სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1986: „დინამო“ (კიევი, სსრკ)

თარიღი: 2016 აპრილი 12


1986-1987 წლების გათამაშებაში გამარჯვებული: „დინამო“ (კიევი, სსრკ)

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

გაზაფხულის მეორე გაელვება კიევში
ვალერი ლობანოვსკიმ 11 წლის შემდეგ ისევ მოახერხა უსწრაფესი გუნდის შექმნა და მეორედ გააკვირვა ევროპა. კიევის „დინამო" ისე მივიდა ტრიუმფამდე, შინ სამ ბურთზე ნაკლები არ გაუტანია და საერთო ჯამში 26 გოლი დაუგროვდა, რაც ტურნირის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

1975 წლის შემდეგ, როცა „დინამომ" პირველად მოიგო თასების თასი, ბევრი რამ შეიცვალა. უკრაინული კლუბი საბჭოთა საკლუბო ფეხბურთის უპირობო ლიდერი გახდა. 1986 წლის ჩათვლით, 11 წლის განმავლობაში, უკრაინელებმა ხუთჯერ მოიპოვეს საკავშირო ჩემპიონობა - 1977, 1980, 1981, 1985, 1986 წლებში და სამჯერ თასი - 1977, 1982, 1985 წლებში.

ლობანოვსკის ოლეგ ბაზილევიჩის ნაცვლად უკვე ანატოლი პუზაჩი და ყოფილი კაპიტანი ვიქტორ კოლოტოვი ეხმარებოდნენ, მაშინდელი გუნდიდან კი ერთადერთი, უბერებელი ოლეგ ბლოხინი შემორჩენილიყო. დანარჩენების უმრავლესობამ კი სწორედ 1986 წლისთვის მიაღწია კარიერის პიკს.

როგორც ყოველთვის, კიეველთა მთავარ დასაყრდენს კვლავ ნახევარდაცვა წარმოადგენდა: ნიჭიერი ვლადიმერ ბესსონოვი, ტექნიკური ალექსანდრ ზავაროვი, პაველ იაკოვენკო, კარპატელები ვასილი რაცი და ივან იარემჩუკი. ამათ დამატებული ორი სწრაფი შემტევი: ოდესის „ჩერნომორეციდან" გადაყვანილი იგორ ბელანოვი და საკავშირო ჩემპიონატებში 200 ბურთის გამტანი ოლეგ ბლოხინი. კიდევ, ცხენივით დაუღალავი კაპიტანი ანატოლი დემიანენკო. აი, „ლობანოვსკის მანქანის დაზეთილი და დარეგულირებული ძირითადი ნაწილები".

მადრიდის „ატლეტიკოსთან" ლიონური ფინალიდან ერთი თვის შემდეგ, მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 12 კიევის დინამოელი გაემგზავრა და იქაც დიდი ამბები დაატრიალა, მაგრამ ფეხბურთელებს ძალა ბოლომდე აღარ გაჰყვათ და მერვედფინალში ბელგიასთან დამარცხდნენ. რაც შეეხება იგორ ბელანოვს, 1986-ში ის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს!

მეოთხედფინალის ვენურ რაუნდში, „ჰანაპიზე", დინამოელები 74-ე წუთისთვის 4:0-ს უგებდნენ წინა გათამაშების ფინალისტს „რაპიდს". ავსტრიელმა ვილფურტმა მხოლოდ დამთავრებამდე შვიდი წუთით ადრე გაიტანა პრესტიჟის ბურთი. კიევში ანგარიში კიდევ უფრო დიდი იყო - 5:1!

ავსტრიელი ჟურნალისტის თქმით, „რაპიდის" მწვრთნელი მარკოვიჩი ნირწამხდარი სულაც არ ჩანდა, ის ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ ორი ამდენით არ წააგო: „ვენაშივე ვიცოდით, რომ თასის მომავალ მფლობელს ვეთამაშებოდით. „დინამოს" საუკეთესო მოთამაშე - გუნდია. ჩვენ მათ ვერაფერი დავუპირისპირეთ".

მეოთხედფინალიშვე მოხდა ტურნირის მთავარი სენსაცია და მისი ავტორები გერმანელები იყვნენ - უერდინგენის „ბაიერისა" და დრეზდენის „დინამოს" საპასუხო შეხვედრაში ათი გოლი გავიდა! პირველი „რაუნდი" აღმოსავლეთგერმანელებმა 2:0 მოიგეს. უერდინგენელთა მწვრთნელი ფელდკამპი იმედს არ კარგავდა - ახლა სამი უნდა შევაგდოთ და არ გავუშვათო. პირველი ნახევრის შემდეგ დრეზდენელები 3:1-ს იგებდნენ, საერთო ანგარიში კი 5:1 იყო მათ სასარგებლოდ, მაგრამ მეორე ტაიმში „ბაიერმა" ნამდვილი სასწაული მოახდინა, ექვსჯერ დააწყებინა სტუმრებს ცენტრიდან თამაში და საბოლოოდ 7:3 მოიგო!

ნამატჩევს ვერავინ მიმხვდარიყო რა მოხდა, ფელდკამპი გაურკვევლად ლაპარაკობდა, წარმოუდგენელია, მოვიგეთ თამაში, რომელიც პირწმინდად წაგებული გვქონდაო - ესღა თქვა.

ნახევარფინალის პირველ მატჩში „ბაიერი" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა მადრიდში „ატლეტიკოსთან". „ფრედ რომ, გვეთამაშა, ფინალში გასვლის ასპროცენტიან გარანტიას მოგცემდით, ახლა კი დიდი ბრძოლა მოგვიწევს", - აღნიშნა ფელდკამპმა. ესპანელების მწვრთნელი ლუის არაგონესი იმედს არ იწურავდა: „ჩვენთვის მთავარია თასების თასის მოგება, ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ საერთო გამარჯვებისთვის. თანაც, სტუმრადაც იმდენივეს გატანა შეგვიძლია, რამდენიც შინ შევაგდეთ". არაგონესის ეს სიტყვები ნაწილობრივ გამართლდა - „ატლეტიკომ" სტუმრად მეტი გაიტანა - 3:2 მოიგო და ფინალში გავიდა.

საინტერესოა, რომ 1986 წელს ესპანური გუნდები სამივე ევროთასის ფინალში მოხვდნენ. „ატლეტიკოს" გარდა, „ბარსელონა" ჩემპიონთა თასის გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა, მადრიდის „რეალი" კი უეფას თასისა. პრიზის მოპოვება მხოლოდ „რეალმა" შეძლო: სამეფო კლუბმა ორი თამაშის ჯამში დასავლეთგერმანიის „კიოლნი" დაამარცხა - 5:1, 0:2.

„ატლეტიკოს" პრეზიდენტი ვისენტე კალდერონი უკმაყოფილო იყო შინაურ ჩემპიონატში დაკავებული მეხუთე ადგილით და მთელ იმედებს თასების თასზე ამყარებდა. ლუის არაგონესს კი მიაჩნდა, რომ მეტოქესთან შედარებით მის გუნდს იმპროვიზაციაში და კონტრშეტევებში ექნებოდა უპირატესობა, კიეველებს კი ფიზიკურ მომზადებასა და სათამაშო ორგანიზაციაში.

არაგონესი „ატლეტიკოს" 4-4-2 ტაქტიკური სქემით ათამაშებდა. მთავარ ძალას თავისუფალი მცველი არტეკე, მარჯვენა დამცველი ტომასი („ატლეტიკოს" ერთადერთი ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებში), ნახევარცველი კიკე რამოსი და გუნდის „ტვინი" კიკე სეტიენი წარმოადგენდნენ. არაგონესს აგრეთვე ურუგვაელი და სილვას, ნატურალიზებული არგენტინელის კაბრესასა და მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონის, არგენტინელი მეკარის უბალდო ფილოლის იმედი ჰქონდა.

იმედი იმედად, მაგრამ ფინალში ესპანელებმა ვერაფერი მოუხერხეს ლობანოვსკის „მანქანას".

დასაწყისშივე რაცის ჩაწოდებას ზავაროვის თავური და გოლი მოჰყვა. თითქოს მადრიდელები შეტევაზე უნდა გადასულიყვნენ, მაგრამ კიეველებმა იმდენად შეუზღუდეს სივრცე, რომ ჩანოვის კართან ერთი-ორჯერ თუ გამოჩნდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე ბლოხინმა და რაცმა კარგა ხანს სდიეს მინდორზე გაშვებულ მამალს, ესპანელებმა კი შეტევებს უმატეს, მაგრამ ჩანოვი შეუვალი იყო. 84-ზე დინამოელთა მრავალსვლიანი კომბინაცია ბლოხინის მეკარესთან პირისპირ გასვლით და მეორე გოლით დამთავრდა! სხვათა შორის, 33 წლის ბლოხინის მინდორზე გასვლა ბოლო მომენტში გადაწყდა - ტრავმირებული იყო, მაგრამ ლობანოვსკის გადაუწყვეტია, ბლოხინის თამაში პარტნიორებზეც დადებითად იმოქმედებსო და ექიმებს მეგოლე ფეხზე დაუყენებიათ.

ევტუშენკოს მესამე გოლმა საბოლოო წერტილი დაუსვა მადრიდელების განადგურებას - 3:0. ყველამ აღიარა, რომ იმ საღამოს ლიონში კიეველები ერთი თავით მაღლა იდგნენ „ატლეტიკოზე".

გაზეთი „სარბიელი" (29 აპრილი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1985-1986
1/16 ფინალი
„რაპიდი" (ვენა, ავსტრია) -
„ტატაბანია" (ბანიაში, უნგრეთი) 5:0, 1:1; „ფრამი" (რეიკიავიკი, ისლანდია) - „გლენტორანი" (ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია) 3:1, 0:1; „მონაკო" (საფრანგეთი) - „უნივერსიტატეა" (კრაიოვა, რუმინეთი) 2:0, 0:3; „უტრეხტი" (ჰოლანდია) - „დინამო" (კიევი, სსრკ) 2:1, 1:4; აელ (ლიმასოლი, კვიპროსი) - „დუკლა" (პრაღა, ჩეხოსლოვაკია) 2:2, 0:4; აიკ (სტოკჰოლმი, შვედეთი) - „რედ ბოიზი" (დიფერდანჟი, ლუქსემბურგი) 8:0, 5:0; „ლარისა" (საბერძნეთი) - „სამპდორია" (გენუა, იტალია) 1:1, 0:1; „ლუნგბიუ" (დანია) - „გელვეი იუნაიტედი" (გელვეი, ირლანდია) 1:0, 3:2; „ცრვენა ზვეზდა" (ბელგრადი, იუგოსლავია) - „აარაუ" (შვეიცარია) 2:0, 2:2; „ფრედრიკსტადი" (ნორვეგია) - „ბანგორ სიტი" (ბანგორი, უელსი) 1:1, 0:0; „ატლეტიკო" (მადრიდი, ესპანეთი) - „სელტიკი" (გლაზგო, შოტლანდია) 1:1, 2:1; ჰიკ (ჰელსინკი, ფინეთი) - „ფლამურტარი" (ვლორე, ალბანეთი) 3:2, 2:1; „სერკლ ბრიუგე" (ბრიუგე, ბელგია) - „დინამო" (დრეზდენი, გდრ) 3:2, 1:2; „ზურიექი" (მალტა) - „ბაიერი" (უერდინგენი, გფრ) 0:3, 0:9; „გალათასარაი" (სტამბოლი, თურქეთი) - „ვიძევი" (ლოძი, პოლონეთი) 1:0, 1:2
ლისაბონის „ბენფიკა" (პორტუგალია) 1/16-ფინალიდან თავისუფალი იყო
1/8-ფინალი
„რაპიდი" -
„ფრამი" 3:0, 1:2; „უნივერსიტატეა" - „დინამო" (კ) 2:2, 0:3; „დუკლა" - აიკ 1:0, 2:2; „ბენფიკა" - „სამპდორია" 2:0, 0:1; „ლუნგბიუ" - „ცრვენა ზვეზდა" 2:2, 1:3; „ბანგორ სიტი" - „ატლეტიკო" 0:2, 0:1; ჰიკ - „დინამო" (დ) 1:0, 2:7; „ბაიერი" - „გალათასარაი" 2:0, 1:1
1/4-ფინალი
„რაპიდი" - „დინამო" (კ) 1:4, 1:5; „დუკლა" - „ბენფიკა" 1:0, 1:2; „ცრვენა ზვეზდა" - „ატლეტიკო" 0:2, 1:1; „დინამო" (დ) - „ბაიერი" 2:0, 3:7
1/2-ფინალი
„დინამო" (კ) - „დუკლა" 3:0, 1:1; „ატლეტიკო" - „ბაიერი" 1:0, 3:2

ფინალი
2 მაისი, 1986. საფრანგეთი, ლიონი, „სტად დე ჟერლანი". 39300
დინამო 3
:0 ატლეტიკო
გოლები:
1:0 ალექსანდრ ზავაროვი (5), 2:0 ოლეგ ბლოხინი (85), 3:0 ვადიმ ევტუშენკო (88)
„დინამო": ვიქტორ ჩანოვი, ვლადიმირ ბესსონოვი, სერგეი ბალტაჩა (ანდრეი ბალი 38), ოლეგ კუზნეცოვი, ანატოლი დემიანენკო (კაპ), ივან იარემჩუკი, პაველ იაკოვენკო, ალექსანდრ ზავაროვი (ვადიმ ევტუშენკო 70), ვასილი რაცი, ოლეგ ბლოხინი, იგორ ბელანოვი
მწვრთნელი: ვლადიმერ ლობანოვსკი
„ატლეტიკო": უბალდო ფილოლი, ტომას რენიონესი (კაპ), ხუან კარლოს არტეჩე, მიგელ ანხელ რუისი, კლემენტე, ხულიო პრიეტო, კიკე რამოსი, ხესუს ლანდაბურუ (კიკე სენტიენი 61), რობერტო მარინა, მარიო კაბრერა, ხორხე და სილვა
მწვრთნელი: ლუის არაგონესი
გაფრთხილება: კლემენტე
მსაჯი: ფრანც ვიორერი (ავსტრია)

საუკეთესო ბომბარდირები
იგორ ბელანოვი, ალექსანდრ ზავაროვი და ოლეგ ბლოხინი („დინამო", სსრკ; სსრკ), ფრანკ ლიპმანი („დინამო", გდრ; გდრ) - 5-5 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.