სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1988: „მეხელენი“ (ბელგია)

თარიღი: 2016 აპრილი 13


1987-1988 წლების გათამაშების ფინალი: „აიაქსი“ - „მეხელენი“

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

თავხედი დებიუტანტი სამრეკლოთა ქალაქიდან
ფინალური მატჩის მეორე ტაიმში პიტ დენ ბურის გატანილმა ბურთმა ბელგიურ „მეხელენს" „აიაქსთან" მოაგებინა და თასების თასიც მოაპოვებინა. ევროტურნირების დებიუტანტმა პირველივე ცდაზე დაისაკუთრა პრიზი. ასეთი რამ ფეხბურთში იშვიათად ხდება.

მეხელენი (ანუ, როგორ ევროპაში ამბობენ, მალინა) სამრეკლოების ქალაქია. იქ საგანგებო საერთაშორისო სკოლაც არსებობს, სადაც მნათეობას ასწავლიან და სწორედ ამით უამრავ ტურისტსაც იზიდავენ. აი, საფეხბურთო გუნდით კი 1988 წლამდე არასოდეს უამაყიათ. 88-ში ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. ერთი შეხედვით შეუმჩნეველი გუნდი ფინალამდე მივიდა და იქ წინა გათამაშების გამარჯვებული ამსტერდამის „აიაქსი" დაამარცხა. ქალაქელები თავისებურად ეხმიანებოდნენ „მეხელენის" წინსვლას: ყოველი გამარჯვების შემდეგ მთავარი სამრეკლო „ოლე! ოლეს!" მელოდიას აწკარუნებდა...

„მეხელენის" მწვრთნელი, ჰოლანდიელი აად დე მოსი რამდენიმე წლით ადრე სწორედ „აიაქსიდან" იყო წასული და როცა მეოთხედფინალში მინსკის „დინამოს" დამარცხების შემდეგ ჰკითხეს, ფინალში გასვლის შემთხვევაში მეტოქედ ვის ისურვებდითო, „აიაქსსო", დაუფიქრებლად უპასუხა.

დებიუტანტად კი მოიხსენიებდნენ, მაგრამ „მეხელენს" საკმაოდ სოლიდური შემადგენლობა ჰყავდა. მათ შორის ბელგიის ნაკრების შესანიშნავი მეკარე მიშელ პრიუდომი, ლიბერო ლეო კლაისტერსი, ნახევარმცველი პასკალ დე ვილდე და შემტევი მარკ ემერსი. ამათ დამატებული ჩინებულ ფორმაში მყოფი ჰოლანდიელი ერვინ კუმანი და ისრაელის ნაკრების ბომბარდირი ელი ოჰანა. სულ გუნდში ხუთი ჰოლანდიელი და ერთიც გერმანელი - იოაჰიმ ბელფელდი ირიცხებოდნენ.

ტურნირის ყველაზე საინტერესო რაუნდი, თუ გადამწყვეტ მატჩს არ ჩავთვლით, ნახევარფინალურ ეტაპზე გაიმართა, როცა ერთმანეთს იმ წლების ფრანგული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი მარსელის „ოლიმპიკი" და „აიაქსი" შეხვდნენ.

წინა სეზონთან შედარებით ამსტერდამული კლუბი საკმაოდ შესუსტებული იყო: მთავარი მეგოლე მარკო ვან ბასტენი იტალიის „მილანში" გადავიდა, ფრანკ რაიკაარდი სარაგოსას „რეალში" გადაბარგდა, გუნდიდან წავიდნენ სილოი და სპელბოსიც. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, „ბარსელონაში" დაიწყო მუშაობა იოჰან კრუიფმა და მის ნაცვლად გუნდს ბარი ჰულსოფი ხელმძღვანელობდა. მიუხედავად ამისა, „აიაქსი" მაინც ფავორიტად ითვლებოდა და ფინალამდეც მიაღწია.

მარსელში, პირველ ნახევარში აიაქსელმა ვიჩხემ ორი ბურთი გაუტანა ფრანგებს. მერე ბერხკამპმა მესამედ შეაგდო და პრაქტიკულად გადაწყვიტა კიდეც ფინალისტის ბედი.

ამსტერდამში ჩასული ფრანგთა მწვრთნელი მიშელ იდალგო გულახდილი იყო: „მართალია შანსი აღარ გვაქვს, მაგრამ შევეცდებით ლამაზად ვითამაშოთ და ამით მაინც დავამახსოვროთ ქომაგებს თავი", - ამბობდა ის. ფორმალურად „ოლიმპიკმა" შეასრულა იდალგოს სიტყვა და თამაშიც მოიგო - 2:1, მაგრამ ამაში ხელი მასპინძლებმაც „შეუწყვეს": მე-12 წუთზე აიაქსელმა ლარსონმა გახსნა ანგარიში, მაგრამ მერე თასის მფლობელები მოეშვნენ, ანგარიშის შენარჩუნება სცადეს, მაგრამ ორი კი გაუშვეს. ჰულსოფი, ცხადია, მაინც ბედნიერი იყო: „მთავარია რომ ფინალში გავედით. შევეცდებით თასების თასი კვლავ ამსტერდამში დავტოვოთ".

სტრასბურგულ ფინალში ცოტა უჩვეულო სიტუაცია შეიქმნა. ორივე გუნდს საშუალება ეძლეოდა „საკუთარი" ფეხბურთი ეთამაშა. „აიაქსი", ცხადია, შეუტევდა, „მეხელენი" კი კონტრშეტევაზე შეეცდებოდა მოწინააღმდეგის გამოჭერას: „ვიცით, რომ „მეხელენი" კონტრშეტევაზე ითამაშებს, მაგრამ არამგონია მათ ისეთი ფეხბურთელი ჰყავდეთ, სირთულე რომ შეგვიქმნას", - აცხადებდა ჰულსოფი. შეგახსენებთ: ის იმ დიდი „აიაქსის" წევრი იყო, 70-იანი წლების დასაწყისში სამჯერ რომ მოიგო ჩემპიონთა თასი.

მას კოლეგა დე მოსიც ეთანხმებოდა და ამბობდა: „დიახ, კონტრშეტევებზე ვითამაშებთ, ეს ჩვენი სტილია და დამალვას არც ვაპირებთ. იმედი მაქვს, რომ ოჰანა თავის შედეგიანობას ახლაც დაამტკიცებს. სხვა მხრივ, „აიაქსი" ის აღარაა, რაც შარშან - გუნდმა უამრავი კარგი ფეხბურთელი დაკარგა".

დე მოსის აზრს „აიაქსის" 36 წლის მცველი არნოლდ მიურენიც იზიარებდა: „სამი წელიწადია გუნდში ვარ და ამ ხნის განმავლობაში ნაკრების ცხრა მოთამაშე დავკარგეთ. კრუიფის წასვლამაც ბევრი რამ შეცვალა. ყველას გვინდოდა იოჰანი დარჩენილიყო, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდა და გაცლა არჩია".

„აიაქსის" უსიამოვნებები მე-16 წუთზე დაიწყო, როცა უხეში თამაშისთვის მინდვრიდან მცველი დენი ბლინდი გააძევეს. ათი ათასი ჰოლანდიელი ქომაგი დიდი უკმაყოფილებით შეხვდა მომხდარს, მაგრამ გერმანელი მსაჯი პაული მართალი იყო - ბლინდმა ემერსი მაშინ წააქცია, როცა ის მეკარესთან პირისპირ რჩებოდა.

თასის მფლობელებმა მაინც დაალაგეს თამაში და შეტევებსაც უმატეს. სამი ფორვარდი - ვან თ'სხიპი, ბოსმანი და ვიჩხე მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა ბელგიელების დაცვას, მაგრამ ამათაც გაუძლეს და პრიუდომმა ხომ საერთოდ სასწაულები ჩაიდინა! მეორე ტაიმის დასაწყისში კი ერთადერთი გოლი გავიდა: თითქმის კუთხურის ალამთან მდგომმა ოჰანამ მეტად რთული მდგომარეობიდან შეძლო მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩაწოდება და პიტ დენ ბოერის თავურიც ზუსტი გამოდგა - 1:0.

ნამატჩევს ჰულსოფს ბლინდი არ დაუდანაშაულებია: „მართალია დენი შეცდა და თითქმის მთელი მატჩი კაცნაკლულებმა ვითამაშეთ, მაგრამ დროულად უნდა გამოგვეტანა დასკვნები. ასეთ შემთხვევაში საქმე სხვაგვარად აეწყობოდა", - თქვა ჰულსოფმა.

აად დე მოსმა კი მომხდარი სხვაგვარად შეაფასა: „დასაწყისში „აიაქსი" გვჯობდა, მაგრამ ბლინდის გაძევებამ ჩვენს წისქვილზე დაასხა წყალი. ნელ-ნელა თამაში დავალაგეთ და მდგომარეობაც გავაკონტროლეთ. ისე კი, გამოგიტყდებით და არც კი მჯერა, რომ თასების თასის მოგება შევძელით. „მეხელენის" რეალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ეს ფანტასტიკური შედეგია", - აღნიშნა მან.

ყველაზე ბედნიერი კი ჯონ კურიე ჩანდა, „მეხელენის" მფლობელი ტელესაკომუნიკაციო კომპანიის წარმომადგენელი: „გვსურდა დაგვემტკიცებინა, რომ პატარა კლუბებსაც შეუძლიათ დიდებად გახდომა. „მეხელენის" გამარჯვებას უდავოს და დამაჯერებელს ვერ ვუწოდებ, მაგრამ ყველას დავანახეთ, რომ „მეხელენი" ევროპული კლასის გუნდია"!

„ანდერლეხტის" შემდეგ „მეხელენი" მეორე ბელგიური კლუბი გახდა, რომელმაც თასების თასის გათამაშებაში გაიმარჯვა. ამ ქვეყნის სხვა გუნდებს მსგავსი პატივი არ ღირსებიათ. ყველაზე ახლოს მიზანთან ლიეჟის „სტანდარდი" (1982 წელს) და „ანტვერპენი" (1993) იყვნენ, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრებში დამარცხდნენ.

გაზეთი „სარბიელი" (1 მაისი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1987-1988
საკვალიფიკაციო წრე
აელ (ლიმასოლი, კვიპროსი) - „დუნაისკა სტრედა" (ჩეხოსლოვაკია) 0:1, 1:5
1/16 ფინალი
„მეხელენი" (ბელგია) - „დინამო" (ბუქარესტი, რუმინეთი) 1:0, 2:0; „სენტ მირენი" (პეისლი, შოტლანდია) - „ტრომსიო" (ნორვეგია) 1:0, 0:0; „რეალ სოსიედადი" (სან სებასტიანი, ესპანეთი) - „შლასკი" (ვროცლავი, პოლონეთი) 0:0, 2:0; „დინამო" (მინსკი, სსრკ) - „გენჩლერბირლიგი" (ანკარა, თურქეთი) 2:0, 2:1; „ვიტოშა" (სოფია, ბულგარეთი) - ოფი (კრეტა, საბერძნეთი) 1:0, 1:3; „მერთირ ტაიდფილი" (უელსი) - „ატალანტა" (ბერგამო, იტალია) 2:1, 0:2; ია (აკრანესი, ისლანდია) - „კალმარი" (შვედეთი) 0:0, 0:1 (დდ); „სპორტინგი" (ლისაბონი, პორტუგალია) - „სვაროვსკი ტიროლი" (ინსბრუკი, ავსტრია) 4:0, 2:4; „ვლაჟნია" (შკოდერი, ალბანეთი) - „სლიემა უონდერერსი" (სლიემა, მალტა) 2:0, 4:0; „როვანიემენ პალოსეურა" (როვანიემი, ფინეთი) - „გლენტორანი" (ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია) 0:0, 1:1; „ლოკომოტივი" (ლაიპციგი, გდრ) - „ოლიმპიკი" (მარსელი, საფრანგეთი) 0:0, 0:1; „ოლბორგი" (დანია) - „ჰაიდუკი" (სპლიტი, იუგოსლავია) 1:0, 0:1 (დდ, პენ 2:4); „უიპეშტი" (ბუდაპეშტი, უნგრეთი) - „დენ ჰააგი" (ჰააგა, ჰოლანდია) 1:0, 1:3; „დუნაისკა სტრედა" - „იანგ ბოიზი" (ბერნი, შვეიცარია) 2:1, 1:3; „ავენირი" (ბეგენი, ლუქსემბურგი) - „ჰამბურგი" (გფრ) 0:5, 0:3; „აიაქსი" (ამსტერდამი, ჰოლანდია) - „დანდალკი" (ირლანდია) 4:0, 2:0
1/8-ფინალი
„მეხელენი" -
„სენტ მირენი" 0:0, 2:0; „რეალ სოსიედადი" - „დინამო" 1:1, 0:0; ოფი - „ატალანტა" 1:0, 0:2; „კალმარი" - „სპორტინგი" 1:0, 0:5; „ვლაჟნია" - „როვანიემენ პალოსეურა" 0:1, 0:1; „ოლიმპიკი" - „ჰაიდუკი" 4:0, 3:0; „დენ ჰააგი" - „იანგ ბოიზი" 2:1, 0:1; „ჰამბურგი" - „აიაქსი" 0:1, 0:2
1/4-ფინალი
„მეხელენი" -
„დინამო" 1:0, 1:1; „ატალანტა" - „სპორტინგი" 2:0, 1:1; „როვანიემენ პალოსეურა" - „ოლიმპიკი" 0:1, 0:3; „იანგ ბოიზი" - „აიაქსი" 0:1, 0:1
1/2-ფინალი
„მეხელენი" - „ატალანტა" 2:1, 2:1; „ოლიმპიკი" - „აიაქსი" 0:3, 2:1

ფინალი

11 მაისი, 1988. საფრანგეთი, სტრასბურგი, „დე ლა მაინუ". 39446
მეხელენი 1
:0 აიაქსი
გოლი:
1:0 პიტ დენ ბოერი (53)
„მეხელენი": მიშელ პრიუდომი, კენ სენდერსი, ლეო კლაისტერსი (კაპ), გრემ რუტხესი, გეერტ დეფერმი, ვიმ ჰოფკენსი (პოლ თონისი 73), მარკ ემერსი, ერვინ კუმანი, პასკალ დე ვილდე (პოლ დე მესმეკერი 60), ელი ოჰანა, პიტ დენ ბოერი
მწვრთნელი: აად დე მოსი (ჰოლანდია)
„აიაქსი": სტენლი მენცო, დენი ბლინდი, ფრანკ ვერლაატი (ჰენი მეიერი 73), იან ვაუტერსი, პეტერ ლარსონი, არნოლდ სხოლტენი, აარონ მოჰამედ ვინტერი, არნოლდ მიურენი, ჯონ ვან თ'სხიპი (კაპ) (დენის ბერხკამპი 57), რობ ვიჩხე, ჯონ ბოსმანი
მწვრთნელი: ბარი ჰულსოფი
გაფრთხილება: კენ სენდერსი, პიტ დენ ბოერი, იან ვაუტერსი
მსაჯი: დიტერ პაული (გფრ)

საუკეთესო ბომბარდირი
პაულინიუ კასკაველი („სპორტინგი", პორტუგალია; ბრაზილია) - 6 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.