სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1991: „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი)

თარიღი: 2016 აპრილი 15


ალექს ფერგიუსონი და მეტ ბასბი „მანჩესტერ იუნაიტედი“ ორი ევროთასით

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

ინგლისელების დაბრუნება
1985 წელს ბრიუსელის „ეიზელის" სტადიონზე „ლივერპული"-„იუვენტუსის" ჩემპიონთა თასის ფინალური მატჩის დაწყებამდე მომხდარმა ტრაგედიამ ინგლისური კლუბები ევროსარბიელს ხუთი წელით ჩამოაშორა.

უეფას აკრძალვა 1989-1990 წლების სეზონის ჩემპიონთა თასის ფინალისთანავე დასრულდა და ბრიტანელებიც ხუთწლიანი შესვენების შემდეგ ევროსარბიელს დაუბრუნდნენ.

დაბრუნება ტრიუმფალური გამოდგა - „მანჩესტერ იუნაიტედმა" თასების თასი მოიპოვა და ინგლისური ფეხბურთის პრესტიჟი აღადგინა. ეს გამარჯვება ორმაგად დასაფასებელი გახლდათ, რადგან მანჩესტერელებს უაღრესად რთულ ფსიქოლოგიურ პირობებში უხდებოდათ თამაში. ყველგან, სადაც ჩავიდოდნენ, მათი ფანებისა ეშინოდათ და საქმე ლამის თამაშის ჩაშლამდე მიდიოდა.

ფინალური მატჩის წინ როტერდამის საქალაქო საბჭო მანჩესტერელების სტუმრობის სასტიკი წინააღმდეგი იყო და შეხვედრის სხვაგან გადატანას ითხოვდა. ქალაქის მაღალჩინოსნების რისხვა მატჩის დღეს ალკოჰოლური სასმელების აკრძალვის დადგენილებამაც ვერ გაანელა. მაგრამ როტერდამის მერი ბრამ პეპერი სხვაგვარად ფიქრობდა. ფინალი როტერდამში გაიმართებაო - თქვა ქალაქის თავმა და კამათიც დამთავრდა. პეპერი მართალი გამოდგა: არც სტადიონზე და არც ქუჩებში ინციდენტი არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ თამაშს 25 ათასი მანჩესტერელი დაესწრო, გაცილებით მეტი, ვიდრე მოწინააღმდეგის, „ბარსელონას" ბანაკიდან.

ფინალში კი ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. ფეხბურთში არსებობს ასეთი გამოთქმა - „რევანშის წესი" და ამ თეზისმა როტერდამის სტადიონზე სრულფასოვნად იმოქმედა: „ბარსას" იმ მოთამაშემ მოუღო ბოლო, რომელიც უწინ მათთან თამაშობდა. 1987 წელს „ბარსელონაში" მიბრუნებული იოჰან კრუიფის პირველი ნაბიჯი უელსელი მეგოლის, მარკ ჰიუზის გუნდიდან დათხოვნა გახლდათ. როტერდამში სწორედ ჰიუზის ორმა გოლმა გადაწყვიტა მატჩის ბედი და თასი მანჩესტერელებს მოაგებინა.

ტურნირის ფავორიტებად თავიდანვე „მანჩესტერ იუნაიტედი", „ბარსელონა", „იუვენტუსი" და თასის მფლობელი „სამპდორია" ითვლებოდნენ. „სამპამ" ამჯერად ვერ გაუძლო შეჯიბრის მარათონს და გათამაშებას მეოთხედფინალშივე გამოეთიშა. ვარშავაში „ლეგიასთან" 0:1 წაგება ჯერ კიდევ არ ნიშნავდა საბოლოო დამარცხებას, მაგრამ იტალიელებმა ვერც შინ ივარგეს. ბოლო წუთებზე ვიალის გატანილმა ბურთმა „სამპას" მხოლოდ ფრე 2:2 მოუტანა. მანამდე „ლეგიის" 19 წლის შემტევმა კოვალჩიკმა გენუელებს ცენტრიდან ორჯერ დააწყებინა.

მანჩინიმ პირველი საპასუხო 67-ე წუთზე შეაგდო. მერე, როცა ვიალიმ გაათანაბრა და მასპინძლებს მხოლოდ ორი წუთი რჩებოდათ, იმავე მანჩინიმ ბადიდან ბურთის სწრაფად გამოტანა და ცენტრში დადება იჩქარა, მაგრამ მის წინ სტუმართა მეკარე შჩესნი აღიმართა, გზაც გადაუღობა და კინკლაობაში გვარიანი მუშტიც უთავაზა. შჩესნი გააძევეს, მაგრამ გენუელთათვის ეს ვერაფერი ნუგეში იყო - ისინი ტურნირს გამოეთიშნენ.

ასე დამარცხდა იტალიის ჩემპიონატის მაშინდელი ლიდერი გუნდთან, რომელიც საკუთარ პირველობაზე ათეულშიც კი არ შედიოდა.

იტალიის მეორე წარმომადგენელი „იუვენტუსი" უკეთეს ფეხბურთს აჩვენებდა. რობერტო ბაჯო, გერმანელი თომას ჰესლერი, ახალგაზრდა პიერლუიჯი კაზირაგი და სალვატორე ტოტო სკილაჩი აბა ვის რას დაუთმობდნენ. ჩინებულ ფორმაში იყო ბაჯო - მან საერთო ჯამში ცხრა ბურთი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გმირი სალვატორე სკილაჩი კი აშკარად კარგავდა ლიდერის ფუნქციას. შინაურ პირველობაზე მას ცოტა გოლი გაჰქონდა და არც ევროსარბიელზე ბრწყინავდა. ბელგიის „ლიეჟთან" პირველი მეოთხედფინალის წინ, როცა სკილაჩიმ თავისი გვარი ძირითად შემადგენლობაში ვერ ამოიკითხა, გასახდელში დიდი აყალმაყალი მოუწყო მწვრთნელ ჯიჯი მაიფრედის, მერე პირადი ნივთები ჩაალაგა და სტადიონიდან ტაქსით სადღაც გაუჩინარდა. როგორც „იუვეს" ხელმძღვანელები ამბობდნენ, „უცნობი მიმართულებით".

თუმცა ტოტოს ეს ცუღლუტობა აპატიეს და საპასუხო მატჩში მაინც ათამაშეს. მაშინ სკილაჩიმ თავის მეოთხე და უკანასკნელი ბურთი გაიტანა ტურნირში.

ნახევარფინალში „იუვენტუსი" „ბარსელონას" შეხვდა. კატალონიელებმა მოიგეს. პირველ მატჩში „კამპ ნოუზე" 110 ათასი მაყურებელი შეგროვდა. ისინი დიდი ყიჟინით შეეგებნენ იოჰან კრუიფის გამოჩენას, რომელმაც გულის რთული ოპერაცია გადაიტანა და ექვსი კვირა არ გამოჩენილა. კრუიფის თქმით, „ბარსას" ხრისტო სტოიჩკოვის აქტიურობის ხარჯზე უნდა გაემარჯვა. სტოიჩკოვმა გაამართლა და ორი ბურთი გაუტანა „იუვეს", თუმცა მასპინძლები მე-13 წუთისთვის აგებდნენ - კაზირაგიმ მეტოქის მცველის უხეში შეცდომა გამოიყენა და ანგარიში გახსნა. მერე სტოიჩკოვის ორს 74-ე წუთზე გოიკოეჩეას გოლიც მოჰყვა და „ბარსელონამ" 3:1 გაიმარჯვა. ტურინში „იუვემ" მხოლოდ ერთის გატანა მოახერხა - რობერტო ბაჯოს გოლი ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

„მანჩესტერ იუნაიტედთან" პირველი ნახევარფინალის წინ „ლეგიის" მწვრთნელი სტახურსკი თავისიანების წარმატებას წინასწარმეტყველებდა: „ინგლისელებს ფავორიტებად მიიჩნევენ და ეს ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. ბრიტანელებს იმავე ტაქტიკით მოვუგებთ, რითაც „სამპდორიას", - ამბობდა სტახურსკი.

მისი მოლოდინი არ გამართლდა: ვარშავაში პოლონელმა არმიელებმა 1:3 წააგეს სტუმრებთან, ხოლო გამარჯვებულთა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა ესეც კი თქვა: ბოლოს და ბოლოს ჩემმა გუნდმა უმაღლესხარისხოვანი, ევროპული დონის ფეხბურთი ითამაშაო. „ოლდ ტრაფორდზე" მოწინააღმდეგეები მშვიდობიანად დაშორდნენ - 1:1 და „მანჩესტერ იუნაიტედიც" 23-წლიანი შესვენების შემდეგ კვლავ გავიდა ევროთასის ფინალში. 1968 წელს, ჩემპიონთა თასის გადამწყვეტ მატჩში „ალისფერებმა" პორტუგალიის „ბენფიკა" დაამარცხეს...

როტერდამში ჩასვლამდე „ბარსელონამ" ოფიციალურად გაიფორმა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, თუმცა ეს ამბავი ცოტა უცნაურად მოხდა. ბოლო ტურში კატალონიელებმა 0:4 წააგეს „კადისთან", მაგრამ დამარცხდა მთავარი კონკურენტი მადრიდის „ატლეტიკოც" და კრუიფის გუნდი მიუღწეველი გახდა. იმ დამარცხებაში დამნაშავედ მეკარე ანდონი სუბისარეტა გამოაცხადეს და ფინალში მის ნაცვლად კარლეს ბუსკეტსი ათამაშეს.

რვა წუთის შუალედში მარკ ჰიუზმა ბუსკეტსს ორჯერ გამოატანინა ბურთი კარიდან - ჯერ სტივ ბრიუსის დარტყმულს დაამატა, მერე ეფექტურად მოატყუა დამცველი ფერნანდო მუნიოს გარსია და მეორედ შეაგდო.

კუმანის გოლი კი მისთვის დამახასიათებელი გახლდათ: ჰოლანდიელმა დაახლოებით 25 მეტრიდან უძლიერესი საჯარიმო დაარტყა და ბურთი კარის მარცხენა კუთხეში „ჩაჭედა".

ბოლო წუთებმა მთელი ენერგია წამართვაო, თქვა ნამატჩევს ალექს ფერგიუსონმა, რომლისთვისაც ეს მეორე თასთა თასი იყო. პირველად ფერგიმ 1983-ში გაიმარჯვა შოტლანდიის „აბერდინთან" ერთად.

რაც შეეხება მარკ ჰიუზს, როტერდამული ფინალის გმირმა 1994 წლის ნოემბერში თბილისშიც ითამაშა საქართველო-უელსის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში. ის თამაში უელსელებმა 0:5 წააგეს.

გაზეთი „სარბიელი" (7 მაისი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1990-1991
საკვალიფიკაციო წრე
„ბრეი უონდერერსი" (ბრეი, ირლანდია) - „ტრაბზონსფორი" (ტრაბზონი, თურქეთი) 1:1, 0:2
1/16 ფინალი
„ნეა სალამისი" (ფამაგუსტა, კვიპროსი) - „აბერდინი" (შოტლანდია) 0:2, 0:3; „ლეგია" (ვარშავა, პოლონეთი) - „სვიფტი" (ესპერანჟი, ლუქსემბურგი) 3:0, 3:0; „ოლიმპიაკოსი" (პირეოსი, საბერძნეთი) - „ფლამურტარი" (ვლორე, ალბანეთი) 3:1, 2:0; „კაიზერსლაუტერნი" (გფრ) - „სამპდორია" (გენუა, იტალია) 1:0, 0:2; „მანჩესტერ იუნაიტედი" (მანჩესტერი, ინგლისი) - „პეში მეშეკი" (პეში, უნგრეთი) 2:0, 1:0; „რექსჰემი" (უელსი) - „ლუნგბიუ" (დანია) 0:0, 1:0; „მონპელიე" (საფრანგეთი) - „პსვ ეინდჰოვენი" (ეინდჰოვენი, ჰოლანდია) 1:0, 0:0; „გლენტორანი" (ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია) - „სტიაუა" (ბუქარესტი, რუმინეთი) 1:1, 0:5; „კუოპიონ პალოსეურა" (კუოპიო, ფინეთი) - „დინამო" (კიევი, სსრკ) 2:2, 0:4; „სლიემა უონდერერსი" (სლიემა, მალტა) - „დუკლა" (პრაღა, ჩეხოსლოვაკია) 1:2, 0:2; „ფრამი" (რეიკიავიკი, ისლანდია) - „დიურგარდენსი" (დიურგარდენი, შვედეთი) 3:0, 1:1; „ტრაბზონსფორი" - „ბარსელონა" (ესპანეთი) 1:0, 2:7; „ვიკინგი" (სტავანგერი, ნორვეგია) - „ლიეჟი" (ბელგია) 0:2, 0:3; „ეშტრელა დე ამადორა" (ლისაბონი, პორტუგალია) - „ნოიშტალ ქსამაქსი" (ნოიშტალი, შვეიცარია) 1:1, 1:1 (დდ, პენ 4:3); პსვ (შვერინი, გდრ) - „აუსტრია" (ვენა, ავსტრია) 0:2, 0:0; „სლივენი" (ბულგარეთი) - „იუვენტუსი" (ტურინი, იტალია) 0:2, 1:6
1/8-ფინალი
„აბერდინი" - „ლეგია" 0:0, 0:1; „ოლიმპიაკოსი" - „სამპდორია" 0:1, 1:3; „მანჩესტერ იუნაიტედი" - „რექსჰემი" 3:0, 2:0; „მონპელიე" - „სტიაუა" 5:0, 3:0; „დინამო" - „დუკლა" 1:0, 2:2; „ფრამი" - „ბარსელონა" 1:2, 0:3; „ლიეჟი" - „ეშტრელა დე ამადორა" 2:0, 0:1; „აუსტრია" - „იუვენტუსი" 0:4, 0:4
1/4-ფინალი
„ლეგია" -
„სამპდორია" 1:0, 2:2; „მანჩესტერ იუნაიტედი" - „მონპელიე" 1:1, 2:0; „დინამო" - „ბარსელონა" 2:3, 1:1; „ლიეჟი" - „იუვენტუსი" 1:3, 0:3
1/2-ფინალი
„ლეგია" - „მანჩესტერ იუნაიტედი" 1:3, 1:1; „ბარსელონა" - „იუვენტუსი" 3:1, 0:1

ფინალი
15 მაისი, 1991. ჰოლანდია, როტერდამი, „ფეიენოორდი". 43500
მანჩესტერ იუნაიტედი 2
:1 ბარსელონა
გოლ
ები: 1:0 მარკ ჰიუზი (67), 2:0 მარკ ჰიუზი (74), 2:1 რონალდ კუმანი (79)
„მანჩესტერ იუნაიტედი": ლი სილი, დენის ირვინი, სტივ ბრიუსი, გარი პალისტერი, კლეიტონ ბლექმორი, მაიკ ფელანი, პოლ ინსი, ბრაიან რობსონი (კაპ), ლი შარპი, ბრაიან მაკლეირი, მარკ ჰიუზი
მწვრთნელი: ალექს ფერგიუსონი (შოტლანდია)
„ბარსელონა": კარლეს ბუსკეტსი, ფერნანდო მუნიოს გარსია, ხოსე რამონ ალეხანკო (კაპ) (ანტონიო პინილია 72), ალბერტ ფერერი, რონალდ კუმანი, ანდონი გოიკოეჩეა, ეუსებიო საკრისტანი, ხოსე მარი ბაკერო, ჩიკი ბეგირისტაინი, ხულიო სალინასი, მიქაელ ლაუდრუპი
მწვრთნელი: იოჰან კრუიფი (ჰოლანდია)
გაფრთხილება: ხოსე მარი ბაკერო, ბრაიან რობსონი
გაძევება: ფერნანდო მუნიოს გარსია (84)
მსაჯი: ბო კარლსონი (შვედეთი)

საუკეთესო ბომბარდირი
რობერტო ბაჯო („იუვენტუსი", იტალია; იტალია) - 9 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.