სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის საუკეთესოები გამოავლინა

თარიღი: 2010 დეკემბერი 24



23 დეკემბერს, ფილარმონიის „ივენთ ჰოლში" საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის შემაჯამებელი საზეიმო ღონისძიება გამართა. საღამოზე, რომელსაც მსახიობი ია სუხიტაშვილი და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა უძღვებოდნენ, სპორტულ და ახალგაზრდულ სფეროში გამორჩეულად წარმატებული ადამიანები დაასახელეს და დააჯილდოვეს. ნომინაციათა გამარჯვებულების გამოცხადებებს შორის კი სტუმართათვის ჯგუფი "33ა" უკრავდა.

საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენისთვის დაწესებული პრიზი 3 პერსპექტიულ ახალგაზრდას გადაეცა - თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ხუციშვილს, ძიუდოისტ ავთანდილ ჭრიკიშვილსა და ბატუტზე მხტომელ ანა ოდიშვილს. ხუციშვილი და ჭრიკიშვილი წლეულს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ოდიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო 12 წლამდელთა შორის.

წლის ვეტერანი სპორტსმენის ნომინაციაში გამარჯვებულად სამბოში ვეტერანებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მომგები თემურ გიორგაძე დასახელდა. საუკეთესო მსაჯად - ჭიდაობაში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ედიშერ მაჩაიძე.
საუკეთესო მწვრთნელად კი - საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დამრიგებელი, თემურ ქეცბაია. შეგახსენებთ, ქეცბაიას ხელში საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე სეზონი წაუგებლად ჩაამთავრა.

2010 წლის საუკეთესო გუნდად თბილისის მერმა გიგი უგულავამ საკალათბურთო ნაკრები გამოაცხადა. ქართველმა კალათბურთელებმა წლეულს, ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველად, ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

საუკეთესო ახალგაზრდების ნომინაციებში გამარჯვებულები სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ავალიანმა დააჯილდოვა. მარია კუბლაშვილი 2010 წლის წარმატებული ახალგაზრდა მომღერალი გახდა, ვლადიმერ იმერლიშვილი - წარმატებული ახალგაზრდა მოქანდაკე, გიორგი კეკელიძე - წარმატებული ახალგაზრდა ლიტერატურის სფეროში, ხოლო ნანო მამაგეიშვილი - 2010 წლის წარმატებული სტუდენტი. ცნობისთვის, "თავისუფალი" უნივერსიტეტის სტუდენტმა, მამაგეიშვილმა 2010 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღო ყველაზე მეტი ქულა. 100 პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა ყველაზე რთულ - ზოგადი უნარების ტესტში.

ღონისძიების კულმინაცია წლის საუკეთესო სპორტსმენის დასახელება იყო. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა სტუმრებს ამცნო, რომ მთავარ ჯილდოს მორაგბე დავით ზირაქაშვილი დაეუფლა, თუმც ლამაზი ჯილდო და "ბაზისბანკის" მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო - 5 ათასი ლარი ზირაქიშვილის ნაცვლად საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ ჩაიბარა. საქართველოს 2010 წლის საუკეთესო სპორტსმენმა დაჯილდოვების ცერემონიალს ევროპული უამინდობისა და გადადებული ავიარეისების გამო ვერ ჩამოუსწრო.

საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრეთ აცნობეს, რომ 2010 წელს სახელმწიფომ სპორტსმენთათვის პრემიების სახით მილიონ ცხრაასი ათასი დოლარი გამოყო. აქედან 600 ათასი სარაგბო ნაკრებს ერგო, 250 ათასი - საკალათბურთოს.

ამ სეზონში, ოლიმპიურ სახეობებში ქართველმა სპორტსმენებმა 268 მედალი მოიპოვეს. აქედან 78 ოქრო, 59 ვერცხლი და 131 ბრინჯაო. ხოლო თუ ამ მონაგარს არაოლიმპიელთა მედლებსაც დავუმატებთ, საერთო რაოდენობა 400-ს აღწევს.

საზეიმო ღონისძიებაზე მოეწყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალი ჟურნალის - „სპორტი და ახალგაზრდობა" პრეზენტაცია.

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური 

სხვა ახალი ამბები