

გადამწყვეტ მატჩში „კამპ ნოუზე" „სტანდარდს" „ბარსელონამ" უმასპინძლა. „ბარსას" მწვრთნელი უდო ლატეკი ამბობდა: „ბელგიელების თამაში ყურადღებით შევისწავლეთ, მივხვდით, როგორ უნდა ვებრძოლოთ და ხელოვნური თამაშგარეების გაკეთების საშუალებას არ მივცემთ. ჩემს გუნდში უამრავი მაღალი კლასის ინდივიდუალისტია და მათი იმედი მაქვს".

მიუხედავად ამისა, ფინალის პირველი ნახევარი საათის განმავლობაში კატალონიელებმა ბევრი ვერაფერი მოუხერხეს „ლიეჟურ თამაშგარეს". მეტიც, დასაწყისშივე ჰაანი-ვენდტი-ვადერსმისენის კომბინაცია გოლით დამთავრდა - 0:1.

მაგრამ თანდათან მასპინძლებმა თამაში დაალაგეს და ტაიმის მიწურულს ტანმორჩილმა დანიელმა ალან სიმონსენმა მასზე თითქმის ორჯერ მაღალ მცველებს აჯობა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

„ბარსას" ესპანეთის იმწლევანდელი ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლემ კინიმ უშველა - მის მეორე გოლს სტუმრებმა ვეღარაფერი დაუპირისპირეს - 2:1. ბოლოსკენ თამაში გაუხეშდა: მსაჯმა ბელგიელი პული გააძევა, ხოლო ვენდტს, ჰაანს, მიგელის და მანოლოს ყვითლები ჩამოურიგა.

„ბარსამ" ისტორიაში მეორედ მოიპოვა თასების თასი, „კამპ ნოუზე" კი უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ერთ-ერთი ბოლო რეპეტიცია ჩატარდა - ერთი თვის შემდეგ ამ სტადიონზე არგენტინა-ბელგიის მატჩით ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა.

გაზეთი „სარბიელი" (22 აპრილი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1981-1982
საკვალიფიკაციო წრე
„პოლიტეხნიკა" (ტიმიშოარა, რუმინეთი) - „ლოკომოტივი" (ლაიპციგი, გდრ) 2:0, 0:5

1/16 ფინალი

16 სექტემბერი, 1981. თბილისი, ვ.ი.ლენინის სახ. „დინამოს" სტადიონი. 60000
„დინამო" 2:0 გრაცერ აკ" (გრაცი, ავსტრია)
გოლები: 1:0 ვაჟა ჟვანია (42), 2:0 რამაზ შენგელია (72, პენ)
დინამო": ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე (კაპ), შოთა ხინჩაგაშვილი, გია თავაძე, ვიტალი დარასელია, ზაურ სვანაძე, თენგიზ სულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი, ვაჟა ჟვანია, რამაზ შენგელია
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
გრაცერ აკ": სავო ეკმეჩიჩი, გ.მარკო, ჰ.მოაპი (შ.ცუენელი 46), რ.გამაუფი, ერვინ ჰოენვარტერი (კაპ), ზეპ შტერინგი, ვ.პიგელი, ფ.მაიერი, ე.ვაისი, ა.მოდერი, კ.რიდლი (ლ.შპირკი 87)
მწვრთნელი: ზლატკო ჩაიკოვსკი (იუგოსლავია)
გაფრთხილება: გ.მარკო, ჰ.მოაპი
მსაჯები: რუდოლფ რინგლი; ბრუნო ბურგენერი, ლუდოვიკ ცურკირხენი (შვეიცარია)

30 სექტემბერი, 1981. ავსტრია, გრაცი, „ლიბენაუ". 7000
გრაცერ აკ" (გრაცი, ავსტრია) 2:2 „დინამო"
გოლები:
0:1 რამაზ შენგელია (40), 0:2 რამაზ შენგელია (63, პენ), 1:2 კ.რიდლი (65), 2:2 რ.გამაუფი (72)
გრაცერ აკ": სავო ეკმეჩიჩი, ტ.რაჩნიკი, გ.მარკო, რ.გამაუფი, ერვინ ჰოენვარტერი (კაპ), ზეპ შტერინგი, ვ.პიგელი, ფ.მაიერი (გ.შვიკეგი 70), ლ.ბაიევცი (ე.ვაისი 46), ა.მოდერი, კ.რიდლი
მწვრთნელი: ზლატკო ჩაიკოვსკი (იუგოსლავია)
დინამო": ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე (კაპ), შოთა ხინჩაგაშვილი, გია თავაძე, ვიტალი დარასელია, ზაურ სვანაძე, თენგიზ სულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი, ვაჟა ჟვანია (დავით მუჯირი 84), რამაზ შენგელია
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
გაფრთხილება: ვლადიმერ გუცაევი, ტ.რაჩნიკი
მსაჯები: ნიკოლას ზლატონოსი; გეორგეს ვულგარისი, ევანგელოს ციუმანოსი (საბერძნეთი)

„ფრამი" (რეიკიავიკი, ისლანდია) - „დანდალკი" (ირლანდია) 2:1, 0:4; „აიაქსი" (ამსტერდამი, ჰოლანდია) - „ტოტენჰემ ჰოთსფური" (ლონდონი, ინგლისი) 1:3, 0:3; ასკ (როსტოვი, სსრკ) - „ანკარაგიუჯუ" (ანკარა, თურქეთი) 3:0, 2:0; „აინტრახტი" (ფრანკფურტი, გფრ) - პაოკ (სალონიკი, საბერძნეთი) 2:0, 0:2 (დდ; 5:4); „სუონსი სიტი" (სუონსი, უელსი) - „ლოკომოტივი" 0:1, 1:2; „ჟენეს ეში" (ეშ სურ ალზეტი, ლუქსემბურგი) - „ველეჟი" (მოსტარი, იუგოსლავია) 1:1, 1:6; „დუკლა" (პრაღა, ჩეხოსლოვაკია) - „გლაზგო რეინჯერსი" (გლაზგო, შოტლანდია) 3:0, 1:2; „ბარსელონა" (ესპანეთი) - „ბოტევი" (პლოვდივი, ბულგარეთი) 4:1, 0:1; „ვალერენგა" (ოსლო, ნორვეგია) - „ლეგია" (ვარშავა, პოლონეთი) 2:2, 1:4; „ლოზანა" (შვეიცარია) - „კალმარი" (შვედეთი) 2:1, 2:3; კტპ (კოტკა, ფინეთი) - „ბასტია" (საფრანგეთი) 0:0, 0:5; „ენოსის ნეონი" (პარალიმნი, კვიპროსი) - „ვაშაში" (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 1:0, 0:6; „ფლორიანა" (მალტა) - „სტანდარდი" (ლიეჟი, ბელგია) 1:3, 0:9; „ვეილე" (დანია) - „პორტუ" (პორტუგალია) 2:1, 0:3; „ბელიმენა იუნაიტედი" (ბელიმენა, ჩრდილოეთ ირლანდია) - „რომა" (რომი, იტალია) 0:2, 0:4

1/8-ფინალი

21 ოქტომბერი, 1981. საფრანგეთი, ბასტია, „არმან სეზარ-ფურიანი". 12000
ბასტია" 1:1 „დინამო"
გოლები:
0:1 ვლადიმერ გუცაევი (56), 1:1 როჟე მილა (65)
ბასტია": პიერიკ იარი, ჟან-ლუი კაზი, ჟერარ ბაკონიე, შარლ ორლანდუჩი, ლოუარდი ბაჯიკა, ალენ ფიარი, რაიმონდო პონტე (პასკალ მარიინი 84), სიმეი იილი, როჟე მილა, კლოდ პაპი, ლუის მარსიალისი
მწვრთნელი: ანტუან რედანი
დინამო": ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, დავით მუჯირი, ვიტალი დარასელია, ზაურ სვანაძე, თენგიზ სულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი (გია თავაძე 84), ნუკრი კაკილაშვილი, რამაზ შენგელია
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
გაფრთხილება: ალექსანდრე ჩივაძე, როჟე მილა
მსაჯი: ხ-ლ.კასტილიო (ესპანეთი)

4 ნოემბერი, 1981. თბილისი, ვ.ი.ლენინის სახ. „დინამოს" სტადიონი. 80000
„დინამო" 3:1 ბასტია"
გოლები:
1:0 რამაზ შენგელია (15), 2:0 თენგიზ სულაქველიძე (60), 3:0 რამაზ შენგელია (74), 3:1 როჟე მილა (89)
დინამო": ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე (ვაჟა ჟვანია 23, რევაზ ჩელებაძე 66), შოთა ხინჩაგაშვილი, დავით მუჯირი, ვიტალი დარასელია, ზაურ სვანაძე, თენგიზ სულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი, ნუკრი კაკილაშვილი, რამაზ შენგელია
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
ბასტია": პიერიკ იარი, ჟან-ლუი კაზი, ჟერარ ბაკონიე, შარლ ორლანდუჩი, ლოუარდი ბაჯიკა, ალენ ფიარი, რაიმონდო პონტე, სიმეი იილი, როჟე მილა, იუვე ერლაშე, ლუის მარსიალისი
მწვრთნელი: ანტუან რედანი
გაფრთხილება: ზაურ სვანაძე, ლოუარდი ბაჯიკა, ალენ ფიარი
მსაჯები: რ.როსტი; ზ.ბრემი, ჰ.დიუნერი (გფრ)

„დანდალკი" - „ტოტენჰემ ჰოთსფური" 1:1, 0:1; ასკ - „აინტრახტი" 1:0, 0:2; „ლოკომოტივი" - „ველეჟი" 1:1, 1:1 (დდ; პენ 3:0); „დუკლა" - „ბარსელონა" 1:0, 0:4; „ლეგია" - „ლოზანა" 2:1, 1:1; „ვაშაში" - „სტანდარდი" 0:2, 1:2; „პორტუ" - „რომა" 2:0, 0:0

1/4-ფინალი
3 მარტი, 1982. პოლონეთი, ვარშავა, „ვოისკა პოლსკა". 35000
ლეგია" 0:1 „დინამო"
გოლი:
0:1 თენგიზ სულაქველიძე (9)
ლეგია": იაცეკ კაზიმერსკი, ადამ ტოპოლსკი (კაპ), პაველ იანასი, რიშარდ მილევსკი, სტეფან მაევსკი, ედვარდ ზალენჟნი, ჰენრიკ მილოშევიჩი, კშიშტოფ ადამჩიკი, ზბიგნევ კაკეტეკი, ლეშეკ ივანიცკი (ვიტოლდ სიკორსკი 88), მარეკ კუსტო
მწვრთნელი: კაზიმეჟ გურსკი
დინამო": ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე (კაპ), შოთა ხინჩაგაშვილი, დავით მუჯირი, ვიტალი დარასელია, ზაურ სვანაძე (ნუკრი კაკილაშვილი 68), თენგიზ სულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
მსაჯი: ულფ ერიკსონი (შვედეთი)

17 მარტი, 1982. თბილისი, ვ.ი.ლენინის სახ. „დინამოს" სტადიონი. 80000
„დინამო" 1:0 ლეგია"
გოლი:
1:0 რამაზ შენგელია (30)
დინამო": ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე (კაპ), შოთა ხინჩაგაშვილი, დავით მუჯირი, ვიტალი დარასელია, ნუკრი კაკილაშვილი (ზაურ სვანაძე 80), თენგიზ სულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
ლეგია": იაცეკ კაზიმერსკი, ადამ ტოპოლსკი (კაპ), პაველ იანასი, რიშარდ მილევსკი, სტეფან მაევსკი, ედვარდ ზალენჟნი, ჰენრიკ მილოშევიჩი, კშიშტოფ ადამჩიკი, ზბიგნევ კაკეტეკი, ლეშეკ ივანიცკი (მარეკ შანიავსკი 70), მარეკ კუსტო
მწვრთნელი: კაზიმეჟ გურსკი
მსაჯები: ჯორჯ კორტნი; ტ.ფიტცჰარისი, ლ.ბარტელსი (ინგლისი)

„ტოტენჰემ ჰოთსფური" - „აინტრახტი" 2:0, 1:2; „ლოკომოტივი" - „ბარსელონა" 0:3, 2:1; „სტანდარდი" - „პორტუ" 2:0, 2:2

1/2-ფინალი
7 აპრილი, 1982. თბილისი, ვ.ი.ლენინის სახ. „დინამოს" სტადიონი. 88400
„დინამო" 0:1 სტანდარდი"
გოლი:
0:1 ჟოს დაერდენი (41)
დინამო": ოთარ გაბელია, გია თავაძე, თენგიზ სულაქველიძე, ალექსანდრე ჩივაძე (კაპ), ნოდარ ხიზანიშვილი, ვიტალი დარასელია, ნუკრი კაკილაშვილი, გრიგოლ ცაავა, ვლადიმერ გუცაევი (ვაჟა ჟვანია 20, რევაზ ჩელებაძე 85), დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
სტანდარდი": მიშელ პრიუდომი, ერიკ გერეტსი (კაპ), ტონი ვან ენგელბერტი, ტეო პული, ვალტერ მეეუვსი, გი ვანდერსმისენი, სიმონ ტაჰამატა, ჟერარ პლესერი, არი ჰაანი, ჟოს დაერდენი, რენე ბოტერონი
მწვრთნელი: რაიმონ გუტალსი
გაფრთხილება: მიშელ პრიუდომი, თენგიზ სულაქველიძე
მსაჯები: პ.ბრუმმაიერი; ჰ.ჰოლცმანი, ჰ.ლოიდლი (ავსტრია)

21 აპრილი, 1982. ბელგია, ლიეჟი, „შლესინი". 40000
სტანდარდი" 1:0 „დინამო"
გოლი:
1:0 ჟოს დაერდენი (22)
სტანდარდი": მიშელ პრიუდომი, ერიკ გერეტსი (კაპ), ტონი ვან ენგელბერტი, ტეო პული, ვალტერ მეეუვსი, გი ვანდერსმისენი, სიმონ ტაჰამატა, ჟერარ პლესერი, არი ჰაანი, ბენი ვენდტი, ჟოს დაერდენი
მწვრთნელი: რაიმონ გუტალსი
დინამო": ოთარ გაბელია, ალექსანდრე ჩივაძე (კაპ), შოთა ხინჩაგაშვილი, ნოდარ ხიზანიშვილი, დავით მუჯირი, ვიტალი დარასელია, ზაურ სვანაძე (მიხეილ მესხი უმცროსი 46), თენგიზ სულაქველიძე, ნუკრი კაკილაშვილი (გრიგოლ ცაავა 70), დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
გაფრთხილება: რამაზ შენგელია, ნოდარ ხიზანიშვილი, დავით ყიფიანი
მსაჯები: მ.რედელსი; ვ.შტაგლიგი, კ.შიონი (გფრ)

„ტოტენჰემ ჰოთსფური" - „ბარსელონა" 1:1, 0:1

ფინალი
12 მაისი, 1982. ესპანეთი, ბარსელონა, „კამპ ნოუ". 110000
ბარსელონა
2:1 სტანდარდი
გოლები:
0:1 გი ვანდერსმისენი (8), 1:1 ალან სიმონსენი (45), 2:1 კინი (63)
„ბარსელონა": ხავიერ ურუტიკოეჩეა, ხერარდო მირანდა, მიგელ ბლანკეტი (კაპ), ხოსე რამონ ალეხანკო, ხოსე მანუელ მანოლო ტორალი, ხოსე ვისენტე სანჩესი, ხოსეპ მორატალია, ესტებან ვიგო, ალან სიმონსენი, ენრიკე კინი, ხოსე ფრანსისკო კარასკო
მწვრთნელი: უდო ლატეკი (გფრ)
„სტანდარდი": მიშელ პრიუდომი, ერიკ გერეტსი (კაპ), თეო პოელი, ვალტერ მეუვსი, ჟერარ პლესერსი, გი ვანდერსმისენი, ჟოს დაერდენი, არი ჰაანი, რენე ბეტერონი, სიმონ ტაჰამატა, ბენი ვენდტი
მწვრთნელი: რაიმონ გუტალსი
გაფრთხილება: მიგელი, ბენი ვენდტი, ვალტერ მეუვსი, არი ჰაანი, მანოლო, გი ვანდერსმისენი, ვალტერ მეუვსი
გაძევება: ვალტერ მეუვსი (89)
მსაჯი: ვალტერ ეშვაილერი (გფრ)

საუკეთესო ბომბარდირები
რამაზ შენგელია (თბილისის „დინამო"), ედი ვოორდეკერსი („სტანდარდი", ბელგია; ბელგია) - 6 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.