სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1985: „ევერტონი“ (ინგლისი)

თარიღი: 2016 აპრილი 11


1985 წლის 15 მაისი, ფინალი: „რაპიდი“ 1:3 „ევერტონი“

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

როგორ დაიჭირა ევერტონმა ორი კურდღელი
1985 წლის მაისში „ევერტონს" დაძაბული გრაფიკი ჰქონდა. გუნდს, როგორც იტყვიან, „სამი კურდღლის" დაჭერა უხდებოდა: თვის დასაწყისში, პირველობის დამთავრებამდე ხუთი ტურით ადრე, ლივერპულელებმა ინგლისის ჩემპიონობა მოიპოვეს (მეორე წრეში თამაში არ წაუგიათ), 15 მაისს, როტერდამში, თასების თასის ფინალი ელოდათ ვენის „რაპიდთან", ხოლო 19-ში ინგლისის თასის გადამწყვეტი მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედთან".

ერთ სეზონში სამი პრიზი ვერცერთ ბრიტანულ კლუბს მოეგო და ინგლისელები ისტორიული შედეგის მოლოდინში იყვნენ. თუმცა, იმასაც ამბობდნენ, „სამი კურდღლის" დევნა „ევერტონს" გამოფიტავსო. მართლაც, სამი დღის ინტერვალით ორი გადამწყვეტი მატჩი ხუმრობა არ იყო, მაგრამ ინგლისის თასის ფინალის გადატანაზე საუბარიც არ ყოფილა - ამ ტურნირის ისტორიაში ხომ ფინალის თარიღი არასოდეს შეუცვლიათ!

როცა როტერდამში ჩასულ „ევერტონის" მენეჯერს ჰოვარდ კენდალს ჰკითხეს, გუნდი ხომ არ გადაგეღალათო, მწვრთნელმა უპასუხა: წლეულს იმდენი დაძაბული მატჩი ჩავატარეთ, ფეხბურთელები უკვე მიეჩვივნენ, ამიტომ „რაპიდთან" სრულ მზადყოფნაში ვიქნებითო.

„ევერტონს" მაშინ მართლაც მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავდა. გააზრებულთან ერთად ისინი ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ. როტერდამში კენდალმა მხოლოდ 16 მოთამაშე ჩაიყვანა - თექვსმეტივე ნარჩევი! მთავარ ძალას ნახევარმცველები რეიდი, ბრეისუელი, სტივენი და შიდი წარმოადგენდნენ. საინტერესოა ისიც, რომ მიუნხენის „ბაიერნთან" მეორე ნახევარფინალამდე ინგლისელებს ტურნირში გოლიც არ გაეშვათ. ამაში დიდი წვლილი უელსელ მეკარე ნევილ საუთჰოლს მიუძღოდა, რომელსაც 1995 წლის ნოემბერში, თბილისში, საქართველო-უელსის ოფიციალურ მატჩში ქართველებმა ხუთი ბურთი გაუტანეს...

მიუნხენში ნათამაშები 0:0-ის შემდეგ „ევერტონს" უკეთესი შანსი მიეცა, მაგრამ საპასუხო მატჩის 37-ე წუთზე მიუნხენელი დიტერ ჰიონესის გოლმა სტადიონზე მისული 50 ათასი მაყურებელი დაადუმა. ასე გაგრძელდა მეორე ნახევრის დასაწყისამდე: 48-ე წუთზე შარპმა ანგარიში გაათანაბრა, მერე გრეიმ და სტივენმა კიდევ ორი შეაგდეს და სტადიონიც სიხარულისგან კარგა ხანს ამღერეს.

„რაპიდმა", რომელსაც იუგოსლავიელი მწვრთნელი ოტო ბარიჩი და ორი ვარსკვლავი - ჰანს კრანკლი და ჩეხი ანტონინ პანენკა ჰყავდა, მერვედფინალში დიდი სკანდალითა და საჩივრებით დაძლია შოტლანდიის „სელტიკის" წინააღმდეგობა.

პირველ მატჩში, ვენაში, ავსტრიელებმა 3:1 მოიგეს, საპასუხოში, დამთავრებამდე ათი წუთით ადრე „სელტიკი" 3:0 იგებდა, თანაც „რაპიდი" კაცნაკლული თამაშობდა - უხეშობისთვის მცველი კინასტი გააძევეს. ამ დროს მინდორზე რაპიდელი ვაინჰოფერი დაეცა და თამაშიც 14 წუთით შეწყდა...

ავსტრიელები ამტკიცებდნენ, რომ ვაინჰოფერს ტრიბუნიდან ნასროლი ბოთლი მოხვდა და დაიჭრა. მასპინძლები არ ეთანხმებოდნენ. შვედმა არბიტრმა იოჰანსენმა მაინც ჩაამთავრა შეხვედრა.

ავსტრიელებმა უეფაში პროტესტი შეიტანეს. შოტლანდიელებმა ვიდეოფირი წარადგინეს, სადაც ჩანდა, რომ ბოთლი მართლაც ისროლეს ტრიბუნიდან, მაგრამ ის მოთამაშის გვერდით დაეცა. ამის პასუხად „რაპიდის" ხელმძღვანელობამ ვაინჰოფერის ტრავმის ოფიციალური მტკიცება წარადგინა და მიუთითა, რომ შესაძლოა ბოთლი არა, მაგრამ რაღაც ნივთით მათი მოთამაშე მართლაც დაშავდა.

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა თავიდან ანგარიში ძალაში დატოვა, „სელტიკი" მაყურებელთა არასპორტული საქციელისთვის 12 ათასი შვეიცარიული ფრანკით დააჯარიმა, ხოლო „რაპიდი" მოთამაშეთა და ოფიციალურ პირთა ცუდი ქცევისთვის - 15 ათასით. გაძევებულ კინასტს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

ავსტრიელებმა ეს გადაწყვეტილებაც გააპროტესტეს და პირველად უეფას ისტორიაში, სადისციპლინო კომიტეტის დოკუმენტი სააპელაციო კომიტეტმა გააუქმა! განმეორებითი გარჩევისას „სელტიკი" გაამტყუნეს და გადათამაშება დანიშნეს, რომელიც გლაზგოდან 150 კილომეტრზე ახლოს არ უნდა ჩატარებულიყო.

თამაში მანჩესტერში გაიმართა. 50 ათასი სქოთი ფანი იქაც გამომწვევად იქცეოდა, მატჩის შემდეგ ერთი მათგანი მეკარე ფიორერზე თავდასხმას აპირებდა, მეორემ კი გასახდელისკენ მიმავალ პაკულტს გვარიანი მუშტიც უთავაზა. პაკულტის მიმართ შოტლანდიელების აგრესია გასაგები იყო - მის მიერ მე-18 წუთზე გატანილმა ბურთმა „რაპიდს" 1:0 მოაგებინა და შემდეგ წრეში გაიყვანა...

ფინალის წინ, კითხვაზე, მიუჩენთ თუ არა ჰანს კრანკლს პერსონალურ მეურვესო, ჰოვარდ კენდალმა უპასუხა, თუ ასეთ დავალებას ვინმეს მივცემ, მაშინ პერსონალურად პანენკას ავიყვანთ, რადგან მან ტურნირში ყველაზე მეტი, ხუთი ბურთი გაიტანა, თანაც, ძალიან სახიფათო გადაცემების ოსტატიაო. მაგრამ პანენკა მინდორზე მხოლოდ მეორე ტაიმში გამოჩნდა, როცა ინგლისელები უკვე იგებდნენ.

პირველ ნახევარში „რაპიდმა" ფორმალურად მიაღწია მიზანს - ბურთი არ გაუშვა, თუმცა არც გაუტანია. ტაიმის მიწურულს გრეიმ ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაახვია, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

85-ე წუთისთვის „ევერტონი" 2:0-ს იგებდა. ამ დროს კრანკლმა ერთი გოლი გაქვითა. ავსტრიელებს მატჩის გადარჩენის იმედი მიეცათ, მაგრამ ეს ეიფორია მხოლოდ ერთ წუთს გაგრძელდა - 86-ზე შიდიმ მესამედ გაუტანა მეკარე კონსელს და ყოველგვარი ეჭვი გაფანტა - 3:1.

„დღეს სეზონის საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ", - თქვა შემდეგ კენდალმა. შოტლანდიელმა ენდი გრეიმ კი დაამატა, ასე მგონია, ამ საღამოს ევროპის ნებისმიერი გუნდის დაჩოქება შეგვეძლო, „რაპიდს" ჩვენთან შანსი არ ჰქონდაო. ინგლისელთა უპირატესობა ოტო ბარიჩმაც აღიარა, თავის გუნდში კი კრანკლის თამაშით დარჩა კმაყოფილი.

ანგარიში ლოგიკური იყო, თუმცა პირველ ტაიმში „რაპიდის" მცველები ვებერი და ბრაუნედერი ჩინებულად თამაშობდნენ „მეორე სართულზე" და გრეის და შარპს გასაქანს არ აძლევდნენ. ერთი ეგ იყო, ფეხმტკივანი პანენკას არყოფნამ ავსტრიელთა შუა ხაზი მოშალა, მერე კი, როცა ჩეხოსლოვაკიელი გამოიყვანეს, უკვე გვიანი იყო. „ევერტონის" ნახევარმცველთა ოთხეულმაც მალე დაალაგა თამაში და გრეი-შარპმაც გაილაღა...

როტერდამული შეხვედრის დამთავრებისთანავე გამარჯვებულები შინ დაბრუნდნენ - სამ დღეში ხომ ინგლისის თასის ფინალი ელოდათ „მანჩესტერ იუნაიტედთან".

იმ მატჩს „უემბლიზე" 120 წუთი დასჭირდა და 111-ზე ნორმან უაითსაიდის გოლით „მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიგო. არადა, „ევერტონს" რიცხვობრივი უპირატესობა ჰქონდა - უხეში თამაშისთვის მორანი გააძევეს. საინტერესოა, რომ ეს ფინალების 104-წლიან ისტორიაში პირველი გაძევება გამოდგა...

„სამივე კურდღელს" „ევერტონი" მაინც ვერ შეწვდა, თუმცა ინგლისის ჩემპიონობა და თასების თასი მაინც ჩინებული შედეგი იყო.

იმავე 1985 წელს „ევერტონის" თანაქალაქელი „ლივერპული" ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა და როტერდამული დუელიდან ორ კვირაში, ბრიუსელის „ეიზელზე" „იუვენტუსთან" 0:1 დამარცხდა. მაგრამ მთავარი ეს არ გახლდათ: იმ დღეს ტრიბუნებზე საშინელი ტრაგედია დატრიალდა - 40-მდე ადამიანი დაიღუპა და ინგლისური კლუბებიც უეფამ მთელი ხუთი წლით მოკვეთა ევროთასებიდან...

გაზეთი „სარბიელი" (28 აპრილი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1984-1985
1/16 ფინალი
„ბაიერნი" (მიუნხენი, გფრ) -
„მოსი" (ნორვეგია) 4:1, 2:1; „ბოტევი" (პლოვდივი, ბულგარეთი) - „უნიონი" (ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი) 4:0, 1:1; „რომა" (რომი, იტალია) - „სტიაუა" (ბუქარესტი, რუმინეთი) 1:0, 0:0; „რექსჰემი" (უელსი) - „პორტუ" (პორტუგალია) 1:0, 3:4; „ინტერნაციონალ სლოვნაფტი" (ბრატისლავა, ჩეხოსლოვაკია) - „კუუსუსი" (ლაჰტი, ფინეთი) 2:1, 0:0; „უნივერსითი ქოლეჯი" (დუბლინი, ირლანდია) - „ევერტონი" (ლივერპული, ინგლისი) 0:0, 0:1; ბკ (კოპენჰაგენი, დანია) - „ფორტუნა" (სიტარდი, ჰოლანდია) 0:0, 0:3; „ვისლა" (კრაკოვი, პოლონეთი) - იბვ (ვესტმანაეიარი, ისლანდია) 4:2, 3:1; „მალმიო" (შვედეთი) - „დინამო" (დრეზდენი, გდრ) 2:0, 1:4; „მეცი" (საფრანგეთი) - „ბარსელონა" (ესპანეთი) 2:4, 4:1; „რაპიდი" (ვენა, ავსტრია) - „ბეშიქთაში" (სტამბოლი, თურქეთი) 4:1, 1:1; „გენტი" (ბელგია) - „სელტიკი" (გლაზგო, შოტლანდია) 1:0, 0:3; „შიოფოკი" (ბანიაში, უნგრეთი) - „ლარისა" (საბერძნეთი) 1:1, 0:2; „აპოელი" (ნიქოზია, კვიპროსი) - „სერვეტი" (ჟენევა, შვეიცარია) 0:3, 1:3; „დინამო" (მოსკოვი, სსრკ) - „ჰაიდუკი" (სპლიტი, იუგოსლავია) 1:0, 5:2; „ბელიმენა იუნაიტედი" (ბელიმენა, ირლანდია) - „ჰამრუნ სპარტანსი" (ჰამრუნი, მალტა) 0:1, 1:2
1/8-ფინალი
„ბაიერნი" -
„ბოტევი" 4:1, 0:2; „რომა" - „რექსჰემი" 2:0, 1:0; „ინტერნაციონალ სლოვნაფტი" - „ევერტონი" 0:1, 0:3; „ფორტუნა" - „მეცი" 2:0, 1:2; „დინამო" (დ) - „მეცი" 3:1, 0:0; „რაპიდი" - „სელტიკი" 3:1, 1:0; „ლარისა" - „სერვეტი" 2:1, 1:0; „დინამო" (მ) - „ჰამრუნ სპარტანსი" 5:0, 1:0
1/4-ფინალი
„ბაიერნი" - „რომა" 2:0, 2:1; „ევერტონი" - „ფორტუნა" 3:0, 2:0; „დინამო" (დ) - „რაპიდი" 3:0, 0:5; „ლარისა" - „დინამო" (მ) 0:0, 0:1
1/2-ფინალი
„ბაიერნი" - „ევერტონი" 0:0, 1:3; „რაპიდი" - „დინამო" (მ) 3:1, 1:1

ფინალი
15 მაისი, 1985. ჰოლანდია, როტერდამი, „ფეიენოორდი". 38500
ევერტონი 3
:1 რაპიდი
გოლები:
1:0 ენდი გრეი (58), 2:0 ტრევორ სტივენი (73), 2:1 ჰანს კრანკლი (85), 3:1 კევინ შიდი (86)
„ევერტონი": ნევილ საუთჰოლი, გარი სტივენსი, კევინ რეტკლიფი (კაპ), დერეკ მაუნტფილდი, პატ ვან დენ ჰაუვი, ტრევორ სტივენი, პიტერ რიდი, პოლ ბრეისუელი, კევინ შიდი, გრემ შარპი, ენდი გრეი
მწვრთნელი: ჰოვარდ კენდალი
„რაპიდი": მიხაელ კონსელი, ლეო ლაინერი, კურტ გარგერი, კარლ ბრაუნედერი, ჰერიბერტ ვებერი, რაინჰარდ კინასტი, ზლატკო კრანჩარი, პეტერ ჰრსტიჩი, ჰანს კრანკლი (კაპ), რუდი ვაინჰოფერი (ანტონინ პანენკა 67), პეტერ პაკულტი (იოჰან გროსი 60)
მწვრთნელი: ოტო ბარიჩი (იუგოსლავია)
გაფრთხილება: ჰერიბერტ ვებერი, გარი სტივენსი
მსაჯი: პაოლო კაზარინი (იტალია)

საუკეთესო ბომბარდირები
ენდი გრეი („ევერტონი", ინგლისი; შოტლანდია), ანტონინ პანენკა („რაპიდი", ავსტრია; ჩეხოსლოვაკია), ვალერი გაზაევი („დინამო", სსრკ; სსრკ) - 5-5 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.