სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1984: „იუვენტუსი“ (იტალია)

თარიღი: 2016 აპრილი 11


1983-1984 წლების გათამაშებაში გამარჯვებული: „იუვენტუსი“ (იტალია)

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

იუვე პანტიანში
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩემი ფეხბურთელები მხოლოდ თხილამურებზე სრიალებდნენ და ერთადერთი ამხანაგური მატჩი ითამაშეს, ისიც დარბაზში. ამიტომაც, საბოლოო შედეგით უკმაყოფილო ვერ ვიქნები", - თქვა ტურინში მეოთხედფინალური რაუნდის შემდეგ ფინეთის „ჰაკას" მწვრთნელმა ვიკილამ.

სამოყვარულო ფინურმა გუნდმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია „ვარსკვლავურ" „იუვენტუსს" - მარკო ტარდელის გოლი ერთადერთი აღმოჩნდა მატჩში. მაყურებელმა სტვენით გააცილა თავისი გუნდი, მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ კი თავი იმართლა: გულშემატკივრებს გოლების ნახვა სურდათ, მაგრამ ხომ შეამჩნიეთ, თერთმეტივე ფინელი კარში იდგა და რომელ სანახაობაზეა ლაპარაკი, თასების თასზე თამაში არ წაგვიგია, ჩემპიონატშიც ვლიდერობთ, მეტი რაღა უნდათო...

ფინელებთან იტალიელები მართლაც უსახურად გამოიყურებოდნენ, არადა, დიდებული გუნდი კი ჰყავდათ. ალბათ, საუკეთესოც საკლუბო ისტორიაში: მსოფლიოს ხუთი ჩემპიონი - კლაუდიო ჯენტილე, გაეტანო შირეა, ანტონიო კაბრინი, მარკო ტარდელი და პაოლო როსი; გენიალური ფრანგი, იმ წლებში ევროპის ზედიზედ სამჯერ საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული მიშელ პლატინი და პოლონელი ვარსკვლავი ზბიგნევ ბონეკი. აბა, ვინ დაუდგებოდა ამათ?

წინა წელს იტალიელებმა ჩემპიონთა თასის ფინალი წააგეს დასავლეთგერმანის „ჰამბურგთან", 84-ში თასების თასი მოიგეს, ხოლო მომდევნო სეზონის გადამწყვეტ მატჩში, ჩემპიონთა თასის ფინალში „ლივერპულს" სძლიეს და ნანატრი ჯილდოც დაუსაკუთრეს!

თასების თასის ნახევარფინალში „იუვეს" ინგლისის „მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდა. „ოლდ ტრაფორდზე" „ალისფერები" ფაქტობრივად ნახევარდაცვის გარეშე გავიდნენ: დაშავებული შუახაზელები უილკინსი, მიურენი და კაპიტანი ბრაიან რობსონი მათთვის ბევრს ნიშნავდნენ.

ბრიტანელთა აზრით, იტალიელებს მსაჯის მოსყიდვაც უცდიათ. ყოველ შემთხვევაში, ჰოლანდიელი არბიტრი კაიზერი ინგლისელებს არაერთხელ უნახავთ „ბებერ ქალბატონთან" სასტუმროში. მასპინძლებმა ეს ამბავი რომ გაიგეს, უეფაში იჩივლეს, მსაჯი შეცვალეთო, მაგრამ უარი მიიღეს, დამამტკიცებელი საბუთი არ გაქვთ და ეჭვიანობისთვის არბიტრს ვერ გამოვცვლითო.

პაოლო როსიმ მატჩის დასაწყისშივე გახსნა ანგარიში, მერე შეცვლაზე შესულმა დეივისმა გაათანაბრა. ცოტა ხანში „ემიუს" ჩრდილოირლანდიელმა ნორმან უაითსაიდმა მეორეც შეაგდო, მაგრამ... როგორც შემდეგ „თაიმზი" წერდა, არბიტრმა გოლის ნაცვლად ფოლი ჩათვალაო.

ტურინში პლატინიმ გაიბრწყინა - ის ნამდვილი ლიდერი იყო! მე-13 წუთზე სწორედ მისი გონივრული გადაცემის წყალობით შეაგდო ბონეკმა. მატჩის დამთავრებამდე წამებიღა რჩებოდა, ანგარიში 1:1 გახლდათ და თითქოს დამატებით დროსაც აღარაფერი უკლდა, მაგრამ ამ დროს „იუვეს" კაპიტანმა შირეამ გრძელი დრიბლინგი განახორციელა, ბურთი როსის გადასცა და ამანაც გამარჯვებისა გაიტანა.

ფინალში „იუვენტუსი" პორტუგალიის „პორტუს" შეხვდა. საკმაოდ ტექნიკურ და მებრძოლ გუნდს. თბილისელებს ისინი დონეცკის „შახტიორთან" მეოთხედფინალებისას ემახსოვრებათ. განსაკუთრებით პაშეკუ, ირლანდიელი უოლში და ორი შემტევი, ფერნანდუ გომეში და უაღრესად ტექნიკური ვერმელინიო გამოირჩეოდნენ.

თბილისელებს 1984 წლის მაისიც მინდა გავახსენო. 16-ში, დაახლოებით ღამის ათ საათზე ორი მანქანით, თვითნაკეთი ანტენითა და ტელევიზორით თორმეტამდე კაცი პანტიანისკენ წავედით - „იუვე"-„პორტუს" ფინალი უნდა გვენახა.

გახსოვთ პანტიანი, განსაკუთრებული ადგილი გულშემატკივრებისთვის? აბა, მაშინ ტელევიზიით ვინ გიჩვენებდა ასეთ თამაშებს?! იქ კი, პატარა მინდვრის რაღაც მონაკვეთზე, თურქული არხების მიღება შეიძლებოდა და ხალხიც მიდიოდა, თერთმეტი საათისთვის ტევა აღარ იყო-ხოლმე. ზოგი ანტენებით დარბოდა, ზოგი ტელევიზორს ასწორებდა, ზოგიც პურ-მარილით ამოსულიყო და სანახაობას ელოდა. ცხადია, ჩვენება ხარისხიანი არ იყო, მაგრამ ამას ვინ დაეძებდა - ზოგჯერ ისეც მომხდარა, ათამდე ტელევიზორიდან მხოლოდ ერთს დაუჭერია სასურველი არხი და მერე უნდა გენახათ, ორასამდე ადამიანი რომ მიაწყდებოდა იმ ერთ, საწყალ, შიშინა ტელევიზორს და უკეთეს შემთხვევაში საათნახევრით ყველაფერს ივიწყებდა. რა თქმა უნდა, ამ დროს ყველაზე კარგ ადგილზე ტელევიზორის პატრონი იჯდა, დანარჩენები მოხერხების მიხედვით. მაგრამ ნაღდ ქომაგებს ერთი დაუწერელი კანონი აქვთ, სტადიონზე იქნება თუ ტელევიზორთან: რაოდენობის მიუხედავად ყოველთვის შეუძლიათ ისე დასხდნენ, რომ ნაწყენი არავინ დარჩეს. რეპორტაჟის დამთავრების შემდეგ იწყებოდა თამაშის გარჩევა, კამათი და ასე, თითქმის დილამდე. შინ გამთენიისას ვბრუნდებოდით...

იმ ღამით გაგვიმართლა - ჩვენმა ტელევიზორმა სიგნალი კარგად დაიჭრა და ფინალიც დაიწყო. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. პირველი სწრაფი კონტრშეტევის ნაყოფი გახლდათ: პორტუგალიელთა შეტევას, რომელიც კინაღამ გომეშის გოლით დასრულდა, უჩვეულო, ყვითელ-ლურჯ ფორმაში გამოწყობილი „იუვეს" კონტრდარტყმა მოჰყვა - პლატინიმ შესანიშნავად გადასცა ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან მყოფ ვინიოლას და ამანაც მეკარე ზე ბენტუს შანსი არ დაუტოვა - 1:0.

გოლმა იტალიელები გაათამამა და იერიშებსაც უმატეს, მაგრამ მალე სოუზას დაახლოებით 20 მეტრიდან დარტყმული ბურთი „იუვეს" კარის ბადეში აღმოჩნდა - 1:1 ახლა პორტუგალიელებმა შეუტიეს, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა გოლი საკუთარ კარში მიიღეს, ვინიოლამ ბონეკი მეკარესტან პირისპირ გაიყვანა და... 2:1!

ასეთი იყო „იუვე" პანტიანში.

ტურინული გუნდის ტრიუმფი გაგრძელდა - ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე ისინი სერია ა-ს ჩემპიონები გახდნენ!

ჯოვანი ტრაპატონი თავდაჯერებული იყო: „პირველ ნახევარში შესანიშნავად ვითამაშეთ, მეორეში ცოტა უარესად, მაგრამ საბოლოო ჯამში მეტოქეს ვაჯობეთ. შარშან ათენში „ჰამბურგთან" ჩემპიონთა თასის ფინალი წავაგეთ. მიხარია, რომ იმ მატჩიდან სწორი დასკვნები გავაკეთეთ და შეცდომა აღარ გავიმეორეთ".

„პორტუ" ფინალში მეორე მწვრთნელმა მორაეშმა გაიყვანა. პირველი - ჟოზე მარია პედროტო ავად იყო და სამი თვის განმავლობაში შინ იწვა. მორაეში ამბობდა, ბონეკის გოლი არ უნდა ჩაეთვალათ, მცველ პერეირას ხელი ჰკრაო, ამას არც პერეირა უარყოფდა, მაგრამ მიმომხილველთა უმეტესობამ პირიქით მიიჩნია - იმ ეპიზოდში თამაშის წესს პორტუგალიელი არღვევდაო.

„იუვენტუსისთვის" ეს მეორე ევროთასი იყო. მანამდე, 1977 წელს, ტურინელებმა უეფას თასი მოიპოვეს.

გაზეთი „სარბიელი" (24 აპრილი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1983-1984
საკვალიფიკაციო წრე
„სუონსი სიტი" (სუონსი, უელსი) - „მაგდებურგი" (გდრ) 1:1, 0:1
1/16 ფინალი
„ნაიმეგენი" (ჰოლანდია) - „ბრანი" (ბერგენი, ნორვეგია) 1:1, 1:0; „მაგდებურგი" - „ბარსელონა" (ესპანეთი) 1:5, 0:2; „მერსინი" (თურქეთი) - „სპარტაკი" (ვარნა, ბულგარეთი) 0:0, 0:1; „მანჩესტერ იუნაიტედი" (მანჩესტერი, ინგლისი) - „დუკლა" (პრაღა, ჩეხოსლოვაკია) 1:1, 2:2; „ჰამარბი" (სტოკჰოლმი, შვედეთი) - „17 ნიენტორი" (ტირანა, ალბანეთი) 4:0, 1:2; „სლიგო როვერსი" (სლიგო, ირლანდია) - „ჰაკა" (ვალკეაკოსკი, ფინეთი) 0:1, 0:3; „გლენტორანი" (ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია) - „პარი სენ-ჟერმენი" (პარიზი, საფრანგეთი) 1:2, 1:2; „იუვენტუსი" (ტურინი, იტალია) - „ლეხია" (გდანსკი, პოლონეთი) 7:0, 3:2; „ვალეტა" (ლა ვალეტა, მალტა) - „გლაზგო რეინჯერსი" (გლაზგო, შოტლანდია) 0:8, 0:10; „დინამო" (ზაგრები, იუგოსლავია) - „პორტუ" (პორტუგალია) 2:1, 0:1; ბ1901 (ფალსტერი, დანია) - „შახტიორი" (დონეცკი, სსრკ) 1:5, 2:4; „სერვეტი" (ჟენევა, შვეიცარია) - „ავენირი" (ბეგენი, ლუქსემბურგი) 4:0, 5:1; აეკ (ათენი, საბერძნეთი) - „უიპეშტი" (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 2:0, 1:4; „ვაკერი" (ინსბრუკი, ავსტრია) - „კიოლნი" (გფრ) 1:0, 1:7; „ენოსის ნეონი" (პარალიმნი, კვიპროსი) - „ბევერენი" (ბელგია) 2:4, 1:3; ია (აკრანესი, ისლანდია) - „აბერდინი" (შოტლანდია) 1:2, 1:1
1/8-ფინალი
„ნაიმეგენი" - „ბარსელონა" 2:3, 0:2; „სპარტაკი" - „მანჩესტერ იუნაიტედი" 1:2, 1:2; „ჰამარბი" - „ჰაკა" 1:1, 1:2 (დდ); „პარი სენ-ჟერმენი" - „იუვენტუსი" 2:2, 0:0; „გლაზგო რეინჯერსი" - „პორტუ" 2:1, 0:1; „შახტიორი" - „სერვეტი" 1:0, 2:1; „უიპეშტი" - „კიოლნი" 3:1, 2:4; „ბევერენი" - „აბერდინი" 0:0, 1:4
1/4-ფინალი
„ბარსელონა" - „მანჩესტერ იუნაიტედი" 2:0, 0:3; „ჰაკა" - „იუვენტუსი" 0:1, 0:1; „პორტუ" - „შახტიორი" 3:2, 1:1; „უიპეშტი" - „აბერდინი" 2:0, 0:3 (დდ)
1/2-ფინალი
„მანჩესტერ იუნაიტედი" - „იუვენტუსი" 1:1, 1:2; „პორტუ" - „აბერდინი" 1:0, 1:0

ფინალი
16 მაისი, 1984. შვეიცარია, ბაზელი, „სენტ იაკობი". 60000
იუვენტუსი
2:1 პორტუ
გოლები:
1:0 ბენიამინო ვინოლა (12), 1:1 ანტონიო სოუზა (29), 2:1 ზბიგნევ ბონეკი (41)
„იუვენტუსი": სტეფანო ტაკონი, კლაუდიო ჯენტილე, სერჯიო ბრიო, გაეტანო შირეა (კაპ), ანტონიო კაბრინი, მარკო ტარდელი, მასიმო ბონინი, ბენიამინო ვინოლა (ნიკოლა კარიკოლა 89), მიშელ პლატინი, ზბიგნევ ბონეკი, პაოლო როსი
მწვრთნელი: ჯოვანი ტრაპატონი
„პორტუ": ზე ბეტუ, ჟოაო პინტუ, ანტონიო ლიმა პერეირა, ეურიკო გომეში, ედუარდო ლუიში (ჟოზე ალბერტუ კოშტა 82), ჟაიმე პაშეკუ, ანტონიო სოუზა, ანტონიო ფრაშკუ, ჟაიმე მაგალაიეში (მაიკ უოლში 64), ვერმელინიო, ფერნანდუ გომეში (კაპ)
მწვრთნელი: ანტონიო მორაიში
გაფრთხილება: ედუარდო ლუიში, ანტონიო ლიმა პერეირა, მიშელ პლატინი
მსაჯი: ადოლფ პროკოპი (გდრ)

საუკეთესო ბომბარდირები
ვიქტორ გრაჩოვი და სერგეი მოროზოვი („შახტიორი", სსრკ; სსრკ) და მარკ მაკგი („აბერდინი", შოტლანდია; შოტლანდია) - 5-5 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.