სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1983: „აბერდინი“ (შოტლანდია)

თარიღი: 2016 აპრილი 08


1982-1983 წლების გათამაშებაში გამარჯვებული: „აბერდინი“ (შოტლანდია)

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

აბერდინული რეალობა
„მთავარია ჩემმა ფეხბურთელებმა ყურადღება არ მიაქციონ „რეალის" წარსულს და მოსაგებად განეწყონ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან მჯერა, მოგება ჩვენ უფრო გვწყურია, ვიდრე მოწინააღმდეგეს", - ეს სიტყვები „აბერდინის" მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა ფინალური მატჩის წინ თქვა.

მოვლენათა განვითარებამ აჩვენა, რომ შოტლანდიელებმა ფსიქოლოგიური წინაღობა გადალახეს და 11 წლის შემდეგ თავის ქვეყანას კიდევ ერთი თასების თასი მოუტანეს.

ტურნირმა საკმაოდ ძლიერი მონაწილეები შეკრიბა. ამას მეოთხედფინალისტების ჩამონათვალიც დაადასტურებს: მიუნხენის „ბაიერნი", მილანის „ინტერი", მადრიდის „რეალი", „ბარსელონა" და „პარი სენ-ჟერმენი" სწორედაც რომ ევროპული ფეხბურთის ელიტას ქმნიდნენ, მათ წრეში გამარჯვება კი აბერდინელების ტრიუმფს ათმაგად ფასეულს ხდის.

თასის მფლობელი „ბარსელონა" კვლავ გათამაშების უმთავრეს ფავორიტად ითვლებოდა, მითუმეტეს, რომ იმ სეზონიდან კატალონიელებმა დიეგო მარადონაც დაიმატეს. არგენტინელს თავიდან ცოტა კი გაუჭირდა ახალ კლუბთან შეგუება, თუმცა პირველ ორ ეტაპზე ხუთი ბურთის შეგდება მაინც მოახერხა - სამი კვიპროსის „აპოლონს" გაუტანა, ორიც იუგოსლავიის „ცრვენა ზვეზდას".

1/4-ფინალში ფავორიტებმა მოულოდნელად ვენის „აუსტრიასთან" წააგეს. ვენაში კატალონიელებს მარადონას გარდა კიდევ ოთხი დისკვალიფიცირებული მოთამაშე აკლდათ და მთელი მატჩის განმავლობაში კარში არ დაურტყამთ, თუმცა, მიმომხილველთა აზრით, „ბარსა" მაინც სჯობდა მეტოქეს და ეს, პირველ ყოვლისა, ტექნიკურ და ტაქტიკურ უპირატესობაში გამოიხატებოდა. რთულ სიტუაციაში ვიყავით, ამიტომ შედეგით (0:0) კმაყოფილი ვარო - თქვა ნამატჩევს კატალონიელთა მწვრთნელმა უდო ლატეკმა, მაგრამ შინ დაბრუნებულს ცუდი ამბავი დახვდა - კლუბის ხელმძღვანელობას მისი კონტრაქტი შეეწყვიტა და მწვრთნელად არგენტინელი სესარ ლუის მენოტი დაენიშნა.

„კამპ ნოუზე" 37-ე წუთისთვის შტაინკოგლერის გოლით „აუსტრია" იგებდა, შვიდ წუთში ბერნდ შუსტერის გადაცემით ალეხანკომ გაათანაბრა, თუმცა მასპინძელთა დიდი უპირატესობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა - 1:1 და „აუსტრია" შემდეგ წრეში გავიდა. ასეთი გამოდგა მენოტის „დებიუტი" „ბარსელონაში".

ნახევარფინალში „აუსტრია" მეორე ესპანურ კლუბს, მადრიდის „რეალს" გადაეყარა. მადრიდელთა მწვრთნელმა ალფრედო დი სტეფანომ „ბარსას" შეცდომებს არ გავიმეორებთო და ასეც მოხდა: ვენაში 2:2-ის შემდეგ მადრიდელებმა შინ 3:1 მოიგეს და ფინალში გავიდნენ.

შოტლანდიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ აბერდინის მოსახლეობა 80-იან წლებში გუნდის არნახული აღზევების მომსწრე გახდა. ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი კირ რედნიჯი აბერდინელებს რევოლუციონერებს უწოდებდა. თუ მანამდე გლაზგოს „სელტიკის" და „რეინჯერსის" ჰეგემონია ურყევი იყო, 80-იანი წლების დასაწყისში ასპარეზი „აბერდინმა" და „დანდი იუნაიტედმა" დაიპყრეს. „აბერდინმა" 1980, 1984 და 1985 წლებში ქვეყნის ჩემპიონობა, ხოლო 1982, 1983, 1984 და 1986 წლებში თასი მოიგო.

კლუბის ფეხბურთელები ნაკრებშიც გამოირჩეოდნენ - ვილი მილერმა, ალექს მაკლიშმა და გორდონ სტრაჩანმა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მაღალი შეფასება დაიმსახურეს, კლუბის წარმატება კი მენეჯერ ალექს ფერგიუსონს უკავშირდებოდა - ფერგიუსონმა აბერდინელებს ევროპული კლასის კლუბი ჩამოუყალიბა.

„აბერდინმა" ყველაზე ძნელი გამოცდა მეოთხედფინალში „ჩააბარა", როცა გათამაშებას მიუნხენის „ბაიერნი" გამოთიშა. წინა წლებში შოტლანდიელები ოთხჯერ შეხვდნენ დასავლეთგერმანელებს და ოთხჯერვე დამარცხდნენ. ამჯერად კი იმარჯვეს, თან, ნამდვილი შოტლანდიური ხასიათი გამოავლინეს. მიუნხენში 0:0-ის შემდეგ სქოთები შინ ორჯერ აგებდნენ: მე-10 წუთზე ანგარიში კლაუს აუგენტალერმა გახსნა, 39-ე წუთზე ნილ სიმპსონმა გაათანაბრა, პფლიუგლერმა კვლავ ბავარიელები დააწინაურა, მაგრამ აბერდინელებმა ერთი წუთის განმავლობაში - 76 და 77 (ალექს მაკლიში, ჯონ ჰიუიტი) - ორჯერ გატეხეს სტუმართა დაცვა და გაიმარჯვეს - 3:2!

გიოტებორგულ ფინალამდე „რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ვალენსიასთან" წააგო 0:1 და პირველობა ბილბაოს „ატლეტიკს" დაუთმო. დი სტეფანოს მთავარი საწუხარიც ეს იყო - მწვრთნელი შიშობდა, ამ დამარცხებას მისი ფეხბურთელების საბრძოლო განწყობა არ გაენელებინა. თავად დი სტეფანოს ფეხბურთელობისას ჩემპიონთა თასის შვიდი ფინალი ჰქონდა ნათამაშები, თანაც, პირველ ხუთში გოლი გაჰქონდა. 1980 წელს მან „ვალენსიას" თასთა თასიც მოაგებინა. მისი მოწინააღმდეგე ალექს ფერგიუსონი კი პირველად გასულიყო ევროფინალში და მიიჩნევდა, რომ ეს თამაში „აბერდინის" ევროთასებზე ზედიზედ ექვსი გამოსვლის კულმინაციად უნდა ქცეულიყო.

შოტლანდიიდან გიოტებორგში 12 ათასი ფანი ჩავიდა და კოკისპირული წვიმის მიუხედავად, ტრიბუნიდან ფეხი არ მოუცვლია. ამისთვის „დაჯილდოვდნენ" კიდეც: 112-ე წუთზე შეცვლაზე შესული ჰიუიტის თავურმა „აბერდინს" 2:1 გაამარჯვებინა!

გადამწყვეტი გოლი შოტლანდიურ სტილში გავიდა: პიტერ უეირმა საკუთარ ნახევარზე აართვა ბურთი მადრიდელ ხუანიტოს და მეგოლე მარკ მაკგის გადასცა, ამანაც მარცხენა ფრთაზე რეიდი განახორციელა და საჯარიმოში ჩაჰკიდა. „რეალის" მეკარე აგუსტინ როდრიგესი მხოლოდ თითის წვერებით შეეხო ბურთს, 20 წლის ჰიუიტმა კი თავით ვარდნაში აბერდინელთათვის ისტორიული გოლი შეაგდო - 2:1.

სქოთები მანამდეც სჯობდნენ მოწინააღმდეგეს და რომ არა მადრიდელთა ლეგიონერების ჯონ მეტგოდისა და ული შტილიკეს კარგი თამაში, ალბათ, დამატებითი დროც აღარ გახდებოდა საჭირო: 19 წლის ერიკ ბლექმა უკვე მე-4 წუთზე შეაზანზარა ძელი, ორი წუთში კი სტრაჩანის კუთხურსა და მაკლიშის დარტყმულს ისევ ბლექმა დაამატა და ანგარიში გახსნა - 1:0. მერე ხუანიტომ პენალტით გაათანაბრა და „რეალმაც" მცირეხანს სათამაშო უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ შოტლანდიელებმა მალევე გამოასწორეს მდგომარეობა.

„ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ, მოწინააღმდეგს ვაჯობეთ და ღირსეულად გავიმარჯვეთ", - ამბობდა ნამატჩევს ბედნიერი ფერგიუსონი.

„რეალი" მეორედ დამარცხდა ამ ტურნირის ფინალში, „აბერდინი" კი „გლაზგო რეინჯერსის" შემდეგ მეორე შოტლანდიური გუნდი გახდა, რომელმაც თასების თასი მოიგო.

გაზეთი „სარბიელი" (23 აპრილი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1982-1983
საკვალიფიკაციო წრე
„აბერდინი" (შოტლანდია) -
„სიონი" (შვეიცარია) 7:0, 4:1; „სუონსი სიტი" (სუონსი, უელსი) - „ბრაგა" (პორტუგალია) 3:0, 0:1
1/16 ფინალი
„კოლრეინი" (ჩრდილოეთ ირლანდია) - „ტოტენჰემ ჰოთსფური" (ლონდონი, ინგლისი) 0:3, 0:4; „ტორპედო" (მოსკოვი, სსრკ) - „ბაიერნი" (მიუნხენი, გფრ) 1:1, 0:0; „აბერდინი" - „დინამო" (ტირანა, ალბანეთი) 1:0, 0:0; IBV (ვესტმანაეიარი, ისლანდია) - „ლეხი" (პოზნანი, პოლონეთი) 0:1, 0:3; „სუონსი სიტი" - „სლიემა უონდერერსი" (სლიემა, მალტა) 12:0, 5:0; „ლოკომოტივი" (სოფია, ბულგარეთი) - „პარი სენ-ჟერმენი" (პარიზი, საფრანგეთი) 1:0, 1:5; „დინამო" (დრეზდენი, გდრ) - ბ93 (კოპენჰაგენი, დანია) 3:2, 1:2; „ვატერშაი თორი" (გენკი, ბელგია) - „რედ ბოიზი" (დიფერდანჟი, ლუქსემბურგი) 7:1, 1:0; „გალათასარაი" (სტამბოლი, თურქეთი) - „კუუსუსი" (ლაჰტი, ფინეთი) 2:1, 1:1; „აუსტრია" (ვენა, ავსტრია) - „პანათინაიკოსი" (ათენი, საბერძნეთი) 2:0, 1:2; „ლილესტრიომი" (ნორვეგია) - „ცრვენა ზვეზდა" (ბელგრადი, იუგოსლავია) 0:4, 0:3; „ბარსელონა" (ესპანეთი) - „აპოლონი" (ლიმასოლი, კვიპროსი) 8:0, 1:1; „ლიმერიკი" (ირლანდია) - აზ (ალკმაარი, ჰოლანდია) 1:1, 0:1; „ინტერი" (მილანი, იტალია) - „სლოვანი" (ბრატისლავა, ჩეხოსლოვაკია) 2:0, 1:2; „ბაია მარე" (რუმინეთი) - „რეალი" (მადრიდი, ესპანეთი) 0:0, 2:5; „გიოტებორგი" (შვედეთი) - „უიპეშტ დოჟა" (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 1:1, 1:3
1/8-ფინალი
„ტოტენჰემ ჰოთსფური" - „ბაიერნი" 1:1, 1:4; „აბერდინი" - „ლეხი" 2:0, 1:0; „სუონსი სიტი" - „პარი სენ-ჟერმენი" 0:1, 0:2; ბ93 - „ვატერშაი თორი" 0:2, 1:4; „გალათასარაი" - „აუსტრია" 2:4, 1:0; „ცრვენა ზვეზდა" - „ბარსელონა" 2:4, 1:2; აზ - „ინტერი" 1:0, 0:2; „რეალი" - „უიპეშტ დოჟა" 3:1, 1:0
1/4-ფინალი
„ბაიერნი" - „აბერდინი" 0:0, 2:3; „პარი სენ-ჟერმენი" - „ვატერშაი თორი" 2:0, 0:3 (დდ); „აუსტრია" - „ბარსელონა" 0:0, 1:1; „ინტერი" - „რეალი" 1:1, 1:2
1/2-ფინალი
„აბერდინი" - „ვატერშაი თორი" 5:1, 0:1; „აუსტრია" - „რეალი" 2:2, 1:3

ფინალი
11 მაისი, 1983. შვედეთი, გიოტებორგი, „ულევი". 17804
აბერდინი
2:1 რეალი
გოლები:
1:0 ერიკ ბლექი (7), 1:1 ხუანიტო (14, პენ), 2:1 ჯონ ჰიუიტი (117)
„აბერდინი": ჯიმ ლეიტონი, დაგ როგვი, ალექს მაკლიში, ვილი მილერი (კაპ), ჯონ მაკმასტერი, ნილ კუპერი, გორდონ სტრაჩანი, ნილ სიმპსონი, პიტერ უეირი, ერიკ ბლექი (ჯონ ჰიუიტი 87), მარკ მაკგი
მწვრთნელი: ალექს ფერგიუსონი
„რეალი": აგუსტინ როდრიგესი, ხუან ხოსე, ჯონ მეტგოდი, ფრანსისკო პაკო ბონეტი, ხოსე ანტონიო კამაჩო (ისიდორო სან ხოსე 91), ანხელ დე ლოს სანტოს კანო, რიკარდო გალიეგო, ული შტილიკე, ისიდრო დიას გონსალესი (ხოსე ანტონიო სალგუერო პეპე 103), ხუანიტო (კაპ), კარლოს ალონსო სანტილიანა
მწვრთნელი: ალფრედო დი სტეფანო
გაფრთხილება: რიკარდო გალიეგო
მსაჯი: ჯანფრანკო მენეგალი (იტალია)

საუკეთესო ბომბარდირი
კარლოს ალონსო სანტილიანა („რეალი", ესპანეთი; ესპანეთი) - 8 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.