სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1987: „აიაქსი“ (ჰოლანდია)

თარიღი: 2016 აპრილი 12


1986-1987 წლების გათამაშებაში გამარჯვებული: „აიაქსი“ (ჰოლანდია)

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

აიაქსის დაბრუნება
„ახლა კი მჯერა, რომ ძლიერი გუნდი გვყავს. ადრე, როცა „აიაქსზე" ლაპარაკობდნენ, 70-იან წლებს გულისხმობდნენ. დღეს დავამტკიცეთ, რომ გუნდი კვლავ ევროპული კლასისაა", - თქვა სარაგოსელებთან ნახევარფინალური რაუნდის შემდეგ „აიაქსის" მწვრთნელმა იოჰან კრუიფმა.

39 წლის კრუიფი, რომელსაც ოფიციალურად კლუბის ტექნიკური დირექტორის თანამდებობა ეკავა, თავად იყო ჩემპიონთა თასის სამჯერ მომგები „აიაქსის" მთავარი ფიგურა.

იმ წლებში მას უნიჭიერესი ახალგაზრდა მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდი ჰყავდა: 1987-ში ფრანკ რაიკაარდი 24 წლის გახლდათ, აარონ მოჰამედ ვინტერი - 20-ის, რიხარდ ვიჩხე - 17-ის, მარკო ვან ბასტენი - 22-ის, ხოლო დენის ბერხკამპი - 18-ის. ერთადერთი ვეტერანი 36 წლის არნოლდ მიურენი იყო, რომელსაც თავის დროზე კრუიფთან ერთადაც უთამაშია.

სარაგოსას „რეალს" 20 წლის ურუგვაელი ფორვარდის რუბენ სოსას იმედი ჰქონდა. სოსა მინდვრიდან უგოლოდ არ გადიოდა და ტრადიცია არც ამსტერდამელებთან დაურღვევია: მე-14 წუთზე ორი ჰოლანდიელი მცველი მოატყუა და ანგარიში გახსნა. მაგრამ მერე „აიაქსმა" სამი გაიტანა და საბოლოოდ 3:2 მოიგო. ჯერ კიდევ მატჩამდე მიმომხილველები სტუმრებს ორ უპირატესობას ანიჭებდნენ. ერთი ის, რომ კრუიფმა შესანიშნავად იცოდა ესპანური ფეხბურთი; მეორე - წვიმისგან დატბორილი მინდორი, რომელიც წესით ჰოლანდიელებისთვის უფრო ჩვეული უნდა ყოფილიყო. ნამატჩევს იმავე მიმომხილველებმა აღნიშნეს: „აიაქსმა" მშვენივრად ითამაშა და „ის დიდი გუნდი" გაგვახსენაო.

ერთადერთი უსიამოვნება, რაც იმ საღამოს ამსტერდამელებს შეემთხვათ, შემტევი ჯონი ბოსმანის გაძევება იყო. ბოსმანს ყველაზე მეტი - რვა ბურთი ჰქონდა გატანილი და დისკვალიფიკაციის გამო მომდევნო მატჩებში აღარ უთამაშია, თუმცა საუკეთესო ბომბარდირობისთვის ის რვა გოლიც საკმარისი აღმოჩნდა.

ამსტერდამში ესპანელებმა ძირითადი შემადგენლობის შვიდი ფეხბურთელის, მათ შორის რუბენ სოსას გარეშე ითამაშეს და ყველა კომპონენტში „დაუთმეს" მასპინძლებს - 0:3 ლოგიკური შედეგი იყო. და კიდევ ერთი: ეს გახლდათ ტურნირის ყველაზე კორექტული შეხვედრა - მსაჯს ერთი მოთამაშეც არ გაუფრთხილებია და წესის დარღვევაც სულ რამდენჯერმე დააფიქსირა.

მეორე ფინალისტი კი „მოულოდნელი გამოდგა": აღმოსავლეთგერმანიიდან - ლაიპციგის „ლოკომოტივი". მათ ნახევარფინალში ფრანგული ფეხბურთის ლიდერი „ბორდო" დაამარცხეს. „ბორდომ" იმ წელს საფრანგეთის ჩემპიონობაც მოიპოვა და თასიც. პატრიკ ბატისტონი, ჟან ტიგანა, ბერნარ ლიაკომბი, ტყუპი იუგოსლავიელები ზორან და ზლატკო ვუიოვიჩები - ასეთი იყო გუნდის ძირითადი ბირთვი, მწვრთნელი კი ემე ჟაკე გახლდათ, სწორედ ის ჟაკე, რომელმაც 1998 წელს ფრანგებს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა.

„ბორდო" ტურნირის მთავარ ფავორიტად ითვლებოდა და მისი ნახვის საშუალება თბილისელებსაც ჰქონდათ: 1/4-ფინალში ფრანგებმა მოსკოვის „ტორპედოს" მოუგეს და საშინაო მატჩი მოსკოველებმა თბილისში ჩაატარეს.

აი, ასეთ გუნდს სძლიეს ლაიპციგელებმა. ბორდოში 64-ე წუთზე შულცის უძლიერესი დარტყმა ხარიხას მოხვდა, ნახევარმცველ ბერდოვის განმეორებითს კი ხელი ვეღარავინ შეუშალა. 1:0 და ფავორიტად „ლოკომოტივი" იქცა. თუმცა ლაიპციგში ზლატკო ვუიოვიჩმა მე-3 წუთზევე შეაგდო და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა. საქმე მატჩისშემდგომ პენალტებამდე მივიდა და მისი გმირი გერმანელი მეკარე რენე მიულერი გახდა. მან ზორან ვუიოვიჩის თერთმეტმეტრიანი მოიგერია და გადამწყვეტი თავად გაიტანა - 6:5 „ლოკომოტივის" სასარგებლოდ.

იოჰან კრუიფი მიიჩნევდა, რომ „აიაქსი" ძველ დიდებას დაიბრუნებდა, ოღონდ ამას დრო დასჭირდებოდა, მისი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კი თასების თასის ფინალში თამაში ნაადრევი იყო. თავად კრუიფი გუნდის მწვრთნელად 1985 წლიდან მუშაობდა, მაგრამ მწვრთნელის ოფიციალური ლიცენზია არ ჰქონდა და ფორმალურად კლუბის ტექნიკური დირექტორი იყო. ფინალის წინ მისი მთავარი პრობლემა სწორედ არნოლდ მიურენის ტრავმა გახლდათ, მაგრამ ის მაინც გავიდა სათამაშოდ, იბრძოლა და მხოლოდ მატჩის დამთავრებამდე შვიდი წუთით ადრე შეცვალეს.

„ლოკომოტივის" მწვრთნელი ჰანს-ულრიხ თომალეც ფეხბურთელების ტრავმებზე ფიქრობდა. საუკეთესო თავდამსხმელ ჰანს-იორგ ლაიცკეს მუხლი აწუხებდა, ხოლო ვეტერან ნახევარმცველ დიტერ კიუნს წელი სტკიოდა. ისინი მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდნენ. რაც შეეხებათ ფორვარდებს - ჰანს რიხტერსა და ოლაფ მარშალს, მათ ჰოლანდიელებმა პერსონალური მეურვეები მიუჩინეს და თამაშიდან გამოთიშეს.

„ლოკომოტივის" საქომაგოდ ათენში ათასამდე გულშემატკივარი ჩავიდა. ჰოლანდიელები მათზე ათჯერ მეტნი იყვნენ. ბერძენი პოლიციელები განსაკუთრებით ნიდერლანდელ ფანებს დარაჯობდნენ, რომლებიც ორი დღის განმავლობაში დროშებით დადიოდნენ ქალაქის ქუჩებში და შეზარხოშებულნი თავისი გუნდის სიმღერებს მღეროდნენ. სამართალდამცავების შეშფოთება უსაფუძვლო აღმოჩნდა - ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

21-ე წუთზე ნამდვილი „აიაქსური" გოლი გავიდა: მცველი სონი სილოი სწრაფად გაიჭრა მარჯვენა ფრთაზე, ახლო ძელთან ჩააწოდა და მარკო ვან ბასტენმა დაახლოებით ხუთი მეტრიდან თავურით მეკარისგან შორეულ კუთხეში გაგზავნა - 1:0. ეს ვან ბასტენის მეექვსე გოლი იყო ამ გათამაშებაში. იმ დროისთვის ის სამ მილიონ დოლარად უკვე იტალიის „მილანს" ჰყავდა გადაბირებული, მაგრამ ფორვარდმა სეზონი „აიაქსში" ჩაამთავრა და მილანს ზაფხულში მიაშურა.

„ლოკომოტივის" შეტევებს შედეგი არ მოჰყოლია. მეტიც, ვან ბასტენს მეორეს გატანაც შეეძლო, მაგრამ რენე მიულერმა აუღო.

თამაშის შემდეგ კრუიფმა თქვა, მატჩი სანახაობრივად კარგი ვერ გამოვიდა, მაგრამ ცუდი ნამდვილად არ ყოფილაო: „ჰოლანდიელებს კვლავ შეუძლიათ იამაყონ თავიანთი გუნდით. მით უმეტეს, რომ ეს გამარჯვება ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მოიპოვეს". კრუიფი იმაშიც გამოტყდა, რომ მეორე ტაიმში უჩვეულოდ ნერვიულობდა: „უხერხული განცდაა, სკამზე ხარ და გუნდს ხელმძღვანელობ, მაგრამ სულით და გულით მინდორზე, ფეხბურთელებთან ხარ და როცა რეალური დახმარება არ შეგიძლია, უფრო ღელავ".

თომალემ „აიაქსს" გამარჯვება მიულოცა და აღიარა: „სამწუხაროდ, ვან ბასტენის დონის მოთამაშე არ მყავს. მას მარტოს შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა და აკი გადაწყვიტა კიდეც".

ამგვარად დაიბრუნა „აიაქსმა" ათი წლის წინ დაკარგული დიდება. მაგრამ ეს დაბრუნება ხანგრძლივი არ ყოფილა. კრუიფიც და თითქმის მთელი გუნდიც მალე სხვადასხვა კლუბებში გადავიდნენ და ამსტერდამელები კიდევ რვა წელიწადს ელოდნენ, სანამ ახალი, ნიჭიერი თაობა გამოჩნდებოდა და ჩემპიონთა თასს ისევ ჰოლანდიის დედაქალაქში ჩაიტანდა.

გაზეთი „სარბიელი" (30 აპრილი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1986-1987
1/16 ფინალი
„რომა" (რომი, იტალია) - „რეალი" (სარაგოსა, ესპანეთი) 2:0, 0:2 (პენ 3:4); „ზურიექი" (მალტა) - „რექსჰემი" (უელსი) 0:3, 0:4; ბ1903 (კოპენჰაგენი, დანია) - „ვიტოშა" (სოფია, ბულგარეთი) 1:0, 0:2; „ვაშაში" (ბუდაპეშტი, უნგრეთი) - „ველეჟი" (მოსტარი, იუგოსლავია) 2:2, 2:3; „17 ნიენტორი" (ტირანა, ალბანეთი) - „დინამო" (ბუქარესტი, რუმინეთი) 1:0, 2:1; „მალმიო" (შვედეთი) - „აპოლონი" (ლიმასოლი, კვიპროსი) 6:0, 1:2; „ბურსასპორი" (ბურსა, თურქეთი) - „აიაქსი" (ამსტერდამი, ჰოლანდია) 0:2, 0:5; „ოლიმპიაკოსი" (პირეოსი, საბერძნეთი) - „უნიონი" (ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი) 3:0, 3:0; „ბენფიკა" (ლისაბონი, პორტუგალია) - „ლილესტრიომი" (ნორვეგია) 2:0, 2:1; „უოტერფორდ იუნაიტედი" (უოტერფორდი, ირლანდია) - „ბორდო" (საფრანგეთი) 1:2, 0:4; „ჰაკა" (ვალკეაკოსკი, ფინეთი) - „ტორპედო" (მოსკოვი, სსრკ) 2:2, 1:3; „შტუტგარტი" (გფრ) - „სპარტაკი" (ტრნავა, ჩეხოსლოვაკია) 1:0, 0:0; „რაპიდი" (ვენა, ავსტრია) - „ბრიუგე" (ბელგია) 4:3, 3:3; „გლენტორანი" (ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია) - „ლოკომოტივი" (ლაიპციგი, გდრ) 1:1, 0:2; „ფრამი" (რეიკიავიკი, ისლანდია) - „კატოვიცე" (პოლონეთი) 0:3, 0:1; „აბერდინი" (შოტლანდია) - „სიონი" (შვეიცარია) 2:1, 0:3
1/8-ფინალი
„რეალი"
- „რექსჰემი" 0:0, 2:2 (დდ); „ვიტოშა" - „ველეჟი" 2:0, 3:4; „17 ნიენტორი" - „მალმიო" 0:3, 0:0; „აიაქსი" - „ოლიმპიაკოსი" 4:0, 1:1; „ბენფიკა" - „ბორდო" 1:1, 0:1; „ტორპედო" - „შტუტგარტი" 2:0, 5:3; „რაპიდი" - „ლოკომოტივი" 1:1, 1:2 (დდ); „კატოვიცე" - „სიონი" 2:2, 0:3
1/4-ფინალი
„რეალი" - „ვიტოშა" 2:0, 2:0; „მალმიო" - „აიაქსი" 1:0, 1:3; „ბორდო" - „ტორპედო" 1:0, 2:3; „ლოკომოტივი" - „სიონი" 2:0, 0:0
1/2-ფინალი
„რეალი" - „აიაქსი" 2:3, 0:3; „ბორდო" - „ლოკომოტივი" 0:1, 1:0 (დდ, პენ 5:6)

ფინალი
13 მაისი, 1987. საბერძნეთი, ათენი, ოლიმპიური. 35000
აიაქსი 1
:0 ლოკომოტივი
გოლი:
1:0 მარკო ვან ბასტენი (20)
„აიაქსი": სტენლი მენცო, სონი სილოი, ფრანკ ვერლაატი, ფრანკ რაიკაარდი, პეტერ ბოევე, აარონ მოჰამედ ვინტერი, იან ვაუტერსი, არნოლდ მიურენი (კაპ) (არნოლდ სხოლტენი 86), ჯონ ვან თ'სხიპი, მარკო ვან ბასტენი, რობ ვიჩხე (დენის ბერხკამპი 66)
მწვრთნელი: იოჰან კრუიფი
„ლოკომოტივი": რენე მიულერი (კაპ), რონალდ კრეერი, მათიას ლინდნერი, ფრანკ ბაუმი, უვე ციოტშე, ჰაიკო შოლცი, უვე ბრედოუ, ფრანკ ედმონდი (ჰანს-იორგ ლაიცკე 55), მათიას ლიბერსი (დიტერ კიუნი 76), ჰანს რიხტერი, ოლაფ მარშალი
მწვრთნელი: ჰანს-ულრიხ თომალე
მსაჯი: ლუიჯი ანგოლინი (იტალია)

საუკეთესო ბომბარდირი
ჯონ ბოსმანი („აიაქსი", ჰოლანდია; ჰოლანდია) - 8 გოლი

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.