სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მიზნები და ამოცანები

თარიღი: 2010 დეკემბერი 02

1. სამინისტროს საქმიანობა მოიცავს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებს.

2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:


ა)  სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და მისი რეალიზების კოორდინაცია;

ბ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი გატარებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; სათანადო პირობების შექმნა ზოგადად სპორტის და სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის;

გ) ფიზიკური აღზრდის, ზოგადად სპორტისა და სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტის ეროვნულ სახეობათა განვითარების ყოველმხრივი ხელშეწყობა;

დ) ,,სპორტი ყველასათვის", ,,უმაღლესი მიღწევების სპორტის" მიმართულებებისა და პროფესიული სპორტის დარგების განვითარება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სპორტული მოძრაობებისა და ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია;

ე) მასობრივ-გამაჯანსაღებელ და სპორტულ ღონისძიებათა ერთიანი კალენდარული გეგმის შემუშავება;

ვ) სპორტის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია, ერთიანი სპორტული კლასიფიკაციის შემუშავება და დამტკიცება, სპორტის სახეობათა სტატუსის განსაზღვრა, პროფესიული და მოყვარულთა სპორტული კლუბებისა და ორგანიზაციების სტატუსის განსაზღვრა;

ზ) სპორტულ ასოციაციებთან, კავშირებთან, სპორტულ საზოგადოებებთან, ფედერაციებსა და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მათი საქმიანობის ხელშეწყობა;

თ) სპორტში აკრძალულ მასტიმულირებელ საშუალებათა გამოყენების აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელება;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ბავშვთა, ახალგაზრდობისა და ახალგაზრდა ოჯახების სოციალური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა პრობლემების გადაჭრის მიზნით, ახალგაზრდობისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნების გათვალისწინებით, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

კ) განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების, ახალგაზრდა მეცნიერთა, სპორტსმენთა და შემოქმედთათვის სახელმწიფო მხარდაჭერა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და შესაბამის უწყებებთან ერთად მათი განხორციელება;

ლ) ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობისა და სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შესამუშავებლად სახელმწიფო პროგრამების მომზადება სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით;

მ) ბავშვთა შრომითი საქმიანობის კონტროლის დაწესება, ავადმყოფი, შშმპ და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პირობების შექმნა;

ნ) საბავშვო და ახალგაზრდული კულტურული, სამეცნიერო, სპორტული და სხვა ღონისძიებების ორგანიზება და სხვა პირებისათვის ამგვარ ღონისძიებათა მოწყობის მხარდაჭერა;

ო) თავისი მმართველობის სფეროსთან დაკავშირებულ საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ამ სფეროს განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება;

პ) სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა;

ჟ) დადგენილი წესით მოქმედი საკანონმდებლო ბაზის დასახვეწად თავისი გამგებლობის სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

რ) დამკვეთის ფუნქციის შესრულება სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროების განვითარებისათვის საჭირო კაპიტალური მშენებლობის, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების წარმოების მიზნით;

ს) სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სისტემის დაწესებულებებში მონიტორინგის, აუდიტორული და სარევიზიო მუშაობის განხორციელება;

ტ) კანონით დადგენილი წესით სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების განაწილება.

3. თავისი ამოცანების შესრულებისას სამინისტრო:  

ა) თანამშრომლობს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, აგრეთვე სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;

ბ) საჭიროების შემთხვევაში თავის აპარატში ხელშეკრულებით იწვევს ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებსა და ტექნიკურ მუშაკებს;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბრძანების სახით გამოსცემს სტანდარტებს, ნორმატივებს, მითითებებს, დებულებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;

დ) დადგენილი წესით აწყობს საერთაშორისო, შიდა-სახელმწიფოებრივ და ადგილობრივ სემინარებს, კონფერენციებს, ფესტივალებს, კონკურსებს, კონცერტებს, გამოფენებს, გამოფენა-გაყიდვებს, აუქციონებსა და სხვა ღონისძიებებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ სამინისტროს სრული დებულება 

მიმაგრებული დოკუმენტები :
საქართველოს სპორტისა დ ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულება