სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1995: „რეალ სარაგოსა“ (ესპანეთი)

თარიღი: 2016 აპრილი 19


1994-1995 წლების გათამაშებაში გამარჯვებული: „რეალ სარაგოსა“ (ესპანეთი)

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

ნაიმ სასწაულმოქმედი
„არსენალისა" და „ჩელსის" ნახევარფინალში მოხვედრამ ბრიტანელები ინგლისურ ფინალზე აალაპარაკა.

მით უმეტეს, რომ შესაძლებელი ხდებოდა გადამწყვეტ მატჩში ერთი ქალაქის - ლონდონის გუნდები შეხვედროდნენ ერთმანეთს, ასეთი რამ კი თასთა თასის ისტორაში მანამდე არ მომხდარიყო. არც მოხდა. თუმცა მანამდე „ჩელსიზე" იმდენს არ საუბრობდნენ, რამდენსაც მის ქომაგებზე.

მეოთხედფინალები ხუთშაბათს, 2 მარტს იყო დანიშნული, ერთი შეხვედრა - „ბრიუგე"-„ჩელსი" კი ორი დღით ადრე, 28 თებერვლისთვის გადაიტანეს. ინგლისელი ფანები პირველად კვირას, საპორტო ქალაქ ოსტენდეში გამოჩნდნენ. მათი უმრავლესობა გვარიანად ნასვამი იყო. ზოგს მატჩის ყალბი ბილეთი აღმოაჩნდა, ზოგიც საერთოდ უბილეთოდ წამოსულიყო. უბილეთოების საქმე იოლად მოაგვარეს - უმალ უკან გააბრუნეს. აი, ყალბბილეთიანთა უმრავლესობამ კი სტადიონზე შეაღწია, თუმცა მანამდე ოსტენდეშიც და ბრიუგეშიც არაერთხელ იჩხუბეს. შედეგად ერთი პოლიციელი დაიჭრა, ერთ მოქალაქეს დანა დაარტყეს, ხოლო ერთსაც ყური მოაჭამეს. საბოლოოდ 350-მდე ფანი დააპატიმრეს, ოთხასამდე კი სამშობლოში გააბრუნეს...

კოკისპირულმა წვიმებმა ბრიუგეს სტადიონის მინდვრის საფარი გააფუჭა და ამიტომ, გუნდის სამი საშინაო შეხვედრა გადაიდო. იმავეს აპირებდნენ „ჩელსისთანაც", მაგრამ ქალაქის მუნიციპალიტეტმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - ინგლისელების კიდევ რამდენიმე დღით დარჩენა კატასტროფის ტოლფასი იქნება, ამიტომ, ნებისმიერ ამინდში უნდა ვითამაშოთ და ჩამოსულები დროულად გავისტუმროთო. ბრიუგეს პოლიციის ცნობით, „სტუმრებმა" ჩხუბის გარდა რამდენიმე მანქანა მოიპარეს, უფრო მეტი მაღაზია გაძარცვეს და სტადიონის ახლომახლო მდებარე ბარების ვიტრინები დალეწეს. აბა, ამათ ვინ გაუძლებდა.

ამიტომაც, დათქმულ დროს 22 ფეხბურთელს საშინელ მინდორზე მოუწია თამაშმა. მატჩის ბედი 83-ე წუთზე ბრიუგელი გერტ ვერჰეინის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. „ჩელსიმ", მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა (ერთი მათგანი, დენის უაიზი დროებით საპატიმროში იყო გამოკეტილი), შინ მაინც აჯობა სტუმრებს. სტეინისა და ფარლონგის ბურთებმა ლონდონელები ნახევარფინალში გაიყვანა, სადაც მათი მეტოქე თასის მომავალი მფლობელი ესპანეთის „რეალ სარაგოსა" გახდა.

ახალგაზრდა მწვრთნელმა ვიქტორ ფერნანდესმა მაშინ საკმაოდ საინტერესო გუნდი შექმნა. 4-4-2 ტაქტიკური სქემით მოთამაშე მისი „რეალი" ლაღ და განსწავლულ ფეხბურთს თამაშობდა, ლიდერი კი 22 წლის არგენტინელი ხუან ედუარდო ესნაიდერი გახლდათ, რომელსაც რამდენიმე წლით ადრე, ერთ-ერთ ახალგაზრდულ ტურნირზე, მსაჯის ცემისთვის სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს, მაგრამ მერე შეიწყალეს და სასჯელი ორ წლამდე შეუმცირეს.

ესნაიდერი არც შემდეგ ყოფილა მთლად დალაგებული ნერვების პატრონი: 1994-1995 წლების სეზონში მან 11 გაფრთხილება მიიღო და სამჯერ გააძევეს! თუმცა, გოლებიც ბლომად გაჰქონდა და ეს ლონდონელებთანაც დაამტკიცა, როცა პირველ მატჩში ორჯერ გაიტანა. მთლიანად ტურნირში მას რვა გოლი მოუგროვდა და მხოლოდ ერთით ჩამორჩა საუკეთესო ბომბარდირს იან რაიტს.

თავიდან ესნაიდერმა საჰაერო დუელი მოუგო „ჩელსის" მცველ მინტოს, ბურთი წამის მეათედებში დაიმორჩილა და მეკარე ჰიჩკოკმა ბადისკენ მიმავალ ბურთს მხოლოდ თვალი გააყოლა. მერე კი სტივ კლარკი მოატყუა, რომელიც იმ დღეს თავის მე-300 მატჩს ატარებდა „ჩელსიში" და მეორე შეაგდო. 75-ე წუთზე ესნაიდერს ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ბურთმა სანტიმეტრებში გადაუფრინა ლონდონელთა კარის ხარიხას. მანამდე პირველი გოლი თამაშის დასაწყისშივე გაიტანა პარდესამ. 3:0 - ასე გაიმარჯვა „რეალმა" და ფინალისტის ვინაობაც პრაქტიკულად გაარკვია. სტუმრებმა კი ცოტათი აქაც მოიგიჟიანეს თავი: „ჩელსის" ფანები პლასტიკურ სკამებს გლეჯდნენ და პოლიციელებს ესროდნენ, თუმცა ამჯერად ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და მხოლოდ ექვსი ბრიტანელი დააპატიმრეს.

შინ „ჩელსიმ" საჭირო მინიმუმი - სამი ბურთი კი გაიტანა, მაგრამ ერთი „გაუთვალისწინებელი" გაუშვა და ტურნირს გამოეთიშა.

რაც შეეხება წინა შეჯიბრების გამარჯვებულს ლონდონის „არსენალს", გაზაფხულზე მათ ბანაკში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა: თანამდებობიდან გაათავისუფლეს გუნდის ბოლო წლების წარმატებების სულისჩამდგმელი, მენეჯერი ჯორჯ გრემი. ის დანიელი იონსენის „არსენალში" გადასვლისას ქრთამის აღებაში დაადანაშაულეს. მწვრთნელად კი სტიუარტ ჰიუსტონი დანიშნეს, რომელიც წლების განმავლობაში გრემის თანაშემწედ მუშაობდა. ჰიუსტონის გუნდში მისვლა იღბლიანი გამოდგა: „არსენალმა" პრემიერლიგაში წარუმატებელი სერია შეწყვიტა - ზედიზედ ორი თამაში მოიგო ჯერ „ნოტინგემ ფორესტთან" (1:0), შემდეგ „კრისტალ პალასთან" (3:0) და თასების თასზე კვლავ ფინალში გავიდა.

მანამდე, ნახევარფინალში, „მეთოფეებმა" დიდ ბრძოლა გადაიტანეს გენუის „სამპდორიის" ჩინებულ გუნდთან. 3:2 და 2:3 - ასეთი იყო ორი მატჩის შედეგი. თანაც, საპასუხოში ლონდონელებმა 89-ე წუთზე გაიტანეს მეორე ბურთი! შტეფან შვარცის გოლმა საქმე ჯერ დამატებით დრომდე, შემდეგ კი პენალტებამდე მიიყვანა. „სამპდორიას" მეკარემ ვალტერ ძენგამ ერთი თერთმეტმეტრიანი მოიგერია, „არსენალის" დევიდ სიმენმა კი... სამი! მაგრამ განგებამ ასე ინება: ნახევარფინალის გმირი ფინალში, პარიზის „პარკ დე პრინსესზე" ანტიგმირად იქცა.

„ვიფიქრე, რომ სწორი პოზიცია დავიკავე, ოდნავ წინ გავედი და თამაშს მთელი გულისყურით ვუყურებდი, მაგრამ"... - თქვა ნამატჩევს სიმენმა.

„არ ვიცი ეს იღბლიანი გოლი იყო თუ ბრწყინვალე, მაგრამ ვფიქრობ, სიმენი შეცდა", - ეს ფანტასტიკური ბურთის ავტორის, სარაგოსას „რეალის" მაროკოელი ლეგიონერის ნაიმის სიტყვებია.

ყველაფერი მოულოდნელად მოხდა: „არსენალი"-„რეალის" გადამწყვეტი მატჩის დამატებითი დროის ბოლო წუთი მიმდინარეობდა, როცა ნაიმმა მოედნის ცენტრალური ხაზის კუთხესთან მიიღო ბურთი, კარიდან წინ გამოსული სიმენი დაინახა და დაახლოებით 45 მეტრიდან რაღაც უჩვეულო ტრაექტორიით დაარტყა. ბურთი მეკარეს გადაევლო და კარში აღმოჩნდა! იქვე მსაჯის საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა - 2:1 და ლონდონელებმა თასების თასი სარაგოსელებს დაუთმეს.

მანამდე ჯერ ესნაიდერმა გახსნა ანგარიში, შემდე ჰართსონმა გაათანაბრა.

„ხუთი წელიწადია ერთად ვმუშაობთ და ეს გამარჯვება ღირსეულად მოვიპოვეთ. პირველ ტაიმში ჩემიანების თამაშით უკმაყოფილო ვიყავი და შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, ბურთი ნაკლებად დაეყოვნებინათ. ჩანაფიქრმა გაამართლა. ამაში „ჩელსისთან" ნათამაშები ნახევარფინალის გამოცდილებაც გამოგვადგა. ახლა საკითხავია, ეს ჩვენი მაქსიმუმია თუ კიდევ შეგვიძლია მომატება", - ასეთი იყო „რეალ სარაგოსას" მთავარი მწვრთნელის ვიქტორ ფერნანდესის სიტყვები.

სტიუარტ ჰიუსტონმა კი თქვა: „ტაქტიკურად სწორად ვითამაშეთ, ბიჭებმაც იბრძოლეს და ამიტომ, აუგს ვერავისზე ვიტყვი. ეგაა მხოლოდ, ბოლოს ესპანელებს გაუმართლათ".

ნაიმის გოლი კი თასთა თასის და საერთოდ, ევროთასების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურად მონათლეს.

გაზეთი „სარბიელი" (14 მაისი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1994-1995
საკვალიფიკაციო წრე
„ბანგორი" (ჩრდილოეთ ირლანდია) - „ტატრანი" (პრეშოვი, სლოვაკეთი) 0:1, 0:4; „ბარი თაუნი" (უელსი) - „ჟალგირისი" (ვილნიუსი, ლიტვა) 0:1, 0:6; „ბოდიო გლიმტი" (ბოდიო, ნორვეგია) - „ოლიმპია" (რიგა, ლატვია) 6:0, 0:0; „ფანდოკი" (ბობრუისკი, ბელარუსი) - „ტირანა" (ალბანეთი) 4:1, 0:3; „ფერენცვაროში" (ბუდაპეშტი, უნგრეთი) - ფ91 (დუდელანჟი, ლუქსემბურგი) 6:1, 6:1; „ფლორიანა" (მალტა) - „სლიგო როვერსი" (სლიგო, ირლანდია) 2:2, 0:1; „კეფლავიკი" (ისლანდია) - „მაქაბი" (თელ-ავივი, ისრაელი) 1:2, 1:4; „ნორმა" (ტალინი, ესტონეთი) - „მარიბორი" (სლოვენია) 1:4, 0:10; „პირინი" (ბლაგოევგრადი, ბულგარეთი) - „შანი" (ლიხტენშტაინი) 3:0, 1:0; ბ71 (სანდური, ფარერის კუნძულები) - ჰიკ (ჰელსინკი, ფინეთი) 0:5, 0:2; „ტილიგული" (ტირასპოლი, მოლდოვა) - „ომონია" (ნიქოზია, კვიპროსი) 0:1, 1:3; „ვიკტორია" (ჟიჟკოვი, ჩეხეთი) - „ნორჩიოპინგი" (შვედეთი) 1:0, 3:3
1/16 ფინალი
„ჟალგირისი" - „ფეიენოორდი" (როტერდამი, ჰოლანდია) 1:1, 1:2; „მაქაბი" - „ვერდერი" (ბრემენი, გერმანია) 0:0, 0:2; „დანდი იუნაიტედი" (დანდი, შოტლანდია) - „ტატრანი" 3:2, 1:3; „გლორია" (ბისტრიცა, რუმინეთი) - „რეალი" (სარაგოსა, ესპანეთი) 2:1, 0:4; „სლიგო როვერსი" - „ბრიუგე" (ბელგია) 1:2, 1:3; „პირინი" - „პანათინაიკოსი" (ათენი, საბერძნეთი) 0:2, 1:6; „ჩელსი" (ლონდონი, ინგლისი) - „ვიკტორია" 4:2, 0:0; „მარიბორი" - „აუსტრია" (ვენა, ავსტრია) 1:1, 0:3; „ბრონდბიუ" (დანია) - „ტირანა" 3:0, 1:0; „ომონია" - „არსენალი" (ლონდონი, ინგლისი) 1:3, 0:3; „ბეშიქთაში" (სტამბოლი, თურქეთი) - ჰიკ 2:0, 1:1; „კროაცია" (ზაგრები, ხორვატია) - „ოსერი" (საფრანგეთი) 3:1, 0:3; „ბოდიო გლიმტი" - „სამპდორია" (გენუა, იტალია) 3:2, 0:2; „გრასჰოპერი" (ციურიხი, შვეიცარია) - „ჩერნომორეცი" (ოდესა, უკრაინა) 3:0, 0:1; „პორტუ" (პორტუგალია) - ლკს (ლოძი, პოლონეთი) 2:0, 1:0; ცსკა (მოსკოვი, რუსეთი) - „ფერენცვაროში" (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 2:1, 1:2 (დდ; პენ 6:7)
1/8-ფინალი
„ფეიენოორდი" -
„ვერდერი" 1:0, 4:3; „ტატრანი" - „რეალი" 0:4, 1:2; „ბრიუგე" - „პანათინაიკოსი" 1:0, 0:0; „ჩელსი" - „აუსტრია" 0:0, 1:1; „ბრონდბიუ" - „არსენალი" 1:2, 2:2; „ბეშიქთაში" - „ოსერი" 2:2, 0:2; „სამპდორია" - „გრასჰოპერი" 3:0, 2:3; „პორტუ" - „ფერენცვაროში" 6:0, 0:2
1/4-ფინალი
„ბრიუგე"  - „ჩელსი" 1:0, 0:2; „ფეიენოორდი" - „რეალი" 1:0, 0:2; „არსენალი" - „ოსერი" 1:1, 1:0; „სამპდორია" - „პორტუ" 0:1, 1:0 (დდ; პენ 5:3)
1/2-ფინალი
„რეალი" - „ჩელსი" 3:0, 1:3; „არსენალი" - „სამპდორია" 3:2, 2:3 (დდ; 3:2)

ფინალი
10 მაისი, 1995. საფრანგეთი, პარიზი, „პარკ დე პრინსესი". 42424
რეალი 2
:1 (დდ) არსენალი
გოლ
ები: 1:0 ხუან ედუარდო ესნაიდერი (68), 1:1 ჯონ ჰართსონი (77), 2:1 ნაიმი (120)
„რეალი": ანტონი სედრუნი, ალბერტო ბელსუე, ხავიერ აგუადო, ფერნანდო კასერესი, ხესუს სოლანა, სანტიაგო არაგონი, ნაიმი, მიგელ პარდესა (კაპ), ფრანსისკო იგუერა (ხესუს გარსია სანხუანი 68, ხელი 114), გუსტავო პოიეტი, ხუან ედუარდო ესნაიდერი
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი
„არსენალი": დევიდ სიმენი, ლი დიქსონი, ტონი ადამსი (კაპ), ენდი ლინიგენი, ნაიჯელ უინტერბერნი (სტივ მოროუ 47), რეი პარლოუ, მარტინ კიოუნი (დევიდ ილიერი 46), პოლ მერსონი, სტეფან შვარცი, იან რაიტი, ჯონ ჰართსონი
მწვრთნელი: სტიუარტ ჰიუსტონი (შოტლანდია)
გაფრთხილება: ჯონ ჰართსონი, ფრანსისკო იგუერა, პოლ მერსონი, ალბერტო ბელსუე, სანტიაგო არაგონი, ნაიმი
მსაჯი: პიერო ჩეკარინი (იტალია)

საუკეთესო ბომბარდირი
იან რაიტი („არსენალი", ინგლისი; ინგლისი) - 9 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.