სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1990: „სამპდორია“ (იტალია)

თარიღი: 2016 აპრილი 14


1989-1990 წლების გათამაშების ფინალი: „ანდერლეხტი“ (ბელგია) - „სამპდორია“ (იტალია)

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

იტალიური სეზონი
1990 წლის გაზაფხული განსაკუთრებული იყო იტალიური კლუბებისთვის. სამივე ევროთასის ფინალში ამ ქვეყნის ოთხი გუნდი მოხვდა! ჩემპიონთა თასის გადამწყვეტ მატჩში „მილანმა" პორტუგალიის „ბენფიკას" მოუგო - 1:0, თასთა თასზე „სამპდორიამ" ბელგიის „ანდერლეხტი" დაამარცხა - 2:0, უეფას თასზე კი ტურინის „იუვენტუსმა" თანამემამულე „ფიორენტინა" - 3:1, 0:0. სამივე პრიზი იტალიელებმა მოიპოვეს. ასეთი რამ ევროთასების ისტორიაში არც მანამდე მომხდარა და არც მას შემდეგ!

გენუის „სამპდორიისთვის" 1989-1990 წლების სეზონი უფრო იღბლიანი გამოდგა. ჯანლუკა ვიალიმ და კომპანიამ წინა სეზონში შეძენილი გამოცდილება გამოიყენეს და პრიზი ხელიდან აღარ გაუშვეს. თუმცა, სანამ „სამპას" თემას შევეხებით, ცოტა რამ თასის მფლობელზე „ბარსელონაზეც" ვთქვათ.

იმ წლებში პოლონური კლუბები „ბარსას" ერთგვარ გამაღიზიანებლად იქცნენ. ასე იყო გასულ ტურნირში, როცა მერვედფინალში კატალონიელებმა მხოლოდ მატჩისშემდგომი პენალტებით მოუგეს პოზნანის „ლეხს" და ასე მოხდა ამჯერადაც - ესპანელებმა პირველივე წრეში შინ 1:1 ითამაშეს ვარშავის „ლეგიასთან". თანაც, აგებდნენ და მხოლოდ რონალდ კუმანის თერთმეტმეტრიანის წყალობით გადარჩნენ.

გუნდის მწვრთნელ იოჰან კრუიფს ხშირად აკრიტიკებდნენ, აქაოდა უცნაური ტაქტიკით, სამი მცველით თამაშობს და საქმეს ვნებსო.

კრუიფი თავისას არ იშლიდა, მომავალშიც ასეთივე ტაქტიკით ვიმოქმედებთო, თუმცა ვარშავაში კუმანი მეოთხე მცველის ფუნქციას ასრულებდა, „ბარსა" კი მისთვის უჩვეულო ფეხბურთს თამაშობდა: მე-11 წუთზე კატალონიელთა დანიელმა ნახევარმცველმა მიქაელ ლაუდრუპმა გახსნა ანგარიში და მერე მთელი „ბარსა" საკუთარ ნახევარზე „შეიკეტა". მწვრთნელი არ ნაღვლობდა, თამაში უსახური გამოვიდა, მაგრამ შედეგი - დადებითი.

შემდეგ წრეში კრუიფს უფრო დიდი გამოცდა ელოდა. წილისყრამ „ბარსას" მეტოქედ ბრიუსელის „ანდერლეხტი" დაასახელა, აად დე მოსის გუნდი. თავის დროზე დე მოსი „აიაქსს" წვრთნიდა, მერე იძულებული გახდა წასულიყო და მისი ადგილი სწორედ კრუიფმა დაიკავა. ამიტომ დე მოსს „დიდ იოჰანთან" პირადი ანგარიშიც ჰქონდა.

„დღეს ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ვიხილე. მართლაც დიდებული საღამო იყო. კრუიფმა და მისმა გუნდმაც სასიამოვნოდ გამაკვირვა. მათ ნამდვილი ფეხბურთი ითამაშეს", - ასეთი იყო ბედნიერი დე მოსის მატჩისშემდგომი კომენტარტი. „ანდერლეხტმა" იუგოსლავიელი იანკოვიჩისა და დე გრიზის გოლებით შინ 2:0 მოუგო პრიზის მფლობელს.

„კამპ ნოუზე" საქმე დამატებით დრომდე მივიდა. ხულიო სალინასმა და ჩიკი ბეგირისტაინმა 57-ე წუთისთვის თანაფარდობა აღადგინეს. აქ ყველას 11 წლის წინანდელი ამბავი გაახსენდა, როცა ამავე თასის ამავე ეტაპზე „ბარსამ" სამბურთიანი დეფიციტი აინაზღაურა და „ანდერლეხტი" გათამაშებიდან გამოთიშა. მაგრამ ამჯერად ისტორია აღარ განმეორდა: დამატებითში, 97-ე წუთზე ბელგიელი მარკ ვან დერ ლინდენის გოლი საბედისწერო გამოდგა კრუიფისთვისაც და სტადიონზე მისული 110 ათასი მაყურებლისთვისაც...

ფინალამდე „სამპდორიამ" არაერთი ბრძოლა გადაიტანა და ყველგან გამარჯვებული გამოვიდა - დორტმუნდის „ბორუსიის" და „მონაკოს" ტურნირიდან გამოთიშვა ამის დასტურია. ჩინებულ ფორმაში იყო გენუელთა შემტევი ჯანლუკა ვიალი. მან ყველაზე მეტი, შვიდი გოლი გაიტანა, მაგრამ აქედან ორი უმნიშვნელოვანესი გამოდგა - გიოტებორგში, გადამწყვეტი მატჩის დამატებით დროში მან სამი წუთის შუალედში ორჯერ შეძლო „ანდერლეხტის" კარის დალაშქვრა!

დე მოსი თამაშამდე მაყურებელს თანაბარ ბრძოლას დაჰპირდა, მაგრამ ეს სიტყვები მხოლოდ დამატებით დროში გამართლდა. მანამდე „სამპდორია" აშკარად სჯობდა მოწინააღმდეგეს და მეკარე ფილიპ დე ვილდეს ფანტასტიკური თამაში რომ არა, ალბათ, ყველაფერი მალევე მოთავდებოდა.

იტალიელებს შესვენებამდე ორჯერ შეეძლოთ გატანა. ჯერ პიეტრო ვერხოვოდის დარტყმული ბურთი სასწაულით მოიგერია მეკარემ, მერე რობერტო მანჩინიმ დე ვილდეც მოატყუა და ცარიელ კარში ურტყამდა, მაგრამ საიდანღაც გამოჩენილმა მცველმა ბურთი კარის ხაზიდან გაიტანა.

მოთამაშეები არც უხეშობას ერიდებოდნენ. შვეიცარიელმა არბიტრმა მანჩინი და ამადეო კარბონი გააფრთხილა, მერე ყვითელი „ანდერლეხტის" ნიგერიელ დამცველს სტეფენ კეშისაც აუფრიალა, რომელიც უკნიდან უხეშად ეთამაშა ვიალის. დღევანდელ პირობებში ნიგერიელს აუცილებლად გააძევებდნენ, მაგრამ მაშინ აპატიეს.

სამპდორიელები მეორე ტაიმშიც უფრო ლამაზად თამაშობდნენ. იმავე მანჩინიმ კიდევ ერთი ნაღდი შანსი ვერ გამოიყენა.

ბრიუსელელების ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი კი მათი ისლანდიელი ლეგიონერის გუდიონსენის დარტყმა გახლდათ - კუნძულელმა ძირითადი დროის დამთავრებამდე ოთხი წუთით ადრე კინაღამ გაიტანა. მიმომხილველების აზრით, იმ შემთხვევაში თასი, ალბათ, „ანდერლეხტს" დარჩებოდა და ეს დიდი უსამართლობა იქნებოდა.

საინტერესო ამბავი კი მოხდა: იტალიელებმა მაშინ გაიტანეს ბურთები, როცა ძალაგამოცლილნი ძლივს უმკლავდებოდნენ მეტოქეს.

„სწორედ ამიტომაც უფრო მიხარია. ჩვენ მაშინ გავტეხეთ ბელგიელები, როცა ძალიან გვიჭირდა. მანამდე მინიმუმ ხუთჯერ მაინც უნდა გაგვეტანა. ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ და ეს დამატებითი სტიმული იქნება მსოფლიო ჩემპიონატის წინ", - თქვა ნამატჩევს ვიალიმ.

სტიმული სტიმულად, მაგრამ ერთ თვეში იტალია შინ გამართულ მსოფლიო თასზე მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა, ტურნირის გმირი კი ვიალის შემცვლელად მოაზრებული ტოტო სკილაჩი გახდა...

„ეს ბრწყინვალე გამარჯვებაა"! - დასძინა „სამპდორიას" იუგოსლავიელმა მწვრთნელმა ვუადინ ბოშკოვმა - „მანჩინიმ შესანიშნავად ითამაშა, ვიალის ფანტასტიკური გოლები კი არასდროს დამავიწყდება"!

ვიალიმ ნახევარფინალში „მონაკოსთან" ოთხიდან ორი ბურთი შეაგდო, მანამდე კი კარგა ხანს ტრავმას იშუშებდა და ქვეყნის ჩემპიონატის მხოლოდ სამ ტურში ითამაშა.

96-ე წუთზე მინდორზე ახლადშესულმა ფაუსტო სალსანომ ბურთი მეტოქის კარის ძელს მოარტყა. 105-ე წუთზე სიტუაცია განმეორდა: ისევ სალსანოს დარტყმა და ძელი, მაგრამ ამჯერად ასხლეტილ ბურთზე ვიალიმ ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა - 1:0. სამ წუთში მარჯვენა ფრთაზე გათამაშებულ კომბინაციას იმავე ვიალის უძლიერესი თავური და მეორე გოლი მოჰყვა - 2:0.

„ფინალის წაგება ყოველთვის ძნელი გადასატანია, მაგრამ დღეს ჩვენ თავაწეულებმა დავტოვეთ მინდორი. „ანდერლეხტს" არაფერი დაუთმია და რომ არა მეტოქის შესანიშნავი ფორვარდები, საკითხავია, ვინ გაიმარჯვებდა", - ეს სიტყვები დე მოსს ეკუთვნის, მწვრთნელს, რომელსაც ორი წლის წინ „მეხელენთან" ერთად ერთხელ უკვე მოეგო თასთა თასი.

ვუადინ ბოშკოვის „სამპდორიამ" კი განსაკუთრებული ადგილი დაიკავა იტალიური ფეხბურთის მატიანეში. დღესაც კი იქაური მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ჯანლუკა ვიალი-რობერტო მანჩინის მსგავსი თავდასხმის ხაზი კალჩიოს ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელია.

თუ ლეგიონერებს არ ჩავთვლით, ასეთი მოსაზრება სიმართლესთან ახლოსაა.

გაზეთი „სარბიელი" (6 მაისი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1989-1990
საკვალიფიკაციო წრე
„ჩერნომორეცი" (ბურგასი, ბულგარეთი) - „დინამო" (ტირანა, ალბანეთი) 3:1, 0:4
1/16 ფინალი
„ვალიადოლიდი" (ესპანეთი) - „ჰამრუნ სპარტანსი" (ჰამრუნი, მალტა) 5:0, 1:0; „უნიონი" (ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი) - „დიურგარდენსი" (სტოკჰოლმი, შვედეთი) 0:0, 0:5; „ბელენენსეში" (ბელემი, პორტუგალია) - „მონაკო" (საფრანგეთი) 1:1, 0:3; „ვალური" (რეიკიავიკი, ისლანდია) - „დინამო" (ბერლინი, გდრ) 1:2, 1:2; „ბეშიქთაში" (სტამბოლი, თურქეთი) - „ბორუსია" (დორტმუნდი, გფრ) 0:1, 1:2; „ბრანი" (ბერგენი, ნორვეგია) - „სამპდორია" (გენუა, იტალია) 0:2, 0:1; „ტორპედო" (მოსკოვი, სსრკ) - „კორკ სიტი" (კორკი, ირლანდია) 5:0, 1:0; „სლოვანი" (ბრატისლავა, ჩეხოსლოვაკია) - „გრასჰოპერი" (ციურიხი, შვეიცარია) 3:0, 0:4 (დდ); „ანდერლეხტი" (ბრიუსელი, ბელგია) - „ბელიმენა იუნაიტედი" (ბელიმენა, ჩრდილოეთ ირლანდია) 6:0, 4:0; „ბარსელონა" (ესპანეთი) - „ლეგია" (ვარშავა, პოლონეთი) 1:1, 1:0; „ადმირა ვაკერი" (ინსბრუკი, ავსტრია) - აელ (ლიმასოლი, კვიპროსი) 3:0, 0:1; „ფერენცვაროში" (ბუდაპეშტი, უნგრეთი) - „ჰაკა" (ვალკეაკოსკი, ფინეთი) 5:1, 1:1; „პანათინაიკოსი" (ათენი, საბერძნეთი) - „სუონსი სიტი" (სუონსი, უელსი) 3:2, 3:3; „დინამო" (ტირანა) - „დინამო" (ბუქარესტი, რუმინეთი) 1:0, 0:2; „გრონინგენი" (ჰოლანდია) - „იკასტი" (დანია) 1:0, 2:1; „პარტიზანი" (ბელგრადი, იუგოსლავია) - „სელტიკი" (გლაზგო, შოტლანდია) 2:1, 4:5
1/8-ფინალი
„ვალიადოლიდი" -
„დიურგარდენსი" 2:0, 2:2; „მონაკო" - „დინამო" (ბერლინი) 0:0, 1:1; „ბორუსია" - „სამპდორია" 1:1, 0:2; „ტორპედო" - „გრასჰოპერი" 1:1, 0:3; „ანდერლეხტი" - „ბარსელონა" 2:0, 1:2; „ადმირა ვაკერი" - „ფერენცვაროში" 1:0, 1:0; „პანათინაიკოსი" - „დინამო" (ბუქარესტი) 0:2, 1:6; „გრონინგენი" - „პარტიზანი" 4:3, 1:3
1/4-ფინალი
„ვალიადოლიდი" - „მონაკო" 0:0, 0:0 (პენ 1:3); „სამპდორია" - „გრასჰოპერი" 2:0, 2:1; „ანდერლეხტი" - „ადმირა ვაკერი" 2:0, 1:1; „დინამო" (ბუქარესტი) -  „პარტიზანი" 2:1, 2:0
1/2-ფინალი
„მონაკო" - „სამპდორია" 2:2, 0:2; „ანდერლეხტი" - „დინამო" 1:0, 1:0

ფინალი
9 მაისი, 1990. შვედეთი, გიოტებორგი, „ულევი". 20103
სამპდორია 2
:1 (დდ) ანდერლეხტი
გოლ
ები: 1:0 ჯანლუკა ვიალი (105), 2:0 ჯანლუკა ვიალი (108)
„სამპდორია": ჯანლუკა პალიუკა, მორენო მანინი, ლუკა პელეგრინი (კაპ), პიეტრო ვერხოვოდი, ამადეო კარბონი, ჯოვანი ინვერნიცი (ატილიო ლომბარდო 55), სრეჩკო კატანეცი (ფაუსტო სალსანო 92), ფაუსტო პარი, ჯუზეპე დოსენა, რობერტო მანჩინი, ჯანლუკა ვიალი
მწვრთნელი: ვუადინ ბოშკოვი (იუგოსლავია)
„ანდერლეხტი": ფილიპ დე ვილდე, ჟორჟ გრიუნი (კაპ), სტეფენ კეში, ვიმ კოოიმანი, გი მარშული, არნორ გუდიონსენი, შარლი მუსონდა, მილან იანკოვიჩი (ლუის ოლივეირა 116), პატრიკ ვერვოორტი, მარკ დეგრიზი (ლუკ ნილისი 103), მარკ ვან დერ ლინდენი
მწვრთნელი: აად დე მოსი (ჰოლანდია)
გაფრთხილება: სტეფენ კეში, ამადეო კარბონი, მორენო მანინი
მსაჯი: ბრუნო გალერი (შვეიცარია)

საუკეთესო ბომბარდირი
ჯანლუკა ვიალი („სამპდორია", იტალია; იტალია) - 7 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.